„ფრანკლინის კლუბს“ როდესაც ბრალდებებს უყენებ, ეს პუბლიცისტურ დონეზე გასარჩევი არ არის, გამოიძიეთ და დასაჯეთ ვინ დასასჯელია, მე რატომ მელაპარაკებით?“

„ფრანკლინის კლუბს“ როდესაც ბრალდებებს უყენებ, ეს პუბლიცისტურ დონეზე გასარჩევი არ არის, გამოიძიეთ და დასაჯეთ ვინ დასასჯელია, მე რატომ მელაპარაკებით?“

პრემიერ-მინიტრის განცხადებით, ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ახალგაზრდებს გამოიყენებს ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა. პრემიერი ამბობს, რომ ამ კლუბის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

„მინდა, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმებისა და ამოცანების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, გესაუბროთ საფრთხეზე, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებული „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივობას. „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ფრანკლინის კლუბი“. საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან? რაც „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების.

უკვე 2 000-ზე მეტი სტუდენტი არის ამ კლუბის მონაწილე. ეს არ არის „ფრანკლინის კლუბი“, ესენი არიან ანარქისტული მოძრაობის წევრები. 1 000-ზე მეტი ანარქისტი მონაწილე ესწრებოდა 7-8 მარტის ცნობილ მოვლენებს, აქციებს. მათ კონკრეტული ინსტრუქციები ჰქონდათ მიცემული, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორ უნდა შესულიყვნენ კონფლიქტში პოლიციასთან, სპეცრაზმთან. მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და ამის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ე.წ. „ფრანკლინის კლუბი“ 2021 წელს დაფუძნდა და ყველა სოციალურ პლატფორმაზეა აქტიური. არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული კლუბი „ალასანიას უნივერსიტეტის“ ბაზაზეა დაფუძნებული, რომელიც კლასიკური ლიბერალიზმის და ლიბერტარიანიზმის გამავრცელებელი ასოციაციაა. როგორც ირკვევა კლუბი პირდაპირ დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ფრანკლინის კლუბის“ ოფიციალურ გვერდი იუწყება, რომ ეს არის ასოციაცია, რომლის მიზნებიცაა კლასიკური ლიბერალური/ლიბერტარიანული ფასეულობების გაძლიერება და წევრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. გარდა ამისა, „ფრანკლინის კლუბის“ მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები მოიცავს საგანმანათლებლო და მედია პროექტებს, კვლევას, პოლიტიკურ დისკუსიებს, აქტივიზმს და კონსულტირებას. კლუბი ღიაა კლასიკური ლიბერალიზმის გაძლიერებაზე მომართული ინიციატივების ფართო სპექტრისთვის.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით ე.წ. „ფრანკლინის კლუბი“ რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული ექსტრემისტი პოლიტიკოსებისა და ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დიდ ადამიანთან, რომლის სახელსაც ატარებს. მისივე თქმით, დასახელებული კლუბის საქმიანობას დადებითად ვერ შეაფასებს, რადგან არ იკვეთება, რომ ის საგანმანათლებლო პროექტია.

„არ მგონია, იდეოლოგიური სამუშაო, რაც ამ ახალგაზრდებზე, კლუბის წევრებზე უნდა ხორციელდებოდეს, კავშირშია თუნდაც ერთ ღირებულებასთან მაინც, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა გაიფიქროს, როდესაც ფრანკლინი ესმის. ალბათ, ეს უფრო არის არა „ფრანკლინის კლუბი“, არამედ ლევან რამიშვილის კლუბი, რომლის გამოყენებასაც მავანი მომავალი წლის საარჩევნო პროცესისთვის ცდილობს.

ავიწყდებათ, რომ დღეს არ არის 2003 წელი, 2023 წელია, დღეს სახელმწიფოს სათავეში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც მაშინ იყო, ახლა სხვა ხელისუფლება, სხვა რეალობაა. ვინც ეს კლუბი დააფუძნა და პოლიტიკური მიზნებისთვის იდეოლოგიურ სამჭედლოდ აქცია, მაინც არიან „კმარას“ ნოსტალგიაში. ამიტომ ამ კლუბის საქმიანობას ჩვენ ვერ შევაფასებთ დადებითად, რადგან არ იკვეთება, რომ არის საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის პოლიტიკურ-იდეოლოგიური პროექტი და ახალგაზრდებს რთავენ ისეთ პროცესებში, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გარდა იმისა, რომ „ფრანკლინის კლუბის“ მთავარი იდეოლოგი ლევან რამიშვილია, ამ კლუბის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც და იკვეთება სპეცსამსახურების მოქმედების სტილი.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში უცხოეთის მხრიდან არსებულ პოლიტიკურ გავლენებზე და შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი რუსეთმა დაინახა, რომ დასავლეთის გარკვეულმა ძალებმა საქართველოზე ერთპიროვნული და უპირობო ძალაუფლება მოიპოვეს, შესაძლოა, მათი საოკუპაციო ზრახვები ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ეს ომთან გვაახლოებს და, ამ შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ არა უფრო მეტ ტერიტორიებს, არამედ, მთლიანად საქართველოს. უკრაინაში ომის რეალობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას, საზოგადოებასა და ოპოზიციას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს, რომ უკეთესის ძიებაში უარესი არ შეგვრჩეს ხელში. დასავლეთის გარკვეული ძალები სახიფათო თამაშს თამაშობენ დღეს საქართველოში. ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

ამაზე რომ ღიად ვსაუბრობთ, სწორედ ამიტომ გვიპირისპირდებიან და ძალადობენ ჩვენზე. ფაქტი ის არის, რომ დღეს უცხოეთიდან საქართველოზე სახიფათო ფსონები იდება და სიმართლეზე ზეწოლა ძლიერდება. ეს კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ასუსტებს და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ „ფრანკლინის კლუბი“ ეს არის „ნეოკმარა“, რომელიც მოწოდებულია ვითომ ინტელექტუალური კლუბის შირმით, პირველი - გაურეცხოს გონება ახალგაზრდებს, რომლებსაც ასაკიდან გამომდინარე ნაკლები განათლება და გამოცდილება აქვთ, ამ ტვინის გამორეცხვაში შედის არა მხოლოდ ანტისახელისუფლებო პროპაგანდა, არამედ ყველაზე საშიში რაც არის - ანტიქართული, ანტიტრადიცული პროპაგანდა, ცდილობენ რა ცრუ გზავნილებით დამახინჯებულად გადასცენ მათ საქართველოს ისტორია, საქართველოს გმირების ისტორია და საქართველოს უძვირფასესი ტრადიცები.

„მეორე - ამ ორგანიზაციის ფარული და აწ უკვე აშკარა გეგმები გამოჩნდა 7-8 მარტიდან. გამოჩნდა, რომ ეს არის ანარქისტული, რევოლუციური მოძრაობა, რომელიც ფარად იყენებს თითქოს, რომ ისინი არიან საგანმანათლებო ორგანიზაცია, მაგრამ უმეტესად მათი იდეოლოგები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ძველი თუ ახალი აპოლოგეტები და პროპაგანდისტები არიან, ამ კლუბს იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოაწყონ დესტაბილიზაცია, ძალადობა და სამოქალაქო დაპირისირება.

ის განცხადება, რომ თითქოს ისინი აღარ თანამშრომლობენ გიული ალასანიას უნივერსიტეტთან არის არაფრის მთქმელი. შეიძლება ფიზიკურად მათ შეიცვალონ მისამართი და ადგილმდებარეობა, მაგრამ მათი ვერაგული მიზნები ამით არანაირად არ იცვლება. ზოგადად, ქვეყანაში, რომ დასახვეწია კანონმდებლობა ანარქისტული დესტრუქიული ძალების კანონით ალაგმვის თვალსაზრისით, როგორიც ეს არის დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებში, ეს ცხადია. საქართველო მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, ისე როგორც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია, რომელიც ებრძვის რადიკალ ფაშისტებს და ქვეყნის ამომტრიალებლებს“, - ამბობს გია აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს იმ ეპოქაში ცხოვრება, რასაც ჰქივია პოსტსიმართლე, სადაც ფაქტები არაფერს ნიშნავს, მხოლოდ აღქმები და დამახინჯებული ინფორმაციის აგრესიულად გავრცელება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ობიექტური რეალობა.

„ფრანკლინის კლუბი“ იქნება, თუ მათნაირი რადიკალები - „სირცხვილია“ „დროა“ და სხვა ე.წ. ვითომ სამოქალაქო აქტივისტური მოძრაობა, ისინი ფინანსდებიან დასავლეთისგან. თუ აბსოლუტურად უმანკონი არიან, მაშინ არაფერი უდგას წინ იმას, რომ გამოაქვეყნონ საკუთარი დაფინანსების წყაროები და რისთვის არის ეს თანხები გამოყოფილი. მაგრამ, როდესაც ეს სუბიექტები მალავენ ინფორმაციას, იქ ეჭვები უფრო ძლიერდება და მით უმეტეს ამ ეჭვებს აღარ სჭირდება დადასტურება.

რეალურად, ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, პირველად, საქართველოს ისტორიაში, პოლიციას უპირისპირდებოდნენ მოლოტოვის კოქტეილებით, რაც არ მზადდება ადგილზე. ამას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. არ გამიკვირდება თუ მათი კონსულტანტები იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც სპეცსამსახურებში, თუ თავდაცვის უწყებებში მსახურობდნენ. ამიტომ ამ რადიკალიზმს ბოლო უნდა მოეღოს ისეთივე ევროპული მეთოდებით, როგორიც ხდება ნებისმიერი არეულობის შემთხვევაში დასავლეთის ნებისმერ ქალაქში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გვახსოვს „კმარა“ და გავლილი გვაქვს 2003 წლის ვარდების რევოლუცია, როცა ახალგაზრდები გადიოდნენ ტრენინგებს უცხოელების დახმარებით და ვარჯიშობდნენ სწორედ იმაში, როგორ დაემხოთ არსებული ხელისუფლება. საყვარელიძის თქმით, მაშინ ეს ახალი ხილი იყო და, ძირითადად, მოწოდებული იყო როგორც მართლა დემოკრატიული პროცესი.

„ერთადერთი, ჩნდებოდა კითხვები იმ მხრივ, რომ თუ მართლა დემოკრატიული პროცესია, მაშინ რად უნდათ ტრენინგი ახალგაზრდებს, ისინი უნდა მოქმედებდნენ თავიანთი გულის ძახილით. მაგრამ, მერე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ხავერდოვანი რევოლუციები არ იყო ასე მარტივი და კეთდებოდა ამერიკელი პოლიტოლოგის შარპის რეკომენდაციებით. ჩვენთან რომ ყველაფერმა ჩაიარა, მერე ჯორჯ სოროსმა თქვა, რომ აი, ექსპერიმენტი საქართველოში გამოვიდაო. თუკი მაშინ შეიძლებოდა ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება უცხოელების მხრიდან, რა თქმა უნდა, ახლაც შეიძლება. გითხრათ, რომ ამ ფონზე დაუშვებელია იგივე მეორდებოდეს, ალბათ, არ ვიქნები სწორი - თუ შეიძლებოდა ეს პროცესები მომხდარიყო 20 წლის წინ, რატომ არ შეიძლება მოხდეს დღეს?“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისი თქმით, აქ არის ერთი „მაგრამ“, როდესაც ასეთ ბრალდებებს აყენებს სახელმწიფოს პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და ეს ბრალდება გულისხმობს, რომ სხვა ქვეყნის მიერ მზადდება გადატრიალება, მაშინ ეს ასე პუბლიცისტურ დონეზე გასარჩევი საკითხი არ არის.

„არ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხების პუბლიცისტურ საკითხებად გადაქცევა. სხვა თუ არაფერი ტრიბუნიდან ამაზე ლაპარაკი აჩენს განცდას - კი, მაგრამ ხელისუფლებაში თქვენ ხართ, გამოიძიეთ და დასაჯეთ ვინ დასასჯელია, მე რატომ მელაპარაკებით? ხელისუფლების მხრიდან ეს რიტორიკა, რომ არსებობს კლუბი და იქ რაღაცა ხდება, მომგებიანი არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ რომელიღაც უმაღლესებში შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ან პოლიტიკურად მოტივირებული ახალგაზრდები იყვნენ, შეიძლება იყვნენ. კომუნისტების იმედად იყვნენ კომკავშირლები. ვერ ვიტყოდი, რომ სასურველი პრაქტიკა არის, მაგრამ ასეთი პრაქტიკა და რეალობა არსებობს, თუკი ეს რეალობა ქვეყანას ხელს უშლის, მაშინ ამ რეალობას მოვლა უნდა, ისევ და ისევ - გამოკვლევა, დადგენა იმისა, რომ იქ ჩართული ადამიანების განზრახვა რამდენად არის დანაშაულებრივი. თორემ, ამ უმაღლესების წარმომადგენლები იძახიან, რომ ამ ჯგუფში მხოლოდ აკადემიურ თემებზე არის ლაპარაკიო და რა ვქნათ ახლა, რომელს დავუჯეროთ? ამისთვის გამოძიება არის საჭირო და არა ტრიბუნიდან დანამუსება. დანამუსებით საქმე რომ კეთდებოდეს საგამოძიებო ორგანოები არ იარესებებდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

merab "ფრანკლინის კლუბი' ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებშია შემჩნეული და ხელისუფლება უდანაშაულო ხალხს, 5-6 აგვისტოს ამბებზე 5-5 წელს უსჯის.
მოლოტოვის და ქვის მსროლელები მეორე დღესვე გაანთავისუფლა და მამუკა ანდღულაძე ოპერატიულად დააკავა. ახლა, სასამართლოს ელოდება, ნატო გოგელიას სახლში მივარდნაზე და შეურაცხყოფის მიყენებაზე.
ალოგიკური ქმედებების მამები ხართ ხელისუფლების წევრებო!
1 წლის უკან
ცუგო- ლიბერალი - თავისი კლასიკური გაგებით და ნაციონალური მოძრაობა - მწვალებლური პარტია, ეს ხომ ოქსიმორონია!
1 წლის უკან
რომანი რამაზ, შეუძლებელია არ დაგეთანხმო. უსუსურობის განცდას აჩენს ხელისუფლების უმოქმედობა. მეორეს მხრივ, რას ელოდები მათგან, დასავლეთის დამოკლეს მახვილის ქვეშ უწევთ ფუნქციონირება დღიდან მოსვლისა. ახლაც, ყველანი ერთი დუჟინა შეთითხნილი კითხვარის მძევლები ვართ ყველა. მეც მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების ერთ-ერთი სასურველი გზაა. მაგრამ, მავანთ დასავლეთიდან და მათ მომსახურე ადგილობრივ კოჰორტას, მაინცდამაინც, სურთ ღირსებააყრილები, წელში მოხრილები, თავჩაქინდრულები შეგვიყვანონ ევროკავშირში. ბუნებრივია, ბევრს ეს არ მოსწონს და პროტესტის გამოხატვას ცდილობს, რაც უმალ კვალიფიცირდება მოღალატეობად და რუსეთუმეობათ. მეორე ნაწილისთვის სულერთია რა ფასად გავხდებით წევრი ქვეყანა ( დროის ფაქტორს აქ მნიშვნელობა აღარ აქვს), მთავარი ის სარგებელია, რაც მოაქვს ამ სტატუსს. ბოლომდე ვერც გაამტყუნებ, ქვეყანა ძალიან დიდი ხანია აჭრილია, ვერ დალაგდა და სავარაუდოთ, მრავალი მიზეზის გამო, რომელთაგან უმთავრესი გეოგრაფიული მდებარეობა და ქართული ფსიქოტიპის მახასიათებლებია, შემდგომშიც ძალიან გაუჭირდება დაწყნარებით და შეძლებულად იცხოვროს. ასეთი დილემაა, ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ გადასატანი.
1 წლის უკან