მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის გაყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რამდენიმე ასეთი ფაქტი (თუნდაც სახეშეცვლილი ფორმით) მაინც დაფიქსირდა. მაგალითად, შპს „GISUN“-ის წარმომადგენლებმა რეზა შაჰაბადმა და მაჯიდ ზომოროდმა გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 2013 წლის 7 ივლისს დაახლოებით 1700 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი შეისყიდეს.
აღნიშნული ფაქტის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბერბუკელებმა აცნობეს, რომლის გადამოწმების შემდეგ ყიდვა-გაყიდვის ფაქტი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დადასტურდა.
მართლაც, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა რეზა შაჯაბადმა და მაჯიდ ზომოროდმა კომპანია შპს „GISUN“ საქართველოში 2013 წლის 20 მაისს დააფუძნეს. საწარმოს საქმიანობად „ნებისმიერი საქმიანობაა“ მითითებული. არასასოფლო-სამეურნეო მიწა კი დაფუძნებიდან თვენახევარში შეიძინეს.
ჯერ ერთი, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც 2013 წლის 20 ივნისს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „საქართველოში ირანელების ინვესტიცია სანქციების მიუხედავად იზრდება“. სტატიის მიხედვით, 2011 წლიდან საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 84-დან 1500-მდე გაიზარდა. Wall Street Journal-ის სტატიაში ასევე მოყვანილი იყო აშშ-ის ხაზინის ოფიციალური პირის, დევიდ კოენის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, რომ ამერიკა ორიენტირებულია აღკვეთოს ირანის მიერ სანქციების თავიდან აცილების ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის, შესაძლო ბიზნესკავშირები საქართველოში.
ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ირანული კომპანიების საბანკო ანგარიშები გაყინა და ამერიკელთა საამებლად რიგი შეზღუდვებიც დააწესა, თუმცა რამდენიმე დღეში გორში ირანელებმა ჯერაც გაურკვეველი ბიზნესისთვის მიწაც კი შეისყიდეს, მაგრამ ეს კიდევ არ არის მთავარი. საქმე ისაა, რომ უცხოელებმა მიწა შეისყიდეს მას შემდეგ, რაც 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მიერ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა და უცხოელებზე მიწების გაყიდვა წელიწადნახევრით აკრძალა.
ამ ცვლილებების თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენს (ვერც მემკვიდრეობით მიიღებს) უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ეს უფლება აღნიშნულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოერთვათ.
აქ საქმე ეხება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, თუმცა ამ შეზღუდვის დაწესების შემდეგ სასწრაფოდ დაიწყო სასოფლო მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი. მარტო 2 სამუშაო დღეში საჯარო რეესტრში 60 ასეთი განცხადება დარეგისტრირდა. როგორც კი სქემა გამოაშკარავდა პარლამენტმა ეს მაქინაციაც აღკვეთა. ამიერიდან მიწისთვის სტატუსის შეცვლა, თითქმის, წარმოუდგენელია. ამას სახელმწიფოსგან სპეციალური მოკვლევა და თანხმობა სჭირდება.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ საქართველოში მიწების აგრე რიგად გაყიდვა და განიავება დაუშვებელია. ქვეყანის მიწის ფონდი სულ 7628.4 ათასი ჰექტარია, საიდანაც 3025.8 ათასი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, მათგან სახნავზე მოდის 801.8 ათ. ჰა (26.5%), მრავალწლიან ნარგავებზე 263.5 ათ. ჰა.H(8.7%), სათიბებზე 143.8 ათ. ჰა. (4.8%) და საძოვრებზე 1796.6 ათ. ჰა (59.4%). სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან დამუშავებას ექვემდებარება მხოლოდ 35.2%, რაც ადასტურებს, რომ ასეთი მცირე მიწიანობის პირობებში, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული სავარგულები.
შიდა ქართლის სოფლები კი ბოლო დროს განსაკუთრებით განიცდიან უცხოტომელთა მოზღვავებას. საპარლამენტო არჩევნებამდე და განსაკუთრებით არჩევნების შემდეგაც გორის, ხაშურის და კასპის რაიონის ბევრი სოფელი ამხედრდა უეცრად გამოჩენილი უცხოელი მიწათმფლობელის წინააღმდეგ. ისინი მათ დღესაც არ აძლევენ საშუალებას მიწით ისარგებლონ, ამიტომაც ზოგიერთმა ე.წ. მეწარმემ თუ ინვესტორმა შეძენილი საკუთრების თავიდან მოშორებაც კი გადაწყვიტა.