თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ძებნილ კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა.
რაც შეეხება ბრალდების ნაწილს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება - წვრთნები არ მიუღია.
შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით ოლიგარქი კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია „ფორმულას“, რომლის დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილია.
კეზერაშვილი, რომელმაც საქართველო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დატოვა, ისრაელის მოქალაქეა, მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა უნგრეთმა. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოლიგაქრის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმეების წარმოება მიმდინარეობს. კერძოდ, გერმანულ მხარეს სამართლებრივი შეკითხვები აქვს კერზერაშვილთან იმ ქოლცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით, რომელთა მეშვეობით ევროპელი პენსიონერები კეზერაშვილის თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. კეზერაშვილი ამ თაღლითური სქემის მთავარი ფიგურანტია და სწორედ ამ თანხებით აფინანსებს ტელეკომპანია „ფორმულას“, ასევე, ის აფინანსებს ქვეყანაში რადიკალურ პროცესებს.
კეზერაშვილი არაა ერთადერთი ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას კურირებს, ასეთია იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მისცა და ამის შემდეგ პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო უკრაინაში, ისევე როგორც მისმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ. აღსანიშნავია, რომ გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნების დიდმა ნაწილმა დასავლეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ, ასევე მისმა მოადგილემ, სოსო თოფურიძემ. საქართველოს მიერ ძებნილი და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაფანტული და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციაში.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოში სასჯელი აქვთ მისჯლი, ქვეყნას უნდა გადმოსცენ. მისი თქმით, 2018 წლიდან ჰქონდა სააკაშვილს მისჯილი, თუმცა თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში და ქართულ პოლიტიკაში უკრაინის მოქალაქე იყო ჩართული.
„სააკაშვილს სხვადასხვა დედაქალაქებში ეპატიჟებოდნენ, ხვდებოდნენ, ჩვენ ვაფრთხილებდით, მათ შორის ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ის რადიკალიზმი, რაც საქართველოში იყო, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იყო ორკესტრირებული და ის, რომ მისი გადმოცემა არ ხდებოდა საქართველოსთვის, ადამიანის, რომელმაც მკვლელებს ხელი დააფარა და ადამიანი აცემინა, ეს ახალისებდა ჩვენთან რადიკალიზაციას. დღესაც იგივე სიტუაცია გვაქვს, სამწუხაროდ.
დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, სხვები, რომლებზეც საქართველოში არის საქმე აღძრული, თავისუფლად გადაადგილდებიან ამა თუ იმ ქვეყანაში და იქიდან მართავენ რადიკალურ პროცესებს. ამიტომ, ვფიქრობ, ყველამ დასკვნები უნდა გამოიტანოს წარსულიდან, ყველამ, ვინც თვლის საქართველოს მეგობრად თავს. ამ ადამიანებს კი არ უნდა მისცენ პლატფორმა და პედესტალი, რომ საზღვარგარეთიდან აქ არიონ სიტუაცია, არამედ მართლმსაჯულებას გადასცენ ეს ადამიანები. ამ ადამიანების საქართველოსთვის გადაცემა არის მნიშვნელოვანი. მათი შეფარება არის საქართველოს მიმართ არამეგობრული საქციელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი აქცენტი გააკეთა დავით კეზერაშვილზე და ზურაბ ადეიშვილზე, თუმცა, ერთია რას ამბობს პაპუაშვილი და მეორეა რეალობა. რეალობა კი ასეთია - მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კოაბიტაციის პროცესში იყო, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროპის ქვეყნებში მიეღოთ პოლიტიკური თავშესაფარი და დღეს, უკვე ღიად მონაწილეობენ პოლიტიკური პროცესების მართვაში. ანალიტიკოსების განცხადებით, საკმაოდ დაგვიანებულია მოთხოვნა ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემაზე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ პაპუაშვილმა განცხადება სიტუაციიდან გამომდინარე გააკეთა, თუ რა როლს თამაშობენ ეს ადამიანები ქვეყენაში სიტუაციის არევაში, მაგრამ ეს იყო განცხადება, განცხადებისთვის.
„რაც შეეხება საფრთხეებს, ალბათ, ამ ადამიანებისგან გარკვეული საფრთხეები არის. აქვთ მათ რაღაცა რესურსები დარჩენილი, ჰყავთ თავიანთი მომხრეები, ყოფილი ძალოვანი სტუქტურების წარმომადენლები, აქვთ ფინანსური რესურსები, ამ რესურსებით მოახდინეს „ნაცმოძრაობაში“ თავიანთი სასურველი კანდიდატის გაყვანა თავმჯდომარედ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს რესურსები იყოს ისეთი დიდი, რომ შეძლონ სერიოზული გადატრიალების მოწყობა და სახელმწიფო რესურსებს რამეთი დაუპირისპირდნენ. მაგრამ მათ გადამოცემაზე განცხადება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. არა მგონია საქართველო-უკრაინის დღევანდენი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ გადმოცემაზე იყოს რაიმე საუბარი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ სამართლებრივად ძებნილი მაღალჩინოსნების საქართველოში ექსტრადირება არის წარმოუდგენელი. 2014-2016 წლებში ქართული მხრიდან იურიდიული პროცედურები ისე უნდა ყოფილიყო დაცული და არ უნდა მიეყვანათ საქმე იქამდე, რომ ძებნილ მაღალჩინოსნებს რომელიმე ქვყანაში მისცემოდათ პოლიტიკური დევნილის სტატუსი და თავშესაფარი.
„ჩვენ გვესმის ჩვენი პოზიცია მათთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებსაც არანაირი იურიდიული ბერკეტი მათი დაკავების და ექსტრადირების ხელში არ უჭირავთ - ეს არის ფაქტი. თორემ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იგივე კეზერაშვილი ძალიან კარგად გადაადგილდება დიდ ბრიტანეთში, კვიპროსზე, საბრეძნეთში, ისრაელში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გერმანიის სამართალდამცავებსაც ჰქონდათ მასთან გარკვეული სამართლებრივი შეკითხვები იმ ქოლცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით, რომელთა მეშვეობით ევროპელი პენსიონერები თაღლითური სქემების მსხვრელპლი იყვნენ.
თუ ბავარიაში მიმდინარე გამოძიება რამენაირად გავა კეზერაშვილზე, როგორც ეჭვმიტანილზე, ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ ჩვენ მოკლებული ვართ იმას, რომ ჩვენთვის სასურველი ზეგავლენა მოვახდინოთ ამ მოკვლევაში, თუ გამოძიების მსვლელობაში. რაც შეეხება ადეიშვილს, ოფიციალური თანამდებობა უკავია უკარაინაში, სარგებლობს პოლიტიუკური თავშესაფარით, ალბათ, აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე, რადგან აქამდე საქმე მივიდა, ჩვენი აღშფოთება არის - „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
რაც შეესება საფრთხეებს, რომელზეც საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ანალიტიკოსის განცხადებით, რეალურია, რადგან ერთი მხრივ არის კეზერაშვილი, რომელიც ფინანსური პირამიდის მფლობელია და ამ დესტრუქციის ერთ-ერთი დამფინანსებელი მხარეა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დესტრუქციის მედია-გაშუქებას, ერევა პოლიტიკურ პროცესებში, პირადპირ ნიშნავს თავის ჯიბის ბიჭს ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომრედ.
„დანარჩენები კიდევ ჩასაფრებულ პოზიციაში არიან, როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა აქ ვითარების მაიდანიზციის, თუ სარევოლუციო კალაპოტში გადაყვანის, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს დესტაბილიზაციაში. ისინი ელოდებიან ამ პიკის საათის დადგომას, რათა თავისი რადიკალური და დესტუქციული სიტყვა კიდევ თქვან და საქართველოს განადგურების საქმეში მიიღონ აქტიური მონაწილეობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ადეიშვილი, როგორც უფლებათა დამცველი ისე მოღვაწეობს უკრაინაში და უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური დელეგაციის წევრია, რაც დაუშვებულია, რადგან ის არის საქართველოს მიერ ძებნილი პირი. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მისი ექსტრადირება არ მოხდება და თვლის, რომ განცხადება ძებნილი მაღალჩინოსნების გადმოცემის შესახებ პოლიტიკურია.
„ჩვენ უკრაინის ხელისუფლებას მეგობრულს ვუწოდებდით და, ფაქტობრივად, იქიდან ხდებოდა მთელი დესტაბილიზაციის მართვა. ახლაც იგივე გრძელდება. უბრალოდ, შეიცვალა ის, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ღიად გვემუქრება. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და მეორე ფრონტის გახნა არის მათი თვითმიზანი. ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვთ მოლდოვას მიმართ. ეს ადამიანები, ძირითადად, უკრაინაზე კი არ მუშაობენ, არამედ ანგლოსაქსების იმ გეგმაში ზიან, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ტიპის ქვეყნების დესტაბილიზაციას.
აქ ბევრად უფრო მაღალი რანგის დესტაბილიზაციის პროცესებია დაგეგმილი და მათ ხელით შესასრულებელი, ვიდრე მარტო საქართველოა. ფაქტობრივად, რეგიონის დესტაბილიზაციაზე მიდის საუბარი. ეს „თამაში“ ბევრად უფრო მაღალი რანგისაა და ეტყობა, ამიტომ გაკეთდა ეს განცხადება. ეს არის ხმამაღალი განცახადება - „თქვენი თამაშის მონაწილე პირები არიან დამნაშავეები და ჩვენ ყველაფერი ვიცით“ - ჩემი აზრით, მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ განცხადებას. თუ, სადმე, ვინმეს რომელიღაცა ქვეყანა გადმოგცემს, რომელიც სხვა ბანაკში იქნება, კარგია, მაგრამ უკვე ის ბანაკი, რომელიც საქართველოს და საქართველოს ტიპის ქვეყნებს ფაქტობრივად მტრობს, არ მგონია ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. მათ აქ არა მარტო ხელისუფლების შეცვლა უნდათ, არამედ ხელისუფლების შეცვლისთანავე ქვეყნის ცეცხლის ალში გახვევა უნდათ და ეს ცალსახაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა.