ხარატიშვილი წავიდა, მის მოვალეობას „ვადაგასული“ მოადგილე შეასრულებს

ხარატიშვილი წავიდა, მის მოვალეობას „ვადაგასული“ მოადგილე შეასრულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადაგომის შესახებ განცხადება დაწერა. ზურაბ ხარატიშვილმა საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა. ხარატიშვილის გადადგომის მიზეზებზე ცესკოში არ საუბრობენ. მაშ ასე, საქართველოს ცესკო-ს თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი, მის მოვალეობას დრობით, მისი მოადგილე, დავით კირთაძე შეასრულებს, რომლის უფლებამოსილების ვადა დე-იურე გასულია.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ კირთაძე მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო 9 თვის განმავლობაში ამ ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა წევრის არჩევა. როგორც ცესკოში აცხადებენ ხარატიშვილი შვებულებაშია და მის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად, პრეზიდენტმა კანდიდატები ცესკო-ს ოპოზიციურ ფრთას უნდა წარუდგინოს. კანონის შესაბამისად, თავმჯდომარე აირჩევა პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა), ან პარლამენტის მიერ. 

საარჩევნო კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკო-ს სამ კანდიდატურას წარუდგენს.

თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები - გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა.

სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩა, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან პარლამენტი, პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკო-ს თავმჯდომარეს. ასეთ შემთხვევაში კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული. თუცმა, როგორც საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი ამბობს, ეს პროცესი უკვე დაგვიანებულია.

ხარატიშვილის გადადგომას უკვე მოჰყვა შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რა შეიძლებოდა ყოფილიყო ზურაბ ხარატიშვილის მიერ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. როგორც კობახიძე აცხადებს, თუ ხარატიშვილმა მსგავსი განცხადებით პარლამენტს მიმართა, მიუხედავად საპარლამენტო მუშაობის დასრულებისა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დეპუტატთა რიგგარეშე სესიის მოწვევის და შესაბამისი საკითხის განხილვის უფლება აქვს.

„ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დისკომფორტიც გამოიწვიოს, თუმცა მანამ, სანამ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე ვალდებულია მისდამი დაკისრებულ მოვალეობა შეასრულოს. რაც შეეეხება საკითხის განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს საზაფხულო არდადეგები აქვს, დავით უსუფაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ნებისმიერ დროს შეიძლება რიგგარეშე სესიის თუ სხდომის მოწვევა და შესაბამისი საკითხის განხილვა. თუმცა ვიდრე პარლამენტი ხარატშვილის განცხადებას არ დააკმაყოფილებს, იგი ვალდებულია მოვალეობის შესრულება გააგრძელოს, რადგან აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში ცესკო-ს მუშაობაში რაიმე შეფერხებები არ იყოს“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ იყო ასეთი მოლოდინი, არა მხოლოდ ხარატიშვილი, არამედ გადაგებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთლიანი შემადგენლობა თუ არა 3-4 კაცი მაინც.

„იყო მოლოდინი და მე პირადად არა ერთხელ გავაფრთხილე პრესის ფურცლებიდან საქართველოს პარლამენტი, რომ არჩევნების პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროფესიულად თუ პარტიულად დანიშნული წევრები გადაგებოდნენ და ცესკო დარჩებოდა 7 კაცის ამარა. ასე რომ, მოვლენები შეიძლება განვითარდეს არა მხოლოდ ხარატიშვილის გადადგობით, არამედ 1 თვეში კიდევ გადადეგბა ცესკო-ს რამდენიმე წევრი და არჩევნების შედეგების შეჯამებისას, ფაქტობრივად, შეიძლება ისეთი შემადგენლობა მივიღოთ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული წევრები დარჩებიან ცესკო-ში, რითაც ხელოვნურად შეეცდებიან არჩევნების შედეგების დიკრედიტაციას“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

მისივე განცხადებით, თუ ხარატიშვილს ჰქონდა გადაგომის მიზეზი და თუ ის თვლიდა, რომ მას არ სურდა ახალი მთავრობის პირობებში ცესკო-ს თავმჯდომარეობა, შეეძლო, რომ არჩევნების დანიშვნამდე გადამდგარიყო და პარლამენტისთვის და პრეზიდენტისთვის ახალი თავმჯდომარის არჩევის საშუალება მიეცა. კახიშვილი ფიქრობს, რომ ეს არაა მიზეზებზე დაფუძლებული გადაწყვეტილება, არამედ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება არჩევნების დისკრედიტაციას.