ანამნეზური დარღვევები; აზროვნების, ინტელექტის და მეხსიერების დარღვევა; ძილი; გაშტერება; სიგიჟე; ლტოლვა და მიდრეკილება - ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირებისა და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს.
მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს, რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიური ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც.
ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმრებლებია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშროება, როგორიცაა შიდსი და სხვა დაავადებები. საქართველოში ნარკომოვაჭრეთა მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონია. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ვაჭრობა უვადო პატიმრობით ისჯება, შენახვა, შეძენა და გადატანა - ვადით 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონი ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების შემოტანას აკონტროლებს და ისინი მხოლოდ რეცეპტით იყიდება, თუმცა ამის მიუხედავად, ვითარება ურთულესია. საქართველოში ყოველ 10 ათას ადამიანზე 29 ნარკომანია, ოფიციალური მონაცემების თანახმად მკურნალობას მათგან ძალიან მცირე ნაწილი გადის.
ნარკომანია საქართველოში თუ 25-დან 45 წლამდე მამაკაცებს შორის იყო გავრცელებული. დღეს, ამ მხრივ ვითარება საგანგაშოა, რადგან ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკები ვრცელდება მოზარდებში, რაც შეუქცევად ზიანს აყენებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციამ პრობლემა კიდევ უფრო გაართულა. როგორც ნარკოლოგები for.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, საქართველოში შემოსულია ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკი, რომელიც მოზარდებში ვრცელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, 7-8 მარტის მოვლენების პარალელურად, მასიურად შემოვიდა ნარკოტიკები და დარიგდა მოზარდებში. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, არის გარკევული რაოდენობა ბავშვებისა, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს. გარდა იმისა, რომ ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ქუჩის ბავშვები, მათ შორის არიან გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას და მსუბუქ ნარკოტიკს. არსებული ინფორმაციით ნარკოტიკების მოხარების პრობლემა დგას 14-15 წლის მოზარდებში, მაგრამ არა მასიურად.
for.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთი ნარკოლოგი ამბობს, რომ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს 55 ათასი ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი, უნდა შეცვალოს ნარკოპოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სამი კანონპროექტი, პრევენციიდან დაწყებული დამთავრებული რეაბილიტაციით, სამივე თაროზეა შემოდებული და სპეციალისტი ფიქრობს, რომ კიდევ დიდხანს იქნება თაროზე და ამ კანონებითვის როცა მოიცილიან, ალბათ, ეს თაობა უკვე აღარ იქნება - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ პერიოდულად, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი შემოდის, რომელიც მომეტებულ სიკვდილიანობას იწვევს.
„კომპეტენტური ადამიანები, რომელებიც ერკვევიან ვითარებაში, გაოგნებული მიყვებოდნენ: ვერ წარმოიდგენ რამდენი ნარკოტიკი და სასმელი იყო 7-8 მარტს პარლამენტის წინ დარიგებულიო. ძალიან ბევრი იყო ფსიქოაქტიური ნივთიერებები. კადრებს რომ ვუყურევდით, იქ ჩანდა ეგზალტაცია, რიტმული მოძრაობები, არამოტივირებული აღგზნებადობა, არადეკვატური, ზღვარსგადასული, განსახვავებული აგრესია. ეს ყველაფერი კატასტროფა იყო. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უფროსები მართლა დარაჯობდნენ საკუთარ შვილებს. მესაუბრა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ ვიდექი და ვდარაჯობდი ახლობელს, რომელიც ვერ დააკავა ოჯახმა სახლშიო“, - ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.
კითხვაზე, პრაქტიკაში თუ ჰქონია შემთხვევა, როდესაც მოზარდი იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, პასუხობს, რომ გარდაცვალების შემთხვევებთან ნაკლები შეხება აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა იცის, როდესაც მოზარდები გადარჩენილან. მისი თქმით, ამაზე დიდი გამოცდილება აქვს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებას.
„აბა, ნახეთ რა რაოდენობით არიან იქ შეყვანილი ახალგაზრდები? მქონია შემთხვევა და არის ასეთი ნარკოტიკი, რომლის აღმოჩენა ძალიან რთულია და შეგნებულად არ ვიტყვი დეტალებს, მაგრამ, ერთ-ერთი გარდაცვალების შემთხვევაში, ფაქტობრივად, დასტურდებოდა ის, რომ ნარკოტიკების ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი. იქ იყო ნივთიერება, რაც მიუთითებდა ნარკოტიკის გამოყენებას მოზარდში და არც მინდა ვთქვა დეტალები, რადგან მტკივნეულია ოჯახისთვის და თან, მით უმეტეს, როდესაც ვუყურებ დაღუპული ახალგაზრდის მამას, ეს საერთოდ სიგიჟეა“, - აცხადებს ექსპერტი.
მაია ნიკოლეიშვილი თვლის, რომ მოზარდებში ნარკომანიის პრევენციისთვის აუცილებელია სწავლა გახდეს საინტერესო, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მოტივაცია. მისი თქმით, როდესაც მოზარდს ღირებულებებს დაუნგრევ, ასეთ შემთხვევაში ის ირჩევს სხვა გზას.
„სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებელი რომ ნახავს ბავშვი დგას და კედელს ეჩხუბება, ხომ გასაგებია იქ რაც ხდება! რისთვის არიან მანდატურები სკოლაში?! რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. მკითხეთ, ლიბერალური პოლიტიკის მიზანი რა არისო - კითხეთ ორივე „გირჩს“ - მიზანი რა არის, თავისუფლება, თუ დაღუპვა? „გირჩმა“ რამხელა ბოროტება შემოიტანა ამას გავიგებთ კიდევ, ყველაფერი წინ არის. ჯერ აზრს შეაჩვიეს, მერე შემოიტანეს ვითომ მსუბუქი და შემდეგ მასიურად გავრცელდა მოზარდებში და ახალგაზრდებში. ასე ტოტალურად გავრცელებამ მოიტანა შედეგად ის, რაც გვაქვს - ბავშვები, რომლებიც სკოლაში კედლებს ეჩხუბებიან. სამწუხაროდ, მათი ფსიქიკა ვერ აღდგება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მაღალი ხარისხის ქიმიური ნარკოტიკი შემოდის, რომლის პოვნა რთულია, იმის მიუხადავად, რომ როგორი ინტენსივობით ტარდება ფონიჭალაში ანტინარკოტიკული ღონისძიებები. მისი თქმით, რამდენიმე პუნქტია, საიდანაც ვრცელდება ნარკოტიკი.
„სხვადასხვა ფორმით ხდება შემოტანა. ეს გამოიწვია საზღვრების გამჭვირვალობამ. ერთი მხრივ, საზღვრების გამჭვირვალობა დღევანდელი გლობალური პოლიტიკის ნაწილია და ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ამას თავისი ცუდიც ახლავს - ნარკოტიკების შემოდინება.
სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკებია, ქიმიური და ბუნებრივი ნარკოტიკები. ის, რომ საქართველო არის ნარკოტრასა ამას რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ მარტო საქართველოზე ვერ ვიტყვით. მეტ-ნაკლებობით იგივე მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლოში, მას მერე რაც ავღანეთი გახდა ბუნებრივი ნარკოტიკების მომწოდებელი.
რაც შეეხება ქიმიურ ნარკოტიკებს, ჩვენ გვახსოვს საზღვარზე გაჩერებული უზარმაზარი პარტია ნარკოტიკებისა, რომელიც სომხური წარმოშობის იყო. ადრე იყო ასეთი ტრანზიტი - ეს ინგრედიეტები მზადდებოდა ქალაქ პერმში, იქიდან ხვდებოდა ქარხანაში, რომელიც სომხეთის ტერიტორაზე მდებარეობს და ხდებოდა მისი გადამუშავება, აწყობილი სისტემა იყო. ახლაც დაახლობით იგივე მდგომარეობაა“, - აცხადებს არეშიძე.
რაც შეეხება თვითონ 7-8 მარტის ღონისძიებას და იქ ნარკოტიკების კვალს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ სპეციალისტები სვამდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კითხვას - როგორ ძლებდა ეს ხალხი ამ ინტენსიური შეტაკებებისა და წყლის ჭავლის ფონზე დილის 7 საათამდე მდგარიყვნენ ადგილზე?
„ერთია, როდესაც ემოციური მუხტი გაქვს და მეორეა, როდესაც სპეციალური მეთოდებით ხდება ამ მუხტის შენარჩუნება. რასაკვირველია, ყველაზე ამის თქმა გამორიცხულია, მაგრამ ადამიანების ერთი ნაწილი, რომ ნარკოტიკებით ინარჩუნებდა ემოციურ მუხტს, ეს ფაქტია. მოდით, გავმიჯნოთ - ხალხის უდიდესი ნაწილი, რომელიც იქ იყო მისული, მისული იყო თავისი გულისტკენის და გაბრაზების გამოსახატავად, ამას ჰქონდა თავისი ლოგიკური საფუძველი. მაგრამ, იყო რაღაცა ჯგუფი და ძირითადი ე.წ. დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც ორგანიზებული იყო. ამ ორგანიზებულ ჯგუფს რამდენად ჰქონდა ე.წ. ნარკოტიკული „მომსახურება“ ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ თვითონ სპეციალისტები ამბობენ, რომ შეიძლება იყო ასეთი რამ. ის, რომ ახალგაზრდობაში მოდებულია, ეს ფაქტია. ამასთან ბრძოლა არის ურთულესი. მხოლოდ ძალოვნების მეშვეობით ბრძოლა შედეგს ვერ გამოიღებს, ბრძოლა საჭიროა სხვა მეთოდოლოგიით, რომელშიც შედის საზოგადოების კონტორილი, იდეოლოგიური ნარატივი და ბევრი სხვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თითქოს პატარა ქვეყნისთვის ამ უბედურების მოვლა უფრო ადვილია, მაგრამ თვლის, რომ ორი ძირითადი პრობლემა ართულებს პრობლემის მოგვარებას - ერთი ის, რომ სატრანზიტო ხაზი ვართ და ნარკოტიკების დეფიციტი თითქმის არასოდეს არ არის საქართველოში; მეორე ის, რომ ვიღაცას აწყობს.
„ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ახლო ნათესავს შეკრავდა და თურქეთში გადაიყვანდა გასაყიდად, იმიტომ რომ, აწყობდა და ნარკოტიკს არ მიყიდის იგივე ნათესავს, თუკი ამისგან ხეირი ექნება? ეს მორღვეული ღირებულებები გვქონდა და გვაქვს. ნარკოტიკების გავრცელება მოდაში შემოდის, ჯერ ერთი, ზოგადად, ნარკომანობა და მეორე კონკრეტული ნარკოტიკის შემოტანა და გავრცელება, და განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სამწუხაროდ, ბავშვებში უკვე კვადრატში და კუბში ადის ეს პრობლემა. მით უფრო ფინანსური შემოსავლის გამო ერთმა ადამიანმა შეიძლება მეორე გაწიროს.
თითის გაშვერვა არავისკენ არ მინდა, ერთნაირი უბედურება იყო ყველა ხელისუფლების დროს და რიგ შემთხვევებში ხელისუფლება თვითონ იყო ჩაბმული ამ კრიმინალურ ბიზნესში და შესაბამისად, შემდეგ ახალგაზრდების მოწამვლაში. მეეჭვება დღეს იგივე მდგომარეობა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ სატრანზიტო ფუქცია საქართველოსთვის აითვისა ნარკოტრანზიტმა და შეუძლებელია ეს ხელისუფლებამ არ იცოდეს. თუ იცის და ამაზე რეაგირებას არ იძლევა, რა თქმა უნდა, გავრცელებდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, წესით ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ საწამლავს მისი პოლიტიკური ოპონენტები გამოიყენებენ. „ახალგაზრდებს გახდიან წამალზე დამოკიდებულს და მერე უკვე წამლის მიღების სურვილით გამოიყვანენ ქუჩაში. მერე უკვე მიზეზების გარკვევა გვიანი იქნება. ასე რომ, პრობლემის გადაწყვეტა აუცილებელია და რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.