არჩევნების წინ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა ნებისმიერ დემოკრატიულ ან დემოკრატიისკენ მიდრეკილ ქვეყანაში უამრავ ეჭვსა და კითხვის ნიშანს გააჩენდა, თუკი ზურაბ ხარატიშვილის მსგავსად საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოფილი ხელისუფლების და დღევანდელი ოპოზიციის კადრად მოიაზრება, ხოლო მისი გადადგომა არც დღევანდელ ხელისუფლებას მოუთხოვია და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას.
ექსპერტთა ერთმა ნაწილმა ცესკოს თავმჯდომარის ეს ნაბიჯი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად მონათლა, თუ ასეა, დამკვეთი ვინ იქნება, ძნელი მისახვედრი არ არის, ადრესატის ვინაობაც ცნობილია, მაგრამ ის რაც საქართველოში რეალურად ხდება, დასავლეთის დაინტერესესებული წრეებისთვისაც კარგად ცნობილია.
ექსპერტი ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელიც განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი.
„იმისათვის, რათა გარკვეულ ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, რომ თითქოს, მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ისეთი რამის კეთება უხდებოდა, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის. ეს არის საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, მეტი არაფერი, რაც რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება“ - აცხადებს ნაცვლიშვილი.
რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება აწყობდეს ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რთული მისახვედრი არ არის. პიარში გაწაფულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამით დასავლეთისთვის ახალი სალაპარაკო თემა გაუჩნდება.
„ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა, როგორც ასეთი, არავის არ აწყობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, პროცესის დისკრედიტაცია იმისათვის, რომ შემდეგ თავიანთ ლობისტებს გაავრცელებინონ ინფორმაცია, რომ ალბათ, ზეწოლა მიმდინარეობდა, მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარეზე და ამიტომ, იძულებული გახდა გადამდგარიყო. ეს არის მთელი ლოგიკა ამ ყველაფრის“, - მიიჩნევს ბექა ნაცვლიშვილი.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ყველაზე მომგებიანი ეს ნაბიჯი თავად ხარატიშვილისთვის არის.
„გამომდინარე იქიდან, რომ თავის წინამორბედთან შედარებით „მამა აბრამის ბატკნის“ კვალი დატოვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაარჩენს მის ავტორიტეტს - მიუხედავად იმისა, რომ გასული საპარლამენტო არჩევნებისას გაყალბების არაერთი ფაქტი არსებობდა, ეს არჩევნები თეთრმა სახლმა სამართლიან არჩევნებად მონათლა. ნუ ჩავთვლით კატასტროფად მის გადადგომას, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ჩანაფიქრზე გაჩნდება პასუხი ამომრჩევლის მხრიდან“.
სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ნათელი ოდნავ მოგვიანებით გახდება, მას შემდეგ, რაც ცესკოს თავმჯდომარე გადადგომის მიზეზებზე ისაუბრებს და რაც ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა გახდება ცნობილი.
„ნებისმიერი ადამიანი ფლობს უფლებას, საკუთარი სურვილით დატოვოს სამსახური და ბატონი ხარატიშვილიც თავისუფლად ეტევა ამ სამართლებრივ ველში თავისი გადაწყვეტილებით. სად მარხია „ძაღლის თავი“ მხოლოდ მაშინ მივხვდებით, როდესაც გავიგებთ, ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი
ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით ხარატიშვილმა დროულად უშველა თავს, რადგან მისთვის არ იქნებოდა უცნობი, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ და განსაკუთრებით კი არჩევნების შემდეგ, იქნებოდა უამრავი საჩივარი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ შეიტანს სასამართლოში, ხოლო მათი ხედვით არჩევნები სამართლიანად და გაყალბებულად უნდა მოინათლოს. სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ხატარიშვილმა სწორედ ამ პროცესს აარიდა თავი.
„არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ბატონი ხარატიშვილი ამის შესახებ გააფრთხილეს კიდეც და საკუთარი თანაგუნდელი არ გაიმეტეს ამგვარი შეტევისათვის. თუ თვითონ მიხვდა ამას, გამოდის, რომ თავს უშველა, ხოლო თუ გააფრთხილეს და გადადგა, გამოდის, რომ ასეთი კადრების დაკარგვა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არის სასურველი და ფიქრობენ, რომ ასეთი ადამიანები სამომავლოდ მათ კიდევ გამოადგებათ“, - ამბობს ცისკარიშვილი.
ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის გახსნის პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა თავისთავად ბადებს ეჭვებს, ხომ არ აიძულა დღევანდელმა ხელისუფლებამ ხარატიშვილი, მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო. ქართულ საზოგადოებაში, შესაძლოა, ასეთი ეჭვები ნაკლებად მძაფრიც იყოს, სამაგიეროდ, დასავლელი დამკვირვებლებისთვის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„როდესაც ხარატიშვილი განცხადებას გააკეთებს, მაშინ მივხვდებით, ის გააფრთხილეს თუ თავად მივიდა ამ დასკვნამდე. თუ დაიწყო ზეწოლასა და ხელისუფლების მხრიდან უსამართლო ნაბიჯებზე საუბარი, მაშინ დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული სპექტაკლია. რომ ეს მხოლოდ პირველი მოქმედებაა ამ დადგმისა და შესაძლოა, მეორე, მესამე და მეოთხე მოქმედებებიც ვიხილოთ არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების შემდეგ“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
უმცირესობა საკუთარი გუნდის წევრის გადაწყვეტილების შეფასებისას ჯერჯერობით თავშეკავებულია, სამაგიეროდ, მმართველმა ძალამ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, შეუძლია, ზურაბ ხარატიშვილს გაჰყვეს.
„წავიდა და წავიდეს. ამათი გუნდის წევრია, რაღაც ინტრიგა ააგორეს კიდევ, მაგრამ ვერაფერს ვეღარ იზამენ, არაფერი აღარ მოხდება. ხარატიშვილი წავიდა, სხვებიც გაყვნენ, ვისაც სურვილი აქვს. ცუდ დროს წავიდა, არასწორ დროს წავიდა და ყველასთვის გასაგებია, რომ პოლტიკურად კიდევ პატარა ინტრიგა ჩააგდეს, მაგრამ მაგათ აღარავითარი თამაში აღარ აქვთ. სამი თვის წინ შევხვდი, მერე კიდევ შევხვდი, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აღარაფერი მოხდება, საქართველოს ვეღარავინ ააყირავებს. ყველაფერი იქნება დაგეგმილი და გეგმაზომიერად განვითარდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილი არჩევნების გამოცხადებამდე, ან არჩევნების შემდეგ უნდა წასულიყო, თავად ხარატიშვილს კი ურთიერთობისა და თანამშრომლობის პრობლემა ახალ ხელისუფლებასთან არ ჰქონია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია.
„ცსკ-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს გაუგებარია, იმიტომ, რომ თუ მას მოსწყინდა ეს სამსახური და რაიმე სხვაზე ფიქრობს, ალბათ, აქამდე უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, ან არჩევნები ჩაეტარებინა და შემდეგ გადამდგარიყო, იმიტომ, რომ შუა საარჩევნო კამპანიის დროს ცსკ-ის თავმჯდომარის მხრიდან ეს ნაბიჯი, როდესაც თავადაც ბრძანებს, რომ მას არანაირი პრობლემა ამ თვეების განმავლობაში არ შექმნია, ცოტა არ იყოს გაუგებარია“, - აცხადებს უსუფაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, რა თამაშში იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული ცსკ-ის ხელმძღვანელობასთან, იცის, თუმცა ახლა რას თამაშობენ, მისთვის ცნობილი არ არის.
„იმდენი სიყალბის და სიბინძურის შემდეგ, რაც წლების განმავლობაში მოდიოდა საარჩევნო კამპანიის დროს, თუნდაც ცსკ-დან, რა თქმა უნდა, კარგი იყო, ადრე გადამდგარიყო. ახლა რამ აიძულა არ ვიცი. თვითონ უთქვამს, რომ ხუთშაბათს გავაკეთებ განცხადებასო. ხუთშაბათამდე რას ელოდება, ვისგან ელოდება შეთავაზებას და წინადადებას, ეგ ნამდვილად არ ვიცი. ფაქტი ისაა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ცსკ-ის თავმჯდომარეს ოპოზიციური ფლანგი ნიშნავს, ალბათ, გარკვეული მოსაზრებები ოპოზიციას შეიძლება, ჰქონდეს“, - აცხადებს საგანელიძე.
სავარაუდოდ უფრო მეტის თქმა, ალბათ, სწორედ ხუთშაბათიდან გახდება ცნობილი, მანამდე კი ხარატიშვილის ნაბიჯი დასავლეთისთვის გადადგმულ ნაბიჯად ფასდება, რომლის შედაგადაც არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საკითხი ეჭვქვეშ უნდა დადგეს. რამდენად შესრულდება ეს მისია, უცნობია. მაგალითად, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ექსპერტი საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში იმაზე ნაკლები ყურადღება მიექცევა ვიდრე გასულ საპარლამენტო არჩევნებს.
„მოქმედმა მთავრობამ ეს არჩევნები რაც შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩაატაროს და გაცილებით უკეთესად, ვიდრე წინა წლის არჩევნები. ქართველ ხალხს სწორედ ეს სურს, ამას იმსახურებს და ეს დაეხმარება საქართველოს წინსვლაში. ასე რომ, ნამდვილად ვიმედოვნებ, ყველა ვინც ამაში ჩართულია, არ მოახდენს ამ არჩევნების უგულებელყოფას. თუმცა, ამჟამად, არ მოხდება მისი ისე ყურადღებით შესწავლა, როგორც ეს გასულ წელს მოხდა“, - აცხადებს მიტჩელი.