ანდერს ბრეივიკის სამშობლოდან „ნულოვანი ტოლერანტობის“ ავტორს ჯილდო ერგო - სააკაშვილი ნორვეგიელმა მემარჯვენეებმა დაასაჩუქრეს.
„დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს ჯილდო“, - ასე ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიაში სააკაშვილისთვის დემოკრატიის პრიზის გადაცემას. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ქართველი ხალხის დაცინვა და მკვლელი სისტემის შემოქმედის დაჯილდოებაა.
ნორვეგიის სასამართლომ ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოსლოში მომხდარი ტერაქტის გამო, რასაც 77 ადამიანი შეეწირა, 151 კი დაიჭრა. სააკაშვილს კი, რომლის რეჟიმსაც უამრავი ადამიანი შეეწირა, ნორვეგიელმა მემარჯვენეებმა მაინცდამაინც იმ სფეროში მიანიჭეს ჯილდო, რომელიც სააკაშვილისთვის ყველაზე სუსტი წერტილი იყო - ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის.
მოგვიანებით ნორვეგიის ოფიციოზმა განმარტა, რომ ეს ჯილდო ნორვეგიის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია არ იყო, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმისგან გაწამებულმა ადამიანებმა პროტესტი მაინც გამოხატეს ნორვეგიის საელჩოს წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ნორვეგიის ელჩი დაიბარეს.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ბრეივიკმა თავად გამოკრა ხელი სასხლეტს, სააკაშვილმა კი შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელის გამომკვრელი იყო. სააკაშვილმა ეს ნათქვამი უპასუხოდ არ დატოვა და აღნიშნა, „ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფომ დახოცა, ასობით რუსი ინტერვენტი იყო, 2008 წელს რომ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი“.
მართალია, ნორვეგიელებს სააკაშვილის დაჯილდოება უნდოდათ, მაგრამ ცინიკურად რომ შევხედოთ ამ მოვლენას, ზუსტად ეს ჯილდო ხომ არ აღმოჩნდა სილის გაწვნა და დაცინვა სააკაშვილისთვის და მისი „დემოკრატიისთვის“?!
ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ სააკაშვილისთვის გაცემული ჯილდო დასავლეთის სერიოზულ დაკნინებაზე მიუთითებს.
„ეს ჯილდო სააკაშვილს მიანიჭეს ნორვეგიის რადიკალური ოპოზიციის პარტიის წევრებმა. აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ ეს ბრეივიკისთვის მინიჭებული ჯილდოა. მართლაც, ბრეივიკი, პინოჩეტი და სააკაშვილი ერთ დონეზე დგანან. ბრეივიკმა ჩაიდინა საშინელი დანაშაული, 77 ადამიანი მოკლა ინდივიდუალურად, სააკაშვილმა კი სახელმწიფოს გამოყენებით მოაწყო ქართველი ხალხის ტერორი და 150-ზე მეტ ახალგაზრდას მოუსწრაფა სიცოცხლე. თუმცა ბრეივიკს წაუყენეს ბრალი, უთხრეს, რომ შენ ამდენი ადამიანი მოკალი, სააკაშვილს კი რა ბრალი აქვს წაყენებული?! სიტყვებით კარგია ლაპარაკი, მაგრამ სად არის 3 ათასი ნაწამები ადამიანის საქმე? პროკურატურამ რომ შექმნა სპეციალური გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი, სადაც საუბარი იყო კოლექტიურად ადამიანების წამებასა და მასობრივ დანაშაულებზე, რატომ შეაჩერეს ამ საქმეების გამოძიება? გამოძიება თითქოს დაიწყეს, გამოჰკითხეს 3000-ზე მეტი პატიმარი, მაგრამ სად არის ეს საქმეები? მასობრივად ადამიანების უფლებების დარღვევის გამოძიება ბოლომდე რატომ არ მიიყვანეს?“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.
პოლიტპატიმარი მიიჩნევს, რომ მარტო ციხეებში სისტემური დანაშაულების, მკვლელობის, წამების გამო უნდა წაეყენებინათ სააკაშვილისთვის ბრალი. მაშინ ნორვეგიული რადიკალური პოლიტიკური პარტია ვერ გაბედავდა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას. ამიტომ „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ვახტანგ მაისაიას თქმით, დღემდე არ იძიებენ არც მის, არც ბევრი სხვა ადამიანის საქმეს. სტატისტიკური მონაცემებით, პოლიტპატიმრების საქმეების მხოლოდ 20% გამოიძიეს. არადა, ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, მარტო მისი საქმე რომ გამოიძიონ, სააკაშვილის პირდაპირი დანაშაული იკვეთება, რადგან სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო, ეროვნული უშიშროების საბჭომ გასცა მისი დაპატიმრების უკანონო ბრძანება, ვახტანგ მაისაიას წამება სწორედ სააკაშვილისგან მოდიოდა.
ვახტანგ მაისაია იმასაც იხსენებს, რომ ლევან გოგიჩაიშვილსაც აწამებდნენ, თემურ ჟორჟოლიანსაც და სხვა ადამიანებს. თავისთავად ცხადია, გირგვლიანი და რობაქიძე ის ჭრილობაა, რომელიც არ მოშუშდება, მაგრამ უნდა გააფართოვონ გამოძიების არეალი, მიამატონ სხვა ადამიანების წამების ფაქტებიც.
„მარტო სააკაშვილი იყო მთავარი მწამებელი? ის სუბიექტები, ვისაც სააკაშვილი აძლევდა ბრძანებას, დღეს იმავე სტრუქტურებში არიან მოკალათებულნი, ზოგიერთი მათგანი დააწინაურეს. ამიტომაც არ იძიებენ ასეთ საქმეებს. ზღაპარია, თითქოს დასავლეთი ბლოკავს გამოძიებას, ეს არის მხოლოდ ზღაპარი სულელებისთვის. რატომღაც ქართველი ერი სულელი ჰგონიათ. პირიქით, დასავლეთი ეუბნება, თუ ჩაიდინა დანაშაული, გვიჩვენეთ, დაგვიმტკიცეთო. პინოჩეტმა რომ ჩაიდინა დანაშაული, ლონდონის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი და ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს პინოჩეტის საქმე. ამის შემდეგ ჩილეს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ რამხელა პროგრესს მიაღწია. მათგან მაინც გადმოიღონ მაგალითი და მოეშვან პოლიტიკურ ფარისევლობას. ბოკასას, რომელიც ადამიანებს ჭამდა, თუ არ ვცდები, საფრანგეთში ჯილდო მიანიჭეს, მერე კი წაართვეს ეს ჯილდო. ნორვეგიაში სააკაშვილს ჯილდო იმიტომ მისცეს, რომ ჩვენი ხელისუფლება თვითონვე ბლოკავს სააკაშვილის დანაშაულების გამომზიურებას. ახლაც გიული ალასანიას სტრასბურგში მიაქვს საქმე, სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, სტრასბურგი ამ დანაშაულების შინაარსობრივ მხარეს არ განიხილავს, უბრალოდ, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას დაავალონ, ისეთი პირობები შეუქმნან სააკაშვილს, რომ არ გარდაიცვალოს კლინიკაში. სასჯელის გადავადებას სტრასბურგი არ მოითხოვს, რადგან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. წესით, სააკაშვილი ციხეში უნდა გადაიყვანონ, არ ახსოვს, პატიმრები ციხის საშინელ პირობებში რომ ჰყავდა, თვითონ რატომ უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში?! თვითონ რატომ არ გადაჰყავდა ნაწამები და დაავადებული ადამიანები კლინიკებში? მე არ მინახავს სააკაშვილის დროს მძიმედ დაავადებული ადამიანები გადაეყვანათ სამკურნალო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ციხეში იმიტომ ჩასვა, რომ სტრასბურგიდან არ გამოიტანა საკუთარი ძმის, სულხან მოლაშვილის წამების საქმე, მიიჩნევს, რომ აბსურდია სააკაშვილის თავის მართლება, თითქოს მხოლოდ რუსი ინტერვენტები დახოცა.
„რომელი რუსი ინტერვენტები დახოცა სააკაშვილმა? ყველას ახსოვს აგვისტოს ომის დროს სად გარბოდა და სად იმალებოდა, რამდენი კაცი დაახტა, გული რომ არ გასკდომოდა შიშისგან, რომელ ვაჟკაცობასა და რუსი ინტერვენტების დახოცვაზე ლაპარაკობს? ეს კაცი ყველაფერ კარგს იბრალებს, რადგან ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია. თავიდანვე თაღლითი იყო, ხალხმა არ იცოდა მისი თაღლითობა, მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს ამის შესახებ. ასეთი თაღლითი არ არსებობს, სააკაშვილი დღესაც კგბ-ს აგენტია. ამერიკა ცალკე მოატყუა, დასავლეთი ცალკე, ეს ყველაფერი მალე გაირკვევა. რაც შეეხება სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოს, ჩავატარეთ აქცია და ნორვეგიის ელჩს ვთხოვეთ, გააკეთოს განცხადება, რომ ეს ნორვეგიის მთავრობის პოზიცია არ არის და ეწინააღმდეგება ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის პოზიციას“, - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა for.ge-სთან საუბრისას და გაიხსენა „დემოკრატიის განვითარების“ მხრივ რა გააკეთა სააკაშვილმა.
თორნიკე მოლაშვილი იხსენებს, რომ სააკაშვილმა საქართველოს მასშტაბით 30-მდე დიდი და პატარა ტელევიზია დახურა, რეგიონშიც და თბილისშიც. იმდენად არ უნდოდა ოპოზიციის აზრების გავრცელება, რომ შეაჩერა სატელიტური თეფშების უსასყიდლოდ დარიგება და ყადაღა დაადო. ძვირადღირებული მინიტელევიზია რომ შემოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, საზღვარზე დააზიანებინა და ნაწილები ამოაღებინა. ეს იყო სააკაშვილის „დემოკრატია“. 150-ზე მეტი ახალგაზრდა შეეწირა სააკაშვილის რეჟიმს, ეს ქუჩაში ვინც ჩახოცა, თორემ ციხეში რაც ხდებოდა, მინიმუმ, 3-4 დღეში ერთხელ კაცი კვდებოდა.
„ჩემი თვალით მაქვს ნანახი, დააწერდნენ მერე საავადმყოფოებს, ვითომ ცოცხალი გადაიყვანეს საავადმყოფოში და საავადმყოფოში მოკვდა ვითომ. არ უნდა დავივიწყოთ, ვინ იყო სააკაშვილი და რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ წევრები. ფარული ჩანაწერები რომ იპოვა ჩვენმა ხელისუფლებამ და დაწვა, მოდით, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ საქართველოს მშენებლობაო, ეს არ ისურვეს „ნაციონალებმა“. ისინი საქართველოს მტრები არიან, არ უნდათ შეიგნონ საკუთარი დანაშაული. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომლის ოპოზიციაც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდის და იძახის, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობა არ ეკუთვნისო. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. რუსთაველზე ამას წინათ რაც ხდებოდა აგენტების კანონთან დაკავშირებით, რომელიც 1938 წელს ამერიკამ მიიღო, არ მიგვაღებინეს ეს კანონი, რაც სიტყვასიტყვით ამერიკული კანონიდან გადმოწერილი იყო. რუსთაველზე აქციები რომ დამთავრდა, ერთ კვირაში კანადამ მიიღო ეს კანონი და ახლა საფრანგეთი იღებს. ოპოზიცია იტყუება, ეგ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ იღებენ მაგ კანონს, თქვენ კი ევროპის წინააღმდეგ გინდოდათო. რა შუაშია ევროპა და რუსეთი? კანონში არ წერია არც ევროპა, არც რუსეთი“, -ამბობს თორნიკე მოლაშვილი.
მისივე მოსაზრებით, ნორვეგიის ჯილდო ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება. პოლიტპატიმრის აზრით, სააკაშვილის ადგილი ციხეშია, მას არანაირი დაავადება არ სჭირს, უბრალოდ, სიგამხდრე უნდა, ტანს იყენებს, უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე დაჭერამდე იყო.
„პირადად მეც წონის პრობლემა მაქვს და ნეტავ ასე გამოვიყურებოდე. მეც ვიყავი სააკაშვილის რეჟიმის ციხეში, მეც ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ, სააკაშვილი საავადმყოფოშია და არა ციხეში, ციხეში იყო ცოტა ხანს. ახლა არის სასტუმროში, დედამისი გაფრთხილებული ჰყავს, საჭმელი არ მოუტანოს. დედამისმა რომ საჭმელი მიიტანოს, ეგ ხომ ვერ აკონტროლებს თავს, შეჭამს. სხვა საჭმელს არ ღებულობს, ვითომ რომ არ მოწამლონ ჩვენი „დემოკრატიის შუქურა“. ასე რომ, გამოვა საავადმყოფოდან ჯანმრთელი და გამხდარი“, - აცხადებს თორნიკე მოლაშვილი.