სააკაშვილის გასათავისუფლებლად უწყვეტი აქციები არ იქნება, როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილმა, დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა დანაპირები გადაიფიქრეს. ახლა პარტიაში იმაზე მსჯელობენ, მოატყუა თუ არა ლევან ხაბეიშვილმა ამომრჩეველი, რათა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისთვის არჩევნებში მხარი დაეჭირათ. როგორც აღმოჩნდა, ხაბეიშვილი უწყვეტ საპროტესტო აქციებს ქვეყანაში არ აპირებს. 9 აპრილს პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან, თუმცა ისევ დაიშლებიან. ენმ-ს თავმჯდომარე ახლა ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებად საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს. რაც შეეხება ნიკა მელიასთან სწორედ ამ მოტივით დაპირისპირებას, რომ ის სააკაშვილის გასათავისუფლებლად უწყვეტ აქციებს არ მართავდა, ხაბეიშვილი ამბობს, რომ არავის ეტოლება.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ 9 აპრილის აქცია, უბრალოდ, ვალის მოხდას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურად მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდათ. მათი აზრით, დავით კეზერაშვილმა დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ამიტომ მასში ფულის დახარჯვა გადაიფიქრა. საერთოდაც, ენმ-ის დასაკუთრების შემდეგ, სააკაშვილის ციხეში ყოფნა უფრო აწყობთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი ლიდერი ხატია დეკანოიძე კი პირდაპირ ამბობს, რომ წინასასარჩევნო კამპანია მართული იყო და პარტიის ზოგიერთი წევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირებდა.
„ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. არ ვიკადრებ, რომ ჩემი ყოფილი პარტია დავადანაშაულო იმაში, რომ მის თავისუფლებას ვერ აღწევენ, რადგან ამას ჩვენ ვერ ვიზამთ და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ადამიანი არის ავად, ფიზიოლოგიურად ავადმყოფია მძიმე დიაგნოზებით. ის ხაზი, რომ ვინმე მისი თავისუფლებისთვის საკმარისს არ აკეთებდა, არასწორად მეჩვენებოდა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ენმ-ს წევრი და ნიკა მელიას თანამოაზრე ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ხაბეიშვილის ფლანგი ახლა საკუთარი დაპირებების ტყვეობაშია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იმთავითვე იცოდა, რომ მესამე პრეზიდენტის დახსნა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ხაბეიშვილის კამპანიის მთავარი მესიჯი იყო, რომელმაც მათ გამარჯვება მოუტანა.
„დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, რადიკალურად განსხვავებულია იმ დაპირებებისგან, რომელსაც ისინი საზოგადოებას აძლევდნენ. მე ხომ ვიცი, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის თუნდაც ფიზიკური დახსნა, მაგრამ არა, აჯერებდნენ საპირისპიროში ამომრჩეველს და სწორედ ამან გაამარჯვებინათ, მაგრამ დღეს ეს ხალხი მძევალია თავისივე დაპირებების. აქციები დაანონსება და მერე არდაშლა იყო კამპანიის ნარატივი. ჩვეულებრივი კამპანიური მესიჯი იყო, რასაც ჩვენ გვთხოვდნენ, რომ აი, აქცია თუ იქნება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავიშალოთ და ამ მდგომარეობაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის სასურველი შედეგი. დღეს ზუსტად იგივეს ტყვეობაში არიან ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ „ჩვენ შევიკრიბებით, აღარ დავიშლებით“ და ა.შ.“, - თქვა დოლიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ კეზერაშვილის მიერ პარტიაში დასმულმა ლევან ხაბეიშვილმა იმაზე მეტად დაწია ენმ-ის რეიტინგი, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. მათ საკუთარი ამომრჩეველიც კი დასცინის. ამიტომ პარტიის სტაჟიანი პოლიტიკოსები მიხვდნენ დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ლევან ხაბეიშვილის პირით როგორ გააცურეს. შესაბამისად, ზოგმა მათგანმა პარტია უკვე დატოვა, ზოგი მათგანი კი უახლოეს მომავალში დატოვებს.
„შეუძლებელია დავით კეზერაშვილი და ლევან ხაბეიშვილი რაიმე პოლიტიკურ ტაქტიკაზე ან სტრატეგიაზე ფიქრობდნენ. კეზერაშვილს დიდი თანხა აქვს საქართველოს ჯარიდან მოპარული და ამ თანხით აფინანსებს ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ტელევიზია „ფორმულას“ და ცდილობს ვითარება შეარყიოს, რომ ქვეყანაში მორიგი არეულობა და შფოთი შემოიტანოს. რაც შეეხეა 9 აპრილის აქციას, ვხედავთ როგორ უსინდისოდ ცდილობს ენმ და მისი ლიდერი ხაბეიშვილი ქართველი ხალხის გამარჯვების დღის მითვისებას და რაღაცა პოლიტიკური პერფორმანსებისთვის გამოყენებას. თუმცა ვხედავთ, რომ დავით კეზერაშვილი სააკაშვილის დახსნის თემით დიდად თავს აღარ იტკიებს. ამიტომაც ცნობილი ხდება, რომ 9 აპრილს კიდევ ერთხელ გასახსენებლად შეიკრიბებიან და დაიშლებიან.
კეზერაშვილი ბიზნესმენია და მან კარგად იცის ფული სად და რაში უნდა დახარჯოს. ხედავს, რომ სააკაშვილის ასე გათავისუფლებას ხელისუფლება არ აპირებს. ასევე არც მისი მხარდამჭერები იტკიებენ დიდად თავს, ამიტომაც რატომ უნდა ხარჯოს იქ ფული, სადაც არაფერს მიიღებს ან რაში აწყობს ახლა კეზერაშვილს სააკაშვილის გათავისუფლება?! პერმანენტული აქციები რომ დაიწყონ, კარვები ჩადგან და ა.შ ამ ყველაფერს ფული უნდა. ხალხი ხომ უნდა დააყენო, ისე არავინ დადგება თუ რამე არ მიეცი, საკვები სჭირდებათ, წყალი და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები. ასე, ჰაერზე პერმანენტული აქციები ვერ დაიგეგმება. ამიტომ კეზერაშვილმა პარტია ხელში უკვე ჩაიგდო და სააკაშვილისთვის აქციებს ისე, მოვალეობის მოხდის მიზნით მართავენ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, 9 აპრილის აქციის იმ დღესვე დაშლის მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ დასავლეთდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით სრულიად სხვა სიგნალი მოდის. აბაშიძე ამბობს, რომ ფაქტი ერთია, ყველა მიხვდა სააკაშვილის გამო ქვეყნის გაწირვა არ ღირს. ასევე ეს იყო მხოლოდ ოჯახის მიერ დაქირავებული ევროპარლამნეტარების ლობისტური პიარ კამპანია, რომელშიც ოჯახმა სოლიდული თანხები გადაიხადა. ფაქტია, არც არაფერი გამოუვიდათ. ამიტომაც ახლა კეზერაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის გამო თავის ატკიება აღარ ღირს და ჯობია, ფული უფრო სხვა მნიშვნელოვან რამეზე დახარჯოს, მაგალითად, სხვა მედია საშუალებები და პოლიტიკური პარტიები იყიდოს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული ცხელი გაზაფხულის მაინც არასდროს სჯეროდა და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ხაბეიშვილის წინასაარჩევნოდ გაკეთებული პიარ განცხადებები იყო. ამიტომ ძაბირაძეს ენმ-ის ახალი თავმჯდომარის უმოქმედობა არ უკვირს.
„ლევან ხაბეიშვილისგან ვინ რას ელოდა არ ვიცი, მაგრამ მე თავიდანვე რომ ვამბობდი, მისი განცხადებები აბსურდია-მეთქი ეს კი მახსოვს. ფაქტი ერთია, ენმ-ის თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, თუკი ხელისუფლების ნება და სურვილი არ იქნება, სააკაშვილს ციხიდან ვერავინ ვერ გაათავისუფლებს. სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდეს, მისი დაკავების პირველივე დღიდან გამოვიდოდნენ. ვხედავთ, რომ მის ამომრჩეველშიც კი არ არის მზაობა მის გამო ქუჩაში გამოვიდნენ. ვნახეთ, ხაბეიშვილი ქუჩაში და რეგიონებში როგორ დარბოდა, მაგრამ გამოვიდა ვინმე? სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკურად აღარ არსებობს. ამიტომ კეზერაშვილს ის ციხეში მყოფი, როგორც სანახაობა, უფრო აწყობს. ამით მის მხარდამჭერებსაც დააკავებს და თავად სააკაშვილსაც, რადგან მისი პარტიასთან კავშირი აუცილებელია. როგორც კი პარტია მასზე საუბარს შეწყვეტს, სააკაშვილი ასევე პოლიტიკურად სრულიად განადგურდება. არც ენმ-ს ახალ ხელმძრვანელობას აწყობს, რომ სააკაშვილის სახელი მათი პარტიიდან გაქრეს. ხაბეიშვილმა კარგად დაინახა, რომ ხალხის გამოყვანა ქუჩაში ასე მარტივი არ არის. ის არ არის იმ დონის ლიდერი, ვინმე ქუჩაში გაჰყვეს. რასაც ნიკა მელია სააკაშვილის გასათავისუფლებლად აკეთებდა, ლევან ხაბეიშვილი იმის 10%-საც ვერ აკეთებს. ამიტომ ლოგიკურია, რომ 9 აპრილს უბრალოდ შეიკრიბებიან, სააკაშვილს ცალყბად ახსენებენ და დაიშლებიან. არ მიდის ხალხი სააკაშვილის გამო აქციაზე და სხვა რა უნდა ქნან? თანაც 9 აპრილის შერჩევა ენმ-ის აქციის გასამართად ძალინ დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა. ეს დღე ქართველებისთვის სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია და სააკაშვილის ამაზე მიბმა, სრული აბსურდია. პირიქით, ხალხს უფრო გააღიზანებს“,- ამბობს ძაბირაძე.