თბილისის არასტანდარტული მიდგომა

თბილისის არასტანდარტული მიდგომა

ახლახან ჩაიარა რუსულ-ქართული აგვისტოს ომის ხუთი წლისთავმა და გასაოცარი არ არის, რომ დებატები კონფლიქტის გარშემო ისევ განახლდა. არც ის არის გასაოცარი, რომ ბევრი იყო კამათი ამ ომის შედეგებსა და „გაკვეთილებზე“. თუ რამე იყო გასაოცარი, ეს იყო საქართველოს მთავრობის ახალი კონცეფცია, რომელშიც კონფლიქტის მოგვარების არასტანდარტული ხედვაა წარმოდგენილი.

წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებებზე, გორში, ახალწვეულებთან სიტყვით გამოსვლისას, ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ პირდაპირი დიალოგისთვის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან“. და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, ამავე სიტყვაში აღიარა რუსეთთან დიალოგის მნიშვნელოვნებაც, მან ხაზი გაუსვა შემდეგს – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დამოკიდებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. მის პოზიციას დაეთანხმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც განაცხადა, რომ მომავალში პოლიტიკური დარეგულირების ნებისმიერი საკითხი, უნდა ეფუძნებოდეს ადამიანთა შორის კონტაქტს, მიუხედავად უფრო ფართო რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტისა.

რამდენიმე რეგიონულმა და საერთაშორისო მედიასაშუალებამ ამას „პირდაპირი მოლაპარაკებების სტრატეგია“ უწოდა, ან ახალი და ინოვაციური პოლიტიკა, „არასტანდარტული“ მიდგომა. ეს შეფასება ბოლომდე ზუსტი არ არის, რადგან, რასაც არ უნდა მოიცავდეს ეს მიდგომა, ის განპირობებულია ახალი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეალიებით. საქართველოში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს შესაძლო ნაბიჯები შეიძლება ძვირადაც დაუჯდეთ, მაგრამ, ამავე დროს, სარგებელიც მოუტანოს.

ჯერ ერთი, ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდი, რომლებიც უცხოელი კოლეგების შუამავლობით ჩატარდა, ივნისის ბოლოს უშედეგოდ დასრულდა, ხოლო მომავალი, ოქტომბრის რაუნდი ასევე უპერსპექტივოდ გამოიყურება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველო ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებას რუსეთთან ითხოვს. მაგრამ მოსკოვი ამტკიცებს, რომ თბილისმა ასეთ ხელშეკრულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან უნდა მოაწეროს ხელი. ამას საქართველოსთვის ორი გართულება შეიძლება მოჰყვეს: პირველი, ის ამ ნაბიჯით ირიბად აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე იურე დამოუკიდებლობას და რუსეთი აღარ იქნება „ოკუპანტი“.

რეტროსპექტულად, აგვისტოს ომის შემდეგ, კონფლიქტის ღერძმა მიმართულება შეიცვალა – ახლა ეს ქართულ-აფხაზური, ან ქართულ-ოსური კონფლიქტი კი არა, ქართულ-რუსული კონფლიქტია. თუ მოსკოვმა წარმატებას მიაღწია და საქართველო ასეთი ხელშეკრულების დადებაზე დაითანხმა, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ექვსპუნქტიანი შეთანხმებით დაეკისრა. ამ შეთანხმებით შეწყდა 2008 წელს შეიარაღებული კონფლიქტი. ამ თვალსაზრისით, არსებული ჩიხი მოსკოვისთვის მომგებიანია. საქართველო კი ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან ისე, რომ არ აღიაროს სეპარატისტული ტერიტორიები თანასწორ და კანონიერ წარმონაქმნებად.

მეორე საკითხი ევროკავშირისა და საქართველოს მოლაპარაკებებს უკავშირდება. ორივე მხარეს სურს, რომ მოლაპარაკებები ასოცირებისა და ღრმა, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, გამოიყენოს ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის, მაგრამ ეს საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტრატეგიის, ხოლო ევროკავშირისგან კონფლიქტების მოგვარებისადმი მიდგომის შეცვლას მოითხოვს. თბილისს სურს, პოზიტიური თანამშრომლობის შემთხვევაში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონების მოსაზიდად გამოიყენოს. თუ ეს მოხდება, მაშინ საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე ფიქრი უნდა დაიწყოს, კერძოდ, ეს ეხება, თავისუფალი მიგრაციის შეზღუდვას, ეკონომიკურ აქტივობას და უძრავი ქონების ტრანზაქციებს, რაც აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობისათვის. ევროკავშირს შეუძლია მისი მიდგომა გაატაროს; ბათუმში, ივლისში, ასოცირების შეთანხმებაზე ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა, გუნარ ვიგანდმა, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პირდაპირი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მნიშვნელოვნებას, რადგან „ასოცირების შეთანხმება ნაწილობრივ ეხება სეპარატისტულ რეგიონებსაც, კონკრეტულად, თავისუფალი ვაჭრობის ასპექტში… (მაგრამ) ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, დამოკიდებულია შეთანხმებაზე თბილისსა და დე ფაქტო მთავრობებს შორის“.

მესამე, ისიც სწორია, რომ რუსეთსაც ასევე უნდა სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის გაუქმება, რადგან კანონში რუსეთი კონფლიქტის მხარედაა დასახელებული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა შარშან განაცხადა, რომ ამ კანონის გაუქმდების შემთხვევაში, მოსკოვი მოხსნიდა საქართველოს მოქალაქეთათვის დაწესებულ აკრძალვას ვიზებზე.

მეოთხე, არსებობს რისკი, თუმცა უმნიშვნელო, რომ ახალი მთავრობა თავის არასტანდარტულ რიტორიკას აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი პირების დასასჯელად გამოიყენებს, კერძოდ კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასასჯელად – ის შეიძლება სასამართლო პროცესის პირისპირ აღმოჩნდეს, როდესაც მისი ვადა ამოიწურება. გორში წარმოთქმულ სიტყვაში პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ გამოიძიებს თბილისის როლს სამხედრო კონფლიქტში.

თუ ქართულ მთავრობას მართლა უნდა არასტანდარტული აზროვნება, მათ სამ რჩევას მივცემთ:

პირველი, თბილისი ვერ მიაღწევს რეალურ პროგრესს, თუ არ გაითვალისწინებს რუსეთის ფუნდამენტურ ინტერესებს status quo-ს შეცვლისას. ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მომენტი შეიცავს სარგებელს მოსკოვისვთის – ეს ფაქტორი წარმატებით უნდა იქნას გამოყენებული. არ არის შემთხვევითი, რომ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც მედვედევმა ივანიშვილის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მისცა, მან ილაპარაკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ქართველების პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.

მეორე, აფხაზეთი შავიზღვისპირა და შედარებით დიდი რეგიონია, ამიტომ მას ტურიზმისა და სხვა დარგების განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. სამხრეთ ოსეთი, პირიქით, პატარა და ღარიბია, მას სჭირდება გრძელვადიანი ინვესტიციები და უცხოური დახმარება. ამ ორ ტერიტორიას ძალიან განსხვავებული სტრატეგიები დასჭირდება პოსტკონფლიქტურ ვითარებაში. იმის გამო, რომ ღარიბია და დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო ომის დროს (ფრონტის ხაზი აქ გადიოდა), პრიორიტეტი ოსეთს უნდა მიენიჭოს.

მესამე, თუ გავითვალისწინებთ 2005 წლის წარუმატებელ მოლაპარაკებებს აფხაზეთთან, კარგი იქნებოდა პროცესში საერთაშორისო მედიატორების ჩართვა. კონფლიქტის მოგვარების გეგმა შეიძლება წარადგინონ ევროკავშირმა ან გაერომ. გაეროს შეუძლია წარსული გამოცდილების გათვალისწინება. ე.წ. ბოდენის დოკუმენტი, რომელიც გაეროს სამდივნომ მოამზადა (Basic Principles for the Distribution of the Competences between Tbilisi and Sokhumi), იმედისმომცემი დოკუმენტი იყო, მაგრამ პრაქტიკულ ქმედებებს იმპულსი ვერ მისცა.

დაბოლოს, ხაზი უნდა გავუსვათ შემდეგს – ქმედებათა როგორი კურსიც არ უნდა აირჩიოს საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სათავე დაედება გარდამტეხ ერას კონფლიქტების მოგვარების საკითხში კავკასიის ამ პრობლემურ რეგიონში.

foreignpress.ge