აზერბაიჯანის პარლამენტის თავდაცვისა და უშროების კომიტეტის წევრი ზახიდ ორუჯი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთიანი არმიის ჩამოყალიბება დაიწყეს. როგორც ორუჯი განმარტავს, ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფების ერთობლივი წვრთნა ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას რეგიონის თავდაცვის უსაფრთხოების პოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულებით ერთიანი ხედვა აქვთ, ამ ხედვის ყველაზე მთავარი კომპონენტი კი სამხედრო თანამშრომლობაა. დეპუტატის განცხადებით თანამშრობლობის ფორმულა ასეთი უნდა იყოს - ერთი ნაცია, ერთი არმია.
აზერბაიჯანის დეპუტატის განცხადებას უკვე უპასუხეს ერევანში. სომეხი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არ შეიძლება არსებობდეს ერთი არმია და ორი სახელმწიფო.
რუსი ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში ევრაზიის რუკა შეიცვლება და სამხრეთ კავკასიაში და კასპიის რეგიონში, ახალი, ძლიერი არმიის შექმნა რუსეთს სამხრეთ კავკასიას და სამხრეთის ზღვებზე გასასვლელ გზებს დააკარგინებს.
შეცვლის თუ არა მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკას ამ იდეის განხორციელება, რა შანსების და რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ შემთხვევაში საქართველო, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ხათუნა, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის წყარო აზერბაიჯანის პარლამენტის თავდაცვისა და უშროების კომიტეტის წევრია, როგორ ფიქრობთ, ეს თემა მხოლოდ თეორიულად შეიძლება განიხილებოდეს, თუ რეალურად არსებობს მისი განხორციელების შესაძლებლობა?
- თავისთავად, ძალიან საინტერსო იდეაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, იქცევა თუ არა რელობად, ანალიზსა და ყურადღებას საჭიროებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ვიდრე რეალურობაზე ვისაუბრებდეთ, მიზეზების და ამ ნაბიჯის აუცილებლობის გარკვევაა საჭირო.
ეს იდეა საინტერესო მრავალი ასპექტის გამოა. დავიწყოთ იმით, რომ თუკი ამ იდეის რელიზაცია მოხდა, დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ნატოს წევრი და არაწევრი ორი ქვეყნის სამხედრო ფორმირებები გაერთიანდნენ და ერთიანი სამხედრო ძალა ჩამოაყალიბონ.
ეს რას ნიშნავს? პოლიტიკურ დატვირთვას ვგულისხმობ...
- შეიძლება ვივარაუდოთ, როდესაც ნატოს შემდგომ გაფართოებას რუსეთის მხრიდან ძალზე მძაფრი რეაქციები მოჰყვა და 2008 წლის აგვისტოს ომი ამისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში იყო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ნაბიჯი არის გარკვეული ტაქტიკური სვლა ნატოს მხრიდან საკუთარი მიზნების მიღწევისა, ოღონდ ცოტა უფრო შემოვლითი გზით.
იმის მიუხედავად, აზერბაიჯანი, ან საქართველო ნატოს წევრი გახდება თუ არა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ აზერბაიჯანზე ვისაუბროთ, მისი ქვეყნის ტერიოტორიაზე მისივე ჯარი ნატოს ჯარის ფუნქციას შეასრულებს. თუკი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ჯარი ნატოს წევრი ქვეყნის ჯართან გაერთიანდა და აზერბაიჯანის საზღვართან განლაგდა.
გავიხსენოთ, რომ თურქეთს აქვს აღებული თავდასხმის შემთხვევაში აზებაიჯანის დახმარების ვალდებულება. ფაქტობრივად, ვიღებთ იმ ვალდებულებას, რაც ნატოს ამოცანა იყო, ანუ იმას, რომ უშუალო მონაწილეობით იწყება კონტროლი რეგიონზე.
მეორე - აზერბაიჯანიც დიდწილად იღებს იმას, რაც შეიძლებოდა ნატოსგან მიეღო, ანუ საკუთარი უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს.
ცოტა უფრო გლობალურად თუ შევხედავთ, ის ფუნქცია და ის როლი, რაც აზერბაიჯანი თურქეთი-საქართველოს სამკუთხედს ენიჭებოდა ნატოს და ამერიკის სტრატეგიაში, ფაქტობრივად, ამ ნაბიჯით იძენს რეალურ სახეს, თანაც იმ წინააღმდეგობის გვერდის ავლით, რა წინააღმდეგობასაც რუსეთი იჩენს ნატოს გაფართოების მიმართ.
სამაგიეროდ, რუსეთი დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ დადგება ნატოს შეიარაღებული ძალები. რა თქმა უნდა, თუ ეს იდეა იქცა რეალობად.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია იგივე რეგიონალურ ჭრილში და ნატოს სტრატეგიაშიც ამ რეგიონის მიმართ - ნატოს წევრი ქვეყნის ჯარები იღებენ კანონიერ და სამართლებრივ საფუძვლებს, გავიდნენ კასპიის ზღვაზე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამ იდეისა.
რუსეთისგან რა ტიპის რეაგირებაა მოსალოდნელი?
- რუსეთი გულხელდაკრეფილი არ იჯდება, ძალიან კარგად ხვდება იმას, რომ შედეგის თვალსაზრისით, ეს თითქმის იგივეს უდრის, რაც ნატოს გაფართოება, მაგრამ წინააღმდეგობა მისი მხრიდან ნაკლებად არგუმენტირებული იქნება, ნაკლები არგუმენტი ექნება დანარჩენი მსოფლიოს თვალში, თურქეთისა და აზერბაიჯანის ამ ალიანსს შეეწინაააღმდეგოს.
ზოგადად, საინტერესო ძალთა განლაგებას ვიღებთ რეგიონში, მეორე მხრივ, არის კიდევ ერთი მომენტი, რუსეთი ძალიან გააქტიურდა ბოლო პერიოდში იმ მიზნით, რომ მაქსიმალური კონტროლი აღიდგინოს ყოფილი დსთ-ს სივრცეზე.
ამისი თვალსაჩინო გამოხატულება იყო, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯერ უკრაინის, ორი თვის შუალედის შემდეგ კი, სომხეთის მხრიდან, ფაქტობრივად, იძულებითი ნაბიჯის გადადგმა, რომ ჩართულიყვნენ რუსეთის საბაჟო კავშირში დამკვირვებლის სტატუსით.
ასეთი პოლიტიკა ძალზე სიმპტომატურია სწორედ რუსული გავლენის გაფართოების კუთხით რეგიონში. ამ გავლენის მიღმა ჯერჯერობით რჩება ორი ქვეყანა, ეს არის აზერბაიჯანი და საქართველო.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აზერბაიჯანი დიდი სიამოვნებით მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, თუკი შეძლო და რისკფაქტორები გაანეიტრალა, არის ის, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანის ხელისუფლების შეცვლის გეგმაში. რამდენიმე თვეა, საკმაოდ აქტიურად ისმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრები არანაკლები სიმდიდრის მქონე აზერბაიჯანელები, (შესაძლოა, მთლად ახლოს ვერ მოდიოდეს ალიევების სიმდიდრესთან, მაგრამ საკმაოდ წონადი ფინანსური რესურსების მობილიზებაზეა საუბარი) ანუ რუსეთში მყოფი აზერბაიჯანული ფინანსური ელიტა რუსეთის ხელშეწყობით ემზადება იმისათვის, რომ ჩაანაცვლოს ალიევების ხელისუფლება.
სავარაუდოდ, აზერბაიჯანი ამ შემოტევის გამკლავებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. როგორც ჩანს, ამერიკის იმედიც ნაკლებად აქვს და ამ პირობებში თურქეთი არის იდეალური გამოსავალი.
ანუ, მეთიუ ბრაიზა ვერ შეასრულებს იმ როლს, რაც საქართველოში შეასრულა?
- ვერ ვიტყვით, რომ ამერიკამ მთლიანად ხელი აიღო რეგიიონზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, რომელსაც ფაქტობრივად, შეუძლია არაფორმალურად შეცვალოს რეგიონში ძალთა განლაგება, ამერიკის გარეშე არ მიიღებოდა.
ეს ძალიან კარგად ეწერება ზოგადად, ამერიკის პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილის სტრატეგიაში, რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ ამერიკამ დაზოგოს რესურსები.
ეს ნიშნავს, იმას რომ ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, ამერიკასაც აქვს შეზღუდული ადამიანური, ფინანსური და სამხედრო რესურესები. იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს და გააძლიეროს გავლენა მისთვის საინტერესო რეგიონებში, საჭიროა სხვა ტაქტიკა.
ამა თუ იმ რეგიონში მისი სტრატეგიული პარტნიორი ხდება წამყვანი ქვეყანა რეგიონის კონტროლის თვალსაზრისით, ანუ რეგიონის კონტროლის ტვირთი გადადის მის სტრატეგიულ პარტნიორზე, გარკვეულწილად, ფინანსური და სხვა თვალსაზრისითაც, ამერიკა მას ამაში ეხმარება, მაგრამ შედარებით ნაკლები რესურსების ხარჯვა უწევს ვიდრე იმ შემთხვევაში, უშუალოდ თვითონ რომ ყოფილიყო ამა თუ იმ რეგიონში კონტროლის განმხორციელებელი.
ძალიან მომგებიანი პოზიციაა. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს იდეა სწორედ ამ ტაქტიკის გამოძახილია, რომ ამ ორი სახელმწიფოს ჯარების გაერთიანებით რეგიონში იქმნება უპრეცენდენტოდ ძლიერი არმია, რომელსაც შესაბამისი გავლენა ექნება რეგიონზე და შეეძლება იმ ფუნქციის შესრულება, რაც ტერიტორიულად შორს მყოფ ამერიკას გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და საინტერესოა, ფიქრობენ თუ არა ამაზე ამერიკელი სტრატეგები. ამერიკის შეცდომების დიდი ნაწილი განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მოდის იმაზე, რომ ისინი ღრმად არ იცნობენ იმ რეგიონებს, სადაც საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ. ამას ვაწყდებით ერაყშიც, ავღანეთშიც, „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში, აღარაფერს ვამბობ ირანზე და ა.შ. თუკი ისინი მართლაც ამ სტრატეგიას აირჩევენ და რეგიონის კონტროლს მოახდენენ მათთვის (რეგიონისთვის) უფრო ახლოს მდგომი (მსოფლმხედველობრივი და რელიგიური თვალსაზრისით) ქვეყნის მეშვეობით, ეს უფრო ნაკლებ კატაკლიზმებს გამოიწვევს.
ასეთ შემთხვევაში, აზერბაიჯან-თურქეთის დუეტის გამოყენება უფრო რაციონალურ ნაბიჯს ჰგავს, თუ ეს ტაქტიკა დევს ამ იდეაში.
თუ ამ იდეის განხორციელება მართლაც დაიწყო, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა უნდა მოჰყვეს, რადგან რუსი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ევრაზიის რუკა შეიცვლება. რომ სამხრეთ კავკასიაში და კასპიის რეგიონში ახალი ძლიერი არმიის შექმნა რუსეთს სამხრეთ კავკასიის და სამხრეთის ზღვებზე გასასვლელ გზებს დააკარგვინებს. რას უნდა ველოდეთ რუსეთისგან?
- აქ არის ძალზე დიდი რისკ ფაქტორი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციაში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ერთ მხარეს არის აზერბაიჯანი და თურქეთი, მეორე მხარეს რუსეთი და სომხეთი, საქართველო რჩება ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში. ისევე, როგორც 2008 წლის ომის დროს, რუსეთი შეეცდება, რომ ამ იდეის ხელშეშლისთვის ყველაზე სუსტი რგოლი, ისევ საქართველო დასაჯოს.
ეს ალიანსი, რა თქმა უნდა, თავის თავში არ მოიაზრებს საქართველოს არმიასაც, მაგრამ თავისთავად ის მიზანი, რა მიზანიც ამ ტიპის ალიანსს აქვს, ანუ რეგიონის კონტროლი - ამ ყველაფრის ძალიან არსებითი რგოლია საქართველო.
შესაძლებელია, ამ ალიანსმა საქართველოს გარეშეც იარსებოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება სერიოზული დარტყმა იმ გეგმებისათვის, რა გეგმებიც შეიძლება, ამ იდეის ავტორებს საბოლოო ჯამში აქვთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის უსაფრთხოება.
გაცილებით უფრო სტრატეგიული და შორსმიმავალი გეგმები შეიძლება დავინახოთ ამ იდეის მიღმა. იგივე საქართველო, შეიძლება, ამ სამკუთხედში აუცილებელი რგოლი იყოს, რომელზეც უნდა გაიაროს ამერიკიდან თუ ნატოდან მომავალმა იდეოლოგიურმა, ენერგეტიკულმა, სამხედრო, პოლიტიკურმა და ა.შ. პოტენციალმა, მიზნებმა, ყველაფერმა, რაც ამ იდეას შეიძლება მოჰყვეს.
ამ ტრანზიტული მონაკვეთის ამოვარდნის შემთხვევაში ძალზე ძნელი იქნება ამ იდეის განხორციელება, მაგრამ არა შეუძლებელი. ამიტომ რუსეთი ეცდება, რომ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენოს საქართველოს, რათა მან საბოლოოდ დაკარგოს ამ სამკუთხედში მონაწილეობის სურვილი.
მეორე მხრივ, იგივე ტრანზიტის ფუნქცია აქვს საქართველოს სომხეთსა და რუსეთთან მიმართებაში. შესაძლოა ლაპარაკი იყოს არჩევანზე, მაგრამ ასევე შესაძლებელია, საქართველო ორივე ალიანსისთვის ასრულებდეს ტრანზიტის როლს. ასეთი სცენარი რთულად წარმოსადგენია?
- შესაძლებელია, რატომაც არა, იმიტომ, რომ საქართველო პირობითად, ამ ორ ალიანსს შორის მკვეთრ არჩევანს ვერ გააკეთებს რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად, ე.წ. თურქეთ- აზერბაიჯანის ალიანსთან საქართველოს უფრო იდეოლოგიური კავშირი აქვს, იმდენად, რამდენადაც, ორივე დასავლეთზე ორიენტირებული სახელმწიფოა.
თუმცა არის ერთი მომენტი, რომელიც საქართველოს თურქეთთან ურთიერთობაში მძიმე ტვირთად აწევს, ეს არის რელიგიური ფაქტორი, რომელიც 21-ე საუკუნეში იმდენად მწვავე არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, გარკვეულ რისკ-ფაქტორებს შეიცავდეს, მითუმეტეს, აჭარაში ბოლო წლებში თურქეთის პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება სომხეთ-რუსეთის ალიანსს, აქ რელიგიურად უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს, მაგრამ ღირებულებითი და იდეოლოგიური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან იქ არის აბსოლუტურად ავტორიტარული მმართველობა. გარდა ამისა, თუ შევხედავთ სახელმწიფოებრიობის რისკის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რომელიმე ალიანსის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება გონივრული არ იქნება.
გარდა ამისა, არის მთავარი ფაქტორი, რომლის გამო საქართველო ვერც აქეთ წავა და ვერც იქით, მკვეთრად, რა თქმა უნდა. მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ძალიან დიდია სომეხი და აზერბაიჯანელი ეთნოსის წილი, რაც ნებისმიერ ალიანსთან მიმართებაში აიძულებს საქართველოს, რომ ბალანსი დაიცვას. თუმცა, რა თქმა უნდა, მეტი სიმპათიები შეიძლება იყოს წარმოდგენილი ერთ რომელიმე მხარეს.
რაკი ამ თემაზე საუბარი დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ მისი სერიოზულად განხილვა შესაძლოა, არც თუ შორეული მომავლის საქმე გახდეს. ამის გარდა გვახსოვს, რომ ევრაზიული კავშირის იდეა რუსეთის გარდა თურქეთშიც არსებობს, თანაც იმავე სახემწიფოების მონაწილეობით, რომელ ქვეყნებსაც რუსეთი მოიაზრებს. რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფერმა რეგიონში სიტუაცია დაძაბოს, კონკრეტულად რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებამ რა დონეს შეიძლება მიაღწიოს?
- ბოლო წლებში რუსეთისა და თურქეთის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა, სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს, მათ შორის რამდენიმე ერთობლივი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაზეც არის საუბარი.
სამხედრო ძალის დაპირისპირების ალბათობას გამოვრიცხავ. თუმცა, ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ყარაბაღში შეეცდებიან 2008 წლის აგვისტოს სცენარი გაითამაშონ, რაც ასევე გამოიწვევს მსოფლიოში ინტერესთა ბალანსის რღვევას და გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებას.
ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებს, რომ სხვის ომში არ იბრძოლონ კიდევ ერთხელ და საკუთარი ხალხი არ შესწირონ სხვისი ინტერესის გატარებას. ბრმა იარაღი არ აღმოჩნდნენ მსოფლიოს გეოპოლიტიკური მოთამაშეების ხელში.
რაც შეეხება საქართველოს, ალბათ, საგარეო პოლიტიკის კუთხით უდიდესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს...
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რა შეიძლება აქედან საქართველოს ერგოს, რა შეიძლება საქართველომ მოიგოს ამ ახალი რეალობებიდან, ან პირიქით, რა რისკები შეიძლება შეეხოს. ყველა ახალი რეალობა შეიცავს როგორც ახალ შანსებს ასევე დიდი რაოდენობით რისკ-ფაქტორებსაც.
როგორც ერთ, ასევე მეორე ალიანსს საქართველო ძალიან სჭირდება. ვიმეორებ, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, როგორც ასეთი, ბარიერად არ განიხილება, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე. რუსეთისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა სრულიად მიუღებელი ფენომენია და მუდმივად ეცდება მის მოშთობას - მგონია, რომ ეს მომენტები უნდა იყოს ამოსავალი ამ ორ ალიანსთან ურთიერთობისას.
თუმცა, რატომ არ შეიძლება, საქართველომ ისარგებლოს ბუნებით მინიჭებული გეოგრაფიული პრივილეგიით, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის, ასევე დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ტრანზიტს და ტრანზიტში არ ვგულისხმობ მხოლოდ ვიწრო-სატრანსპორტო ფუნქციას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო რეალურ კონტურებს შეიძენს თურქეთ-აზერბაიჯანის არმიების გაერთიანების იდეა, მით უფრო გამკაცრდება ზეწოლა საქართველოზე. უკრაინისა და სომხეთის მაგალითით გულმიცემული რუსეთი ეცდება, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად დაითანხმოს სხვადასხვა მანიპულაციებით, იგივე საბაჟო კავშირზე.
ამ შემთხვევაში, ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული ამ ახალი რეალობიდან მივიღოთ უფრო მეტი ბონუსები ვიდრე რისკი. იმდენად ახალი იდეაა, რა თქმა უნდა, არ მაქვს მზა რეცეპტები, როგორ შეიძლება ახალი რელობა ვაქციოთ შანსად და მოვახდინოთ რისკების მინიმალიზაცია.
ეს არის ის მიმართულება, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება და მთელი ანალიტიკური პოტეციალი, სპეციალისტები, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების, ერთობლივად უნდა მუშაობდნენ.