„გაკვეთილიდან სახელწოდებით „სალომე ზურაბიშვილი“ იმედია სწორი დასკვნები გაკეთდება“

„გაკვეთილიდან სახელწოდებით „სალომე ზურაბიშვილი“ იმედია სწორი დასკვნები გაკეთდება“

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 40 წუთი გაგრძელდა და მთელი ეს დრო ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის კრიტიკას დაეთმო. ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დასკვნითი სიტყვით აღარ ისარგებლა. სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ქვეყნის საგარეო კურსი და ევროპული მომავალი იყო.

პრეზიდენტმა ისაუბრა თუ რა ნაბიჯები გადაიდგა „ქართული ოცნების“ პირობებში ევროატლანტიკური ვექტორის გასამყარებლად და ამ წარმატებების ფონზე იკითხა, სად დგას ახლა მმართველი პარტია. მმართველი გუნდის შემდეგ ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიუბრუნდა და მათ ბოიკოტის გამო უსაყვედურა და შეახსენა, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ კონკრეტული ნაბიჯები აქვთ გადადგმული.

ზურაბიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ რაც არ უნდა ეცადონ, რომ მოდელირებული სცენარები, რომლებიც საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის გზავნილებს, თავს მოახვიონ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევენ. მისი თქმით, ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი „მეორე ფრონტის“ თემაზე ერთ ენაზე საუბრობს.

„რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას.

ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. ერთი ვინმემ მითხრას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს თუ არა ევროპასთნ?

ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა? საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გადრა ამისა, ზურაბიშვილმა ხელისუფლება უკრაინის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოიჩინეს, ვერც გონიერება და ვერც ქვეყნისთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია.

საპარლამენტო ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ ლიდერმა პრეზიდენტს მოუწოდა საზოგადოებისთვის განემარტა თუ რა რისკის და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა ქვეყანა თუ სხვა გზას აირჩევდა.

მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს ისიც შეახსენა, თუ რა ნაბიჯები გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ.

„ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დევნა დაგვეწყო, ჩვენ რომ გვეძახა, ამ წვას გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მოქმედებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა, ქალბატონო სალომე, ამას, ალბათ, გვასწავლით. ომისგან დაზღვევა როგორ შეიძლებოდა, რისკის ქვეშ პარტია ან რომელიმე პოლიტიკოსი ხომ არ იდგა, ქვეყანა იდგა რისკის ქვეშ“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ძალიან ბევრი დამაზიანებელი განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, მისი გამოსვლა იყო რესტარტი პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. მისივე თქმით, ყველა შესრულებულ რეკომენდაციას სალომე ზურაბიშვილმა ფორმალურად შესრულებული უწოდა.

„მან უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსსა და გზას. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებების მეინსტრიმში ჩაჯდა, რითაც ისინი 2011 წლიდან მოყოლებული, მუდმივად აპელირებდნენ საქართველოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ასევე, პირადად სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, როდესაც ის შემოგდებულ რუსულ აგენტად ჰყავდათ გამოცხადებული.

პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის, არამედ მიზნის დაზიანებისთვის. ამ მიზნის დასაზიანებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული ყველა ცნობილი მესიჯი აქტიურად გამოიყენა. ამით ყველაზე მთავარი შეასრულა, რომ პოლარიზაცია გაეღრმავებინა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტს რიტორიკა დაუწუნა დავით უსუფაშვილმა, რომელის განცხადებით, მოისმინეს სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყო, შეიძლება უფრო წინ ვყოფილიყავით. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლით პიროვნული და ინდივიდუალური არჩევანი გააკეთა.

„ქართულ ოცნებაზე“ ამაზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე. პრეზიდენტი ითმენდა რაღაცებს, რაღაცების სჯეროდა, მაგრამ ახლა შეუძლებელია, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ საქართველოზე, საკუთარ ოჯახზე, მომავალზე ნამდვილად ჩაფიქრებულმა ადამიანმა ვერ დაინახოს ის, რაც ხდება „ქართული ოცნების“ ლიდერობის გამოისობით ამ ქვეყანაში. ახლა უკვე ინდივიდუალური არჩევანის დროა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციასთან მიმართებაში პრეზიდენტის კრიტიკას ღებულობს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა როგორც ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. დეპუტატის შეფასებით, როდესაც საუბარია ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებზე, საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ქვეყნის ხელისუფლებას კი - არა, ამიტომ პრეზიდენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს, თუ რომელ მხარეს დადგება იგი.

„საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ხალხის მხარეს დადგება თუ მთავრობის მხარეს. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კარგი და ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

„გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია თვლის, რომ პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ დასავლურ კურსს ვუხვევთ და ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა.

„მე გავბედავ და საქართველოს პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვ. მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბერკეტები აქვს და ამ ბერკეტებს შეწყალების ინსტრუმენტი ჰქვია. ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმაა, ვინაიდან დასავლელი პარტნიორები დამოუკიდებელ სასამართლო ინსტიტუტებს ითხოვენ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, პრეზიდენტმა პარლამენტში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს უთხრა, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული და მის პირობებში როგორ უნდა მისცეთ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, ფაქტობრივად, ნაციონალების მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციას და რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს ლეგიტიმაცია შესძინა.

„ამის შემდეგ, ვინ არის ის?! მე ველოდი „პრეზიდენტი“-ს ასეთ გამოსვლას და ვფიქრობ, ბევრი ელოდა, სხვა შინაარსი და პათოსი მისგან მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა და შეუძლებელიც, რადგანაც მან ირჩია ის გზა, რაც ირჩია - გზა რომელიც მას აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, უპირველეს ყოვლისა, მისი ამომრჩევლებისგან და აახლოებს მათთან, დესტაბილიზაციით და მოლოტოვის კოქტეილებით რომ სურთ ევროპისკენ გზის გაკაფვა. ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე საქართველოს საზოგადოებას არაერთი მწარე გაკვეთილი უგემია. ზოგჯერ გამოუტანია სწორი დასკვნები, ზოგჯერ ვერა. გაკვეთილიდან სახელწოდებით „სალომე ზურაბიშვილი“ იმედია სწორი დასკვნები გაკეთდება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას, ხალხს, სახელმწიფოს.

„არ დაგავიწყდეთ ეს პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე ასე წერდა და გაჰკიოდა: „ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა, ამისათვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელ ოპოზიციას დიდი მადლობა!“ დღევანდელი გამოსვლიდან გამომდინარე, მკაფიო და ნათელია, რომ ეს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სინამდვილეში არის უცხო ქვეყნების რეზიდენტი საქართველოში! ანუ ძაღლის კუდი არ გასწორდების.

პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი ბრალს დებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არ შეუერთდა საერთაშორისო აქციებს და ქვეყანა არ დააქცია! პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი ფარისეველია, უცხოა, ყიდის იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლის უსაფრთხოების გარანტი თავად უნდა იყოს! პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყოველნაირი მიუღებელი ფორმით ცდილობს საქართველო ჩააბას ომში! ეს კი ნიშნავს საქართველოს საბოლოო განადგურებას“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

ცუგო- მე არ შევცვლილვარო პრეზიდენტმა ბრძანა... შესვენებაზე მთელი ოპოზიცია რომ დაეხვია და მიელაქაუცა, აბა ოპოზიცია შეიცვალა? ეჰ, ქალბატონო სალომე, როგორ ცდებით , როცა ასე აშკარაფ ცრუობთ! რა გჭირთ? რა გემართებათ როგორც კი პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდებით?
1 წლის უკან
merab სახეზე გაწერია ზურაბიშვილო, რა ბოროტებაც გაქვს ჩაფიქრებული!
გამოუშვებ დორბლიანს!
არეულობას სჭირდება! ქართველი ხალხის მტერი იყავი და ხარ! და მტრად შეხვალ საქართველოს ისტორიაში!
1 წლის უკან
Maverick ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი დაუძინებელი სამეგობროს "რჩევებს" დიდი მონდომებით ასრულებდა სaპარლამენტო უმრავლესობა და ამომრჩეველებზე "მზრუნველი" საპარლამენო პრჭჭ ოპოზიცია დ ასოები! პრეზიდენტობის ინსტიტუტის დაქვეითებამ, საპარლამენტო მმართველობის ფუნქციების შეცვლამ ("მორჩილი" პრეზიდენტის არჩევამ ქვეყნის "მეგობრების" სურვილის მიხედვით, პროპორციული წესით არჩევნების გაუქმებამ, პარტიული "წესით" არჩევის შემოღებამ, რამაც ნებისმიერ სპეროს პროფესიული, ეროვნული სულისკვეთებით აღზრდილი მამულიშვილების, კადრების, ალტერნატივის არქონის გამო სამშობლოდან გადინება გამოიწვია, ბოლშევიკური, მაგრამ ყველა საზოგადოებრივი ფორმაციისათვის მიღებული დევიზის "კადრები წყვეტენ ყველაფერს!" უგულებელყოფამ. კონსტიტუციიე კონტუტუციად გადაქცევამ გამოიწვია!!!
1 წლის უკან