ყურძნის უხვი მოსავალი და ახლებური სუბსიდირება

ყურძნის უხვი მოსავალი და ახლებური სუბსიდირება

თითქმის გარკვეულია, რომ წლეულს 1 კგ ყურძენს გლეხები დაახლოებით 1 ლარად ჩააბარებენ, მოსავალი კი საკმაოდ დიდი იქნება - 150 ათასი ტონა. რთველი-2013 უკვე ძალიან მალე დედოფლისწყაროდან დაიწყება და მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა „რთველი-2013“-ის ფარგლებში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამები წარმოადგინეს.

მინისტრის თქმით, დღეს სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია, რომლის განვითარებასაც მთავრობა სისტემურად ახორციელებს. „რთველი 2013“ ამ სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითრებაში პირველად, რეალურად გადადგმული ნაბიჯები და 2013 წლის რთველი იქნება გარდამავალი ეტაპი წარსული პრობლემების დაძლევასა და სექტორის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა ფიფიამ. ამიტომაც ღვინის მწარმოებელი კომპანიების სუბსიდირებისთვის მთავრობა 25 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო არეალის გაფართოვებამ, რუსეთში ქართული პროდუქციის დაბრუნებამ, ივლისის მონაცემებით, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის 43%-იანი ზრდა განაპირობა.

„ამ ფონზე სახელმწიფო დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნება მიმართული, რომელიც გლეხს უფრო კონკურენტუნარიანს, წარმოების პროცესს კი უფრო თანამედროვეს გახდის. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოხმარდება. ამგვარი მიდგომა ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდის როგორც შიდა, ისე სექსპორტო ბაზარზე. ეს კი, საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს გლეხებისგან სულ უფრო მეტ ყურძენი ჩაიბარონ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„რთველი-2013“ წარმატებით ჩასატარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მათი თქმით, სამუშაო შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, ღვინის ასოციაციის გამგეობის წევრებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ინტენსიურად მიმდინარებდა. გადაწყდა, რომ დიფერენცირება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებულ ყურძენზე არ იქნება და თანაბარი პირობები შეიქმნება მეწარმეებისა და მცირე ფერმერებისთვის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, სუბსიდიის პროგრამა კომპანიებისთვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე განხორციელდება.

„გაიცემა შეღავათიან სესხები, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის - 15-თვიანი სესხი 12%-15%-ად, აქედან 9%-ს სახელმწიფო დაფარავს. 1 ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში კი, სახელმწიფო პიდაპირი დახმარების წესით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს“, - განაცხადა ღვინის სააგენტოს თავმჯდომარემ.

დავითაშვილის ინფორმაციით, რთველი აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს სოფლებიდან-სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო, დაიწყება, ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჯერ სიღნაღის, შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები ჩაერთვებიან.

„არაფერია იდეალური, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, რთველის მიმდინარე სეზონი წარმატებით განვახორციელოთ და რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა გვქონდეს. ჭარბმოსავლიანი წელია და წინააღმდეგობას შეიძლება წავაწყდეთ, თუმცა მთლიანობაში, რთველისთვის ნაყოფიერი და გამორჩეული სეზონი იქნება, ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მომავალი წლიდან კი, სახელმწიფო აქტიურად იმუშავებს შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

1. ვენახების ფართობის დადგენა, აღწერა და ვენახების აღრიცხვიანობის საკადასტრო სისტემის შექმნა. დარაიონება ჯიშების მიხედვით;

2. ყურძნის რაოდენობისა და წარმოების მასშტაბების განსაზღვრა სხვადასხვა რაიონების მიხედვით, რათა ამ კრიტერიუმებით გამოიკვეთოს ღვინის სახეობები, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული წარმოებაში და რეალიზებული ადგილობრივ ბაზარზე;

3. შიდა კოოპერირება ცალკეული მეურნეოებების მიხედვით; ერთობლივი ძალისხმევის ხელშეწყობა მცირე საწარმოების შესაქმნელად და სარეალიზაციო ბაზრებზე გასასვლელად, რის შემდეგაც, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან დამოკიდებული მსხვილ მეწარმეებზე, სუბსიდირებაზე და ფასების ცვალებადობაზე;

4. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ფერმერთა კოოპერატივების შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაზე;