კორუფცია, თუ „დამსახურებული ჯილდო“

კორუფცია, თუ „დამსახურებული ჯილდო“

რეჟიმის შემქმნელმა ექს-პრეზიდენტმა „ადამიანის უფლებების თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის“ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიისგან სურ ლინდერ ბრეკეს სახელობის ჯილდო მიიღო. ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაესწრო გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც მამის დაწერილი სიტყვა წაუკითხა დარბაზში შეკრებილებს.

ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ჯილდოს ფეისბუკის საშუალებით გამოეხმაურა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განმარტებით, მისთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში. ამასთან, სააკაშვილის განმარტებით, ის, რომ მის პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და „ოცნებაში“, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს.

ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა თბილისში. სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახის წევრებმა ნორვეგიის საელჩოსთან აქცია გამართეს და ელჩისგან განმარტებები მოითხოვეს. განმარტებებისთვის ნორვეგიელი დიპლომატი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჰელენ სანდ ანდერსენი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გაეცნენ.

თუმცა დიპლომატი გაოგნებულია სააკაშვილის ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც ნორვეგიელ დიპლომატს უაღრესად უადგილოდ მიაჩნია. ელჩის თქმით, ჯილდოს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში პრიზი, რომელიც პატიმარ სააკაშვილს გადაეცა, მათი შეურაცხყოფაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად 2003-2012 წლამდე ქვეყანაში სწორედ ადამიანის უფლებები ირღვეოდა. აქციის ორგანიზატორი სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სასჯელი კიდევ დიდხანს უნდა მოიხადოს და გადაყვანილი უნდა იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც რეალურად არის მისი ადგილი.

„ნორვეგიის ელჩისგან მოვითხოვეთ დააფიქსიროს, რომ ეს არ არის ნორვეგიის ოფიციალური პოზიცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომ ამბობს მკვლელის იარლიყი ამაკრესო, ხალხი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ უშუალოდ სააკაშვილმა არ გამოკრა სასხლეტს ხელი, მაგრამ მისმა რეჟიმმა და ბრძანებებმა, რაც ხდებოდა საქართველოში, ნულოვანმა ტოლერანტობამ, აღვირახსნილობამ შეიწირა ეს ხალხი. მიხეილ სააკაშვილი კი არ უნდა დააჯილდოონ, რომელიც დღეს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში იმყოფება, არამედ ხალხმა უნდა მოითხოვოს, რომ დააბრუნონ ციხეში“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

რეჟიმის მიერ მოკლული, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავს დახვრეტილი სააკაშვილს, ვითომ უფლებების დამცველს და მისთვის ჯილდოს გადაცემა, არის მათი შეურაცხყოფა. მეტრეველი სააკაშვილის ოჯახი მიერ მიტაცებული ქონების ჩამორთმევას ითხოვს.

„გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი. როგორც შეიძლება, დაგვავიწყდეს იური ვაზაგაშილი, მამა დააკლეს შვილის საფლავზე, ამაზე დიდი საშინელება ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს. მივმართავ საელჩოს, გამოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაშია საქმე. ეს არის შეურაცხყოფა და დაცინვა იმ ოჯახების, რომლებიც გაგვანადგურა სააკაშვილმა და საუბედუროდ, ნახევარ საქართველოზე მეტია ამ დღეში. ვფიქრობ, ეს იყო ლობისტების და დედამისის მიერ დაფინანსებული, რომელიც ჩაბრძანდა იქ და დიდი ამბით მიიღო ეს სიგელი.

მომაკვდავი შვილის დედას ნამდვილად არ ჰგავს, ქალი ჭკუაზე არ არის თავისი პრანჭვა-გრეხვით, დავიღალეთ ამ ყველაფრის ყურებით. დღეს კიდევ ამდენი თანხები რომ აქვთ და ლობისტებს ფულებს უხდიან, ჩამოერთვათ ის ქონება, რაც წაართვეს ჩვენ ხალხს. ფუფუნებაში რომ ბრძანდება საავადმყოფოში, გადაბრძანდეს ციხეში, მით უმეტეს, რომ ციხე აღარ არის ისეთი, როგორიც მას ჰქონდა. აღარ არის ჯოჯოხეთური ციხე, სადაც წამებით კლავდნენ ხალხს“, - ამბობს ია მეტრეველი.

ნორვეგიის ხელისუფლებისგან ოფიციალურ განმარტებას ელოდება საქართველოს ხელისუფლება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ნორვეგიელ ტერორისტ ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ერთადერთი პრინციპული განსხვავებაა - ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე, სააკაშვილმა კი ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„მნიშვნელობა არ აქვს ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს, როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის, უბრალოდ, ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, მე ერთ რამეს ვიტყოდი, პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის, ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ გადაწყვეტილება ცინიკურია და მათ უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებაში, სულ მცირე, ორაზროვანი დამოკიდებულებაა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის შედარება, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ზუსტად ასახავს დამოკიდებულებას, რომელიც, სამწუხაროდ, ნორვეგიის ერთ-ერთმა პარტიამ გამოიჩინა მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

„დამნაშავე ადამიანი, ბრეივიკი იყო დასახელებული. მან ერთ დღეში ჩაიდინა დანაშაული და ერთ დღეში 77 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე მოსპო. იგივე გააკეთა სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ. სააკაშვილის სისტემამ შექმნა არა მარტო დახოცილები, ნაწამები და გაუპატიურებულთა გარკვეული ჯგუფი, არამედ ამ სისტემამ შექმნა დანაშაულის ჩამდენთა, სასტიკ ადამიანთა, ჯალათთა ჯგუფი. დანაშაულის მასშტაბი გაცილებით დიდია. უბრალოდ, ერთ დღეში კი არა, დროთა განმავლობაში მოხდა ეს. აღნიშნული მაგალითების ფონზე ამის არგათვალისწინება არასწორია. ამ გადაწყვეტილებას გარკვეული პოლიტიკური ანგაჟირება ახასიათებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამას შეიძლება, ეწოდოს უტიფარი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თვლის, რომ სირცხვილია საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარება, მაგრამ სასირცხვილოდ არ თვლის იმ ფაქტს, რომ რეჟიმის შემქმნელს ნორვეგიამ ჯილდო გადასაცა ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში, სადაც ყველაზე მძიმე იყო სააკაშვილის რეჟიმი.

„პირი გამოირეცხონ ხოლმე ვიდრე სააკაშვილს ახსენებენ. როდესაც ეს ხალხი ხელისუფლებაში აღარ იქნება, არათუ ნორვეგიელებს ან რომელიმე ქვეყანას, არამედ არავის გაახსენდება და საზოგადოებას უცებ შევახსენებ, აბა, გაიხსენებთ, რუსული ოცნების პრემიერ-მინისტრები. თქვენ, სახელი და გვარის გახსენებაც კი გაგიჭირდებათ, არათუ ჩვენ ევროპელ კოლეგებს. პრეზიდენტ სააკაშვილს კი, რომელიც ამ პირობებში პუტინის ტყვეობაშია, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიტვა, ესტონეთი. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმაც გაკეთა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადება. შესაბამისად, ის, რაც მათ იკადრეს სერიოზული სირცხვილია, როდესაც ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს“, - თვლის ლევან ხაბეიშვილი.

სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა მიუღებელია საზოგადოებისთვის. ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარალელებს ავლებს სააკაშვილსა და ბრეივიკს შორის და ამბობს, რომ ანდერს ბრეივიკმა სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი გაუგონარი დანაშაულები ჩადენიდან მეშვიდე წელს მოინანია. 2018 წლის თებერვალში ციხის ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ წერილში პირველად გამოთქვა სინანული, უკუაგდო რადიკალური ნაციონალისტური იდეოლოგია და იოცნება, რომ 2011 წელს დატრიალებული მოვლენები აღარასოდეს განმეორდეს. მისი თქმით, კიდევ ერთი განსხვავება იმაშია, რომ 2012 წელს სასამართლო პროცესზე, ბრეივიკმა სინანულით თქვა, რომ სისხლიანი თავდასხმის შემდეგ მასთან კავშირი გაწყვიტეს ოჯახის წევრებმა და საახლობლომ.

„თუმცა, სააკაშვილის ჯალათი რეჟიმის სისასტიკის მასშტაბი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნორვეგიელი ამ კრიმინალის. როგორი უტიფრად სამარცხვინო უნდა იყოს ესა თუ ის ადამიანი, ვინც დღემდე თაყვანს სცემს ნაცსექტის პირსისხლიან ზეუტიფარ ბელადს. გარდა იმისა, რომ ნორვეგიის პარტიული პრიზით სააკაშვილისადმი მათ გამოიჩინეს უდიდესი უტიფრობა, ცინიზმი და შეურაცხყვეს ათასობით ნაცრეჟიმისგან დაზარალებული ოჯახი საქართველოში, მათ ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კლასიკურ ცნებას, შეურაცხყოფა მიაყენეს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ფუძემდებლურ პრინციპებს“, - აცხადებს აბაშიძე.

მისივე თქმით, ნორვეგიის კონსერვატიული პარტია არის „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ, რომელთა უტიფარი განცხადება არაერთხელ მოგვისმენია ევროპარლამნეტის ტრიბუნებიდან. როგორც აბაშიძე ამბობს, ამ გაუგონარი თავხედობის შეუმჩნევლობა ნამდვილად არ მოხდება და ურჩევს როგორც ნორვეგიის ელჩს, ასევე ნორვეგიის ხელისუფლებას, ცოტა კარგად ჩაეძიონ, რა მოხდა საქართველოში 2003-12 წლებში და შემდეგ გაემიჯნონ ამ პარტიის ე.წ. პარტიულ პრიზს.

„გასაგებია, რომ ეს პარტიული პრიზია და არა ნორვეგიის ხელისუფლების, მაგრამ ეს ერთ-ერთი შავი ლაქა იქნება ნორვეგიის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის. დავანებოთ თავი, ვერ ერკვევიან, თუ არ უნდათ გაერკვიონ საქართველოს შავ-ბნელ წარსულში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო, მათ უწინარესად თავიანთ ეროვნულ ნორვეგიულ ინტერესებს უნდა მიაქციონ ყურადღება. თავად დაზარალდა ამ ე.წ. სამარცხვინო პრიზის გადაცემით და სწორედ აღნიშნა პრემიერმა ღარიბაშვილმა და პოლიტიკურმა გუნდმა, რომ არანაირი განსხვავება არ არის ანდრეს ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის. ეს არის ძალიან დიდი უტიფრობა და ცინიზმი, რაც ნორვეგიის ამ ოპოზიცურმა პარტიამ ჩაიდინა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძის თქმით, ყველამ უნდა იგრძნოს, რომ საქართველო სახელმწიფოა, რომ საქართველოს არ შეიძლება მოექცე ისე, როგორც ექცეოდნენ და ექცევიან მეასეხარისხოვან ქვეყნებს. მისი თქმით, ქვეყანას უმძიმესი პერიოდი აქვს გასავლელი შინა თუ გარე ლიბერალ-ფაშისტების შემოტევების პირობებში.

„რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი ეჭვია, რომ ამ კონსერვატიულ პარტიას ძალიან დიდი რაოდენობით ფული აქვს აღებული, ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული, რომელიც მათ გადაუხადა მისმა ოჯახმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრეივიკზე ნაკლები კაცი არ მოუკლავს საქართველოში სააკაშვილს თუ არა მეტი. როგორ შეიძლებოდა ამ მკვლელისათვის ადამიანების უფლებების დაცვის დარგში მიენიჭებინათ ჯილდო?!. ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც მოკლა და აწამა სააკაშვილმა. დღევანდელი ევროპული პოლიტიკური ელიტა იმდენად გაბიუროკრატებულია, რომ ყველაფერი არის მოსალოდნელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

კორუფციაზე ვერაფერს ვერ იტყვის, მაგრამ გადაწყვეტილებას კატასტროფულს უწოდებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განმარტებით, შიდა მოხმარებას თუ გადავხედავთ, „ქართული ოცნების“ რადიკალურ ნაწილს მშვენივრად აწყობს ის, რაც მოხდა და აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ამბობს, რომ ნორვეგიაში აღიარეს, რომ თურმე სააკაშვილი ადამიანის უფლებებს არ არღვევდა.

„სამწუხარო რეალობაა. ზოგადად, თუ შევხედავთ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თემას, „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს ისე, რომ ასეთი პრობლემები არ გაჩნდეს. რეჟიმის შესახებ ინფორმაციები ყველა დონეზე უნდა ყოფილიყო მიწოდებული. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ იღებენ ხმას არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც სააკაშვილს აძლევენ ჯილდოს ადამიანის უფლებების დარგში, თუნდაც ოპოზიციური პარტიის რაღაცა ჯგუფის მიერ დაწესებულ ჯილდოს რომ აძლევენ? ძალიან მაინტერესებს, რატომ არ იღებს ხმას ასევე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი?

დუმილი ასეთ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვინ დაარღვია ადამიანის უფლებები და ვინ არა, არამედ პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილია ახლა ასეთი განცხადების გაკეთება, როდესაც არ იცი „ნაცმოძრაობა“ დაგჭირდება ხვალისთვის, თუ არა. აი, ეს პრობლემები გვაქვს, ზოგადად, საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრსაც. წარმოუდგენელი რამ არის სააკაშვილს მისცენ ჯილდო ადამიანის უფლებათა დაცვაში, ადამიანს, რომელმაც შექმნა რეპრესიული სისტემა. მაგრამ, სამაწუხაროდ, ეს სისტემა „ქართულ ოცნებას“ არ შეუცვლია, იგივე დატოვა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 

 

რომანი "მაგრამ, სამაწუხაროდ, ეს სისტემა „ქართულ ოცნებას“ არ შეუცვლია, იგივე დატოვა“ - ვ.ძაბირაძე. უფრო დიდი არაობიექტურობა ( არ მსურს უფრო ძარღვიანი სიტყვა ვიხმარო, ღირსი კია) ძნელად წარმოსადგენია.
1 წლის უკან
trampi alba
1 წლის უკან
trampi მაგ ძაბირაძეს ამ არაობიქტურობაში ალბათ სანიკიძასავით რაღაცას შეჰპირდნენ
1 წლის უკან
ცუგო- -ძაბირიძე ისედაც იკადრებდა, მაგის პრობლემა არა აქვს...
-იმ ელჩმა თავისი აღშფოთება რომ დახვიოს და ერთ ადგილას გაიკეთოს?! საოცარი ცინიზმია! უსამართლობის აპოგეა!
1 წლის უკან