არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვაზე რამდენიმე ადვოკატმა უარი თქვა

არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვაზე რამდენიმე ადვოკატმა უარი თქვა

მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ქართული სასამართლოების განაჩენის (სასჯელის გადავადების არდაკმაყოფილება) სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ჯერ კიდევ 18 თებერვალს სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განცხადა, რომ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გასაჩივრების გადაწყვეტილება ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საზოგადოებამ ნახა რა შედეგიც დადგა. მისი თქმით, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს.

მიმართავენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოს ეს, რა თქმა უნდა, დაცვის მხარის და ოჯახის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარის თქმას სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას არ ჩქარობენ.

გიული ალასანია კი ისევ ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ცუდად არის, ყოველ დღე გონებას კარგავს, მაღალი ტემპერატურა აქვს, ჩონჩხი დარჩა და ა.შ. თუმცა, ის ფაქტი, რომ სააკაშვილის უფლებების დამცველებმა სტრასბურგში არ წაიღეს საქმე, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს არწმუნებს, რომ სააკაშვილი არის მანიპულატორი და ეწევა ჩვეულებრივ სიმულაცია-აგრავაციას.

„როგორც ირკვევა, სააკაშვილის მხარეს არ მიაქვს მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რითაც ძალიან ომახიანად იმუქრებოდნენ მთელი ეს ხანი. ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ? თუკი როგორც თავად ამტკიცებდნენ „სააკაშვილს აწამებდნენ“ და ა.შ. როგორც ჩანს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაბოლება ასე იოლად არ გამოუვიდოდათ, როგორც, მაგალითად, ევროპარლამენტის.

სტრასბურგი მოითხოვდა მტკიცებულებებს თან დამაჯერებელს, ობიექტურს და არა ისეთს, რითაც სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები მანიპულირებენ. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო, დიდი ალბათობით, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რაც სააკაშვილის მხარეს არანაირად ხელს არ აძლევს, თუმცა, მთავარი აქ ის არის, რომ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სააკაშვილი არის მანიპულატორი და ეწევა ჩვეულებრივ სიმულაცია-აგრავაციას და ე.წ. კონტროლირებად თვითდაზიანებას“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას არ ჩქარობს და ამასთან, სარჩელის გაგზავნა-არგაგზავნის შესახებ საქმის კურსში არ არიან სააკაშვილის სხვა ადვოკატები - ბექა ბასილია, შოთა ურთმელიძე, გიორგი გელხაური და გიორგი ჩივიაშვილი. თუ, სააკაშვილს დაკავების წუთიდან რამდენიმე ადვოკატი იცავდა, დღეს იგი ხაჭაპურიძე-გელბახიანის იმედად დარჩა. არაოფიციალური ინფომრაციით, სააკაშვილის დამცველებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა სტრატეგია „სააკაშვილი კვდება“, რომელსაც ავითარებს შალვა ხაჭაპურიძე და რომელიც შედეგზე ორიენტირებული არ აღმოჩნდა. სწორედ ხაჭაპურიძეა ის ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი კვდება, მაგრამ რატომღაც სარჩელის სტრასბურგში გაგზავნას ან ჩქარობს. მოტივი, რატომაც სასამრთლოზე დანარჩენი ადვოკატები არ ცხადდებიან, არის კონფლიქტი და შეუთავსებლობა ხაჭაპურიძესთან. ოფიციალურად ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე პროცესია სააკაშვილის სასამართლოზე მხოლოდ ხაჭაპურიძე-გელბახიანია წარმოდგენილი.

„სააკაშვილის კვდება“ რომ მითი და პიარის ნაწილია, ამას ადასტურებს 6,7,8 მარტის მოვლენები. მთელი ეს დღეები ისე გავიდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დაიხურა. ოჯახმა და დაცვის მხარემ რამდენიმედღიანი ტაიმ-აუტი აიღეს, თავად სააკაშვილი კი ყოველდღიურ რეჟიმში საგანგებო განცხადებით მიმართავდა აქციის მონაწილეებს და საკმაოდ ადეკვატური წერილებს აგზავნიდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქუჩის პროცესები შეწყდა და დაპირისპირებამ ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, ისევ დადგა დღის წესრიგში სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ისინი გამალებით იცავდნენ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს სამართლებრივ ჭრილში, მაგრამ რეალურად, სააკაშვილის მდგომარეობა სამართლებრივ ჭრილს გასცდა. მისი თქმით, სააკაშვილმა სიმულაციის ეფექტი შემოიტანა პოლიტიკაში, რომელიც არის ერთი სიმულანტი, კანონდამრღვევი და, რომელიც პასუხს აგებს იმ ჩადენილი ქმედებებისთვის, რომლისთვისაც უნდა აგოს პასუხი.

„ყველა სამართლებრივ და ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანმა ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. მე, უბრალოდ ერთი მენიშნა - ჩემი კოლეგები, ალბათ, არ არიან დარწმუნებული და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეგნებულად არ წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში აღნიშნული ქეისი. ზუსტად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობას სტრასბურგის სასამრთლო ისე არ შეაფასებდა, როგორც ეს მათ სურთად. მდგომარეობა, რომელსაც ისინი პოლიტიკურად ხატავენ, არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ მდგომარეობისგან, რომელშიც სააკაშვილია. ერთია საზოგადოებისთვის სააშკარაოზე გამოყვანილი მიხეილ სააკაშვილი და მეორეა უკვე პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფი სააკაშვილი.

ვხედავდი, რომ რამდენიმე ადვოკატი ჰყავდა და მათ შორის რამდენიმე იყო პროფესიონალი, მაგრამ მათ თუ უარი თქვეს და პრინციპში, აღარც ჩანან, სააკაშვილის თემის გაშუქებისას აღარ არიან წინა პლანზე, ალბათ, იმიტომ რომ, არ უღირთ საკუთარი პროფესიული კომპეტენციის გაფუჭება და დაიცვან კაცი, რომელსაც დასაცავი არაფერი არ აქვს“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

როგორც ექსპერტი აცხადებს, სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ბრალდებული პირი ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც რეალურად მან ჩაიდინა და ერთ-ერთი ასეთია სანდრო გირგვლიანის საქმე, რაზედაც სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ მისი თანამონაწილეობა ნამდვილად იყო.

„თქვენ, ძალიან სწორად აღნიშნეთ, სანამ იყო პოლიტიკური დაძაბულობა და რყევებისთვის ემზადებოდნენ და აქ მეორე მაიდანის მოწყობა სურდათ, სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის არ გახსენებია და ის, მართლაც ვრცელ წერილებს წერდა, საკმაოდ აზრიანს და დალაგებულს, თან იმ ფონზე, როდესაც მას „აქვს“ დემენცია და ამ დროს ვხედვათ, რომ ძალიან კარგად აზროვნებს. ის დადგმული სპექტაკლი, რომელსაც ეს ადამიანები დგამენ და ხელს უწყობდნენ მისი ადვოკატები, ფატქია, რომ ჩაიფარცხა, რეალობას არ შეესაბამება. ეს ადამიანი საკმაოდ კარგად არის, კარგად აზროვნებს, უბრალოდ, იკვებება ძალიან მცირე ულუფებით, რადგან ეს სჭირდება მის მდგომარეობას, რომელშიც ის აუცილებლად უნდა იყოს დღეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამთა მეგრელიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მოვლენებმა აჩვენა, რომ „მიშა კვდებას“ სტრატეგია შედეგიანი არ აღმოჩნდა არც სააკაშვილის გასათავისუფლებად და არც სასჯელის შემსუბუქებისთვის. მისი თქმით, პოლიტიკოსისთვის წამგებიანია რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომელმაც ციხეში ჯდომისგან აიკლო საქართველო და ახლა მსოფლიოს აკლების სურვილი აქვს.

„პირიქით, უარესი საქმე გაუკეთეს - მიშა როგორც ფიგურა მოსპეს პოლიტიკურად. წესით, ადამიანთა დიდი ნაწილისთვის სააკაშვილის მიმართ აღქმა ძალიან უნდა შეიცვალოს. ადრე თუ აღიქვამდნენ გმირად, მებრძოლად, იქ პუტინს ებრძოდა, აქ ივანიშვილის და თურმე ყველას ებრძვის, ვინც რაიმეს არღვევს ამ ქვეყანაზე, ახლა ვის მებრძოლობაზეა ლაპარაკი? როგორც თავად ამბობენ, 60 კილოა დემენციის ფონზე და კიდევ პლუს 60-მდე ავადმყოფობა აქვს, ასეთი, ნახევრად ცოცხალი ადამიანი უკვე გმირად არ გამოდგება, შესაცოდად კი.

შესაბამისად, ეს სტრატეგია, რომ „მიშა კვდება“ წამგებიანი აღმოჩნდა თვითონ სააკაშვილისთვის და დაცვისთვის, იმიტომ რომ, პოლიტიკურად ძლიერი მიშა უფრო ადვილი დასაცავია, ვიდრე მომაკვდავი. პოლიტიკოსისთვის წამგებიანია რასაც სააკაშვილი აკეთებს, გვარამიაც ზის ციხეში და ხმას არ იღებს. ამან ციხეში ჯდომისგან აიკლო ჯერ საქართველო და ახლა მსოფლიოს აკლებაც უნდა, მაგრამ მოახერხებს თუ არა, არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.