„ფაშიზმი მოვიდა არა მარტო ამერიკაში, არამედ საქართველოში, მართალი უთქვამს რეიგანს: თუ მოვა ფაშიზმი, ის მოვა ლიბერალიზმის სახელითო, აბულინგებენ ბავშვებს, მამაშენი მოღალატეაო. ერთი მხარე გეუბნება, რუსული კანონიაო, მეორე მხარე გეუბნება, არ არის რუსულიო, აიღე ერთი კანონიც და მეორეც, წაიკითხე და მერე გამოდი ქუჩაში“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
„ალ-ქაიდას“ მსგავსად, ოპოზიციამ წინ აიფარა ახალგაზრდები, ბავშვები და დღესაც აცხადებს, რომ შემდგომი სამოქმედო ფორმულა უკვე ნაპოვნი აქვს. სავარაუდოდ, ეს ფორმულა გადის ისევ ახალგაზრდებზე, რომელთა გამოყენებასაც 7- 8 მარტის აქციებით გათამამებული ნაციონალები ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად კიდევ შეეცდებიან. თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს სტუდენტური პროტესტი, ეროვნული მოძრაობა, ეს ახალგაზრდები, რომლებმაც დღევანდელი პოლიტიკოსების ვინაობაც კი არ იციან და არც ნაცები მოსწონთ, არც „ქართული ოცნება“, რისი მსხვერპლნი გახდნენ ამ დღეებში? მომავალშიც გამოაყენებინებენ თუ არა თავს ვინმეს?
- ეს ახალგაზრდები უკვე გამოიყენეს მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი იყო, რომ გამოეყენებინათ, წინა ხაზზე ეს ახალგაზრდები გაუშვეს, ვინაიდან ზუსტად იცოდნენ, რომ ეს არ იყო სააკაშვილის ხელისუფლება და ამ ბავშვებს ვერც რეზინის ტყვიებს დაუშენდა ხელისუფლება და ვერც იმაზე მეტ ძალას გამოიყენებდა, რაც გამოიყენა, როგორი ტერორისტული აქტიც არ უნდა ჩაედინათ ახალგაზრდებს. ვგულისხმობ მოლოტოვის კოქტეილებს, რომელიც ომშიც კი აკრძალულია. შევახსენებ მკითხველს, როგორ წარმოიშვა მოლოტოვის კოქტეილი. ომის დროს იარაღის უქონლობის გამო მოლოტოვმა გამოიგონა ეს იარაღი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ქვეყნების შეთანხმება შედგა გაეროს ფორმატში, ომში რაღაცები დასაშვები გახდა, რაღაცები დაუშვებელი, მიუხედავად იმისა, რომ ომი მკვლელობასა და სიკვდილთანაა გაიგივებული, წამება ომის დროსაც აკრძალულია. ამ კუთხით მოლოტოვის კოქტეილები ომშიც აკრძალულია, რადგან ის იწვევს არა პირდაპირ სიკვდილს, არამედ წამებით სიკვდილს. ომის დროს მოლოტოვის კოქტეილებს ტანკებს ესროდნენ და ტანკში მსხდომი ადამიანები იწვოდნენ, ცეცხლისგან ვერ თავისუფლდებოდნენ. ის, რაც ფაშისტების წინააღმდეგ იყო აკრძალული, ამ ნაძირლებმა, ოპოზიციად რომ წარმოაჩენენ თავს, გამოაყენებინეს ბავშვებს საკუთარი ქვეყნის პოლიციისა და პარლამენტის წინააღმდეგ. ანუ მსოფლიომ წამების ეს საშუალება დაგმო, რომ არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის ფაშისტების წინააღმდეგ გამოყენებაც კი, ამათ კი მაინც გამოაყენებინეს ბავშვებს. ასეთი ოპოზიციისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ის, რასაც თქვენ ამბობთ - ეროვნული მოძრაობა, ჩემს ირგვლივ ახალგაზრდობის უზარმაზარი არმია იყო, მათ სამშობლოს სიყვარული ამოძრავებდათ, არა ფარისევლური, არამედ რეალური სიყვარული და ეს ყველაფერში ჩანდა. 14 აპრილი რომ მოეწყო, იქ მართლა ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხიდან, პლაკატი არავის დაუგდია დაბლა, აქცია რომ დასრულდებოდა, დილიდან საღამომდე მშიერი ადამიანები კანფეტს რომ ჭამდნენ, იმ კანფეტის ქაღალდიც ასფალტზე არავის დაუგდია. მოკრიალებული დარჩა იქაურობა ჩვენს მერე. ჩვენ ქვეყანა გვიყვარდა და იმიტომ გამოვდიოდით გარეთ, თორემ შენობების დასანგრევად და ეკლესიების გადასაჯღაბნად არ გამოვდიოდით. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა საბჭოთა კავშირისთვის, რომ გვიყვარდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ენა და ამას არ დავთმობდით. თანაც, გამოვდიოდით მშვიდობიანად, კულტურულად.
დღევანდელი ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში აშკარა ზიზღი იყო საკუთარი ქალაქის მიმართ, ამტვრევდნენ სკამებს, დაათრევდნენ ნაგვის ურნებს, ხტებოდნენ მანქანებზე. ამით გამოხატავდნენ ევროპულობას?
- ეს იყო სიძულვილის დემონსტრირება, მაშინდელი ჩვენი აქციები კი სიყვარულის დემონსტრირება იყო. ასეთი საქართველო მე არ მახსოვს. ოპოზიციაშიც ვყოფილვარ, მათ შორის, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. კიტოვანმა და „მრგვალმა მაგიდამ“ თუ რაღაც ისროლეს თბილისის ომის დროს, ის ოპოზიციასთან არ იყო გაიგივებული. ეს ადამიანები კი სიძულვილის, ზიზღის, საქართველოს მტრობის მეტს აღარაფერს არ ასხივებენ.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ახალგაზრდების უარყოფითი ენერგია ამოხეთქვას ლამობდა და ნებისმიერ საბაბს გამოიყენებდნენ ამისთვის, მათ შორის, გამოიყენებდნენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. მეორე მხრივაც რომ შევხედოთ მოვლენებს, რა იწვევს ამ თაობის გაუცხოებას, რა დავაკელით ამ ბავშვებს, რომ ასეთი აგრესია გამოხატეს? ნუთუ არ ეუბნებოდნენ მშობლები, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს, როგორ ანადგურებდნენ მათ თანატოლებს, როგორი სისასტიკე იყო ციხეში თუ ციხის გარეთ? ითქვა კიდეც, რომ ეს თაობა ვეღარ კითხულობს სქელტანიან რომანებს, ამ თაობას ტიკ- ტოკის ენაზე მოკლედ უნდა უთხრა სათქმელი. იქნებ, აგენტების შესახებ კანონიც ტიკ- ტოკის „ენაზე“ უნდა აეხსნათ მათთვის?
- რა დააკლდა ამ თაობას და განათლება, ოჯახში აღზრდა, მეტი არაფერი. განათლების დეფიციტის შედეგია, რაც მოხდა. როცა გვესმის, რომ არ მაინტერესებს, რა წერია ამ კანონპროექტში, მაგრამ მაინც ვაპროტესტებო, აქ უკვე ფსიქოლოგიური პრობლემაა. ასეთი პრობლემა აქვთ ადამიანებს, მათ შორის, პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ განხილვაში არ შევალ და არ წავიკითხავო. რას ნიშნავს, განხილვაში არ შეხვალ და ისე დაადებ ვეტოს, შენ ცირკში კი არ ხარ. რას ნიშნავს, რომ არ ერკვევი ამ კანონპროექტში, არ გაინტერესებს და პირდაპირ პოზიცია გაქვს?! ე.ი. პირდაპირ მხარე ხარ, პირდაპირ დაკვეთის შემსრულებელი ხარ. ასევეა ეს ბავშვებიც, როდესაც არ ეცნობიან ამ კანონპროექტს, არ აინტერესებთ, როდესაც არ ითხოვენ, რომ შეხვდნენ პარლამენტის წარმომადგენელს, გაერკვნენ, რა კანონს იღებენ. საბჭოთა პერიოდში სტუდენტებს რამდენიმე აქცია გვაქვს ჩატარებული, ჩვენ დროს არ იყო ასე აქციების ჩატარების საშუალება, მაგრამ ჩვენი აქციები ყოველთვის მთავრდებოდა იმით, რომ ჩვენ ვითხოვდით ხელისუფლებასთან შეხვედრას და ვეუბნებოდით ჩვენს პრობლემებს, რაც მიგვაჩნდა, რომ პრობლემური იყო მათ ქცევებში. იქიდან ვღებულობდით პასუხებს, კონტაქტს ვამყარებდით, საკონტაქტო პირს გამოყოფდა ხოლმე შევარდნაძე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დესტრუქციას კი არ ვაწყობდით, არამედ კონსტრუქციულად ვთანამშრომლობდით, რომ რაღაც უკეთესი მიგვეღო უარესი ხელისუფლებისგან. ესენი ვინ არიან? არც შეხვედრა მოინდომეს, არც წაკითხვა, ეს კითხვაზე აცრილი ახალგაზრდობა. როგორ შეიძლება, ამათ ქვეყანა და კარგი მომავალი შექმნან?! ერთი მხარე გეუბნება, რუსული კანონიაო, მეორე მხარე გეუბნება, არ არის რუსულიო, აიღე ერთი კანონიც, მეორეც, წაიკითხე და მერე გამოდი ქუჩაში. როდესაც ასეთი არასერიოზული კი არა, მიზანმიმართული დამოკიდებულება იკვეთება, ეს ნიშნავს, რომ ნებაყოფლობით კი არ მოქმედებს ახალგაზრდობა, არამედ ეს არის დაკვეთით შესრულებული აქციები. არ შეიძლება შენ შინაგანად გაინტერესებდეს ეს კანონპროექტი, აპროტესტებდე და შიგნით არ იხედებოდე, რას აპროტესტებ.
ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებშიც ნელ- ნელა იღებენ ამ კანონს, ხომ შეიძლება, პროტესტანტმა ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რომ მოატყუეს და ხელმეორედ აღარ უნდა გამოაყენებინონ თავი ნაციონალებს, ლომჯარიებს? აღარაფერს ვამბობ იმ ქვეყნებზე, რომელთაც უკვე მიიღეს ეს კანონი.
- მე იქ გონთან დაკავშირებული მოქმედება არ დამინახავს. თქვენ რასაც მეკითხებით, უკვე ჩადენილ დანაშაულს სინანული შეიძლება მაშინ მოჰყვეს, როდესაც გონებასთან გვაქვს საქმე და გონი მუშაობს, რომელიც ხედავს დადებითს, უარყოფითს, აანალიზებს ყველაფერს. მე ეს გონი არ დამინახავს. მე იქ დავინახე აბსოლუტურად გაუცნობიერებელი, გავეშებული ახალგაზრდები, რომელთაც გაცნობიერების სურვილიც არ ჰქონდათ, ისროდნენ მოლოტოვებს, ამტვრევდნენ პარლამენტს, ამათ ვერ მოვთხოვთ, რაიმე გადახარშონ. რა თქმა უნდა, ასეთი ახალგაზრდები ყოველთვის შეიძლება გამოყენებულ იქნან. თუკი საზოგადოების ასეთი მასა არსებობს, რომელსაც არაფერი აინტერესებს და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენონ იარაღად, მათ კიდევ გამოიყენებენ. მე თვითონ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი ვიყავი. პირველ ხუთეულში თუ ვინმე იყო, მე ვიყავი ახალგაზრდობაში. ვინ მასწავლის, რა და როგორ ხდება, ან საიდან მოდის მუხტი. ამ დღეებში რაც მოხდა, ეს არანაირად არ მოდის არც ახალგაზრდული მუხტისგან, არც ახალგაზრდული ტემპერამენტისგან, ეს სულ სხვა მუხტი იყო, ეს არ ეწერა იმ მუხტში, რაც ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში, 70- 80-იან წლებში ხდებოდა. ამის გაიგივება იმ პერიოდთან შეურაცხმყოფელიცაა.
ეს იყო ლიბერალური ფაშიზმი?
- ეს არის ნეოლიბერალური ფაშიზმი, რომელზედაც რეიგანი 80-იან წლებში წინასწარმეტყველებდა, როცა იძახდა, ამერიკაში თუ მოვა ფაშიზმი, ის მოვა ლიბერალიზმის სახელითო. დიდ პატივს ვცემდი რეიგანს, მისი დამსახურება იმ საქმეში, რასაც ჩვენ ვეწეოდით, უზარმაზარი იყო. რეიგანი რომ არა, ალბათ, საბჭოთა კავშირის დაშლაც არ მოხდებოდა, მას იმხელა როლი ჰქონდა. ერთადერთი, რასაც ვერ ვგებულობდი, მისი ეს გამონათქვამი იყო, ვფიქრობდი, რას ამბობს-მეთქი, რადგან ჩვენ თვითონ ვიყავით ლიბერალები, მოვითხოვდით ლიბერალიზმს, რომელიც იყო ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისცემა, ამიტომ არ მესმოდა რეიგანის ნათქვამი და ყოველთვის მინდოდა, მისი ეს გამონათქვამი არ ყოფილიყო აფიშირებული. დღეს ვხვდები, თურმე ამაზე მართალი რეიგანს არც არაფერი უთქვამს. დავდექით ამ ფაქტის წინაშე, რომ მოვიდა ფაშიზმი არა მარტო ამერიკაში, არამედ საქართველოშიც და კიდევ ბევრ ქვეყანაში და მოვიდა ლიბერალიზმის სახელით. მეტი ფაშიზმი რა იქნება, გამოდიან, ბავშვებს აბულინგებენ სკოლაში, მამა მოღალატე გყავსო, დასდევენ, ხმა ვინ მისცა კანონს, რომ ჩაუსაფრდნენ და ამას წერენ ზრდასრული ადამიანები. ფაშიზმი ის მოვლენა არ არის, რომ შეგეშალა, ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. როცა ადამიანს ასეთი აზრები გიჩნდება, რასაც ესენი ფეისბუკზე წერენ და პირად საუბრებში ლაპარაკობენ, ეს არის ნეოფაშიზმი. რუსი მოდის, რუსი მოდისო, რუსი კარგიც არის და ცუდიც. ჰიტლერი რადგან ჰყავდათ გერმანელებს, გერმანელი ერი არ ვარგა? ასეთი პრიმიტივიზმი შეიძლება? ერს მიაყენო შეურაცხყოფა იმიტომ, რომ მისი პოლიტიკოსი ასეთია? სწორედ ეს იყო ფაშიზმი, რომ ერებს ერჩოდა და ანადგურებდა, მაგრამ იძახდა, გერმანელი ერისთვის ვაკეთებ ამასო, ეს ფაშისტები კი ვინ არიან? მათ არც ქართველი ერისთვის უნდათ სიკეთე. ზოგადად, მთელი კაცობრიობა ეზიზღებათ.
ბავშვობიდან ესმით იმ დროის ნატვრა, როცა დაუსჯელად ამწარებდნენ ხალხს.
ვერა და ვერ ჩაიგდეს ძალაუფლება. არადა , თითქოს რა ახლოს არიან.
ნაწილმა ფული აიღო, ნაწილს შეპირდნენ. ზოგს ნიშნები დაუწერეს, ზოგსაც - შეპირდნენ.
არიან საქართველოში წესიერი ახალგაზრდები. ეგ არის, მათთვის დახურულია ნაც ლიბერალური ტელევიზიები. ტუსიკები თუ არ გამოაჩინეს, არ აინტერესებთ.