ექსპერტთა ნაწილი კარგა ხანია, მიანიშნებს, რომ შესაძლოა, „ქართულ ოცნებაში“ ნინო ბურჯანაძეზე მეტად დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლა აწყობდეთ. ეს აზრი, სულ ახლახან, ექსპერტმა კახა კახიშვილმაც დაადასტურა. იგი ფიქრობს, რომ ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანის ძალიან სერიოზული მცდელობა იქნება. ამის პარალელურად, არჩევნებში მეორე ადგილის დაფიქსირება ნაციონალების ნომერ პირველ ამოცანად რჩება.
ბოლო დროს ნინო ბურჯანაძის გააქტიურებას საინტერესოდ დაემთხვა პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „ნინო ბურჯანაძემ ძალიან ბევრი მოინდომა“. პარლამენტის ვიცე-სპიკერი დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს 2007 წლის 7 ნოემბერს ახსენებს, როცა ბურჯანაძე ხალხის გვერდით უნდა დამდგარიყო, რაც მისი მხრიდან სწორი საქციელი იქნებოდა.
„ვერ გავიგე, თუ ბიძინა ივანიშვილს პატივს სცემს, მაშინ მის მიერ დასახელებულ კანდიდატს რატომ უნდა ებრძოლოს? თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ მოგწონს, მაშინ იმის სიმამაცეც უნდა გეყოს, თქვა - პრემიერ-მინისტრის კურსიც არასწორია... თუმცა, ბურჯანაძე კარგად ხვდება, ასეთი სვლა არაპოპულარული იქნება მისთვის და ასეთი ტაქტიკა აირჩია... 26 მაისს რაც მან ხალხი შეკრიბა, სულ ეს იყო. სამწუხაროდ, მაშინ საზოგადოებამ მას ბევრი მიზეზის გამო მხარი არ დაუჭირა, თორემ სააკაშვილის მიმართ ზიზღი მაშინ არ ჰქონდათ? ხალხმა ვერ დაინახა ლიდერი, ახლა რა შეიცვალა ასეთი, რა გააკეთა ბურჯანაძემ ისეთი 26 მაისის შემდეგ, რომ ჩვენი „მხარდამჭერები“ მასთან გარბიან?!“ - კითხულობს მანანა კობახიძე „ალიასთან“ საუბრისას.
მისივე მოსაზრებით, ბურჯანაძე არის შევარდნაძის დროის პოლიტიკოსი, რომელიც იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მხარდამჭერი იმ კურსისა, რომელსაც ის ხელისუფლება ატარებდა. „შემდეგ გადავიდა ოპოზიციაში და მიხეილ სააკაშვილის ძალიან აქტიური თანაგუნდელი და თანამებრძოლი, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი გახდა და დიდი წვლილი მიუძღვის მიშას მოყვანაში. ახლა, მართალია, ამბობს, სააკაშვილს განვუდექიო“, მაგრამ მანანა კობახიძის აზრით, იმდენი ცუდი რამ მოხდა, ამის დავიწყება და სხვა რამით გადაფარვა შეუძლებელია.
რატომ უნდა აწყობდეთ „ქართულ ოცნებაში“ ნინო ბურჯანაძეზე მეტად დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლა?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ადასტურებს, რომ ბურჯანაძესთან შედარებით დავით ბაქრაძის კანდიდატურა ბევრად უფრო მომხიბლავია „ოცნებისთვის“ და ამის შესახებ პირადად იგი ადრევე აცხადებდა. მეტიც, მისთვის ამოუცნობ განტოლებად რჩება ის ფაქტი, თუ ივანიშვილმა (რომელიც ბიზნესიდან მოყოლებული, ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ზუსტი გათვლებით) რატომ გააკეთა ასეთი გაუგებარი გათვლა და „ოცნების“ კანდიდატად ყველაზე სუსტი რატომ დაასახელა. მით უფრო, რომ მარგველაშვილის გამარჯვებას ივანიშვილის მხრიდან დაახლოებით იგივე ძალისხმევა დასჭირდება, რაც მას 1-ლი ოქტომბრისთვის დასჭირდა.
რაც შეეხება ბაქრაძე-ბურჯანაძის კანდიდატურებს, პოლიტოლოგის აზრით, ყველაფერი წესიერად და პატიოსნად, ყველა კანდიდატისთვის თანაბარი სასტარტო პირობებით რომ ჩატარდეს, მეორე ტური გარდაუვალია. მეორე ტურში კი ბაქრაძის დამარცხებას არაფერი არ სჭირდება, მას გაუხსენებენ გასულ ცხრა წელს, როდესაც ბაქრაძე მეორე, მესამე თუ მეოთხე პირი იყო სახელმწიფოში, ხოლო გასახსენებელი ისედაც ბევრია, თუნდაც ის საქმეები, რომელშიც თვითონ ბაქრაძეს არც მიუძღვის „წვლილი“.
„მთელი ნაცმოძრაობის ცოდვებს აჰკიდებენ მხოლოდ ბაქრაძეს და მის დამარცხებას არაფერი უნდა, მაგრამ ბურჯანაძესთან უკვე რთულადაა საქმე. გაზეთებში ბურჯანაძის წინააღმდეგ არაჯენტლმენური მეთოდებით ბრძოლა უკვე დაიწყო „ოცნებამ“, რაც იმის მომასწავებელია, რომ ბურჯანაძის ეშინიათ. „ოცნების“ ლიდერებს რაც არ უთქვამთ არასდროს ბაქრაძის შესახებ, იმას უკვე ამბობენ ბურჯანაძეზე. სასწორის ერთ მხარეს რომ დავდოთ ჩვენი ლიბერალ-იდეალისტი მარგველაშვილი და მეორე მხარეს ქარ-ცეცხლში გამოვლილი, უკვე შემდგარი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, ბურჯანაძე გადაწონის. ამიტომ, ეს იოლი ასახსნელი იყო თავიდანვე და არ ვთვლი, რომ ამით სანსკრიტის ფორმულა ავხსენი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, ივანიშვილი მიჩვეულია რთული ამოცანების გადაჭრას. არავინ ელოდა და თვითონ ამერიკელებიც კი გააოცა, როცა გასული წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. ახლაც დაახლოებით იგივე ხდება. ივანიშვილმა მთელი საქართველო უნდა გააოცოს, რომ მარგველაშვილმა გაიმარჯვოს, თუმცა პოლიტოლოგის თქმით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვოს მარგველაშვილმა, თორემ მეორე ტური უკვე სკანდალი იქნება, რადგან ვერავის დავაჯერებთ, რომ დღევანდელ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ თურმე მეორე პოლიტიკური ძალა ყოფილა.
ამასთან, სოსო ცინცაძე საპრეზიდენტო არჩევნებს პარტიულ არჩევნებად მოიხსენიებს, რადგან, ცალსახაა, ბაქრაძეს ხმას მისცემს ნაციონალების ყველა მომხრე, თუმცა მეორე მხარეს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ყველა მომხრემ, შესაძლოა, მარგველაშვილს არც მისცეს ხმა.
„პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს! არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია, მეორე ადგილზე გავიდნენ ნაციონალები. თუმცა ეს ბუმერანგად შემოუბრუნდება თვითონ „ქართულ ოცნებას“. არა იმიტომ, რომ მეორე ადგილზე გასვლა გააძლიერებს ნაციონალებს, არამედ „ქართული ოცნება“ ამით ძალზე ბევრ მომხრეს დაკარგავს. ახლა რაც ხდება კახეთსა და გურიაში, ეს დამაფიქრებელია. რა მნიშვნელობა აქვს, პარტიის წევრი გადადის თუ აქტივისტი ბურჯანაძესთან, ზოგიერთი აქტივისტი პარტიის წევრზე უფრო ერთგულია, რადგან პარტიაში, როგორც კომუნისტების დროს, ხალხი ხშირად შედის მერკანტილური მოსაზრებით, ხოლო მოხალისე აქტივისტს პარტიასთან იდეოლოგიური პრინციპი აკავშირებს. ამდენად, აქტივისტი უფრო ძვირადღირებულია. ეს ხალხი კი მარგველაშვილისგან გარბის. ივანიშვილს პატივს რომ ვცემთ, ეს ხომ არ ნიშნავს, მის კანდიდატს მივეთ ხმას?! ეს ხომ კომუნისტური გადმონაშთი იქნებოდა?! თვითონ ივანიშვილიც ამას ამბობს, ერთი კაცი არ უნდა მართავდეს ქვეყანასო. ამიტომ გინდათ თუ არა, პიონერული ენთუზიაზმით მარგველაშვილს მივცეთ ხმა, რომელ დემოკრატიაში წერია?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვოს, რასაც ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მცირედ დარჩენილ დროში. რაც შეეხება მეორე ადგილს, თუ ვინ გავა, ამაზე მსჯელობა ვანო მაჭავარიანისთვის ძველი ოპერიდანაა და ამის წინასწარმეტყველება მისთვის არასერიოზულია.
მეტიც, ვანო მაჭავარიანს ამ ეტაპზე დამაჯერებლად არ მიაჩნია კონსპირაციული თეორიის განვითარება, რომ თურმე „ქართული ოცნება“ შეეცდება, ბაქრაძე მეორე ადგილზე გაიყვანოს.
„მარტივი კითხვა მაქვს, როგორ უნდა შეეცადონ ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანას, რა უნდა გააკეთონ ამისთვის? პროგნოზირება, მათ შორის, წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ანუ რამ შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების ბედი, ბოლო პერიოდში საკმაოდ რთულია. ჩვენ უნდა ველოდოთ საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ განახლებულ ინფორმაციას, რომელიც მათ სხვა მხრიდან დაგვანახებს. შესაძლოა, ბევრმა კანდიდატმა შეცდომა დაუშვას და სხვა კანდიდატი დაწინაურდეს“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ ქართული საზოგადოების ერთი მესამედი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, თუ ვინ არის მისი ფავორიტი. შესაბამისად, ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილიც ამის მიხედვით იქნება განსაზღვრული, იმის გათვალისწინებით, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა გარე საფრთხეებიდან თუ შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე.
პოლიტიკურ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილისთვის მოულოდნელი არ არის, რომ ზოგიერთებს „ქართულ ოცნებაში“ დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლა უფრო აწყობდეთ, ვიდრე ბურჯანაძის. ამას კი ერთი ახსნა აქვს - „ნაციონალური მოძრაობა“ სანატრელია მთელი მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფალთათვის და ასეთ ოპოზიციაზე მართლაც ოცნებობს ნებისმიერი ხელისუფალი, რადგან ეს ოპოზიცია სძულს ქვეყნის მოსახლეობას.
„ლოგიკურია ეს თემა. თუ მეორე ტური შედგება, „ქართულ ოცნებას“ კონკურტენტად უნდა აწყობდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. თუმცა საბოლოო ვერდიქტს საქართველოს ამომრჩეველი გამოიტანს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერი. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნინო ბურჯანაძე, მეორე ადგილის პრეტენდენტადაც კი, ერთნაირად მიუღებელია როგორც ნაციონალებისთვის, ასევე, მეოცნებეებისთვის. ეს რეალობაა გამომწვევი იმ სიმპათიების, რომელსაც დღეს იკრებს ქალბატონი ბურჯანაძე. ამიტომ, როდესაც მეოცნებედ საკუთარი თავის წარმომჩენი ამომრჩეველი დაიწყებს უფრო ფართო მასშტაბებით ოცნებას, ის უკვე ივიწყებს იმ ოცნებათა კრიალოსანს, რომელიც ასრულდა, მაგრამ, რომელიც მუდმივად განმეორებადი არ არის თუნდაც მისი ყურთასმენისთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ კოაბიტაციის რეჟიმში მყოფი როგორც ერთი, ისე მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის გამოსვლები ძალაუნებურად წყალს ასხამს ბურჯანაძის საარჩევნო კამპანიაზე, რადგან კონკრეტულია კრიტიკა არსებული რეალობის მიმართ არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ მოსახლეობის ნაწილისგანაც. ხოლო დაპირებები და ოცნების გაღვივება სხვაზე ნაკლებად არ ეხერხება ნინო ბურჯანაძეს.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სოსო ცისკარიშვილი ასკვნის, რომ, თუკი არჩევნებში ბაქრაძე მეორე ადგილზე აღმოჩნდება, მისთვის არ იქნება დიდი გამოცანა, თუ ვის უჭერდა მხარს მეორე ადგილზე გასასვლელად „ქართული ოცნება“.