ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ, კრემლი მსოფლიოს ისევ ბირთვული იარაღით აშანტაჟებს. ბელარუსისთვის ისკანდერის სარაკეტო სისტემის გადაცემის შემდეგ, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელი, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.
მიზანი ცხადია - ნატოს წევრი სახელმწიფოების - ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, გერმანიის და აღმოსავლეთ სახელმწიფოების ბირთვული სამიზნეებად ქცევა, რადგან ბელარუსის ტერიტორიიდან ტაქტიკური ბირთვული რაკეტების მეშვეობით შეუძლია საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში დარტყმები მიაყენოს ამ სახელმწიფოებს.
ექსპერტების შეფასებით, ვლადიმერ პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მესამე მსოფლიო ომის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. თავის მხრივ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ერთადერთია, ვისაც შეუძლია მსოფლიოს აარიდოს მოსალოდნელი მესამე მსოფლიო ომი, რომელიც, მისი თქმით, სულ უფრო რეალური ხდება. ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დანიელ ჰოგსტა აცხადებს, რომ სანამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება.
„სანამ პრეზიდენტ პუტინს აქვს ბირთვული იარაღი, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება. სანამ ქვეყნები ბირთვულ იარაღს გლობალურ პრობლემად არ თვლიან, ეს პუტინს თავისი საქციელის დაფარვაში ეხმარება“ , - აღნიშნულია დანიელ ჰოგსტას განცხადებაში.
ჩინეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა 1-ელი ივლისისთვის დასრულდება.
„ბელარუსი დიდი ხანია ითხოვს თავის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას. 3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1-ელ ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე. იარაღი შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე განლაგდება. ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია 10 თვითმფრინავი, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო ნატო ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს. ალიანსში თვლიან, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ნატო ფხიზლადაა. როგორც ნატოს სპიკერი აცხადებს, ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START - ის ხელშეკრულებაში.
კრემლმა ბელარუსიის მოქალაქეები ბირთვულ მძევლად აიყვანა და ამ ნაბიჯით ბელარუსს ღიად უპირისპირებს მსოფლიოს და სულ უფრო რეალური ხდება მესამე მსოფლიო ომის საფრთხე. დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ყოველ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ბირთვულ იარაღთან, პირდაპირ მსოფლიო ომის საფრთხესთან მივყავართ, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებლად ნიშნავს საპასუხო დარტყმის განხორციელებას, რაც მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, არის მსოფლიო აპოკალიფსის საფრთხე.
„ეს არის იმ ბირთვული შანტაჟის სტრატეგიის გაგრძელება და გაღრმავება, რომელსაც რუსეთი უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. მან ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგება, როგორც გადაწყვეტილება ისე გამოაცხადა და არა მიზანი. ცხადია, მათ უკვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამის მიზანია, ბელარუსის მეზობელი ნატოს წევრი სახელმწიფოების ბირთვულ სამიზნეებად ქცევა. ეს არის ბალტიის ქვეყნები, გერმანია, პოლონეთი და აღმოსავლეთ სახელმწიფოები.
ბელარუსიდან ტაქტიკური ბირთვული რაკეტების მეშვეობით მას შეუძლია საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში დარტყმები მიაყენოს ამ სახელმწიფოებს. რა თქმა უნდა, თეორიულად, მაგრამ ამას გაბედავს თუ არა პუტინი, ეს სხვა თემაა, უბრალოდ, ეს ნაბიჯი არის ბირთვული დაპირისპირების გაღრმავების ძალიან საშიში მორიგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
როგორც დიპლომატი აცხადებს, წესით, პუტინის გადაწყვეტილება პროტესტის საფუძველი უნდა გახდეს, მაგრამ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს უჭირავს ყველაფერი ხელში, მასთან ოპოზიციაში მყოფი ყველა პოლიტიკური მოღვაწე ქვეყნიდან განდევნილია. როგორც ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, ეს არის ღია დიქტატორული რეჟიმი და ამ შემთხვევაში, არ შეიძლება არ გაჩნდეს ადამიანების აღშფოთება, მაგრამ გადავა თუ არა ეს კონკრეტულ მოქმედებებში, ამაზე საუბარი უჭირს.
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება და სამხედრო თვალსაზრისით, არავითარი ბენეფიტის მომტანი რუსეთისთვის არ არის. მისი თქმით, რამდენიმე კილომეტრით მიახლოვებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სტრატეგიული შეიარაღებისთვის. შესაბამისად, როგორც კაპანაძე ამბობს, ერთი - ეს არის პოლიტიკური განცხადება და მეორე - კუნთების თამაში და ვითომ მსოფლიოს შანტაჟი; მესამე - ეს არის ბელარუსის საბოლოოდ რუსეთზმე მიბმა და თუ ჩაიძირა რუსეთი, ჩაიყოლებს ბელარუსს.
„რაც შეეხება რუსეთის პოტენცილას, შეტევითი პოტენციალი ფაქტობრივად ამოწურული აქვს, თუმცა რუსეთს გააჩნია პოტენციალი იბრძოლოს დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებისთვის. ანუ, თავდაცვის ნაწილის პოტენციალი გააჩნია, შეტევითი არა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, პროვოცირებს თუ არა ბირთვული იარაღის თემით - ეს არის პოლიტიკური აქტი, ფაქტობრივად, ეს არის ბელარუსის მიჯაჭვა რუსეთზე და ეს არის ტაქტიკური კუნთების ჩვენება - აი, ჩვენ გაფრთხილებთ და ა.შ. არავითარი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული ომისთვის არ არსეობს. ასე რომ, ეს არაფრის მომცემი გადაწყვეტილებაა.
ეს არის პასუხი იმაზე, რომ თუ ნატომ შეიერთა ფინეთი და ამით რუსეთთან ნატოს საზღვარი იზრდება, აი, ჩვენ ბირთვულ იარაღს უფრო ახლოს განვათავსებთ ნატოს საზღვრებთან. როგორც პუტინმა განაცხადა, უკვე ასრულებენ ბირთვული იარაღის საცავს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იქნება არც პოლონეთის და არც უკრაინის საზღვართან ახლოს, ის უნდა იყოს სიღრმეში უსაფრთხო ადგილას, ანუ, ის იქნება რუსეთთან ახლოს. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ათეული კილომეტრის მომატება აბსოლუტურად არაფრის მომცემია. კიდევ ერთხელ, ეს არის ბელარუსის მიჯაჭვა რუსეთზე საბოლოოდ, რაც ძალიან ცუდი პოლიტიკური ნაბიჯია და არაა გამორიცხული, რომ ამას შიდა არეულობა მოჰყვეს ბელარუსში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.