რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით, მაგრამ მას აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება. ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრევენციული დარტყმის შემდეგ, რუსეთი საპასუხო დარტყმას ვერ შეძლებს. პატრუშევის მტკიცებით, ასეთი მოსაზრება არაშორსმჭვრეტელური და სახიფათო სისულელეა.
„ფაქტობრივად, ნატოს ქვეყნები კონფლიქტის მხარეს არიან. მათ შექმნეს ერთი დიდი სამხედრო ბანაკი უკრაინიდან. ისინი უგზავნიან იარაღს და საბრძოლო მასალას უკრაინის ჯარებს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელოვან რაოდენობას. ნატოს ინსტრუქტორები და მრჩევლები წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. ნატო არ მალავს თავის მთავარ მიზანს - რუსეთის დამარცხებას და მის შემდგომ დაშლას“, - აცხადებს ნიკოლაი პატრუშევი.
ომის კვლევის ინსტიტუტში კი აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი კვლავ მიიჩნევს, რომ უკრაინაში გამარჯვება შეუძლია, მაგრამ უკრაინის არმიის წარმატებულმა შეტევებმა, შესაძლოა, აიძულოს ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ექსპერტების განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა უნდა აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ საომარი მოქმედებების კურსი. კერძოდ, უკრაინელებმა რუსეთის არმიას ისეთი ზიანი უნდა მიაყენონ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის ცხადი გახდეს, რომ რუსეთის არმიას არ შეუძლია ომის შედეგის გაუმჯობესება.
რუსული არმიის მუდმივი შეტევა ბახმუტის, ავდიივკას და ფრონტის ხაზის გასწვრივ ლუგანსკში და დონეცკის ოლქების დასავლეთ ნაწილში, ექსპერტების შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი კვლავ ცდილობს გამარჯვებას და ამავდროულად, მოლაპარაკებისთვის არანაირ პირობებს არ აყენებს. აქედან გამოდინარე, ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინამ უნდა წამოიწყოს კონტრშეტევა, რათა დაარწმუნოს პუტინი, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ამის შესაძლებლობაც იქნება, თუკი უკრაინა შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას დროულად მიიღებს. მისი თქმით, უკრაინისთვის ნაკლებად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ვარიანტი მსოფლიოსთვის, რომ კონფლიქტი გაყინოს. კერძოდ, უკრაინამ დაიბრუნოს ზაპაროჟიე და ხერსონი, ხოლო ლუგანსკი, დონეცკი და ყირიმი დარჩეს რუსეთის კონტროლს ქვეშ, ანუ განმეორდეს კორეიზაციის ვარიანტი.
„ასეთი ვითარება შეიძლება ჩამოყალიბდეს, რაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება. ის, რომ რუსეთი დაიშალოს, ამისთვის ცოტა სხვა მოქმედებები სჭირდება დასავლეთს და სხვა ტიპის დახმარება უკრაინას. ფაქტია, რომ სამხედრო დახმარების მხრივ, უკრაინა სრულად დამოკიდებულია დასავლეთზე და შესაბამისად, დასავლეთს სიტყვა ეთქმის უკრაინელებთან, ახლა მთავარია რას გადაწყვეტს დასავლეთი. რუსეთს რომ არ შეუძლია და შეტევების პოტენციალი არ აქვს, ეს ფაქტია, პატარა ტაქტიკურ შეტევებს არ ვგულისხმობ, მაგრამ მას გააჩნია ძალა დაიცვას მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე და მიიჩნევს, რომ მობილიზაციის მეორე ეტაპი დაიწყება მაისში, რაც არ იქნება ადვილი, რადგან 2 თვეში ვერ შეკრიბავენ იმ კონტიგენტს, რომელიც მათ სჭირდება. მისი თქმით, ახალი მობილიზაციის შედეგი იქნება შემოდგომისთვის, სწორედ შემოდგომისთვის აპირებენ ამერიკელები ტანკების მიცემას უკრაინისთვის.
„იცით, რომ რეზერვის გაწვევა შეწყვიტეს, ეგონათ, რომ 400 ათასი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ. იმ 400 ათასიდან, რომელიც გაგზავნილი იქნა უკრაინაში, ნაწილი დაიკარგა, ნაწილი როტაციას მოითხოვს და შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ არ ყოფნით ძალა და თავიდან დაიწყეს მობილიზაცია. ახლა ჩანს, რომ უკრაინა ვერ გადადის შეტევაზე. თუ არ დააგროვა შესაბამისი ძალები და ასე დახარჯა ბახმუტისთვის ბრძოლაში, ასეთ შემთხვევაში, ვერ დააგროვებს დიდ ძალას და ექნება ასე გაუთავებელი 800 კილომეტრზე გადაჭიმული სანგრების დაპირისპირება.
რაც შეეხება პატრუშევის განცხადებას, ნატოს მიზანი რომ რუსეთის დაშალა იყოს, მაშინ ჩნდება მარტივი კითხვა - რატომ არ აძლევს უკრაინას იმ იარაღს, რომელიც 500 კილომეტრს აღწევს და დაარტყამს რუსეთის ტერიტორას, ან ყირიმს? რატომ არ აძლევს თვითმფრინავებს, ან საბრძოლო ხომალდებს? რუსები ბევრ რამეს იძახიან, ასე დღემდე შეზღუდულ ოპერაციებს ატარებენ უკრაინაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნატოს სამხედრო სტრატეგიული მიზნები. ამ ეტაპზე, წვდომა გვაქვს ღია სახის ინფორმაციებზე და ზოგადად, პოლიტიკურ განცხადებებზე. რაც შეეხება „საიდუმლო გრიფით“ დაწერილ გეგმებს, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. აქედან გამომდინარე, კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ნატოს და ზოგადად, ყველა იმ სახელმწიფოს ინტერესში არ შედის რუსეთის დაშლა, რომელიც ჩართულია ამ კონფლიქტში რუსეთის საწინააღმდეგოდ. მათ ინტერესში შედის არსებული ხელისუფლების ჩამოცილება ხელიუსფლების სადავეებიდან და მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანა.
„ვფიქრობ, რომ ამ სტრატეგიული მიმართულებით ხორციელდება ღონისძიებები და სწორედ ის თავშეკავება, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ არასაკმარისი სამხედრო დახმარება. რაც შეეხება კონფლიქტის დასრულებას, ვფიქრობ, რომ აშშ-ის ინტერესში უნდა შედიოდეს ამ კონფლიქტის დასრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები შეიძლება უფრო მძიმედ განვითარდეს.
გარკევულწილად უკარაინა მიმართავს აქტიურ ღონისძიებებს, რათა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდეს სამხედრო მოქმედებები და ვფიქრობ, ისეთი ჩაუქრობი ხანძრის ინსპირირებას ჯობია, მოხდეს მხარეებს გარკვეული დაშორიშორება. მართალია, ამ კონფლიქტით იფიტება რუსეთი, მაგრამ სამწუხაროდ, ნადგურდება უკრაინა და ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ნადგურდებიან ადამიანები. ურთულესი ვითარებაა და ამიტომ აუცილებელია კონფლიქტის დროზე დასრულება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.