ქართველ ჟურნალისტებს კიდევ ერთი დამცველი გამოუჩნდა – მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო პენ–კლუბი, ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდებს შეატყობინონ ყველა იმ ზეწოლის, უფლების შელახვისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტის შესახებ, რასაც აწყდებიან, ან შეიძლება გაადააწყდნენ.
საერთაშორისო პენ–კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იუჯინ შულგინს, რომელიც ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო მდივანია, პრესა.გე საქართველოდან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა და ესაუბრა. იუჯინ შულგინი ნორვეგიელი მწერალია. ის საქართველოში რამდენიმე დღე იმყოფებოდა, რომელსაც მასპინძლობა ქართველმა კოლეგებმა – ირაკლი კაკაბაძემ და დავით მაღრაძემ გაუწიეს. იუჯინ შულგინთან შეხვედრასა და ინტერვიუს მომზადებაში პრესა.გე–ს დახმარება ირაკლი კაკაბაძემ აღმოუჩინა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.
რა საქმიანობითაა დაკავებული საერთაშორისო პენ–კლუბი?
იუჯინ შულგინი: ჩვენს ორგანიზაციას მსოფლიოს 102 ქვეყანაში, 145 ცენტრი აქვს. ავღანეთშიც კი არის უკვე პენ–კლუბის ცენტრი. თქვენს ქვეყანაში მოგეხსენებათ, რომ პენ–კლუბის თავმჯდომარე დავით მაღრაძეა, ხოლო პირველი თავმჯდომარე ჭაბუა ამირეჯიბი იყო. მთლიანობაში ჩვენ გვყავს 19 000 ინდივიდუალური წევრი, რომლებიც არიან მწერლები, ესეისტები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურასთან დაკავშირებული ადამიანები.
საერთაშორისო პენ–კლუბი არის სიტყვის თავისუფლებისა და ლიტერატურის მხარდაჭერი, მსოფლიოში ყველაზე ძველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1921 წელს, ლონდონში ჩამოყალიბდა. ეს ორგანიზაცია სიტყვის თავისუფლებისთვის 1930–იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს.
რით შეგიძლიათ დაიცვათ ჩემი უფლებები, თუ სიტყვის თავისუფლებას შემიზღუდავენ?
– თუ ეს მოხდა, აუცილებლად შეგვატყობინეთ და ამის შესახებ თქვენს კოლეგებსაც უთხარით. ჩვენ გვაქვს პატიმარ მწერალთა დახმარების კომიტეტი, რომელიც იბრძვის ყველა იმ ადამიანის უფლების დასაცავად, რომელსაც სიტყვის თავისუფლების გამო სჯიან. მწერლებში რასაკვირველია, ჟურნალისტებიც იგულისხმებიან. მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად 900–დან 1100 დაჩაგრულ და დაჭერილ ჟურნალისტსა და მწერალს ვესარჩლებით.
მხოლოდ მომართვის შემთხვევაში ესარჩლებით, თუ ინიციატივას თავადაც იჩენთ?
– რასაკვირველია, ეს მხოლოდ მომართვის საფუძველზე არ ხდება, რადგან დაჭერის დროს ადამიანები მომართვას ვერ ასწრებენ. მათ შესახებ მედია–საშუალებებიდან, სხვადასხვა წყაროებიდან, თავად ამ პიროვენებებიდან ვიგებთ, რასაც შემდეგ ვამოწმებთ, რადგან შეიძლება ვინმე არასწორ ინფორმაციას ავრცელებდეს – იძახდეს მჩაგრავენ, მავიწროებენ, მიჭერენო და ეს რეალობისგან შორს იყოს. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირები თვითონ არ გვთხოვენ დახმარებას, მაგრამ მაინც ვეხმარებით, რადგან წერის გამო, ინფორმაციის გავრცელების გამო, მათ პრობლემები ექმნებათ.
იცით, თუ არა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის შესახებ, რომელიც შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს?
– ვახტანგ კომახიძეს, როგორც ჟურნალისტს და როგორც მწერალს, აუცილებლად დავეხმარებით. მისი საქმიანობის შესახებ ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან და უფლებადამცველებთან – უჩა ნანუაშვილთან და ნანა კაკაბაძესთან შეხვედრისას შევიტყვე. მე თან მიმაქვს ვახტანგ კომახიძის ფილმები და ამომწურავი ინფორმაცია მისი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გავაცნობ.
აგრეთვე, მერაბ ქათამაძის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც გამომცემელი და ამავდროულად “რესპუბლიკური პარტიის“ წევრია; მას იარაღი ჩაუდეს და დაიჭირეს.
რა მიზნით გვესტუმრეთ საქართველოში?
– ჩემს სტუმრობას რამდენიმე მიზეზი აქვს; მინდოდა შემეტყო ქართული პენ–კლუბის მოღვაწეობის შესახებ; მინდოდა შევხვედროდი ქართული პენის ხელმძღვანელებს, მის დამფუძნებლებს და მინდოდა მენახა ქართველი ახალგაზრდა მწერლები. ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა. არაერთი ნიჭიერი ქართველი მწერალი გავიცანი, რომელთა შორის არიან: დათო ქართველიშვილი, დავით ტურაშვილი, შოთა იათაშვილი, შოთა გაგარინი, ბესო ხვედელიძე, გაგა ნახუცრიშვილი... ვიყავით ჭაბუა ამირეჯიბთან, აგრეთვე ვნახეთ კოტე ჯანდიერი.
დავით მაღრაძემ და დავით ქართველიშვილმა ძალიან დიდი ფორუმის ჩასატარებლად მუშაობა უკვე დაიწყეს. მსოფლიო პენ–კლუბი მომავალი წლის ოქტომბერში საქართველოში სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილ ფორუმს გამართავს, რომელზეც ნობელის პრემიის ლაურეატების ჩამოყვანაც იგეგმება.
ამჟამად საერთაშორისო პენ–კლუბი რეფორმის პროცესშია – უფრო გახსნილი, დემოკრატიული ორგანიზაცია ხდება. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ მოღვაწეობას, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას პრობლემები აქვს, იმისათვის რომ გავაძლიეროთ ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისათვის და თანადგომა გამოვუცხადოთ და დახმარება აღმოვუჩინოთ იმათ, ვინც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული სისტემების მიერაა დაჩაგრული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ჩვენს ორგანიზაციას აქვს მშვიდობის კომიტეტი, რომელიც უაღრესად დაინტერესებულია და მხარს უჭერს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, ილია მეორის წინადადებას, სამხრეთ კავკასიის განიარაღების შესახებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მთლიანად განიარაღდეს.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ შევხვდი საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, უდიდეს საზოგადო მოღვაწეს, რომელთანაც მომავალში მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ.
რა შთაბეჭდილებით მიდიხართ – როგორი ვითარებაა სიტყვის თავისუფლების კუთხით, საქართველოში?
– ესეც ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც თქვენს ქვეყანაში ჩამოვედი, რადგან ჩვენ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გვქონდა, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, თუნდაც იმაზე, რაც ტელეკომპანია “იმედში“ მოხდა. ჩემი ჩამოსვლის მიზანი გახლდათ, ჩემი ორგანიზაციის სახელით ქართველ ჟურნალისტებსა და მწერლებს გვერდზე დავდგომოდი, თანადგომა გამომეცხადებინა და მათ შესახებ უფრო მეტი გამეგო. აქ რამდენიმე დღიანი სტუმრობის შედეგად, კიდევ უფრო ნათელი გახდა ის, რის შესახებაც ინფორმაცია მქონდა – ვაპროტესტებთ თავისუფალი მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ზეწოლას და ძალადობას!
მთელს მსოფლიოში, ჟურნალისტებზე შეტევის ფაქტები ხშირია. დღეს ეს პროფესია ძალიან სახიფათო გახდა, ჯარისკაცის პროფესიის შემდეგ და კაცმა არ იცის, დღევანდელ პირობებში რა უფრო სახიფათოა – ჟურნალისტობა თუ ჯარისკაცობა.
ვგმობთ ყველა იმ ძალადობას, რომელიც ჟურნალისტებთან მიმართებაში განხორციელდა, თუნდაც, ახლახანს გორში, ტელეკომპანია “თრიალეთის“ ჟურნალისტებთან მიმართებაში მომხდარ ძალადობის ფაქტს.
გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც ყველა სახელმწიფოში და საზოგადოებაში გარანტირებული უნდა იყოს. ამის გარეშე დემოკრატია არ არსებობს და იმ ქვეყანამ, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაზე ლაპარაკობს, უპირველესად სიტყვის 100%–იანი თავისუფლება უნდა უზრუნველყოს და შეწყვიტოს პრესის საქმიანობაში ყველანაირი ტიპის ჩარევა და რასაკვირველია, ზეწოლა.
შეხვდით თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს?
– როგორც წესი, ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს არ ვხვდებით, მათთან არანაირი საქმე არ გვაქვს, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით განცხადებებს ვაკეთებთ, ასევე კონკრეტულ რეკომენდაციებს ვიძლევით და თუ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის ეს მისაღები იქნება, ჩვენი კარი მათთვის ღიაა.
ჩვენი თხოვნა, მოთხოვნა, გნებავთ მოწოდებაა, რომ შეწყდეს ნებისმიერი ტიპის ჩარევა მედიის საქმიანობაში, იქნება ეს კომერციული, თუ ძალადობრივი ფორმის.
როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლება სამი ტელეკომპანიის მფლობელია, რაც დაუშვებელია – ეს პრესის ობიექტურობას უხეშად არღვევს. საზოგადოებრივ არხზე გარკვეული უკეთესობა შეინიშნება და ვუსურვებ მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, მაგრამ არ უნდა იყოს ასეთი პირდაპირი ჩარევები და დიქტატი მედიაზე.