რატომ დაემართა გუბაზს სანიკიძეს ღირებულებითი ტრანსფორმაცია და რატომ გახდა მიშაზე უფრო მეტი „ნაცი“, ამის ახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეეცადა. პრემიერმა განმარტა, რომ გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით, ერთ დროს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გუბაზ სანიკიძე „განაცდა“.
გუბაზ სანიკიძე პრემიერის ნათქვამს ცილისწამებას უწოდებს და პრემიერს ჩივილით ემუქრება. ამ საქმეში სანიკიძეს კონსულტაციას უწევს ვალერი გელბახიანი. სანიკიძე ამბობს, რომ ხანმოკლე ბრძოლას არ აპირებს და ირაკლი ღარიბაშვილს არ მოეშვება. მისი თქმით, ტროლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა მიმდინარეობს მის მიმართ და ამ ტროლებმა ვერაფერი ვერ მოუძებნეს წამოსაძახებლად, გარდა იმისა, რატომაა ასეთი მსუქანი და მილიონის შოვნა რატომ უნდოდა.
„ძვირფასო მეგობრებო, ვის არ გინდათ მილიონების შოვნა?!“ -მიმართავს გუბაზ სანიკიძე საზოგადოებას იმ უხერხული ფარული ჩანაწერის საპასუხოდ, რომელიც სანიკიძეს 2012 წელს გამოუქვეყნეს „ნაცებმა“ და რომელ ჩანაწერშიც სანიკიძე ამბობს, რომ მილიონის შოვნა უნდა. მას შემდეგ, ერთი პერიოდი, გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურად არ აქტიურობდა, როგორც ჩანს, მასზე ამ სკანდალურმა ჩანაწერმა იმოქმედა. არადა, მანამდე, „ეროვნული ფორუმის“ დროს გუბაზ სანიკიძეს ხალხში რეიტინგი ჰქონდა. მოგვიანებით გუბაზ სანიკიძე არც მალავდა, რომ ნანობდა იმ განცხადებას, რომლითაც იგი არაკორექტულად საუბრობდა ბერა ივანიშვილზე.
გუბაზ სანიკიძის ჩანაწერების სკანდალი ამით არ ამოწურულა. 2020 წელს გავრცელებული კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე ძალადობრივი გზით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობენ.
აშანტაჟებენ თუ არა „ნაცები“ გუბაზ სანიკიძეს და რის გამო დაეწყო მას მოულოდნელად ღირებულებითი ცვლილებები?
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძე ირაკლი ღარიბაშვილს ჩივილით იმიტომ ემუქრება, რათა ის პანჩური გადაფაროს, რომლითაც გუბაზის ღირებულებით სისტემაზე სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება. მაია ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ გუბაზი არის ცნობილი მამის შეუმდგარი შვილი.
„მორალისტი გამომივიდა ეს ციციკორე გუბაზა. ძალიან მიყვარდა ლევან სანიკიძის საქართველოს ისტორიის კითხვა. მართალია, ისტორიკოსები მსჯელობდნენ, რომ ეს არ იყო ისტორიულად დაწერილი, ზღაპარივით იკითხებოდა, მაგრამ ზუსტად ზღაპარივით რომ იყო, ეს მსიამოვნებდა. მითრიდატე პონტოელი შემაყვარა ლევან სანიკიძემ. მითრიდატე პონტოელი ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლესი ისტორიული პერსონაჟია. მე მაინც უფრო ზუსტი მეცნიერებების მოყვარული ვიყავი და ისტორია დიდად არ იყო ჩემი გატაცება. ისტორიით სიამოვნება კი მივიღე ლევან სანიკიძისგან. რაც შეეხება გუბაზს, მან ფული აიღო თუ არა „ნაცებისგან“, არ ვიცი და, რომც ვიცოდე, არ ვილაპარაკებ“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ, ზოგადად, არშემდგარი შვილობა გარკვეულ კომპლექსს ბადებს ადამიანში, გუბაზიც მამის ჩრდილში დარჩა, ვერ შესწვდა მამის სიმაღლეს. ცხადია, ეს აკომპლექსებს ადამიანს და ასეთი ადამიანი ბევრ რამეზე მიდის, ხან ციციკორე ხდება, ხან ღარიბაშვილს უჩივის.
ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი ეჭვობს, რომ გუბაზ სანიკიძე ფულზე გაიყიდა. თორნიკე მოლაშვილი არ მალავს, რომ რატომღაც ეს ადამიანი ადრე უყვარდა, პატივს სცემდა მამამისიდან გამომდინარე, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ ხდება, რომ ასე კაცი თავისით შეიცვალოს.
„ალბინოსთან დაკავშირებით რომ ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის შვილზე, იმ დღიდან ეს კაცი შემზიზღდა. თავი შეაზიზღა მთელ საქართველოს. ასე გადაიჩეხოს კაცი კლდიდან თავისი სურვილით, არ გამიგია. თუმცა ისე შეყვარებული იყო ფულზე, ფულის გამო, ალბათ, ყველაფერს გააკეთებდა“,-აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ეჭვი ეპარება, გუბაზ სანიკიძეს ფული აეღო სააკაშვილისგან. ანალიტიკოსი ადასტურებს, რომ გუბაზი საკმაოდ მებრძოლი იყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ რატომ შეიცვალა აზრი, ამაზე საუბარი რთულია.
„მე მაინც გუბაზის მიმართ პატივისცემა მაქვს, რადგან მართლაც მებრძოლი იყო, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ზოგიერთი ლიდერისგან განსხვავებით, სოროში რომ იყვნენ შემძვრალნი და ცხვირს ვერ ყოფდნენ, ზოგიერთი მათგანი სააკაშვილის მონა და ლაქიაც იყო, ბევრად მაღლა იდგა გუბაზი. ამ ლაქიებს ბევრად მირჩევნია იგი, გუბაზი ჩემს თანამებრძოლად რჩება სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მართალია, ჩვენი გზები ახლა გაიყო და ჩვენი ხედვა განსხვავებულია, მაგრამ მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. შესაძლოა, იგი არც მიეყიდა „ნაცებს“, გუბაზი ის კაცი არ არის, მიეყიდოს. უბრალოდ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიმყოფებით ახლა, სააკაშვილის რეჟიმის დროს ზედმეტი რამე რომ ეთქვა დეპუტატს, იმავე დღეს მოკლავდნენ, გავიხსენოთ ვალერი გელაშვილის ფაქტი, გუბაზს კი დღეს არავინ დასჯის იმისთვის, რომ პრემიერს უჩივის. თუ პრემიერი დაადასტურებს, რომ გუბაზმა თანხა აიღო „ნაციონალებისგან“ და სასამართლოც ამას მტკიცებულებად მიიღებს და გამოიტანს განაჩენს, მაშინ ვიტყვით, რომ გუბაზმა თანხა აიღო, მაგრამ ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსს უჭირს იმის ახსნა, რამ განაპირობა გუბაზ სანიკიძის ასეთი ტრანსფორმაცია. ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მისი თანამებრძოლი ლევან გოგიჩაიშვილიც გადავიდა ოპოზიციაში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან და მის მიერ შექმნილ სისტემასთან ძალიან ხისტი დამოკიდებულება აქვს. ლევანი ძალიან მკაცრად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, აბსოლუტურად სწორად განუდგა მას, რადგან ჯალათი მოსამართლების „გაპრავება“ ნამდვილად არ შეიძლებოდა, მაგრამ ლევან გოგიჩაიშვილი მიხეილ სააკაშვილს ისევე ებრძვის, როგორც ნებისმიერ პერიოდში შეებრძოლებოდა.
„გუბაზს მაინც იმდენი აქვს გაკეთებული სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის საქმეში და იმდენი ნაომარი აქვს, რომ არ შემიძლია ხაზი გადავუსვა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მისი პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - განმარტავს ვახტანგ მაისაია.