ზურაბ ხარატიშვილი გადადგომის მიზეზად ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას ასახელებს. ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი აქტიურ პოლიტიკაში ერთვება, ხოლო პოლიტიკური ცენტრის შექმნის პრინციპებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ საზოგადოებას 20 აგვისტოს ამცნობს. მან მადლობა გადაუხადა ცესკო-ს მთელ გუნდს, პრეზიდენტსა და პრემიერს საარჩევნო საქმიანობის მხარდაჭერისა და ჩაურევლობისთვის. მისივე განცხადებით, თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია პრემიერისა და პრეზიდენტისთვის ცნობილი იყო.
„ცესკო-ში კარგად შეკრული გუნდია და ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ჩაატაროს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩემი გადადგომით პრობლემა არ ექმნებათ საარჩევნო სუბიექტებს. რამაც პრობლემა შეიძლება წამყვან პოლიტიკურ ძალებს შეუქმნას, ან გარკვეული უხერხულობა, ეს არის ცესკოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთნხმებული არჩევანის გაკეთება. იმედი მაქვს, რომ ახალი თავმჯდომარის შერჩევას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პასუხისმგებლობით მოეკიდება.
დღეს ქართული საზოგადოება პოლიტიზირებულია, პოლიტიკაში დომინირებს სიძულვილის ენა. პატრიარქის თქმის არ იყოს, მთელი საქართველო სასამართლოდ გადაიქცა, ასე არ შეიძელბა გაგრძელდეს, ამგვარი დამოკიდებულება დაგვანგრევს. გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებაში ურთიერთობის აღდგენას და კონსოლიდაციას მოვახმარო. ვფიქრობ, ღირესეულ წვლილს შევიტან საზოგადოების განვითარებაში.
ვქმნი ახალ პოლიტიკურ ცენტრს, რომელშიც ყველა ის პოლიტიკური პარტია შეიძლება გაერთიანდეს, რომელიც ღირებულებებზეა დამყარებული. მე გამოვდივარ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით, უახლეს დღეებში ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბებ იმ კონცეფტუალურ საფუძვლებს, რის გარეშემოც გავმართავთ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძლებთან, რასაც საზოგადოებას 20 აგვისტოს წარვუდგენთ“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
ცესკოს აწ უკვე ხელმძღვანელს მედიის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს:
ბატონო ზურაბ, იყო თუ არა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან? ვინაიდან, არის საუბარი და გარკვეული პოლიტიკური ძლები ამბობენ, რომ თქვენ მოგცეს დაკვეთა, რაც გულისხმობს 27 აქტომბრის არჩევნებზე გარკვეული კანდიდატების გაყვანას...
ზურაბ ხარატიშვილი: მე შემიძლია ვთქვა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მხოლოდ ერთი ფაქტი იყო აჭარის შემთხვევა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ეს იყო რეგიონალური ხელისუფლების ინიციატივა. ამ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ყველანაირ ზეწოლის ფაქტს უარვყოფ.
ხაზგასმით მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ ივანიშვილს, რომ ამ რთული ორხელისუფლებიანობის პერიოდში, ორივემ მოგვცა საშუალება, რომ ადმინისტრაციას დამოუკიდებლად ემოქმედა.
ჩემი მთავარი მიზანია, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი. ამ მიზნებიდან გამომდინარე, მომავალ არჩევნებში როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
აპირებთ საპრეზიდენტო არჩეევნებში მონაწილეობის მიღებას?
- პრეზიდენტობის კანდიდატობის თემა ჯერ ცალსახად არაა ჩამოყალიბებული. მხოლოდ იხილება და იხილება იმ ჭრილში, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის ინტერესებიდან გამომდინარე როგორ დალაგდება ეს სიტუაცია, ანუ რა პოლიტიკურ ძალებთან მოხდება თანამშრომლობა და რა ვადებში მოხდება ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები შორს არაა. ვფიქრობ, რომ უახლოესი ორი კვირის განამავლობაში, ეს ყველაფერი, ალბათ, დალაგდება და გამოიკვეთება.
ვინ იქნებიან თქვენი მოკავშირეები და აწარმოებთ თუ არა კონსულტაციებს უკვე გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან? გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკური მეკავშირეები იქნებიან პაატა დავითაია და ბაჩუკი ქარდავა...
- ჯერ - პრინციპი, შემდეგ პიროვნებები და პოლიტიკური ძალები. თვითონ ამ ინიციატივის შინაარსიც გულისხმობს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან და პიროვნებებთან თანამშრომლობას, ვინც თავისი მსოფლმხედველობით, პოლიტიკური სპექტრის თვალსაზრისით, უფრო ცენტრშია. დღევანდელი პოლიტიკური საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდია. ამიტომ, იმ ძალასთან, ვინც არაა პოლარიზებული და მარგინალური შეხედულების მქონე, ალბათ, ყველასთან იქნება გარკვეული თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ იმ პოლიტიკურ ძალებსაც, რომელიც თქვენ ახსენეთ.
მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები?
- ეს კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყება, რაც ის პრინციპები, რომელზეც უკვე ვისაუბრე, საბოლოოდ შეჯერდება, ანუ, რის გარშემო შეიძლება ვითანამშრომლოთ.
გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიიღეთ არ იქნება ერთ და ორ დღეში მიღებული. რატომ ახლა, არჩევნებამდე 3 თვით ადრე, როცა შეგეძლოთ უფრო ადრე გადამდგარიყავით, ან თუნდაც არჩევნების შემდეგ?
- ამ საკითხზე ერთი და ორი თვის განმავლობაში არ მიფიქრია. მეტსაც გეტყვით, შევხვდი საქართველოს პრეზიდენტსაც, პერემიერ-მინისტრსაც, პარლამენტის თავმჯდომარეს და მათ შორის ირინა იმერლიშვილს და პოლიტიკურ ლიდერებს. ჩემი სურვილი, თანამდებობიდან წასვლის შესახებ, მათ გავაცანი. იმის თქმა, რომ ეს მოულოდნელი იყო, სწორი არ იქნება. მათთვის ეს საკითხი ცნობილი იყო. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი წასვლით თვითონ ადმინისტრაციას და ამომრჩეველს პრობლემა არ ექმნებათ. ერთადერთი პრობლემა იქნება ახალი თავმჯდომარის არჩევა, რომლის კანდიდატურაზე შეთანხმება მოუწევთ წამყვან პოლიტიკურ ძალებს. ეს არის ძირითადი მიზეზი იმ ნეგატიური განცხადებებისა, რომელსაც ეს ორი წამყვანი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი წევრები აკეთებსენ.
თქვენ ისაუბრეთ თქვენს დროს ჩატარებულ ორივე არჩევნებზე. სწორედ ეს არჩევნები დაასახელა კობა დავითაშვილმა და მან აღნიშნა, რომ თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ იმიტომ, რომ პასაუხისმგებლობა აგეცილებინათ თავიდან, იმ არჩევნების გამო, რომელიც უკვე ჩაატარეთ.
- იმედი მაქვს, რომ კობა დავითაშვილი ოდესმე გახდება გენერალური პროკურორი და გამოიკვლევს ჩემს შავ-ბნელ საქმეებს.
როგორ აფსებთ საკუთარ შანსებს, კონკურენციას გაუწევთ მათ ვინც უკვე გამოთქვა სურვილი პრეზიდენტობაზე?
- ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, თუმცა აქტიურად იხილება. მართალი გითხრათ, ჩემთვის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ცენტრის ორგანიზება და როგორც ეს არჩევნები, ასევე შემდგომი არჩევნები. ასე რომ, ყველაფერი გეგმაზომიერების ფარგლებში იქნება და შედეგებიც, ალბათ, იმ სტრატეგიიდან გამოვა, რა საერთო გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.
თქვენი ეს გადაწყვეტილება რა კავშირშია თქვენს ვიზიტთან აშშ-ში?
- აშშ-ში ძირითადად, საქმიანი ვიზიტი მქონდა. ეს დაკავშირებული იყო ცესკო-ში ჩემს საქმიანობასთან და კერძოდ, საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა-განხორციელებასთან. ამერიკაში ჩემს ვიზიტს არავითარი კავშირი არ აქვს იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც მე მივიღე.
არის მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, ქვორუმი არ იყოს ცესკოში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროფესიული ნიშნით ვინც დაკომპლექტდა, მათ შეიძლება დატოვონ სამსახური...
- ამას გამოვრიცხავ. გამოქვეყნდა ცესკოს განცხადება, რომ ყველა მუშაობს. ზოგიერთი ექსპერტი ცდილობს, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ.
პრემიერმა და პრეზიდენტმა როგორ აღიქვეს თქვენი განცხადება?
- საჯარო რეაქცია თქვენ უკვე იცით. პირადი საუბრების დროს ორივეს პოზიცია იყო ასეთი, რომ უკეთესი იქნებოდა დავრჩენილიყავი. ძალიან ბუნებრივი რეაქცია იყო ორივეს მხრიდან.
პოლიტიკაში წასვლის მიმართულებითაც?
- ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გეტყვის - რატომ მოდიხარ პოლიტიკაში.
როდესაც პრეზიდენტს ესაუბრეთ თქვენი წასვლის შესახებ, ხომ არ ყოფილა საუბარი თქვენს პრეზიდენტობის კანდიდატურაზე?
- არა. ეს შეხვედრა დაახლოებით თვენახევრის წინ იყო და საჯაროთაც გაშუქდა. მაშინ ეს თემა ასე აქტიურად არ იხილებოდა - მარტო ჩემი წასვლის თემა იხილებოდა.
იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდა ახალი თავმჯდომარის არჩევა, დავით კირთაძემ უნდა გადაიბაროს უფლებამოსილება, რომელსაც ერთი წელია ვადა აქვს გასული ამ თანამდებობაზე ყოფნის?
- საინტერესო თემაა, ის პოლიტიკოსები აკეთებდნენ განცხადებას კირთაძის ვადაგასულობაზე, ვინც მისი უფლებამონაცვლე ვერ აირჩიეს. რაღაც ისე გახარებული იძახდნენ ვადაგასულიაო, რომ ვისი მიზეზით არის ის ვადაგასული, ამაზე არ საუბრობდნენ. ის ადამიანი ახლა, რომ ადგეს წავიდეს, განცხადების დაწერაც არ სჭირდება. სანამ მონაცვლე არ იქნება, მოვალეობას საკუთარი ნებით ასრულებს და რომ არ შეასრულოს, ვერც ვერავინ დააძალებს.
რა გარანტია არსებობს, რომ არჩევნების წინ არ გადადგამს ამ ნაბიჯს?
- თეორიულად ყველაზე ცუდი ვარიანტი რომ დავუშვათ, არჩევნებისთვის დღევანდელი კანონმდებლობით 9 კაცი სრულიად საკამარისია. ახლა 12 ადამიანია დარჩენილი 7 პარტიული და 5 პარლამენტის მიერ დანიშნული. პარტიული კომპონენტი რომ მოვაცილოთ, დამიჯერეთ, რომ ცესკო კიდევ უკეთესად ჩაატარებს არჩევნებს. კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მაგრამ ორგანიზაციულად ბევრად უკეთესი იქნებოდა. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პარტიულმა კომპონენტმა ცესკოში თავისი დრო მოჭამა.
თქვენ შეხვდით როგორც პარლამენეტის თავმჯდომარეს, ასევე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, თუ შეახსენეთ მათ, რომ თქვენს მოადგილეს უფლებამოსილების ვადა ჰქონდა გასული?
- შეხსენება არ სჭირდებოდათ, რადგან მშვენივრად იციან ეს ამბავი იმ ადამიანებმა, რომლებიც საარჩევნო საკითხით არიან დაკავებულნი. ის ხალხი, ვინც იქ არის, მათ ძალიან კარგად იციან საარჩევნო საკითხები, კარგად შეკრული გუნდია, გაწერილია სამოქმედო გეგმაც. ასე რომ, თუ ვინმემ მიზანმიმართულად, პოლიტიკურად არ დაანგრია, რომელსაც ამ არჩევნებზე არ ველი, მაშინ ცესკო ახალი თავმჯდომარის გარეშეც უპრობლემოდ შეძლებს ჩაატაროს საპრეზიდენო არჩევნები - რამდენადაც საქართველოში შეიძლება არჩევნების ჩატარება. ჩვენთან ხომ ყველა არჩევნები ბუნებრივი კატასტროფაა.