ასეულობით მილიონი ლარი ტურიზმში, ძირითადად, მთების მიმართულებით

ასეულობით მილიონი ლარი ტურიზმში, ძირითადად, მთების მიმართულებით

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესტიაში სათხილამურო ტრასის მშენებლობას გეგმავს. პარალელურად გრძელდება წყალტუბოს რეაბილიტაცია. წესით და რიგით არც ანაკლია უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, მაგრამ იქ ინვესტორები უკე აღარ ჩანან. საერთო ჯამში კი, 2015 წლამდე ტურიზმში ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება.

ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კერძო ინვესტორების მხრიდან ინტერესი გამოიკვეთა და მომავალი წლის ბოლომდე საქართველოში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას თქმით, სხვადასხვა ინფრასტრუტურულ პროექტებში 500 მლნ ლარის კაპიტალს დააბანდებენ.

„ჩვენ ვგეგმავთ, სერიოზული ინვესტირება მოვახდინოთ შავი ზღვის კურურტ ანაკლიაში. კომპანიები, რომლებსაც სურთ ინვესტირების განხორციელება ანაკლიაში, გადასახადებისგან 10-15 წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან. სერიოზული ცვლილებები განხორციელდება კურორტ წყალტუბოს რეკონსტრუქციაში, რომელიც ქუთაისთან ახლოს მდებარეობს. კურორტს საკუთარი აეროპორტიც გააჩნია, სადაც უკრაინიდან და პოლონეთიდან ხორციელდება რეისები“ - აღნიშნა სიგუამ.

ტურიზიმს ადმინისტრაციაში ძირითადი თანხის მობილიზებას კერძო ინვესტორებისგან ელიან. კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან კი თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ სერიოზული დანახარჯის მიუხედავად, რამდენიმე ინვესტორი მზადაა ახალი პროექტების განსახორციელებლად. ადმინისტრაციის მიერ ინვესტორების მოსაზიდად შექმნილია სპეციალური ფონდი, რომელიც აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას გაუწევს.

„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესი. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სვანეთში, მესტიაში ახალი სათხილამურო მარშრუტის გახსნა. რამდენიმე დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, სავარაუდოდ, სოლიდურ დანახარჯამდე მივალთ. ჩვენი ვარაუდით, 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამ თანხის მობილიზებას კერძო ინვესტიციებისგან ველოდებით. არის რამდენიმე ინვესტორი, რომელიც უკვე დაინტერესდა. დიდ იმედს ვამყარებთ ზამთრის ტურიზმზე“, - აცხადებენ სიგუას უწყებაში.

არადა ექსპერტები ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მთავრობას სიფრთხილეს ურჩევენ. მათი აზრით, ქვეყნის ეკონომიკისთვის ზამთრის ტურიზმი ნაკლებად მომგებიანია და ინვესტირება სხვა მიმართულებითაა გასააქტიურებელი, რაც უფრო მოთხოვნადია და მოკლე ვადაში მეტ მოგებას მოგვცემს.

„ჩვენთან ზამთრის კურორტებზე დასვენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამასთან, დიდი ინვესტიციაც სჭირდება. არა მგონია იყვნენ ინვესტორები, რომლებიც მესტიაში, ახალი კურორტის მშენებლობაში ფულს ჩადებენ. საქართველოს შემთხვევაში, უფრო მომგებიანია ისეთი მიმართულების განვითარება, რაც მოითხოვს ნაკლებ ინვესტირებას და სწრაფ მოგებას მოგვცემს. მაგალითად, ასეთია სათავგადასავლო ტურიზმი. ეს არ უკავშირდება დიდ დანახარჯებს და დამსვენებლების მხრიდანაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს“, - განმარტავს ექსპერტი ნიკა კვარაცხელია.

მისი ვარაუდით, ქვეყნისთვის გაცილებით მომგებიანია კურორტი წყალტუბო, რომელიც უიშვიათესი თვისების გამო ყოველთვის პოპულარული იყო. ამიტომ ამ კურორტის რეაბილიტაცია ძალიან სწრაფად უნდა დასრულდეს.