პირი, რომელიც 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს, დაკავებულია. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია. მას ბრალი მამის მიმართ ძალადობისთვის ჰქონდა წარდგენილი. გრიგორიადისი ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ წევრია, ხოლო მამამისი ბექა გრიგორიადისი ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის გაერთიანების მხარდამჭერია.
დაკავებულის ბაბუამ, გია კანდელაკმა მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ მისი შვილიშვილი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის მამაზე ძალადობის გამოც, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
„ბინა გაჩხრიკეს, ჰუდი წაიღეს და გატეხილი ტელეფონი. როდესაც შევეკითხე რაშია საქმე-თქო, მიპასუხეს აქციასთან დაკავშირებითო, მეტი არაფერი. აქციაზე რომ მიდიოდა, მეუბნებოდა. წარსულში, ცესკოსთან დაკავშირებით იყო დაკავებული და არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, ოჯახური კონფლიქტიც იყო“, - განაცხადა დაკავებულის ბაბუამ გია კანდელაკმა.
ის, რომ 7-8 მარტის საპროტესტო აქციის მონაწილეების უდიდესი ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდული ფრთა მართული და ამავე დროს კარგად ორგანიზებული იყო, დასტურდებათ იმითაც, რომ მათ „სამშვიდობო“ არსენალში იყო ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, რომელსაც პარტიზანული მოძრაობის წევრები იყენებენ, მათ შორის აქტიურად გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომში.
აროფიციალური ინფორმაციით, რადიკალმა აქტივისტებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებისა და გამოყენების კუთხით ინსტრუქტაჟი ყოფილი სამხედროებისგან მიიღეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ უკრაინული ხაზი იყო დამხმარე ძალა, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში. ისინი იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე და აღნიშნავდნენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იომებენ რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინაში, თუ საქართველოში. ვინ არიან ე.წ. ინსტრუქტორები, ეს გამოძიებამ უნდა თქვას.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლშევიკური ტრიოკა, ანუ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა არის აგენტების ერთობლიობა და დაკავებული პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. როგორც კობახიძე აცხადებს, არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, ჩანს, რომ მას ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, გზას აცდენილი ახალგაზრდა კაცი, არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან, ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა, ესეც მიუთითებს, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი.
როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტრიოკა არის უცხოური აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული, როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბოლშევიკური „ტროიკა“ უფრო რადიკალური დაჯგუფება აღმოჩნდა, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობაა“.
„როგორც აღმოჩნდა, სამართალდამცველებზე ძალადობაში ბრალდებული ბოლშევიკური „ტროიკის“ მხარდამჭერია, როგორც მისი მამა. ეს ადამიანი ბრალდების მიხედვით, სავარაუდოდ, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით ბრძოლაში და ეს იყო მათი სტილი. შემთხვევითი არაა, რომ ახლა ვრცელდება ფოტო ვაშაძისა და მისი მამის, ერთად გადაღებული.
ვაშაძე იყო მოწოდების ავტორი, რომ თქვა აბა, ახლა პარლამენტს ალყა დავარტყათო, ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის დამთხვევა, ბოლშევიკური „ტროიკა“ უფრო რადიკალური დაჯგუფება აღმოჩნდა, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობაა“. ამას ხომ მოხერხება უნდოდა! ამ „ტროიკის“ აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტი აღმოჩნდა პირველი ბრალდებული, რომელიც მხილებული იქნა მძიმე დანაშაულში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დაკავებულთან და მის ოჯახთან კავშირს უარყოფს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, თუმცა ამბობს, რომ დაიცავენ და გვერდში დაუდგებიან თითოეულ მოქალაქეს, ვისზეც „ქართულ ოცნებას“ ხელის შეწმენდა სურს. ვაშაძე ასევე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და აცხადებს, რომ სჯობს, ბოლშევიზმზე თავის თავზე ილაპარაკოს, რადგან ბოლშევიზმი მოდიოდა მოსკოვიდან, ისევე როგორც მოსკოვიდან მოდის დავალებები, რომლებსაც მისი თქმით, ასრულებენ კობახიძე და მისი თანაგუნდელები.
„ძალადობაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და იმ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც პოლიტიკური დავალებით თავს დაესხნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს და მომიტინგეებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით ოჯახსაც. პირველი - ჩვენი პარტიის წევრი არ არის ეს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს, ვისზეც უნდა ხელის შეწმენდა „ქართულ ოცნებას“, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. აუცილებლად გვერდში დავუდგებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები. ანალიტიკოსის გია აბაშიძის განცხადებით, დაკავებული, რომელიც რუსეთიდან დასპონსორებული ელენე ხოშტარიას „დროას“ წევრია, თავად ვერ დაამზადებდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს, რომლის გასაკეთებლად საჭიროა სპეციალური ცოდნა.
„გაჩნდა დიდი ეჭვი, რომ დაეხმარნენ ის ადამიამები, რომლებიც იცნობენ ასეთ ტექნოლოგიებს. სავარაუდოდ, ისინი მუშობდნენ სამხედრო სტრუქტურებში და არ არის გამორიცხული, ამაში გარეული იყვნენ ნაცრეჟიმის დროინდელი საპოლიციო ან სამხედრო ჩინოსნები. თუმცა, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ნაკლებად სავარაუდოა, ბრალდებულს გადაეწყვიტა, რომ ასე, სპონტანურად და განცალკავებული ფაქტის სახით ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, რაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს პროტესტების ისტორიაში“, - აცხადებს აბაშიძე.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და საკადრისად დაისჯება არა მხოლოდ დაკავებული ეჭვმიტანილი, არამედ ისინი, რომლებმაც აქციის მონაწილეებს შეუკვეთეს სროლა.
„ასევე დაისჯებიან ის სხვები, რომლებმაც დაამზადეს გარკვეული კარნახით. ამიტომ, ევროპა იქნება, თუ საქართველო, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი ისე, რომ ამან მომავალში არ შეუქმნას სხვებს ცდუნება, რომ ხელახლა სცადონ და გაბედონ პოლიციელებზე თავდასხმა. ვფიქრობ, რომ ამაში ჩართული არიან სპეციალისტები, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი გამოცდილება და იციან ამგვარი ყუმბარების დამზადება. ასეთი ყუმბარები ასევე გამოიყენება სამხედო კუთხით, პარტიზანულ საქმიანობაში, უკრაინაში გამოიყენება. მაქვს ეჭვები და ვარაუდები, მაგრამ არა მტკიცებულებები, რომ ამაში ჩართული არიან სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი სამხედო და საპოლიციო ჩინოსნები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ყოფილი ძალოვანების კვალზე საუბრობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც არ გამორიცხავს უკრაინული ხაზს. მისი თქმით, მოქმედებს ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც წვრთნებს უტარებს ამ ახალგზარდებს.
„თქვენ წარმოიდგინეთ, „დროას“ ლიდერი ხოშტარია ფინანსდება რუსეთიდან, ცხადია, რომ კრემლი ტყუილად ფულს არ იძლევა. ვაშაძის, გირჩი ზურაბას და „დროას“ ერთმანეთთან ჩახუტება მეტყველებს ერთ რამეზე - ჩემი აზრით, ესენი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩრდილოეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „დროას“ ხელძღვანელ ხოშტარიასთან ვერ იქნებოდნენ. აქ მოქმედებს ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც წვრთნებს უტარებს ამ ახალგზარდებს, ისინი არიან ქვეყნის მტრები.
არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, როგორ გვემუქრებოდნენ უკრაინაში მყოფი მებრძოლები, საქართველოდან წასული ე.წ. ბოევიკები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციის საქმე, რომ გამოვლენილი უნდა იქნენ ის ადამიანები, ვინც ამ ჯგუფებს აკომპლექტებს, ავარჯიშებს და შემდეგ მოქმედებაში მოჰყავს, ეს უკვე სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა. ვიმედოვნებ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამის გამოვლენას შეძლებენ. აუცილებელია ამ ხალხის გამოვლენა, რადგან თუ 7 და 8 მარტს გააკეთეს, ისევე გააკეთებენ 9 აპრილსაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.