დააბრუნებს თუ არა ხელისუფლება აგენტების შესახებ კანონს, რომელსაც უამრავი ქვეყანა იღებს?!

დააბრუნებს თუ არა ხელისუფლება აგენტების შესახებ კანონს, რომელსაც უამრავი ქვეყანა იღებს?!

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტმა ცალკეული ნჯო-ების ლუსტრირება უკვე მოახდინა და მისი მიღების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. თუმცა ოპოზიციაც და არასამთავრობოებიც ეჭვობენ, რომ მმართველი გუნდი ამ კანონს ვერ შეელევა და სამომავლოდ სხვადასხვა კანონპროექტების მიღებით შეეცდებიან მის „შემოცურებას“.

მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიწოდება საზოგადოებისთვის მოუმზადებლად მოხდა და ამიტომაც გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა. ეს ნათქვამი შეიძლება ტოვებდეს იმის ალბათობას, რომ მომავალში, როცა კიდევ არაერთი ქვეყანა მიიღებს აგენტების შესახებ კანონს, ჩვენი საზოგადოებაც მიხვდება, რომ ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა არ ღირდა და გაცილებით უფრო შემწყნარებლურად შეხვდება ამ კანონპროექტს.

მოსალოდნელია თუ არა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის დაბრუნება მაშინ, როცა საზოგადოება ამისთვის შემზადდება?

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი სამომავლოდაც დაუბრუნდეს აღნიშნულ კანონპროექტს, მით უმეტეს, რომ ეს კანონპროექტი, პირველ რიგში, დასავლური პრაქტიკაა. FARA (Foreign Agents Registration Act)-ასეთი კანონი ამერიკაში მიღებულია 1938 წელს და ეს კანონი საჭიროა ქვეყნისთვის, თუკი საუბარია სუვერენიტეტზე, ქვეყნის სიძლიერეზე.

„უბრალოდ, მე ვთვლი, რომ არასაკმარისი ინფორმაცია იყო ჩვენი საზოგადოებისთვის მიწოდებული. შეიძლება ეს მიზანმიმართულადაც მოხდა, არ ვიცი, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პროდასავლური კანონი. რა არის იმაში ცუდი, თუკი გავიგებთ, ვინ საიდან ფინანსდება. ლაპარაკობენ, რუსული კანონიო, ამ დროს ეს კანონი ხომ თვითონ რუსულ ორგანიზაციებსაც უკეთებს ლუსტრირებას. სამწუხაროდ, ისეთი სამუშაო ჩაატარეს გარკვეულმა ძალებმა, რომ ადამიანები ღრმად არ დაუკვირდნენ, რას აპროტესტებდნენ. ადამიანებს ფიქრი ეზარებათ, ძალიან კარგად იყო დაჭერილი სლოგანი და გავლენა, თითქოს რუსულ კანონს იღებდა ხელისუფლება, რამაც იმოქმედა ქუჩაში გამოსული ადამიანების განწყობაზე“, - აცხადებს თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, მიიჩნევს, რომ გავლენის აგენტი არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია, უბრალოდ, კონვერტაცია სიტყვა „აგენტის“ მიმართ უარყოფითია. თორემ მთელი თეორია არსებობს გავლენის აგენტების შესახებ, გავლენის აგენტი არის არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ განათლების მთელი სისტემა, მასმედია, რელიგია და ა.შ. ამიტომ ცოტა უფრო კვალიფიციურად და მომზადებულად უნდა მოხდეს ამ ყველაფერზე რეაგირება.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის აზრით, იმის გამო, რომ ამ კანონის წინააღმდეგ მოხდა ასეთი გალაშქრება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველგან, სადაც არსებობს უცხოური ფინანსები, საჭიროა სერიოზული კონტროლი. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა ორჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი, ორივეჯერ დადასტურებული იყო, რომ ეს მოხდა გარედან დაფინანსებით.

„ის ძალები, რომლებმაც გაილაშქრეს უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ, არიან სწორედ ის ხალხი, ვინც ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას და შეცვლას ძალადობრივი მეთოდებით აანონსებენ. ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას აანონსებს, ყველა ესენი გარედან არიან დაფინანსებულნი. დიახ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი ფონდები, რომელი ქვეყნები დგანან იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვინც ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს. ამიტომ ეს კანონი ისევ უნდა დააბრუნონ, ოღონდ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც შემოიტანეს. ის ფორმა არაფრისმომცემი იყო“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბარში.

მისივე განმარტებით, ძალიან კარგია, რომ ჩაიშალა ამ კანონპროექტის მიღება არსებული ფორმით, რადგან ეს იყო გამოშიგნული კანონპროექტი, აბსოლუტურად დაცლილი იმ მექანიზმებისგან, რაც ამერიკულ და თუნდაც რუსულ კანონს აქვს, რადგან ამერიკული და რუსული კანონები იდენტურია და არავინ მოგვატყუოს, რომ რუსული კანონი სულ სხვაა.

,,ქართული კანონი იყო გამოშიგნული ყოველგვარი ღირებულისგან, რაც ამერიკულ კანონშია და რაც იცავს ამერიკას, როგორც სახელმწიფოს. ახალი კანონი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ამერიკულია, ოღონდ უფრო ლიბერალური, მე არ ვარ პირდაპირ ციხეების მომხრე. ვისაც ეხება ამერიკული კანონი, ზუსტად იმ ადამიანებს უნდა შეეხოს საქართველოშიც, უბრალოდ, შედარებით უფრო რბილად“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.