ანალიზი: საქართველო-რუსეთის ომიდან ხუთი წლის შემდეგ

ანალიზი: საქართველო-რუსეთის ომიდან ხუთი წლის შემდეგ

Stratfor-ი წერს, რომ რუსეთის არმიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, იმ მოვლენების შედეგია, რაც 2008 წლის დასაწყისში დასავლეთის მხრიდან რუსეთის ტრადიციული მოკავშირის სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა.

„2008 წლის 7 აგვისტოს, რუსულმა ტანკებმა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბი გადალახა და საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთში შეიჭრა. სრულმასშტაბიანი ომის დროს, რომელიც მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რუსეთმა საქართველოს შეიარაღებული ძალები დიდწილად გაანადგურა და მწყობრიდან გამოიყვანა მისი სასაცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომარაგების ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ასევე, მოსკოვმა თავისი შეიარაღებული ძალები განათავსა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის არმიას საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეჭრა აღარ გაურისკავს, მაგრამ თბილისიდან, საქართველოს დედაქალაქიდან თითქმის 45 კილომეტრში დაბანაკდა.

დღეს, რუსეთის შეიარაღებული ძალები რჩებიან გამოყოფილ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ლათინური ამერიკის და ოკეანიის მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ მიბაძა რუსეთს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებაში; რუსეთის უახლოესმა მოკავშირეებმაც კი ყოფილი საბჭოთა სივრციდან უარი თქვეს აღიარებაზე. მაგრამ ეს ქმედითი ფაქტორი არ არის. გზავნილი, რომლის გავრცელებაც რუსეთს სურდა, კერძოდ ის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ ფუჭი იყო და რომ რუსეთმა დაიბრუნა რეგიონული ზესახელმწიფოს პოზიცია, მიღებულ იქნა და დღემდე მუშაობს.

ქართული კონფლიქტის ფესვები შეიძლება არა სამხრეთ ოსეთში, არამედ გაცილებით შორს, ევროპაში ვეძებოთ. ევროკავშირის და ნატოს ექსპანსია აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპისკენ 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობდა 2000-იან წლებამდე, რამაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიაზე დასავლური გავლენა განამტკიცა და მოსკოვის გავლენა შეარყია. სერბეთისგან, რუსეთის ტრადიციული მოკავშირისგან, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ 2008 წლის დასაწყისში, საომარ პროცესებს ბიძგი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა კოსოვოს დამოუკიდებლობას, დასავლეთის დიდმა ნაწილმა, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ჩათვლით, მაინც მხარი დაუჭირეს კოსოვოს აღიარებას. სულ რამდენიმე თვეში, ნატოს სამიტზე ბუქარესტში, სამხედრო ბლოკი დაპირდა საქართველოს და მეორე, ყოფილ საბჭოთა სახელმწიფო უკრაინას, რომ ისინი აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის წევრები.

ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როდესაც დასავლეთში ბევრს კიდევ იმის განცდა აქვს, რომ რუსეთი ისეთივე სუსტი და ქაოსში ჩაფლული სახელმწიფოა, როგორიც 1990-იან წლებში იყო, რომელსაც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი დიდი წვალებით მართავდა. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბორის ელცინი არ იყო. 2008 წლისთვის, პუტინმა ბიუროკრატიის და ოლიგარქების დიდი ნაწილი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია, იმავდროულად, რუსეთის ეკონომიკას ხელს უწყობდა ნავთობის მაღალი ფასი მრავალი წლის განმავლობაში. პუტინის თვალსაზრისით, დასავლეთი სისტემატიურად დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძირს უთხრიდა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ პასუხის დროც დადგა.

ამ პასუხისთვის საქართველო რუსეთისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველო დასავლეთზე მტკიცედ ორიენტირებული გახდა, და მართალია ის მიისწრაფვოდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, მაგრამ მას არ ქონდა მიღებული აღიარება და არ ექვემდებარებოდა ავტომატურად ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-5 მუხლს. დამატებით, საქართველო მისი სიმცირისა და სტრატეგული ადგილმდებარეობის გამო (რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს უშუალოდ ესაზღვრება და ევროპის კონტინენტსგან შორსაა) საუკეთესო პლატფორმა იყო რუსეთისთვის სამხედრო ძალის გამოსაყენებლად. საქართველოსთან ომი რუსეთისთვის სამი მიზნის რეალიზების საშუალება გახლდათ: საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების შელახვა; იმის დემონსტრირება, რომ მისი შეიარაღებული ძალები ჯერ კიდევ ძალიან ეფექტურია; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის იმ განცდის გაჩენა, თუ როგორი სუსტია ის, როდესაც საქმე პარტნიორებისადმი ვალდებულებებს ეხება რუსეთის პერიფერიაში. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა სამივე ამ მიზანს მიაღწია.

ომის შედეგები მნიშვნელოვნად გასცდა საქართველოს ფარგლებს. სწორედ ნატო, და არა რუსეთი, გამოჩნდა ბევრისთვის უძლური და გაუბედავი, მოსკოვი კი ძლიერი და ეფექტური სამხედრო სახელმწიფო. მიუხედავად მისი რეალური შესაძლებლობებისა, ეს იყო პოპულარული აღქმა, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში; ამ ომმა შეცვალა მათი დამოკიდებულება რუსეთთან ურთიერთობების მიმართ.

ომის შემდგომ წლებში, სწორედ ეს განცდა იქცა წამყვან ფაქტორად ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ქმედებებში. უკრაინამ ოფიციალურად თქვა უარი ნატოსთან დაკავშირებულ ამბიციებზე და ნებისმიერი სამხედრო ალიანსის წევრობა კანონით აიკრძალა. ქვეყნებმა, რომლებიც უკვე თანამშრომლობდნენ რუსეთთან, როგორებიცაა ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი, მხოლოდ გაზარდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა მოსკოვთან. საქართველოც კი შეიცვალა; პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის გუნდი დაამარცხა, ქვეყნის რუსეთთან დაკავშირებული პოზიცია შეიცვალა. ივანიშვილი ცდილობს რუსებთან უფრო ახლო ეკონომიკური კავშირების დამყარებას, და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხარს უჭერს ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციისკენ სწრაფვას, საქართველოს ნაციონალური მიდგომა რუსეთთან დაკავშირებით უფრო პრაგმატული გახდა.

ხუთდღიანი ომის შედეგები ხუთი წლის შემდეგაც ძალიან თვალსაჩინოა. რუსეთი ვერ დაიბრუნებს ამერიკის შეერთებულ შტატების ტოლ სუპერსახელმწიფოს სტატუსს, როგორც ეს საბჭოთა ეპოქაში იყო. მაგრამ, მისი ყველაზე მკაცრი ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ იმას, რომ ის, თუნდაც შელახული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი რეგიონული სახელმწიფოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და დასავლეთზე სწორება აღარ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც ეს ათი წლის წინ იყო. ამ თვალსაზრისით, რუსეთ-საქართველოს ომი უფრო მეტია, ვიდრე უბრალო მოვლენა, რომელზეც დაფიქრებაა საჭირო; ის ერთ-ერთი გზამკვლევია რეგიონის ქვეყნებისთვის, რომლებიც მომავალში რუსეთთან ურთიერთობების გზებს განიხილავენ“.

foreignpress.ge