რუსეთი ახალ ბერლინის კედელს აშენებს?

რუსეთი ახალ ბერლინის კედელს აშენებს?

ძაღლის ყეფა რომ მოესმება, ილია ბერუაშვილმა იცის, რომ კართან რუსები არიან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 53 წლის ილია ბერუაშვილი, რომელიც ქართული სოფლის, დიცის შემოგარენში ცხოვრობს, საკუთარი სარკმლიდან აკვირდება იმას, თუ როგორ პატრულირებენ მეზობელი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი სამხედროები, იმ მიწებზე, რომელსაც ის ოდესღაც ამუშავებდა.

თანაც სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან. რამდენიმე თვის წინ, ჯარისკაცებმა მისი სარდაფიდან რამდენიმე მეტრში ღობის მშენებლობა დაიწყეს – ღობის, რომლის წყალობითაც ილია ბერუაშვილის სახლი და მიწის ნაკვეთი საქართველოს იურისდიქციის მიღმა, რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.

2008 წელს რუსეთის და საქართველოს მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ეს რაიონი, რომელიც რამდენიმე კილომეტრშია სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალისგან აღმოსავლეთით, ისეთ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომ რუსული ჯარები აქ საერთოდ არ უნდა იდგნენ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუსეთის ფედერაციისთვის აქ ღობე აეშენებინა.

ამ 27 კილომეტრიანმა ღობემ, რომელიც 15 ქართული სოფლის ტერიტორიის გასწვრივ იგება, ოჯახები გაყო და ადამიანები არსებობის საშუალებას მოწყვიტა, დააშორა რა გლეხები საკუთარ ყანებს და ბაღებს. მან გადაკეტა მისასვლელი სასაფლაოებთან, წყალმომარაგების წყაროებთან ეთნიკური ქართველებისთვის, ისევე როგორც ზოგიერთი ოსური ოჯახი მოწყვიტა ჯანდაცვის და საპენსიო მომსახურებას.

დიცში მწვანე პლასტიკის ღობეა დამონტაჟებული. სხვა სოფლებში, მაგალითად ერთი ციდა სოფელ ხურვალეთში, რომელიც თბილისიდან 69 კილომეტრშია, მავთულხლართია გაბმული.

მთელი ეს ნაგებობა იმის შეხსენებაა, თუ როგორ არღვევს რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და როგორი უუნაროა თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა მოსკოვს პასუხი მოსთხოვოს.

თუმცა, თავად ამ ნაგებობაში, ახალი არაფერია. ილია ბერუაშვილს ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს რუსული არმია შეეცადა სასაზღვრო ნიშნების დაყენებას და სამხრეთ ოსეთის საზღვრის გავლებას მის ეზოში. მაშინ მან შეძლო ამის აღკვეთა, მისი თქმით, ხმამაღალი შეძახილებით: ის ყვიროდა, რომ ისინი დედამისს აშინებდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური წარმომადგენლის ენ ვესენის თქმით, რუსმა სამხედროებმა ამ მიდამოებში, ანუ საქართველოს შიდა-ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე ღობეების აღმართვა 2008 წლის 8-12 აგვისტოს შემდეგ დაიწყეს. ევროკავშირის მისია, ერთადერთი საერთაშორისო სტრუქტურაა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე მონიტორინგს ატარებს.

მიუხედავად თბილისის, ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების პროტესტისა, რომ ამ ღობეების აღმართვა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მშენებლობა მაინც გრძელდება.

მეტიც, ენ ვესენის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პროცესი „გააქტიურდა“. „სოფლები იყოფა, ადამიანებს ერთმანეთთან ლაპარაკი, ნათესავების მონახულება აღარ შეუძლიათ. ვერ მიდიან ახლო ნათესავის დაკრძალვაზე“, ამბობს იგი.

ჰანს შნაიდერს, EUMM-ის ოფისის გერმანელ ხელმძღვანელს გორში (საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონასთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი), აღნიშნული ნაგებობა ბერლინის კედელს აგონებს, რომელიც ამ გერმანულ ქალაქს 1961 -დან 1989 წლამდე ყოფდა.

„მე მინახავს, როგორ ტიროდა დედაჩემი, როდესაც მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დისგან წერილი მიიღო“, გვიყვება ის საკუთარი განცდების შესახებ, რომელიც EUMM-ისოფიციალურ პოზიციას არ ასახავს. „ვიცი, რომ ამის სრულად შედარება საქართველოს სიტუაციასთან არ შეიძლება. მაგრამ მე იმდენი შერეული ოსურ-ქართული ოჯახი მინახავს, სადაც დედა საკუთარ ქალიშვილზე ტირის“.

ილია ბერუაშვილისა და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ამ ღობეების მშენებლობის მიზანი გადაადგილების აბსოლუტურად მკაფიო შეზღუდვაა. „მათ უკვე დააყენეს კარიბჭე გზატკეცილზე… ახლა დაბრუნდნენ და ამ მიმართულებით მოქმედებენ. როგორც ჩანს, მათ თვალი ამ სახლებსაც დაადგეს“, – ამბობს ის დიცის შემოგარენში მდებარე სახლებზე.

როგორც EurasiaNet.org-ს თბილისში, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ ქემოკლიძემ უთხრა, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა რუსების მიერ ღობეების მშენებლობის საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჟენევაში, ასევე ყოველთვიური შეხვედრების დროს რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან. თუმცა, ჯერჯერობით კრემლი არაფრად აგდებს საქართველოს მხრიდან ამ მშენებლობის შეჩერების მცდელობებს.

„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პარტნიორების და ყველა იმ ქვეყნის ინფორმირებას, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობა აქვს“, – ამბობს კახაბერ ქემოკლიძე. „ახლა რუსეთს არ აღელვებს საზღვარი [სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს და დანარჩენ საქართველოს შორის], მაგრამ შემდეგ კვირაში, შემდეგ თვეში, მომავალ წელს ეს, შეიძლება ისეთ საკითხად იქცეს, რომელზეც მას კომპრომისის გამონახვა მოუწევს“.

საბოლოო ჯამში, ჩინოვნიკის თქმით, საქართველომ „ტაქტიკური მოთმინება“ უნდა გამოავლინოს. თუმცა, „ტაქტიკურ მოთმინებას“ ჯერ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, ამტკიცებდა რა, რომ ღობის გავლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ფარგლებში ხდება, ამ საკითხის განხილვაზე ჟენევაში უარი თქვა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს თბილისის უერთიერთობების დარეგულირებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, აღიარებს, რომ ჟენევის პროცესი სერიოზული დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა.

იმ დროს, როდესაც თბილისი, მისი მტკიცებით, მოსკოვთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოხატავს, აღნიშნული კედელი იმას მომწობს, რომ რუსეთი მზად არ არის ანალოგიური პასუხისთვის. „მაგრამ ჩვენ ამ დაბრკოლებებს გადავლახავთ“, თქვა სახელმწიფო მინისტრმა, „ბერლინის კედელი დაინგრა, ასე რომ ეს ღობეები სასაცილოა“.

საქართველო გათვლას მოთმინებაზე და „სიტუაციის მიმართ პრაგმატულ მიდგომაზე“ აკეთებს, დასძინა მან. თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც კონფლიქტის ხაზის გასწვრივ ცხოვრობს, მსგავსი მოთმინებისთვის განსაკუთრებული მიზეზები არ გააჩნია. ომის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, ილია ბერუჩაშვილმა საკუთარი შვილები სახლისგან შორს გახიზნა. სოფელში ის დედასთან ერთად დარჩა და რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ ბაღებს უვლის, ისეთს, სადაც იმის რისკი, რომ რუსი სამხედროები დააპატიმრებენ, ნაკლებია. ის მამის საფლავზე გასვლას და მწვანილის დაკრეფვას ისეთ ტერიტორიაზე, რომლის სიახლოვეშიც რუსი სამხედროები დღეს რეგულარულად პატრულირებენ, მხოლოდ ისეთ დროს ახერხებს, როდესაც ამ ტერიტორიას ქართული პოლიციის პატრული ათვალიერებს.

„ქალებს ეშინიათ, მოხუცებს ეშინიათ, შვილები აქ ვერ მოგვყავს“, – ამბობს ილია ბერუაშვილი. მისი თქმით, ბოლო დროს რუს სამხედროებს აგრესიული ტონი გაუჩნდათ. „მათ ამ ტერიტორიის მიტაცება უნდათ“, – დასძენს იგი.

ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილობრივ მცხოვრებს, ილია ბერუაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არ დანებდება, გააკეთებს ყველაფერს რაც კი მისი შესაძლებლობის ფარგლებშია, რომ არ დაუშვას მისი სახლი და მიწები დეფაქტო რუსეთის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ფარგლებში მოექცეს. „გადავწყვიტე, რომ ისინი აქ არ შემოუშვა“, ამბობს იგი.

შეძლებს თუ არა ის წარმატების მიღწევას იქ, სადაც ვერაფერს გახდა საერთაშორისო თანამეგობრობა, დრო გვიჩვენებს.

foreignpress.ge