„პრემიერ-მინისტრს საკუთარი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი ღალატობს“

„პრემიერ-მინისტრს საკუთარი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი ღალატობს“

„თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობაში და ყველა სამინისტროში ბევრი მედროვე და შემთხვევითი ხალხია. კიდევ უარესი, რომ უამრავი ტყავშებრუნებული „ნაცისტია“. როგორც ჩიქოვანი facebook-ს საკუთარ გვერდზე წერს:

„პრემიერ-მინისტრს საკუთარი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი ღალატობს. დასანანია, რომ ბატონი ბიძინა აშკარად ვერ ხედავს რეალურ სურათს. ამაში დამნაშავეა მისი გარემოცვა, რამდენიმე კაცი, რომლებსაც, რატომღაც, ბატონი ბიძინა თვალდახუჭული ენდობა. სინამდვილეში, მას ღალატობენ. მეტი რა არის ღალატი, თუ არა რეალური სურათის დაფარვა, საკუთარი ინტერესების ლობირება, თანამდებობებზე ისეთი ხალხის მოყვანა, რომლებსაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ და რომლებიც ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე.

მე ძალიან არ მომწონს, გუშინდელი „ნაციონალების“ ვითომ გადმობარგება „ოცნებაში“. რა ღირებულებების მატარებლები არიან ისინი? როგორ შეიძლება მათი ნდობა? გუშინ ისინი ყველა ხერხით ებრძოდნენ ჩვენ ხალხს, რომლებიც დღემდე ქუჩაში არიან. ტყუილია, რომ საქართველოში არ არიან პროფესიონალები. პროფესიონალებიც არიან, პატრიოტებიც არიან, პატიოსნებიც არიან, მაგრამ ვინ ეძებს ასეთ ხალხს? ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას საკუთარი სახელი. დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს. ქვეყანას უნდა მართავდნენ საუკეთესო კადრები, რომლებმაც ცხოვრების წესით და არა თაღლითობით დაიმსახურეს ეს. ასეთი ხალხი არის, ოღონდ ისინი არ აქტიურობენ და არც ცდილობენ მოიპოვონ თანამდებობები“, - წერს გიორგი ჩიქოვანი.

„თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი გიორგი ჩიქოვანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ განცხადების შინაარსი „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციას არ გამოხატავს და ეს მხოლოდ მისი პირადი აზრია. ჩიქოვანის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ წევრებს.

რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ სოციალური ქსელით მიგემართათ პრემიერისთვის და გეთქვათ, რომ მას ღალატობენ?

გიორგი ჩიქოვანი: მე რასაც ვფიქრობდი, ყოველთვის იმას ვლაპარაკობდი. მე გავაკეთე ჩემი კომენტარი, ეს არის ჩემი დამოკიდებულება იმ სტატიაზე, რომელიც წავიკითხე. არა მგონია, რომ ამას ასეთი აჟიოტაჟი უნდა მოჰყვეს.

რა სტატიას გულისხმობთ?

- ბატონი ბიძინას განცხადება ნეპოტიზმთან დაკავშირებით. ბატონი ბიძინა თვითონ ადასტურებს, რომ არის ასეთი ფაქტები. მეც ჩემი აზრი დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით. ძველი „ნაციონალების“ გადასვლა „ოცნებაში“, იგივე - საბოტაჟის ფაქტები, ამას ვხედავ და მე ამას ვადასტურებ, რომ სხვა და სხვა სამინისტროებში მართლაც არიან ძველი ნაციონალები და არაკვალიფიციური კადრები. სამწუხაროდ, ისინი ინიშნებიან თანამდებობებზე. ვინც ლობირებს ამ ხალხს, სწორედ ის ღალატობს ბატონ ბიძინას. არაგულწრფელი ხალხი, რომელიც სამწუხაროდ, ყველა მთავრობის პირობებში იყვნენ და ახლაც არიან. მე მგონია, რომ არაფერი ისეთი არ მითქვამს, რაც გასაკვირია.

კონკრეტულად რომელ სამინისტროზე საუბრობთ, როცა ამბობთ, რომ ძველი ნაციონალები და არაკვალიფიციური კადრები არიან?

- არა მგონია, ჩემს ნათქვამს დამატებით სჭირდებოდეს რაიმე განმარტება. არ დამიმალავს ჩემი აზრი და დავწერე. ერთი და ორი ფაქტიც რომ იყოს, ესეც დაუშვებელია ახალი ხელისუფლების პირობებში და ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რომ ასეთი უარყოფითი ფაქტები არ იყოს.

ყველას უნდა ჰქონდეს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა, რომ არ დაუშვას არასანდო, არაპროფესიონალი კადრების ლობირება. მითუმეტეს, - ძველი ნაციონალების, მე ვგულისხმობ იმ ხალხს ვინც დევნიდა ჩვენს ხალხს, ვინც იჭერდა, ვინც სცემდა, აი ასეთი ხალხის დაწინაურება არ უნდა ხდებოდეს. ამას ვგულისმობდი მხოლოდ და მხოლოდ.

თქვენ ამბობთ, რომ გარემოცვა მას ღალატობს. რა გარემოცვაზე საუბრობთ? არის ინფორმაცია, რომ პრემიერის სახელით კონკრეტული თანამდებობის პირები ღებულობენ საკარდო გადაწყვეტილებას...

- არის ასეთი ფაქტები, საქართველო პატარაა... ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არის საკუთარი ინტერესების ლობირება, იმ ხალხის მიერ ვისაც დღეს ბატონი ბიძინა ენდობა. თვითონაც დაადასტურა, რომ ნეპოტიზმის ფაქტები არის და მკაცრად გააფრთხილა ყველა, რომ ასეთი რამ არ იყოს.

შეგიძლიათ თქვათ რა ჯგუფი იღებს ამ გადაწყვეტილებას? ეს არის კოალიციაში შემავალი პარტიები თუ ეს არის გარეთ მყოფი ჯგუფი?

- ესენი არიან ცალკეული პიროვნებები, ვისაც ხელეწიფება რაღაც გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება.