„კეზერაშვილი თუკი ჩართული იყო იარაღის ბიზნესში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მისმა აქ ყოფნამ შეიძლება ხელი შუწყოს ვერსიას, რომ საქართველოდან იარაღის უკანონო ტრანზიტი ხორციელდება“

„კეზერაშვილი თუკი ჩართული იყო იარაღის ბიზნესში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მისმა აქ ყოფნამ შეიძლება ხელი შუწყოს ვერსიას, რომ საქართველოდან იარაღის უკანონო ტრანზიტი ხორციელდება“

ოლიგარქი დავით კეზერაშვილი არ მალავს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ ძალებს, ა-ო და, რა თქმა უნდა, ტელევიზიებს: „ფორმულას“, „მთავარ არხს“. ამბობს, რომ ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს და ამ მხრივ ის არის ერთ-ერთი და აპირებს, გააგრძელოს ბრძოლა ბოლომდე. კეზერაშვილის ეს აღიარება ადასტურებს, რომ 7-8 მარტის მოვლენების მთავარი დამფინანსებელი იყო. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ - მარტო ერთი კეზერაშვილი შეძლებს კი, ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, თუ მას ზურგს უმაგრებენ ის გლობალური ძალები, რომლებიც მასთან ერთად ჩართული არიან იარაღის უკანონო ბიზნესში?

„ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი. ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე, ვისთან ერთად, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი? ვისაც უნდა, რომ იყოს ჩემი პარტნიორი. მე პარტნიორებს არ ვეძებ და არავის ვეხვეწები. არ ვარ პარტიული, არ მაქვს ჩემი პარტია, არ ვაპირებ, მქონდეს ჩემი პარტია. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარება. ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო.

პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, რადგან ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ბურჯი; მეორე - უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“, - აღნიშნა დავით კეზერაშვილმა.

ვინ არის დავით კეზერაშვილი და როგორ გახდა 21 წლის ღარიბი კეზერაშვილი ოლიგარქი? 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოულოდნელად ოლიგარქად იქცა თავდაცვის მინისტრობიდან გადამდგარი დავით კეზერაშვილი, რომელსაც სამი ოფშორული კომპანია გაუხსნეს, საიდანაც ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლის ტრანზიტი გახდა შესაძლებელი.

კეზერაშვილის გამდიდრების ისტორიას უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ იარაღი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ომამდე შეიძინა, უხარისხო იყო, ხოლო იარაღის ნაწილი, რომელიც საქართველომ დაახლოებით 11 000 000 დოლარად შეიძინა გვატემალაში, კერძო პირებს აღმოაჩნდათ.

უკანონო და უხარისხო იარაღის შესყიდვების შესახებ „ვიკილიკსში“ გამოქვეყნდა შტატების მაშინდელი ელჩის ჯონ ტაფტის მიმოწერა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარე და მათ შორის, დავით კეზერაშვილი ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაში.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ისრაელის კომპანია „პაზ ლოჯისტიკს“ 500 000-დოლარიან შეიარაღებაში 1 000 000 დოლარს უხდის. 70 000-იანში კი 295 000-ს მაშინ, როდესაც ხდება დეფექტური იარაღის მიწოდება. არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო მომდევნო წლებშიც აგრძელებდა „პაზ ლოჯისტიკთან“ თანამშრომლობას, სანამ ამ კომპანიის ხელმძღვანელი FBI-მ მაღალჩინოსანთა მოქრთამვის ბრალდებით არ დააკავა“, - წერს ჯონ ტაფტი.

ოლიგარქი და „ფორმულას“ მფლობელი კეზერაშვილის იარაღით ვაჭრობის თემით ძალიან მაღალი ეშელონებია გასვრილი. მასალები, რომელსაც დასავლური მხარე ფლობდა იმ ფირმებთან დაკავშირებით, რომლებიც იარაღს აწარმოებენ და ეწევიან იარაღის ტრანზიტს ახლო აღმოსავლეთის ხაზით, იყო ფაქტიური და ეს ყველაფერი დალაგდა, რასაც მიეცა უფრო კონკრეტული სახე.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ამ საქმეში ჩართული აღმოჩნდა ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ასევე იარაღით ვაჭრობაში ჩართული აღმოჩნდა ფინანსურად ისეთი შეძლებული ცნობილი ადამიანი, როგორიც არის გაიდამაკი, ებრაელი მილიარდერი. მისი თქმით, ეს ადამიანები ცნობილნი არიან მყარი კავშირებით მსოფლიოში. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან შორს მიდის.

„კეზერაშვილი არის ამ კრიმინალური უზამაზარი ბორბლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ადრე თუ გვიან, სულ მცირე, მოწმის სტატუსით მაინც უნდა მომხდარიყო კეზერაშვილის ახლობლის, ვინმე ნინუას დაკითხვა. არსებული ინფორმაციით, ნინუა იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, ვინც ხშირად ჩადიოდა დუბაიში ცნობილი იარაღით მოვაჭრე ბუტის ოფისში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

როგორც ექსპერტები for.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, კეზერაშვილი თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთ მძიმე საქმეს ვერ აწევდა, რომ არა გაკვალული გზები. აქედან გამომდინარე, მათივე შეფასებით, ლოგიკურია, რომ მას ვიღაცა სერიოზული ფიგურა ეხმარებოდა საქართველოდან, ან საქართველოს გარეთ. ყველაზე უფრო სერიოზული ფიგურა, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო, ეს არის თემურ ალასანია, რომელმაც გზა გაუკვალა კეზერაშვილს.

გარდა იარაღის ბიზნესისა, დავით კეზერაშვილის სახელი ასევე ფიგურირებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულს წარმოადგენს და მას ევროპული ძალოვანი უწყებები კოორდინირებულად იძიებენ. მათ შორის, საერთაშორისო ოპერაციაში ჩართულია ქართული მხარეც.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ტრაგედია არის ის, რაც ხდება და ტრაგედიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზარმაზარი ზარალი, რომელიც სახელმწიფოს მიაყენეს ამ სუბიექტებმა, დაუსჯელი დარჩნენ და დღეს ისინი დაკავებული არიან იმით, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ახალ დესტუქციულ ნაბიჯებს დგამენ.

„არაერთგზის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მათი ამოცანაა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რაც გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას და საქართველოს გადანაწილებას დაინტერესებული გეოპოლტიკური აქტორების მიერ. ეს საფრთხე ახლა არ გაჩენილა, ის მუდმივად არსებობდა და, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ არ აღმოაჩნდა არც საკმარისი ცოდნა და არც პრონციპული ნება იმისათვის, რომ გაეაზრებინა და ქვეყნისთვის აეცილებინა ეს საფრთხე.

როცა ამას ვამბობ, კარგად მესმის, რომ სააკაშვილის, კეზერაშვილის, ბოკერიას და მათი ამფსონების უკან გავლენიანი საერთაშორისო ძალები დგანან, რომლებსაც ხელისუფლება ანგარიშს უწევს. ისიც კარგად მესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული პერსონაჟები იდეოლოგიურად, წარსულით და ფინანსური ინტერესებით არიან მათთან გადაჯაჭვული“, - აცხადებს მანაჯავიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ ამ სუბიექტების დანაშულებების მიფუჩეჩებით, კოაბიტაციით, ორმაგი და ხუთმაგი სტანდარტებით, უპრიციპობით, ქვეყანა და საკუთარი თავი კვლავ დააყენეს უდიდესი საფრთხის წინაშე.

„ეს დესტუქციული ძალები, ქვეყნის მოღალატეები და მოსისხლე მტრები ვერ შეკრავდნენ პოლიტიკურ ალიანსს ქვეყნის გარე მტრებთან, მათთვის, მაგალითად, პასუხი რომ მოგვეთხოვა ქვეყნის ღალატისათვის, 2004-2008 წლების სამხედრო ავანტურისთვის, ქვეყნისთვის მრავალმილიარდიანი ფინანსური ზიანის მიყენებისთვის, რაც გამოხუტულია 2008 წლის ომით, რომელიც კატასტროფა იყო. გვახსოვს იარაღის სკანდალი და სად გაქრა ის იარაღი, რომელიც სინამდვილეში შესყიდული არ იყო და გადაყიდული იყო პატივცემული კეზერაშვილის მიერ? შემდეგ, ის 4-მილიარდნახევარი დოლარი, რომელიც შემოვიდა, რაში გაიწერა, ვერ გამოიძიეს.

ავიღოთ ის ცნობილი საფორთიფიკაციო ნაგებობები რომ ააშენეს მცხეთასთან, ვითომ ჰაერსაწინააღმდეგო უზარმაზარი საოცრებები, რომელიც 400 მილიონი ლარი დაჯდა და აბსოლუტურად უფუნქციოდ დგას. რისთვის იყო ის გაკეთებული, ამაზეც პასუხი არ მოუთხოვიათ. პასუხი არ მოუთხოვიათ უამრავი ადამიანის ბიზნესის დატერორებისათვის, ახალგაზრდების ჩახოცვისთვის, ციხის ბუნტისათვის და ა.შ. რაზეც არაერთგზის გვისაუბრია. ამ ყველაფრის არგაკეთებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანა კეზერაშვილის, გრიგოლიას, სააკაშვილის, ალასანიას, რომელთა სახელი ლეგიონია, საერთაშორისო ავანტურისტებისა და მათთნ აფილირებული ქვეყნის მოღალატეების სათარეშოდ არის გადაქცეული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ ისრაელის საგამოძიებო უწყებების მიერ კეზერაშვილთან დაკავშირებით იყო კითხვის ნიშნები იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელსაც დააღწია თავი, მაგრამ მეორე მხრივ, მისი თქმით, სასურველი იყო თარგამაძეს გაერკვია ეს საკითხი, რახან ითავა და ხელი მოკიდა კეზერაშვილის თემის გარკვევას.

„ბარემ გაერკვია ისიც, საიდან აქვს ეს თანხები. კი, ბატონო, დავუშვათ, რომ არაფერი არ არის საეჭვო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს ადამიანი აფიანანსებს იგივე „ფორმულას“. მე, მაგალითად, ვერ შევძლებ დაფინანსებას, იმიტომ, რომ არ მაქვს სახსრები. კეზერაშვილს აქვს სახსრები და საიდან აქვს ეს სახსრები? სააკაშვილს როცა ეკითხებოდნენ საიდან გაქვს სახსრებიო, იძახდა, რომ დედაჩემი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორია და მაღალი შემოსავალი აქვსო. სააკაშვილმაც კი გადაწყვიტა, რომ რაღაცა უნდა თქვას თავის სახსრებთან დაკავშირებით, რადგან თვალში საცემი იყო ხარჯვა მისი მხრიდან. ანალოგიური მდგომარეობაა კეზერაშვილთანაც. თვალში საცემია მისი მხრიდან სახსრების გამოყენება და საიდან არის ეს სახსრები? სახსრები ძალიან მძიმე რამაა, არ იმალება, ჩანს, მით უმეტეს როდესაც ადამიანი იწყებს ტელევიზიების დაფინანსებას“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება პოლიტიკურ მესიჯებს, რომელიც ოლიგარქმა გააჟღერა, პოლიტოლოგის განცხადებით, კეზერაშვილი ამ განცხადებით ამბობს, რომ თუ მას შეუტევს ხელისუფლება, შეეცდება წარმოადგინოს როგორც შეტევა პროდასავლურ პოლიტიკაზე.

„ახლა, რადგან აღმოჩნდა, რომ ქართველებს ეძვირფასებათ დასავლეთი, ყველა ოპოზიციური ჯგუფი იძახის, რომ ჩვენ პროდასავლური ვართ და აი, ხელისუფლება არის პრორუსულიო, ასეთი მოცემულობა გვაქვს და ამ მოცემულობას ეხმიანება კეზერაშვილიც. იმ ჯგუფებშიც კი, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, იძახიან პროდასავლურები ვართო. თუკი მოლოტოვის კოქტეილების სროლა შეიძლება პროდასავლურობად ჩავთვალოთ, რა თქმა უნდა, კეზერაშვილიც იტყვის, რომ პროდასავლური ვარო.

საერთოდ, როდესაც ადამიანი დიდხანს არ ჩანს ქართულ პოლიტიკაში და უცბად ერთვება პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ეს დამაფიქრებელია და აჩენს იმ ვერსიას, რომ შეიძლება ისეთი მოტივები ჰქონდეს, რაც სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. თუკი ვივარაუდებთ, რომ ის მართლაც ჩართული იყო იარაღის ბიზნესში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მისმა აქ ყოფნამ შეიძლება ხელი შუწყოს იმ ვერსიას, რომ საქართველოდან იარაღის უკანონო ტრანზიტი ხორციელდება. ამ ვერსიის წამოწევა ქვეყნისთვის სასურველი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ეს იყო საკუთარი თავის გამართლების მორიგი ფუჭი მცდელობა. მისი თქმით, რასაკვირველია, კეზერაშვილი ერთეული არ არის. მას მხარს უჭერენ რევანშისტი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ავტორები და რასაკვირველია, მას აქვს მხარდაჭერა დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომელსაც ვხედავთ საჯარო სივრციდან, თუ მედიიდან.

„ერთგვარად კარგი იყო მისი მორიგი აღიარება, მაგრამ მის იმიჯმეიკერებს, თუ არსებობენ ასეთები, 5-ბალიან სისტემაში 2-ს დავუწერდი. არ შეიძლება გამოიყვანო მორიგი პოლიტიკური გზავნილით კაცი, პოლიტიკოსი რომელიც არის ელემენტარულად გაუპარსავი. ეს არ იყო წვერმოზრდილი კაცი, ეს იყო გაუპარსავი რესპოდენტის ჩვენება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას არ აინტერესებს არაფერი რეალური. იმ გზავნილებიდან, თუ მესიჯებიდან, რაც მოვისმინეთ, ეს არის რევანშიზმი. ოღონდ მთავარი ის არის, რომ ამ რევანშისტობით ის ვერაფერ ქულებს ვერ დაიწერს ქართულ საზოგადოებაში.

გასაგებია, ქართული საზოგადოებიდან შეიძლება ყველა არ იყოს „ქართული ოცნების“ მხარეს, მაგრამ ასეთი ფიგურები, როგორც მერაბიშვილი, კეზერაშვილი და სხვა სუბიექტებია, რომლებიც ნებისმიერი ფასად ცდილობენ ხელისუფლებაში მობრუნებას, კატეგორიულად მიუღებლები არიან და არც მოხდება მათი მობრუნება. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ დემოკრატია ამ ყველაფერს იტანს, მაგრამ 2024 წლის არჩევნებზე ნახავენ საკუთარ შედეგებს. კეზერაშვილის პოლიტიკური გზავნილი იყო რევანშიზმი და ანგარიშის გასწორება არა მხოლოდ მმართველ პარტიასთან, არამედ მის მხარდამჭერებთან“, - აღნიშმა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.