„ევროპაში თითქმის გადაწყვეტილია, საქარათველო 2023 წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაც ოპოზიიცის გეგმებს თავდაყირა დააყენებს“

„ევროპაში თითქმის გადაწყვეტილია, საქარათველო 2023 წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაც ოპოზიიცის გეგმებს თავდაყირა დააყენებს“

კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოში კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება. ხელისუფლება ოპოზიციას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ არ სურთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილს ღიად სდებს ბრალს იმაში, რომ ოპონენტები დასავლელ პარტნიორებთან ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ. „ქართული ოცნების“ განმარტებით, ოპოზიციის გეგმა ასეთია - საქართველომ წლის ბოლოს არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რის შემდეგაც ქვეყანაში მასშტაბური აქციები და არეულობა დაიწყება. სახელისუფლებო პარტიის მტკიცებით, პარალელურად, ოპოზიცია შეეცდება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშოროს და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნას. თუმცა, ყველაფერი ეს წყალში ჩაუცვივდებათ მას შემდეგ, რაც 2023 წლის შემოდგომაზე ბრიუსელის გადაწყვეტილება დადებითი იქნება და ქვეყანა კანდიდატის სტატუს მიიღებს. ამიტომ ოპოზიციის ნაწილმა რიტორიკის შეცვლა დაიწყო და აცხადებენ, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტატუსის მიღება სირცხვილი იქნება. ამის მტკიცებულებად კი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები მოჰყვათ. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მას კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს. ამასთან, პარტია „დროას“ წევრი წერს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის სტატუსის მიღების შემთხვევაში ავტორიტარიზმს გაამყარებს, მას პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარიაც ეთანხმება.

რატომ არ სურს ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იდგეს ამ მიზნის მიღმა? For.ge-სთან ანალიტიკოსები ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებ, რომ ოპოზიციას ხელიდან მთავარი არგუმენტი გამოეცლება. მათ იმედი ჰქონდათ, რომ სწორედ ამ მოტივით „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას შეძლებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ, დასავლეთმა პოზიცია შეიცვალა და ამ თემით მანიპულირების შეწყვეტა გადაწყვიტა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად და იგივე ინტერესი აქვთ რადიკალური ოპოზიციის პატრონებს.

„რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოხსენების დროს სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს, ანუ ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს, ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს - ეს არის გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესია საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი​ და საქართველოში იყოს მშვიდობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, აქედან გამომდინარე ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნის მცდელობა არის აბსოლუტურად უსუსური.

„მათ სცადეს ხელისუფლების აყირავება არჩევნების ვითომდა გაყალბების საბაბით, თუმცა იქით დავუმტკიცეთ, რომ მათ გააყალბეს ხმის პარალელური დათვლის შედეგები. ეს რიტორიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მეტყველებს მათ რადიკალურ ბუნებაზე“, - ამბობს კობახიძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დასავლეთმა დაინახა, საქართველოში არ არსებობს ძალა, რომელსაც ხელისუფლების გადაბარება შეუძლია, ამიტომაც გაურკვეველი თამაშის შეწყვეტა გადაწყვიტა. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპაში თითქმის გადაწყვეტილია, საქარათველო 2023 წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს კი ოპოზიიცის გეგმებს სრულიად თავდაყირა დააყენებს.

„ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი „ხალხის ძალამაც“ შეიტანა, რადგან სწორედ ჩვენს მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ოპოზიციის გეგმების მთლიანი ლუსტრაცია მოახდინა. ოპოზიციის საშემოდგომო გეგმები მთლიანად გაშიშვლდა. ჩვენ ოპოზიცია ვაიძულეთ, რომ ამ გეგმების ვადაზე ადრე განხორციელება მოეხდინათ. ოპოზიცია ამისთვის კი როგორც ორგანიზაციულად არ იყვო მზად, ასევე მათი არგუმენტი არ იყო მყარი, რომელიც ჩვენს კანონპროექტს რუსულ კანონად შერაცხავდა. არადა იგივე კანონის ინიცირებაზე ევროკავშირში ისაუბრეს. ეს ყველამ კარგად იცის და ცილისმწამებლური კამპანია სარევოლუციო მუხტის მომტანი ვერ გახდა. სამაგიეროდ, ამ პროცესებმა მთელი რიგი რისკები გამოავლინა. როდესაც რუსეთიდან მუქარა მოგვესმა და გაგვაფრთხილეს, რომ თუკი თბილისში არეულობა ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონებს  საფრთხეს შეუქმნის, რუსეთი მზად იქნება, რომ საქართველოს დედაქალაქი მიწასთან გაასწოროს.

ეს ბრიუსელში და ვაშინგტონშიც მოისმინეს. ამიტომ სასწორზე ძალიან სერიოზული საფრთხე დადგა. საქართველო დღეს უკვე ძალიან სერიოზულ გლობალურ, პოლიტიკურ პროექტებთან არის დაკავშირებული. ამიტომ საქართველოს დაყენება ამ რისკის წინაშე დასავლეთს აღარ აწყობს. მიხვდნენ, რომ ამ მკვდრადნაშობი ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნება არაფერს მისცემთ და რისკის მატარებელია. დაინახეს, რომ 7-8 მარტსაც კი ხალხში ოპოზიციას არანაირი ავტორიტეტი არ ჰქონდა. ის, რაც მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ, უბრალოდ, არ გამოვა. არ არსებობს საქართველოში დღეს პოლიტიკური ძალა, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში ქვეყანას გადაიბარეს. როგორც იქნა ამას დასავლეთში მიხვდნენ. ამიტომაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს გაუგებარი თამაში ევროკავშირის სახით დაასრულონ და მისცენ ქვეყანას ის, რაც რეალურად დიდი ხანია ეკუთვნოდა“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციაშიც უკვე კარგად იციან, რომ დასავლეთმა ისინი გადააგდო. აღმოჩნდა, რომ მათ საკუთარი ინტერესები უფრო ადარდებთ, ვიდრე ჩვენი გაკოტრებული ოპოზიცია, რომელზეც ფსონის დადება 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ აღარ სურთ. ზოგი ამ ფაქტს შეეგუა, ზოგი კი ცდილობს ახალ ნარატივზე გადაერთოს. ქართველიშვილი ამბობს, რომ ახლა მოიგონეს თითქოს „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის სტატუსის მიღება სირცხვილია და ა.შ. იციან, რომ ამის შემდეგ წყალწაღებულები იმ ხავსსაც დაკარგავენ, რომელსაც ევროკავშირის სახით ეჭიდებოდნენ.

„ოპოზიცია უკვე ახალი ტაქტიკის აგებას ცდილობს, რადგან ყველაფერი თავზე ენგრევა, თუმცა ეს ძალიან რთულია, რადგან მთელი საშემოდოგომო არეულობის ფსონი დადებული იყო იმაზე, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ შეძლებდა. ვხედავთ რადიკალური ოპოზიცია 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობას არ იღებს. პირიქით, პრობლემების შექმნას ცდილობს. უკვე აღარ ვიცი, ოპოზიციას საშემოდგომოდ და 2024 წლის არჩევნებისთვის რა ბერკეტი შეიძლება დარჩეს. რა ბაგაჟით უნდა მივიდნენ არჩევნებამდე, თუკი ის ძირითადი ბრალი - „ოცნებას“ ევროკავშირში ქვეყნის შეყვანა არ სურს - ბუშტივით გასკდება. მთელი ეს დესტრუქციული დღის წესრიგი თავზე დაემხობათ. მათი უნიათობა მთელი სახით დასავლეთში მარტის მოვლენებიდან კიდევ უფრო კარგად დაინახეს. მიხვდნენ, რომ ოპოზიციაზე ფსონის დადება საქართველოს დაკარგვის ტოლფასი იქნება და აქ დაწყებული უმართავი პროცესები ძალიან ძვირად დაუჯდებათ“,-ამბობს ქართველიშვილი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების სიწუწკე, ქვეყანას ევროპულ პერესპექტივაზე უარის თქმად არ უნდა დაუჯდეს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა „ოცნებაზე“ ზეწოლა გაძლიერდეს და 12-პუნქტიანი გეგმა შეასრულოს. მისი თქმით, როგორც კი ხალხს ხელისუფლების ცვლილებას სასწორზე ბოკერიას, მერაბიშვილის და კეზერაშვილის სანაცვლოდ დაუყენებენ, მაშინვე არჩევანს ისევ „ოცნებაზე“ აკეთებს.

„დიახაც, სწორედ „ოცნებას“ უნდა მოვთხოვოთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის დაკისრებული ყველა ვალდებულება შეასრულოს. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს კანდიდატის სტატუსს ქვეყანას ვინ მიაღებინებს. ახლა ხელისუფლებაში არის „ოცნება“, დიახაც, სხვა ხელისუფლება არ გვყავს, ამიტომაც მისი ვალდებულება რაც არის, იმის გაკეთება უნდა მოვთხოვოთ. რას ქვია „ოცნების“ პირობებში ვიღაცებს სტატუსის მიღება არ უნდათ. ეს ხელისუფლება აირჩია ხალხმა და აბა, რომელი ხელისუფლების პირობებში უნდათ? სტატუსს ვინც მომიტანს, მე იმ ხელისუფლებას მივესალმები. მერე სულ სხვა რეალობა დადგება და ყველა კარგად დაინახავს ხელისუფლების და ხალხის ენერგია როგორ უნდა ვმართოთ. ოპოზიციამ ერთი რამ ვერ შეიგნო, როგორც კი ხალხს საპირწონედ სისხლიან „ნაციონალურ მოძრაობას“ უყენებენ, ის არჩევანს მაშინვე თუნდაც უნიათო „ოცნებაზე“ აკეთებს. ამიტომ სჯობს, ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნების ცდუნებას და სიწუწკეს შეეშვას და საქმეს მიხედოს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაუკვეთა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

 

trampi არ მიგვიღებენ და პუტინი დიდი თვალებით გვიყურებს------ ის ,,მიგვიღებს,, თავის კავშირში
1 წლის უკან
merab ტყუილი!
ყველა ვინც ევროკავშირში მიღების მოლოდინს ზრდის, ან ბრიყვია და ან მავნებელი, უარის შემდეგ, ხალხის გამოსვლა რომ უნდა ქუჩაში და მთავრობის გადაგდება.
გარკვევით გვითხრა მაკრონმა ბოლოს, როცა მოლოდოვას და უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი: აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ევროპა არ არის!
ჩამონათვალი მაკრონისაა და ერთად გვაყენებს აზრბაიჯან-სომხეთთან.
მთავარს არავინ ამბობს: რას გვთხოვს ევროპა და რას გვაძლევს ევროპა.
რასაც ვუყურებ, მარტო ჩინჩლავს.
1 წლის უკან