„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება კარგი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, მიიღოს გადაწყვეტილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვის მისცეს ოპოზიციის მანდატი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირება იწყება. პარტიის ახალგაზრდული ფრთის ნაწილი, რომელიც ნიკა მელიას უჭერდა მხარს და განსხვავებული აზრი გააჩნია, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე არ მიიწვიეს. უფრო მეტიც, მათ აღნიშნული ყრილობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მომხრეები კი აცხადებენ, რომ ყრილობაზე ყველა მათგანი იყო დაპატიჟებული.
ახალგაზრდები აპროტესტებენ, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ახალგაზრდებს რეალურად აზრს არ ეკითხება და ცდილობს, მხოლოდ ერთი აზრი იყოს პარტიაში, ის, რაც ვანო მერაბიშვილს მიაჩნია სწორად. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი აცახდებს, რომ სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილის პროცესების შემოსვლამ გამოიწვია პარტიის დაშლა. ბიძინაშვილი პარტიის არაფორმალურ თავმჯდომარეს მიმართავს, რომ ის არც ამ პარტიის და არც ამ ქვეყნის მომავალი არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის დანიშვნის შემდეგ, პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირება საჯარო გახდა. ყოველდღე ვხედავთ, რომ ხდება პარტიის გაყოფა, დაშლა, ადამიანები ტოვებენ პარტიას, რაც არის არაფორმალური მმართველობის გავლენა და სტილი. ადამიანები, სწორედ, ოდიოზური, ყოფილ ძალოვან მინისტრთან, მერაბიშვილ-კეზერაშვილთან დაპირისპირების მიზეზით ტოვებენ პარტიას. პატრიაში მართვის სადავეები ყოფილმა ძალოვანებმა აიღეს. მერაბიშვილი-კეზერაშვილის გარდა პარტიულ მმართველობაში ასევე ჩართულია თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მათ შორის ქვეყნიდან გაქცეული ძალოვნები ძმები ახალაიები და სოსო თოფურიძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მონსტრები მართავენ. მისი თქმით, პარტია სრული პოლიტიკური დეგრადაციის გზაზე დგას. ფაქტობრივად, პარტიის ცხოვრების მთავარ დღის წესრიგად არაფორმალური მმართველობა გახადეს და პარტიას სათავეში შესაბამისი ლიდერიც ჩაუყენეს.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა მიდის, ვინც საკუთარ თავს უფრო პროგრესულად ხედავს. ეს მკაფიოდ გამოიხატა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, რადგან ახალგაზრდებმა დაინახეს, რომ მათი ახალგაზრდული ენთუზიაზმი უგულებელყოფილია, ვინც არ ემორჩილება არაფორმალურ მმართველობას. ეს პროცესი აისახება პარტიის ამომრჩევლის რაოდენობაზე.
ჩემი მხრიდან ნიკა მელია რა შეფასებასაც არ უნდა იმსახურებდეს, მისი იდეა დასანახია - მან პარტიის განახლება მოინდომა და ახალი სახეები მიიყვანა, მაგრამ ახლა ვხედავთ, პარტიაში რეტროგრადულ სურათს, რადგან პარტიას პოლიტიკური მონსტრები მართავენ. მათი განცხადებებიც ზუსტად იმ მონსტროიდულ თარგში დევს, რითაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას მართავდნენ და ხალხს ჩაგრავდნენ, ეს იწვევს თვალხილულ დაშლას და ჩამოშლას პარტიული რიგების“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
სწორედ იმის გამო, რომ პარტიის არაფორმალური მმართველობა ძალოვნებმა გადაიბარეს, რომლებიც არ არიან შეჩვეული პოლიტიკური განცხადებების კეთებას, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, დაუდევარად იქცევიან, მათი მხრიდან თითქმის არ არის სერიოზული განაცხადი, გარდა იმისა, რომ მერაბიშვილის ინტერვიუები ვრცელდება უკრაინულ არხებზე. რაც შეეხება ძალოვნების ამ კონცენტარციას და კეზერაშვილის ყოფნას განსაკუთრებული სტატუსით ამ ჯგუფში, პოლიტოლოგის დაკვირვებით, ასეთი სტრუქტურა სავარაუდოს ხდის, რომ ეს ჯგუფი დაინტერესებული უნდა იყოს დაიკავოს საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია
„სატრანზიტო სქემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის არალეგალური ტვირთების ტრანზიტი. ჩვენ ვიცით, რომ ამ მხირვ კეზერაშვილი საკმაოდ საინტერესო გახლავთ. არალეგალური ტვრთების მიმართ გარკვეული ინტერესები ჰქონდა და აქვს. კეზერაშვილის მიერ დაგროვილი მილიარდები სწორედ არალეგალური ტვირთბრუნვებით იხსნება და კერძოდ, იარაღის არალეგალური ვაჭრობით. სავარაუდოა და მით უმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, ყოფილი ძალოვანების ერთ-ერთი ინტერესი იყოს გახსნილ იქნას ასეთი სქემები - არალეგალური ტვირთების გატარება საქართველოდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, უტყუარი ფაქტებია უკვე იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მერაბიშვილი-კეზერაშვილის შემოსვლით და ნომინალურად ხაბეიშვილის შემოსვლით, პარტიაში კიდევ უფრო აირია ვითარება, მათ შორის, ეს უკვე შეეხო ახალგაზრდულ ფლანგსაც, რომელსაც ემატება თითქმის კვირაში ერთხელ, რომელიმე, შედარებით ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსის გამოსვლა ამ პარტიიდან, რაც მისი თქმით, სავსებით ბუნებრივიც არის.
„შეუძლებელია და წარმოუდგენელია, რომ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზიები პროდასავლურობაზე და ინტელექტუალურობაზე, თავმჯდომარედ ჰყავდეს ლევან ხაბეიშვილი. ეს სრული ანომალიაა, მაგრამ იმის გარდა, რომ ხაბეიშვილი ნომინალური ლიდერია, არც ვანო მერაბიშვილი გამოირჩევა დიდი პოლიტიკური გამჭრიახობით და ცხადია, ეს პროცესები იძენს რღვევის კიდევ უფრო მეტ პროცესს.
როგორ მივა 2024 წლამდე პარტია, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. საკითხავია, ხომ არ იქნება ისეთი ვითარება, როდესაც პარტიიდან წამოსული ნაციონალების ე.წ. ძველი ფრთა გაერთიანდეს სხვა არსებული პარტიის ჭერქვეშ, ან შექმნას ახალი. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა მელიაც ჩაჩოჩებულია მთავარი პროცესებიდან და თვითონაც არ აქტიურობს. დაახლოებით წელიწადნახევარში არის მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყნისთვის და ამისთვის უნდა მოემზადოს ყველა პოლიტიკური პარტია. ასე დაქუცმაცებულად და შერყეულად მისვლა არჩევნებამდე, ბუნებრივია, პოლიტ-ტექნოლოგიურად, არც ერთი ავტორისთვის არ არის მომგებიანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს როგორი უნდა იყოს ოპოზიციური და სახელისუფლებო ფლანგი. მისი თქმით, ანტისახელისუფლებო ფლანგზე ერთია ის ამომრჩეველი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელი ეუბნება, რომ შენს ფლანგზე არსებული ოპოზიციური ძალები ჯალათებს და კრიმინალებს წარმოადგენენ და მეორეა, როდესაც იმავე ნარატივზე ესაუბრება მათ ამ სფეროს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო.
„სტრასბურგის სასამართლოს ვეღარ დაადანაშაულებენ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმართებიან. ამიტომ, ვისაც შერჩა კიდევ უნარი, რომ იმსჯელოს, დასკვნები გამოიტანოს და რეალობას შეხედოს თვალებში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს დაუსვამს კითხვას - ვის გვერდში იქნება 2024 წლის არჩევნებზე და ვის უნდა მისცეს ხმა.
საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში იმ რეჟიმის ყველაზე სასტიკ, სადისტურ, არადემოკრატიულ, არაქართულ გამოვლინებებთან და სწორედ ყურადღების გადატანას ემსახურება სააკაშვილის დედის ეს სასაცილო ვოიაჟი ნორვეგიაში, რომელმაც „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთ შვილობილ სამეკავშირეო ნორვეგიულ ჭე-კლასისი პარტიას გამოსძალა რაღაცა სიგელი, თუ ჯილდო“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ნელ-ნელა და რიგითობით უწევს „ნაცმოძრაობისთვის“ გამანადგურებელი ვერდიქტის გამოტანა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ადგილი ჰქონდა სისტემატურ წამებას, სადიზმს, იმ ჯალათობრივ პრაქტიკას და არადამიანურ მოპყრობას, რაზეც, მისი თქმით, ყოველ დღე ესაუბრებიან არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს.
„მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთია როდესაც ამაზე საუბრობენ მოქმედი ხელისუფლების მომხრე ადამიანები და მეორეა, როდესაც სტრასბურგის სასამათლოს გამოაქვს ოფიციალური ვერდიქტი. დიახ, ოფიციალური ვერდიქტი გამოაქვს სტრასბურგის სასამართლოს ოჩიგავას საქმეზე, ასევე ვაზაგაშვილის საქმეზე, საიდანაც ვიგებთ, რომ იმ დროინდელი პოლიცია არა თუ სპეცოპერაციას ატარებდა, არამედ პირდაპირ ადამიანების ხოცვით იყო დაკავებული. ასევე იყო გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის საქმე და რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ამათ არ ეხებათ დათო ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეები, რომლებიც პოლიციელებმა გაიყვანეს ზღვაში, მოკლეს და ფეხებთან ბეტონმიბმულები ფსკერზე გაუშვეს ისე, რომ ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ საშუალება დაიტირონ თავისი შვილები. ამიტომ, როდესაც ეს ამბავი უკვე საერთაშორისო დონეზე სკდება და ვისაც სურს პოლიტიკური თვითგადარჩენა, ყველა ცდილობს ყველაზე ოდიოზურ ფიგურებს, რომელსაც განასახიერებს იგივე ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, საჯაროდ გაემიჯნონ.
არ ვიცი ვისთან ერთად გააგრძელებენ ხატია დეკანოიძის მსგავსი ანასხლეტები ხვალინდელ პოლიტიკურ გზას, ამას უახლოესი დრო გვანახებს, მაგრამ ასეთი ტენდენციაა - ისინიც კი ხვდებიან, რომ 2024 წლის არჩევნებზე მათთან გაიგივება აბსოლუტურ კრახს ნიშნავს, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმისთვის, ვერდიქტი გამოაქვს ძალიან ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.