„სააკაშვილს თუკი საფრთხე არ დაემუქრა, არ გაათავისუფლებენ, სტატუსის საკითხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და არა კონკრეტული ევროპარლამენტარები“

„სააკაშვილს თუკი საფრთხე არ დაემუქრა, არ გაათავისუფლებენ, სტატუსის საკითხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და არა კონკრეტული ევროპარლამენტარები“

საქართველოს 12-პუნქტიან გეგმასთან ერთად, ფაქტობრივად, კიდევ ერთ მე-13 პუნქტად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უყენებენ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი გადიოდეს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არაფერი არ შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან.

ზოგიერთი ევროპარლამენტარებისგან კი საქართველოს ხელისუფლების მიმართ თითის ქნევა არ წყდება. სააკაშვილის თემა მას შემდგე კვლავ გააქტიურდა, რაც მისი ოჯახი ბრიუსელში ჩავიდა და დაქირავებულ ლობისტებთან ერთად, სააკაშვილის მოკავშირე ევროპარლამენტარებთან კვლავ შეხვედრები გამართეს.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის მძევლის, ციხეში დატოვება ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას“.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებას ჩვენს სამეზობლოში. ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად ხვდება. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველა ჩვენგანისთვის რეგიონში. მე მივესალმები მათ, ვინც აპროტესტებდა უცხოელი აგენტის კანონს. ასევე, მინდა, ვახსენო, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დატოვება ციხეში, როგორც პუტინის მძევლისა, ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას. იმედია, საქართველოს მთავრობა მიხვდება ამას, ისევე როგორც ხალხის პროტესტს თბილისში და სხვაგან“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

„საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა მოახდინოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მოწამლული და პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არის ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა არ გაუღებს კარს პოლიტიკური რევანშიზმის არც ერთ ფორმას.

„ჩემი გამოსვლა მინდა, დავიწყო ქართველი ხალხისადმი მილოცვით, რომელთაც აქტიური პოზიციით შეაჩერეს მთავრობის მცდელობა, მიეღოთ რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩვენს სოლიდარობას და დაფასებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ქართველი ხალხის ევროპული ნების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა მოახდინოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მოწამლული და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი.

ევროპა არ გაუღებს კარს პოლიტიკური რევანშიზმის არც ერთ ფორმას. მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ევროკავშირის დროშები დღეს თბილისში იწვოდა. ეს არის სევდიანი დღე საქართველოს ყველა მეგობრისთვის ევროკავშირში. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ქართველი ხალხის ისტორიული სიბრძნე, რომელთაც ახსოვთ ტოტალიტარიზმის საშინელება, გაიმარჯვებს“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით. ყველა ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს ერთმანეთთან აიგივებს, არ სცემს პატივს საქართველოს სუვერენიტეტს.

„ყველა ის ევროპელი თუ უცხოელი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას, ე.ი. ის არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ის პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხს, სააკაშვილის მიერ ნაწამებ ათასობით დაჩაგრულ ადამიანს. ბუნებრივია, ჩვენი პასუხი და რეაქცია იქნება ადეკვატური. ვინც ჩვენ პატივს არ გვცემს, ჩვენგანაც ნუ მოელის პატივისცემას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამჭვირვალედ. ერთი რამ მინდა ვთქვა, აი, მაგალითისთვის, ჩვენ საჯაროდ შევთავაზეთ სააკაშვილის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი, ოჯახმა და არა სხვამ, სხვა არ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, თუ უნდათ, რომ უმკურნალონ ადგილზე, პრობლემა არ არის. არავითარ ბარიერს არ შევუქმნით, მაგრამ ისე არა, რომ არ ცნონ მათ ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები, არც ჩვენი ინსტიტუტები. ასე არ გამოვა, ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ, ჩვენი სახელი, ავტორიტეტი უნდა დავიცვათ. არავის ჰქონდეს მოლოდინი, რომ რაიმე უკანონობას ჩავიდენთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილს მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ კუბილიუსი, ფოტიგა, აუსტრევიჩიუსი და მისნაირი ევროპარლამენტარები ნებისმიერ მიზეზს ეძებენ, რათა აქაურ რადიკალებს ჩააწვეთონ, რათა ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაცია მოხდეს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ევროპისკენ იმდენი ნაბიჯები გადაიდგა, რაც თავად მიხეილ სააკაშვილის ხელსიუფლების დროს არასდროს გადადგმულა, ამიტომ ამ თემის მიბმა სააკაშვილის გათავისუფლებასთან თავად ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

„ნებისმიერ საბაბს გამოიყენებენ იმისთვის, რათა საქართველოში საპორტესტო ტალღა კვლავ აგორდეს. თავხედობაა ქვეყნის სუვერენიტეტის და კანონის უზენაისობაში ჩარევა, როდესაც ევროკავშირსა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას შორის ტოლობა ისმება. ე.წ. მე-13 მუხლის სახით უნდათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სახელმწიფოს აიძულონ. ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის სწორედ ეს არის მიუღებელი. არა აქვს მნიშვნელობა „ოცნების“ მხარდამჭერია თუ სხვა პოლიტიკური პარტიის. ნაცჯალათის გამართლება და კანონდარღვევით ვითომ მისი სამკურნალოდ გაგზავნა აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ პოლონელმა ექიმებმაც სუბიექტურად ნეგატიური დასკვნა დაწერონ და ეს ყველაფერი გაპიარდეს დასავლეთში.

 ამის შემდეგ კი ხელახალი ტყუილების ტალღა წამოვიდეს, თითების ქნევა დაიწყონ. თვითმარქვია ევროპის დამცველებმა და კანონის უზენაესობის პატივისმცემელმა ევროპარლამენტარებმა ყვირილი დაიწყონ, რომ სააკაშვილი კვდება. აქაც მე პატარა ჩადებულ ნაღმს ვხედავ, თუმცა იუსტიციის სამინისტრო, „ვივამედის“ ექიმები მოწოდების სიმაღლეზე არიან. მათ არგუმენტირებულად შეუძლიათ დეზინფომაციის ნიაღვარს დაუპირისიპირდნენ, რომელიც მოდის არა მხოლოდ სააკაშვილის ლობისტებისგან, არამედ გლობალური ომის პარტიისგან, რომლებსაც საქრთველოში დესტაბილიზაცია და მეორე ფრონტის გახსნა უნდათ. თუმცა ამას ვერ მიაღწევენ. „ოცნების“ მშვიდობიანი პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით, ხელისუფლებას არა ერთი მხარდამჭერი ჰყავს. ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევა ამას ამბობს“, - ამბობს აბაშიძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება, მის თემას ოჯახი და მათ მიერ დაქირავებლი ლობისტები მუდმივად გაააქტიურებენ. მით უმეტეს 7-8-მარტის მოვლენების შედმეგ, შესაძლოა, ოჯახსაც და სააკაშვილსაც იმედი გაუჩნდათ, რომ ქვეყანაში რაღაცა შეიცვლება, ხელისუფლებაზე ახლა დასავლეთიდან წამოსული ზეწოლაც გაჭრის და სააკაშვილს ციხიდან დაიხსნიან. ამიტომ ზაქარეიშვილი ამაში ახალს ვერაფერს ხედავს და ფიქრობს, რომ ასეთი აქტიურობა მუდმივად იქნება.

„არ მგონია და არ ველი, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის გამო ევროკავშირის სტატუსი არ მოგვცენ. ის რა განცხადებებიც ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან და სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტებისგან ისმის, მხოლოდ განცხადებებია და რაიმე კონკრეტულზე ვერავინ ისაუბრებს. ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხს ეს ხალხი არ წყვეტს. ღმერთმა არ ქნას სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს, რასაც არ მგონია, რომ ხელისუფლება დაუშვებს, დანარჩენი მის გარშემო ასეთი აჟიოტაჟი და აქტიურობა მუდმივად იქნება. ეს არის ოჯახის აქტიურობა, რომელიც ლობისტების მეშვეობით ცდილობს, რომ დღის წესრიგიდან სააკაშვილის თემა არ მოიხსნას, მით უმეტეს ბოლო კვირაში განვითარებული მოვლენების ფონზე. ალბათ, ოჯახს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის გააქტიურებით რაღაცა გამოვა. მე მაინც მგონია, რომ არაფერი არ გამოვა და სააკაშვილს თუკი რეალურად საფრთხე არ დაემუქრა, მას არ გაათავისუფლებენ. სტატუსის მინიჭების საკითხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და არა კონკრეტული ევროპარლამენტარები, ამიტომ არ ველი, რომ ამის გამო ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიული შანსის გამოყენების საშუალება არ ექნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ლევკოთეა სააკაშვილისთვის, ნებისმიერი ადამიანი არის პირადი ამბიციური ინტერესების დაკმაყოფილების საშუალება. სულერთია, საკუთარი დედა იქნება, შვილი, თუ უბრალო ნაცნობი.
პირადად მე, მასზე დიდი კაცთმოძულე არ მეგულება საქართველოში.
1 წლის უკან