„ასეთი მეთოდებით მუშაობას არ ვურჩევ ბურჯანაძის პარტიას“

„ასეთი მეთოდებით მუშაობას არ ვურჩევ ბურჯანაძის პარტიას“

ბოლო რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონებში პარტიის წევრები „ქართული ოცნების“ რიგებს მასობრივად ტოვებენ და ბურჯანაძის პარტიაში წევრიანდებიან. ამ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ შტაბის წევრები ავრცელებენ, თუმცა გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ რეალურ და დასახელებულ ციფრებში სერიოზული სხვაობაა, რომ პარტიიდან პარტიაში გადაბარგების შემთხვევები არის, მაგრამ არა ისე მასობრივად, რა ტიპის ინფორმაციაც ვრცელდება. როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ტაქტიკაა, რომლის მეშვეობითაც ვიღაც, რაღაც პროცესის სტიმულირებას ცდილობს.

მაგალითად, „დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის შტაბის კოორდინატორის, ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონის რვა რაიონში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები 250-მდე ადამიანმა დატოვა და „დემოკრატიულ მოძრაობას“ შეუერთდა. მანამდე არსებული ინფორმაციით კი პარტია „დემოკრატიულ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციიდან წასული 60-მდე ადამიანიც შეუერთდა.

„დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისის ხელმძღვანელის, ამირან ღადუას განცხადებით, მათ პარტიაში „ქართული ოცნების“ 90-მდე წევრი გადავიდა. ისინი ჯერჯერობით პარტიაში არ გაწევრიანებულან, თუმცა უკვე ჩაერთნენ საარჩევნო საქმიანობაში.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოგია. მისი განცხადებით, ჯერჯერობით არც ერთი განცხადება პარტიის დატოვების თაობაზე მასთან არ შესულა.

პარტიის მასობრივად დატოვების ფაქტს არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი ადასტურებს. რომელიც აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა პარტია ლანჩხუთში.

„არ დასტურდება ეს ინფორმაცია, ჩვენ გადავამოწმეთ და ლანჩხუთში მხოლოდ ორი წევრი გადავიდა ნინო ბურჯანაძესთან. ამ ინფორმაციას ავრცელებს ნინო ბურჯანაძის პარტიის კახეთის კოორდინატორი. ასეთი მეთოდებით მუშაობას მათ არ ვურჩევ. კახეთზეც გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა ესეც არ დასტურდება. არც კოალიციიდან და არც კოალიციის რომელიმე პარტიიდან არავინ გადასულა“, - აცხადებს იმერლიშვილი.

„დემოკრატიული საქართველოს“ წევრი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ პარტიაში გადასვლის შემთხვევები არსებობს, თუმცა მას რაოდენობის დასახელება არ შეუძლია.

„ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს შტაბებთან რიგები დგას, მაგრამ იმედგაცრუება რომ არსებობს პირველი ოქტომბრის შემდეგ, ეს ფაქტია. შემიძლია, მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ ძალიან დიდი დოზით იმედგაცრუება არსებობს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იმედით შეჰყურებდნენ ახალ ხელისუფლებას, არა პურის და საკვების, არამედ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით“, - აცხადებს ოგბაიძე.

მისივე განმარტებით, ეს განწყობა კოაბიტაციასთან შეურიგებლობამ გამოიწვია.

„არ დაგიმალავთ, ძალიან ბევრი ადამიანი გვაკითხავს ბოლო დროს და ვისაც სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს ნაციფიკაციის მოცილებაში, მათთვის ჩვენი კარი მუდამ ღიაა. ან აღვადგენთ სამართლიანობას, ან ისეთ ჭაობში ჩავეფლობით, საიდანაც ვეღარ ამოვალთ. ამიტომ, როგორც რიგითი ადამიანი, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი დადგეს“, - აცხადებს ოგბაიძე.

სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეფერხებამ საზოგადოებაში უკმაყოფილება და იმედგაცრუება მართლაც გამოიწვია, არც ის არის უცნაური, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები შეეცდებიან დღევანდელი ხელისუფლების ეს მინუსი საკუთარ პლუსად და წინასაარჩევნო დაპირებად გადააქციონ. ეს ჩვეულებრივი საარჩევნო ტაქტიკაა, თუმცა რამდენად გამართლებულია, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით ამომრჩევლის მოზიდვა, ალბათ, სხვა თემაა. მოუტანს თუ არა ბურჯანაძეს ასეთი ტაქტიკა წარმატებას ძნელი სათქმელია, მაგრამ მეორე ტურში „დემოკრატიული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის მოხვედრა, ალბათ, ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგად უნდა განვიხილოთ.

როგორც ჩანს, ის, რასაც დასავლეთი დაბეჯითებით ითხოვდა ხელისუფლებისგან, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე ისევ ხელისუფლებას შემოურტიალდეს საწინააღმდეგოდ და კოაბიტაციის პროცესით გამოწვეული უკმაყოფილება საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე აისახოს.

„ის რაც ბოლო დრეებში ვნახეთ, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც 26 მასის მოვლენებზე ასეთ შეფასებებს აკეთებენ, ამ დროს ლამისაა, ვანო გაამართლონ და ლამისაა, ვანო მერაბიშვილის პულსზე ააგონ დღის მთელი სიახლეები. ამ დროს არავინ კითხულობს იმ ადამიანებს, რომელთა სისხლზე, ოფლსა და მოპარულ წლებზე არის მოსული ახალი ხელისუფლება. ამიტომ სრულიად გასაგებია ჩემთვის ის იმედგაცრუება, რაც სუფევს რეგიონებში“, - აცხადებს ოგბაიძე.

ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ შესაძლოა, სპეციალურად ხდება ამ ინფორმაციის გავრცელება, რომ ბიძგი მიეცეს პროცესებს.

კახა კახიშვილი: „ვითარებიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, თვითონ „ქართული ოცნებაც“ მძიმე დღეშია, რადგან პირისპირ არიან დარჩენილები „ნაცმოძრაობასთან“ და რეალურად რომ განვიხილოთ, დღეს პარლამენტში ოპოზიცია არ არის - ორი სახელისუფლებო ძალაა წარმოდგენილი, „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“.

„ქართული ოცნების“ გუნდი არ არის ერთიანი, ხელოვნურად შეიკრიბნენ ერთი ადამიანის გარშემო ისეთი ლიდერები რომლებსაც საქართველოს განვითარებაზე სრულიად სხვადასხვა წარმოდგენები აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ ბევრს არ მოსწონს მარგველაშვილი, მაგრამ რაკი ბიძინა ივანიშვილის დასახელებულია, ხმას არ იღებენ.

ამ დროს კეთდება ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიდის თანამდებობიდან. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველიც დაფიქრდება, თუ მანამდე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ფიქრობდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში, ვინ იქნება მისი მხრიდან წარდგენილი მაჟორიტარი, რომ მთავარია ბიძინა იყოს ადგილზე.

ასეთი განცხადების შემდეგ კი ეს ამომრჩეველიც უკვე ფიქრობს ვის უნდა მისცეს ხმა, მარგველაშვილს ბიძინას გარეშე თუ სხვა კანდიდატს. ხალხი დაფიქრებულია, უკვე ერთი წელი გადის, სამართლიანობის აღდგენა მოიკოჭლებს, დროში სერიოზულად გაიწელა, ცალკე შეშფოთებულია ბიზნესი, რომელიც ელოდება არჩევნების შემდეგ ქონების დაბრუნებნას, სოციალურად დაუცველი ფენა პრობლემების გადაჭრას ელის და ა.შ.

ეს ყველაფერი დროში რომ გაიწელა, ბუნებრივია, უკვე გაღიზიანებაშიც გადადის, მაგრამ მისი გამოვლინება ახლა იმიტომ არ მიმდინარეობს, რომ ჯერ ბიძინა ივანიშვილი თანამდებობაზეა და მას ხალხი პატივს სცემს. მეორეც - მანამ, სანამ მიშა საფრთხობელას როლშია, აგრესიას ან რაიმე სახის მოთხოვნებს არ გამოავლენენ, რადგან კარგად ესმით, რომ ამ ტიპის განცხადებები ხელისუფლების მიმართ, ირიბად მაინც „ნაცმოძრაობის“ ინტერესებზე დაასხამს წყალს.

საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ისეთი ტიპის განცხადებები, რომ ისე არ იქნება როგორც ახლაა, ეს იზიდავს ამომრჩეველს. მარგველაშვილმაც კი გააკეთა განცხადება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში კოაბიტაცია დასრულდება“.

საზოგადოება როგორც ჩანს, მყარ გარანტიებს ელოდება და რაკი „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში სტაბილურობის გარანტად ნაკლებად შეიძლება მოიაზრებოდეს, არ არის გამორიცხული, „ოცნების“ ამომრჩეველმა მართლაც სხვა მიმართულებით გადაინაცვლოს.

„შესაძლოა არჩევნების ბედი ვერ გადაწყვიტოს, მაგრამ შესაძლებელია, ბევრი ის ადამიანი რომელიც „ოცნების“ მყარი ამომრჩელელი იყო ივანიშვილის გამო, სწორედ ივანიშვილის წასვლის გამო გახდეს ბურჯანაძის ამომრჩეველი. აქ უცნაური არაფერია, ხელისუფლებას თვითონაც კარგად ესმის, რომ კოაბიტაციით ხალხს მხოლოდ აღიზიანებენ“, - აცხადებს კახიშვილი.