ექსპრეზიდენტის ოჯახი და მმართველი გუნდი სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას აჭიანურებს, რასაც სხვადასხვა მიზეზით ხსნის. მმართველი ძალა კი სარჩელს - „სააკაშვილი-საქართველოს“ წინააღმდეგ უპერსპექტივოდ მიიჩნევს, ვინაიდა თვლის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში ობიექტური მიზეზების გამო დატოვა და საერთაშორისო სასამართლოც ანალოგიურს დაადასტურებს. შესაბამისად, მმართველ პარტიაში თვლიან, რომ მსჯავრდებულის გარემოცვა ახლა დროის გახანგრძლივებით, სტრასბურგში მარცხის არიდებას ცდილობს.
სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჯერ არ იცის, როდის გაიგზავნება სარჩელი სტრასბურგში და არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, სარჩელის გაჭიანურებას პოლონელი ექიმების ვიზიტის მოლოდინი იწვევდეს. გიული ალასანიას თქმით, სავარაუდოდ, ადვოკატები უცხოელი მედიკოსების დასკვნას ელოდებიან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სწორედ ამ დასკვნის დადების შემდეგ მიმართავენ.
გიული ალასანიასგან განსხვავებით, სარჩელი გაიგზავნება თუ არა, ჯერ დაზუსტებით სააკაშვილის ინტერესების დამცველებმაც არ იციან. შალვა ხაჭაპურიძე მედიასთან ამბობს, რომ 4-თვიანი ვადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვამდე არსებობს, ჯერ ამოწურული არ არის.
მიხეილ სააკაშვილის პარტიაში მიაჩნიათ, რომ სარჩელის გაგზავნა სტრასბურგში სწრაფად უნდა მოხდეს და აქცენტი, ყოფილი პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც უნდა გამახვილდეს.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარი, საქალაქოს შემდეგ, სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო.
„მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც, ეს მათი გადასაწყვეტია“, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. კერძოდ, როგორც მსჯავრდებული სააკაშვილის, ისე ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვას. მრავალგზის მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არც ერთი უფლება არ ყოფილა დარღვეული. ჩვენ უკვე ვიხილეთ, როდესაც მისმა უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და მაშინ ვნახეთ, საბოლოო ჯამში, რა შედეგიც დადგა. მათ ასევე ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან, ეს იყო გასულ წელს და წელს მიმართავენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა უფლება, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, არის მკაფიოდ დაცული. მას უკვე, დაახლოებით, 2 ათას ვიზიტორამდე ჰყავდა. თუ სჭირდება მას მკურნალობა, მკურნალობს შესაბამის კლინიკაში და, უბრალოდ, ფიზიკურად რთულია, წარმოვიდგინოთ, რომელი უფლების დარღვევაზე შეიძლება ჰქონდეს საუბარი დაინტერესებულ მხარეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლების ვარაუდს იზიარებს და ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ოჯახის და მიხეილ სააკაშვილის თავშეკავების მიზეზი ეს ვერსია უნდა იყოს. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სხვაგვარად ლოგიკას არის მოკლებული, რატომ არ უნდა ჩქარობდნენ სტრასბურგში საჩივრის გადაგზავნას იმ ფონზე, როცა ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი კვდება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„როგორც ჩანს, სააკაშვილი და მისი გარემოცვა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ სტრასბურგი მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. შეიძლება ითქვას, რომ პირიქით, იმაში არიან დარწმუნებულები, რომ მათთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც სააკაშვილის თემას პოლიტიკური დღის წესრიგიდან სრულიად მოხსნის. ამიტომაც იკავებენ თავს. სხვა მხრივ, თუკი ლოგიკურად ვიმსჯელებთ და შევხედავთ, რატომ არ უნდა უნდოდეთ მათ საქმის დაჩქარებული წესით სტრასბურგში გასაჩივრება? როგორც ჩანს ეს ვარაუდი უფრო რეალურია. იციან გადაწყვეტილება მათთვის ხელსაყრელი არ იქნება. ურჩევნიათ პოლიტიკურ თემად შეინარჩუნონ, ვიდრე გარისკონ და ეს საკითხი სრულიად დახურული აღმოჩნდეს.
როგორც ჩანს, ექსპერტთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამყარებული დიდად არ არის. მერე მეორეც, იქ მარტო სააკაშვილის ადვოკატების და ექსპერტების დასკვნებს არ განიხილავენ. ამ მიმართულებით ხელისუფლებაც იმუშავებს. სახელმწიფოს არგუმენტებსა და მტკიცებულებებსაც განიხილავენ. ამიტომ რისკი დიდია, რომ სტრასბურგში სააკაშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება არ მიიღონ. შესაბმისად, თავს ამიტომ იკავებენ. ჩანს, პიარისთვის კარგი თემაა, ხოლო იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები დაარწმუნონ, ალბათ, უფრო სუსტია. სხვა შემთხვევაში, მათ ფეხის თრევას ახსნა არა აქვს, მით უმეტეს, როგორც თავად ამტკიცებენ, სააკაშვილის მდგომარეობა ყოველ დღე მძიმდება“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge- სთან ფიქრობს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნას იმიტომ არ ჩქარობენ, რომ საქართველოში მოვლენების განვითარებას ელოდებიან. საყვარელიძე არ გამორიცხავს ვერსიას, რომ სააკაშვილს კიდევ სჯეროდეს, საქართველოში სიტუაცია ისე აეწყობა, ოპოზიციამ ხელისფლება დაძლიოს და მათ ერთიან ლიდერად ისევ დასჭირდეთ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკიდან წასვლა რეალურად არ გადაუწყვეტია, ამიტომაც მისი თავშეკავება შესაძლოა ამითაც იყოს განპირობებული.
„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს და მის გარემოცვას 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ სულ სხვა მოლოდინები და იმედი გაუჩნდათ. სავარაუდოდ, ის ფიქრობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, თუკი მას კლინიკაში სამკურნალოდ ან საზღვარგარეთ გადაიყვანენ, მაშინ ის პოლიტიკურად აქტიური ვეღარ იქნება და ამ შანსს ხელიდან გაუშვებს. ჯერ შეიძლება იმედი აქვს, რომ მოვლენები ისე განვითარდეს, საერთოდ სტრასბურგის სასამართლო საჭიროც აღარ იყოს. ფიქრობს, უფრო სრულფასოვან მებრძოლად ყოფნის შანსი აქვს, ვიდრე ავადმყოფობის გამო სადმე სამკურნალოდ წავიდეს.
ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოზე დიდ იმედებს არც ამყარებენ. ამის პარალელურად, ვხედავთ მისი ოჯახი ლობისტების გააქტიურებას არ წყვეტს. ასევე ცდილობენ, რომ მისი გათავისუფლების საკითხი ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე იყოს მიბმული. ამიტომ, ჯერჯერობით, იმედი აქვთ, რომ სხვა საშუალებებით და მეთოდებით მისი გათავისუფლება უფრო შესაძლებელი იქნება. თანაც სტრასბურგის სასამართლო ცოტა რთულად მოსაქრთამია და მაინც რისკთან არის დაკავშირებული. ვაითუ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღოს, ეს ხელისუფლებისთვის ცალკე ბერკეტი აღმოჩნდება. ამიტომაც მაინც მგონია სტრასბურგის სასამაართლოს ძალიან უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ“, - ამბობს საყვარელიძე.