კომუნალური ტარიფის ფორმულირება გადაიხედება?!

კომუნალური ტარიფის ფორმულირება გადაიხედება?!

შიდა ქართლში სტუმრად მყოფმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა. მინისტრის მტკიცებით, სამომავლოდ ტარიფის ფორმულირების გადახედვა იგეგმება. გამოიწვევს თუ არა ეს დენზე, გაზზე და წყალზე გადასახადის შემცირებას, ჯერჯერობით არავის დაუკონკრეტებია.

კახა კალაძეს ტარიფების შეცვლის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ჰკითხა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტარიფების დიფერენცირება ბიზნეს-სექტორსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

კახი კალაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ რაც შესაძელებელი იყო ამ ეტაპზე მაქსიმალურად გაკეთებულია.

„რა თქმა უნდა, სამომავლოდ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ფორმულირება გადაიხედოს და სხვა მეთოდები იქნეს შემუშავებული. ნამდვილად ეს სემეკის პრეროგატივაა, მათ იციან და უნდა იზრუნონ ამაზე.

ჩვენ გვქონდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა, ასევე ამ საკითხში აქტიურად გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო და ვმუშაობთ, რომ ახალი ტარიფის მეთოდოლოგია შემუშავდეს.

ამ ეტაპზე რისი შემცირებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა სადისტრიბუციო კომპანიების ხარჯზე. ჩვენ თუ გენერაციას შევეხებით, გარკვეულწილად, აგვიყირავებს მთელ ენერგოსისტემას და პრობლემები შეგვექმნება. ყველაზე მეტი ინვესტიცია, თუ შევხედავთ, მოდის სწორედ ენერგეტეკის მიმართულებით“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის კითხვა უადგილო სულაც არ გახლდათ, რადგან ბიზნესს მაღალი ტარიფები სწორედ, რომ აწუხებს. ამ ორიოდე კვირის წინ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც 15 ექსპერტი ესწრებოდა, ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოიჭრა. ეკონომიკის ექსპრეტმა ირაკლი ლექვინაძემ  ბიზნესისთვის კომუნალური ტარიფების შემცირების საკითხი დასვა:

„ეს არის პრობლემა რეალურად, რომელიც აწუხებს ბიზნესს. გაზის, დენის და წყლის ტარიფი მაღალია ბიზნესკომპანიებისთვის. თუ ეს შემცირდება, საკმაოდ გაზრდის კონკურენტუნარიანობას შიდა და გარე ბაზარზეც“, - აღნიშნა ლექვინაძემ.    

ქართველი მეწარმეების ნაწილი კი ტარიფის შემცირებას კარგა ხანია ითხოვს. პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ადგილობრივი ბიზნესი რომ კონკურენტუნარიანი გახდეს, პროდუქციის თვითღირებულების შემცირება აუცილებელი პირობაა. თვითღირებულების შემცირების საშუალებად მალხაზ დოლიძეს ელექტრომატარებლებზე ტარიფის დაწევა მიაჩნია.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ კი მეწარმეებს წყალი გადაუწურა და ენერგომატარებლებზე ტარიფის შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ გამორიცხა. ელოშვილის მტკიცებით, ტარიფის დაწევის რეზერვი ქვეყანაში არ არსებობს.

ამ პასუხის მიღების შემდეგ მეწარმეები აცხადებდნენ, რომ თუნდაც წყლის საფასურის შემცირება მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა, რადგან ტარიფების შემცირების შემთხვევაში, პროდუქციის ღირებულებაც შემცირდებოდა.

ამ საკითხზე უკვე სემეკმა გამოთქვა აზრი. როგორც კომისიაში აღნიშნეს, წყლის ტარიფის შემცირების გადაწყვეტილებას ისინი არ იღებენ და ამისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას თავად წყლის მიმწოდებელმა კომპანიებმა უნდა მიმართონ.

,,ჩვენ  წყლის ტარიფის შემცირების საკითხს ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, ამ წინადადებით არც ერთ კომპანიას არ მოუმართავს“, – ამით დასრულდა მეწარმეების ოცნება. ამჯერად კი ენერგეტიკის მინისტრის განცხადებამ ახალი იმედი გააჩინა, თუმცა ახალი ინიციატივის ვადები და დეტალები არ კონკრეტდება.