ვინ გახდება ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი?

ვინ გახდება ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი?

ვინ შეცვლის ჟოზე მანუელ ბაროზუს ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე? ეს მოვლენა, ევროპის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იქნება ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის 2014 წელს. დღესდღეობით, როდესაც ევროპა ვერაფრით ვერ ახერხებს კრიზისისგან თავის დაღწევას, ხოლო ექსტრემისტული პარტიები პოზიციებს იმყარებენ, ეს კენჭისყრა (რომელიც, როგორც იქნა, დემოკრატიული გზით ჩატარდება) ევროკავშირის მომავლის სიმბოლოდ და მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს. ვინ არიან პოტენციური კანდიდატები:

ევროპის მოქალაქეებს საწუწუნო არაფერი აქვთ: 2014 წლის მაისში დაგეგმილი ევროპული არჩევნები შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს. ლისაბონის შეთანხმების თანახმად, ევროკომისიის თავმჯდომარეს ისეთივე პოლიტიკური შეხედულებები უნდა გააჩნდეს, როგორიც პარტიას, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს. უფრო კონკრეტულად კი, საარჩევნო უბნებში მისულმა ადამიანებმა ხმა უნდა მისცენ როგორც პარტიას, ასევე მის წარმომადგენელს ევროპული ინსტიტუტებისთვის ესოდენ ცენტრალურ პოსტზე. ასეთი პერსონალიზაცია არჩევნებისა, რომელიც ევროპელებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბუნდოვანი და არცთუ საჭირო იყო, დღეს დემოკრატიული წინსვლის და პოლიტიკურ საკითხებზე სერიოზული დისკუსიის დაწყების შესაძლებლობად გადაიქცა.

სოციალ-დემოკრატები კონსერვატორებს უსწრებენ

ასეა თუ ისე, ვერ ვიტყვით, რომ ახალი სისტემა უკლებლივ ყველა პარტიამ ენთუზიაზმით გაიზიარა. ამ მომენტისთვის, როგორც ჩანს, მხოლოდ სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (სადაც ფრანგული სოცპარტიაც შედის) ავლენს იმის მზადყოფნას, რომ უახლოეს მომავალში ჟოზე მანუელ ბაროზუს მემკვიდრის კანდიდატურის განხილვა დაიწყოს. მთავარი ფავორიტი აქ, როგორც ჩანს, ევროპარლამენტის დღევანდელი სპიკერი მარტინ შულცია: მის ქმედებებს იშვიათად აკრიტიკებენ, ევროპულ პარლამენტში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელსაც ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს. მასთან შედარებით, ორგზის ევროკომისრის მარგოტ ვალსტრემის, ესპანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის ხოსე ლუის საპატეროს და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დევიდ მილიბენდის კანდიდატურები არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება.

რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიას, კანდიდატის დანიშვნის პროცესი, ამ მომენტისთვის, მკვდარი წერტილიდან ვერ იძვრის. შეიძლება მესამე ვადით კანდიდატად ჟოზე მანუელ ბაროზუც აირჩიონ, რომელსაც ეს თანამდებობა 2004 წლიდან უკავია. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მას პოლიტიკურ წრეებში გავლენა აქვს, კრიზიზის გამო მისი იმიჯის ბრწყინვალება თვალშისაცემად ჩაქრა. ბაროზუ, ევროპისთვის გამოწერილი მწარე წამლის – მკაცრი ეკონომიის, ერთ-ერთ ავტორად მიიჩნევა, რის გამოც მას მასების მომხრობა სერიოზულად გაუჭირდება. სამგზის ევროკომისარს, ლუქსემბურგელ ვივიან რედინგს, თავის მხრივ, საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ კანდიდატი გახდეს. რაც შეეხება პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკს, მისი აქტივი ნაციონალურ დონეზე უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობაა.

ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მეოთხე, შესაძლო კანდიდატი მიშელ ბარნიეა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ევროპის სახალხო პარტიის დიდი მხარდაჭერა აქვს და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც უკავია. მიუხედავად ამისა, დღეს ის შიდა ბაზრის საკითხების ევროკომისარია და მომხმარებლებისადმი არაპოპულარული და უსამართლო ბანკთაშორისი რეფორმის რეალიზაციით არის დაკავებული. ბარნიე მათ სრულად გაუქმებას გეგმავს, ისე, რომ მეწარმეებს ერთით ნაკლები ანგარიში დარჩეთ. ასეა თუ ისე, ასეთი ნაბიჯი თითქოს მხოლოდ ერთი შეხედვით არის მომგებიანი ყველასათვის, რადგან მის განხორციელებას უკვე მოჰყვა კერძო პირებისთვის გაძვირება. ასეთ დროს, ევროპელი ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედად ყოფნა არ გამოვა.

ლიბერალებმა და მწვანეებმა ადგილები უნდა შეინარჩუნონ

იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ მწვანეებს და ლიბერალებს არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსი აქვთ, მათ მაინც უნდა წარადგინონ საკუთარი კანდიდატი ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე. მათი მთავარი ამოცანა დღეს ის არის, რომ საკმარისი ხმები დააგროვონ პარლამენტში არსებული სავარძლების შესანარჩუნებლად. ამგვარად, 2014 წელს, ლიბერალების წარმომადგენელი, როგორც ჩანს, ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე გი ვერჰოფსტადტი იქნება. თავის მხრივ, მწვანეები დანიელ კონ-ბენდიტის წასვლის შემდეგ, ნამდვილი ლიდერის გარეშე დარჩნენ.

გათავისუფლებული ადგილების დაკავება სამ ფრანგ პოლიტიკოსს შეუძლია. პირველ რიგში, ეს ალტერგლობალიზმის და გლეხთა კონფედერაციის ცნობილი დამცველი ჟოზე ბოვეა, რომელსაც ბუნტისთავად მიიჩნევენ. შემდეგია იანიკ ჟადო. ის 2009 წლის შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატია, მაგრამ ჯერ კიდევ ახალბედაა პოლიტიკაში. სიის ბოლოში, ევროდეპუტატი მიშელ რივაზია, რომელსაც ხელში რამდენიმე კოზირი უჭირავს იმისთვის, რომ მწვანეებში თავი გამორჩეულად წარმოადგინოს. თუკი, რა თქმა უნდა, წამლის ფასებთან დაკავშირებული მისი სკანდალური ანგარიში მის მიმართ ნდობას არ შეარყევს. ამ კვლევას ფარმაცევტულ კომპანიათა გაერთიანების კრიტიკა მოჰყვა, და შესაძლოა, სინამდვილეში მართლაც არ არის ბოლომდე ობიექტური.

ამგვარად, ისინი, რომლებსაც ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ჟოზე მანუელ ბაროზუს შეცვლა შეუძლიათ, საკმაოდ ბევრნი არიან. მიუხედავად ამისა, უდავო ლიდერების რიცხვი არცთუ ისე დიდია. ერთადერთი, მათ სიაში ალბათ მარტინ შულცის შეყვანა შეიძლება, რომელსაც ხელს აძლევს ევროპარლამენტის სპიკერის თანამდებობა. მემარჯვენე ფრთაში და მწვანეებს შორის ჯერჯერობით სრული გაურკვევლობაა. მთელ რიგ პოლიტიკოსებს აქვთ საკმარისი ლეგიტიმურობა, თუმცა მათი პოპულარობა და ავტორიტეტი ზოგიერთი უსიამოვნო მომენტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

foreignpress.ge