გიორგი მარგველაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

გიორგი მარგველაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. ამის თაობაზე საუბარია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ მომზადებულ შუალედურ დასკვნაში, სადაც რამდენიმე ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზეა ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნების დანიშვნის შემდგომ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტიდან 13 მილიონ 555 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოყო.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია საბიუჯეტო პროგრამების ზრდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საბიუჯეტო ცვლილების შეჩერების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ბრალდებას იზიარებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი და თვლის, აჭარის შემთხვევაში გამოთქმული პრეტენზიები სწორია. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება ინტერფარქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექში, რომელშიც წერია, რომ არა არჩევნების გამოცხადების დღიდან, არამედ არჩევნებამდე 60 დღით ადრე არ შეიძლება ცვლილებები მოხდეს ბიუჯეტში.

„როდესაც უმაღლესმა საბჭომ ცვლილება შეიტანა ბუჯეტში, მაშინ პარლამენტს ჰქონდა ცვლილება მიღებული, მაგრამ არ იყო გამოქვეყნებული, ძალაში არ იყო შესული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აჭარასთან მიმართებაში კანონმდებლობა დაირღვა“, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როცა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა მოხდა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. 

„პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესის გამკაცრების ფონზე, მაშინ, როდესაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძებებზე იკრძალება აგიტაცია, საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ, სახელმწიფო ღონისძიებებზე დასწრება ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პოზიციას თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია შუალედურ დასკვნაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებას არ იზიარებს მმართველი გუნდი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარგველაშვილი რეგისტრირებული კანდიდატი არაა, რაც შეეხება ადმინისრატიული რესურსის გამოყენებას, იმერლიშვილი ამბობს, რომ ეს კანონი ძალაში 9 აგვისტოს შევიდა და შესაბამისად, ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი კანონს ვერ დაარღვევდა. მისივე განცხადებით, აქ საუბარია მაღალი პოლიტიკურ სტანდარტების დამკვიდრებაზე, რასაც, პირველ რიგში, უმრავვლესობა დაიცავს.

„რას შეეხება გიორგი მარგველაშვილს მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ეს ნამდვილად ასე არაა. პირიქით, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ უნდა დაამკვიდროს მაღალი პოლიტიკური სტანდარტები არჩევნებში, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხდა, რომ ეს იქნება უპრეცედენტო არჩევნები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მე მგონი პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც ხელისუფლება არაა მოწადინებული, რომ გამოიყენოს ადმინსტრაციული რესურსი. პირიქით, ჩვენ შევიტანეთ ცვლილება საარჩევნო კოდექსში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ხელისფლებაში და ყველაზე მეტად ჩვენ შეგვეძლო, რომ გამოგევყენებინა ეს ადმინისტრაციული რესურსი ისე, რომ კანონდებლობა არ დაგვერღვია. ისევე, როგორც გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, რომ საერთოდ არ გადამგდარიყო მინისტრობიდან და ისე ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია.

ცვლილება რაზედაც არის ლაპარაკი ძალაში შევიდა 9 აგვისტოს, პრაქტიკულად, ნულზეა დაყვანილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა. კანონი, რომელიც არ არსებობდა, როგორ დაარღვევდა მარგველაშვილი? მეორე - მარგველაშვილი არ გახლავთ ჯერ რეგისტრირებული კანდიდატი“, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

მისივე თქმით, რადგანაც უმრავლესობა იყო ამ კანონის ინიციატორი, კანონს ზედმიწევნით დაიცავენ. მისივე თქმით, დავით ბაქარძე, რომელიც ასევე არაა რეგისტრირებული კანდიდატი, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე დადის სახელმწიფო მანქანით, იმ მანქანით, რომელიც ემსახურება საქართველოს პარლამენტისგან. შესაბამისად, იმერლიშვილი მოუწოდებს ოპონენტებს, რომ დაიცვან კანონი, რომელიც უკვე შევიდა ძალაში.

დასკვნის მიხედვით, ასევე, გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების“ აგიტაცია გასწია. ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ საზოგადოებას ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბიდან მიაწოდა და გაწეული დახმარებისათვის პარტიას მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ქმედებით ორგანიზაციამ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო.