ეიფორიიდან ფრთხილ ოპტიმიზმამდე

ეიფორიიდან ფრთხილ ოპტიმიზმამდე

საყოველთაო სიღატაკისა და მასობრივი უმუშევრობის ფონზე, უბრალო ჭორსაც კი იმის თაობაზე, რომ საქართველოსგან გამოყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონში სამუშაო ვაკანსია გაჩნდა, შეიძლება უზრმაზარი ტალღა მოჰყვეს.

ახლახანს, რეგიონის დედაქალაქ ცხინვალში, ხმა გავრცელდა, რომ ახალი ქარხანა ხალხს ასაქმებს, ამბობს ადგილობრივი მასწავლებელი, რომელმაც გვითხრა, რომ მადინა ჰქვია.

„გავიგე, რომ ქარხანა გახსნეს, რომელიც 350 კაცს დაასაქმებს. უამრავ ადამიანს უნდა იქ მუშაობის დაწყება“, ამბობს მადინა. „ხალხი დაიღალა უსაქმურობით, არეულობით, უმუშევრობით, ქუჩის მოსახვევებში დგომით და შურიანობით იმ მეზობლების მიმართ, რომლებიც ასე თუ ისე, რაღაც ფულს მაინც შოულობენ“.

2008 წელს, საქართველოსგან გამოყოფილი რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ომში რუსეთის მიერ საქართველოს დამარცხებას და მოსკოვის მხრიდან ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ოფიციალურ აღიარებას იმედით და ენთუზიაზმით მიესალმნენ.

ეს თითქოს გარდამტეხი მომენტი იყო ამ რეგიონების ცხოვრებაში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა მოსკოვს და აღიარა მათი დამოუკიდებლობა. ორივე რეგიონი იზოლირებულია და ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც რუსეთზეა დამოკიდებული.

„მოსკოვი ერთ დღეში არ აშენებულა“

ადგილობრივების უმრავლესობა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავს, მაგრამ ისეთს, რომელშიც ერთგვარი დაღლა გამოსჭვივის. მადინას ახსოვს ის, თუ როგორ ინგრეოდა მისი ქალაქი 2008 წელს და ცდილობს მოვლენებს კარგი მხრიდან შეხედოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მშვიდობა გვაქვს, უფრო მშვიდობიანი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან“, ამბობს მადინა. „რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი უკეთ ყოფილიყო, მაგრამ მოსკოვიც არ აშენებულა ერთ დღეში. იქნებ ნელ-ნელა დავიძრათ უკეთესობისკენ და ჩვენი პრობლემების უმრავლესობა გადაიჭრას“.

ისევე, როგორც აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში, ქალბატონი, რომელმაც გვითხრა, რომ ნატალია ჰქვია, ამბობს, რომ რეგიონი ნელი აღდგენის პროცესშია მრავალწლიანი მოუვლელობის შემდეგ, რაც 1992-93 წლების დამანგრეველ ომს მოჰყვა, რის შემდეგაც აფხაზეთი დეფაქტო დამოუკიდებელია.

„ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა“, ამბობს ის. „ხალხი შეიცვალა, ხასიათიც კი გაუუმჯობესდათ. მათ იციან რომ მომავლის იმედი არსებობს, რასაც მტკიცე საფუძველი აქვს. ეს გრძნობა ადრე არ გაგვაჩნდა“.

განსხვავებული მიზნები

ბევრი თვალსაზრისით, ეს რეგიონები აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. აფხაზეთი შედარებით დიდი რეგიონია, ფართო სანაპირო ზოლით შავ ზღვაზე, და ტურიზმის განვითარების სერიოზული პოტენციალით. სამხრეთ ოსეთი პატარა და ღარიბია, ის მოქცეულია რუსეთს და დანარჩენ საქართველოს შორის. რუსეთთანაც კი მისი კავშირი შეზღუდულია უზარმაზარი მთებით, რომელშიც ერთი ვიწრო გვირაბი გადის. როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე კარავაევი ამბობს, რეგიონს „ეკონომიკური განვითარებისთვის საფუძველი არ აქვს“.

შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა ის არის, რომ სამხრეთ ოსეთში ბევრს, მათ შორის მოსკოვის მხარდაჭერილ მმართველ ელიტას, რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია ურჩევნია. აფხაზების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კი სრული დამოუკიდებლობის მომხრეა.

„როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი ქვეყნის აღიარების შემდეგ?“, ამბობს „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის შეკითხვაზე სოხუმის მცხოვრები იუტა. „ახლა თავაწეული დავდივარ, რადგან დამოუკიდებელი რესპუბლიკის, აფხაზეთის მოქალაქე ვარ და მას რუსეთი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო აღიარებს“.

საბჭოთა ჭაობი

ომის და მოსკოვის მხრიდან რეგიონების აღიარების შემდეგ, აფხაზეთში ბევრი უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ამბობს ჯორჯ ჰიუიტი, ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიური ენების პროფესორი. ის აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებისთვის იღწვის და ავტორია წიგნის „შეუფერებელი მეზობლები: ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ხელახალი გააზრება“ (“Discordant Neighbors: A Reassessment of the Georgian-Abkhazian and Georgian-South Ossetian Conflicts.”)

„შეიძლება ითქვას გადამეტებული თვითდაჯერებულობა და ოპტიმიზმი გაჩნდა, როგორც ეს იყო უფრო ადრეული 1992-93 წლის ომში გამარჯვების შემდეგ“, ამბობს ჰიუიტი. „აფხაზები ზოგადად იმედოვნებდნენ, რომ დასავლეთი მათ მიმართ მეტ კეთილგანწყობას გამოიჩენდა და მეტი თანაგრძნობით მოეკიდებოდა მისი დამოუკიდებლობის უფლების აღიარებას. მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან ცოტა სახელმწიფომ მიბაძა რუსეთის 2008 წლის 26 აგვისტოს ნაბიჯს“.

ჰიუიტმა, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ სოხუმიდან ელაპარაკა, აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და სხვა დასვლური სახელმწიფოები არ ურჩევენ ტურისტებს აფხაზეთში გამგზავრებას, რის შედეგადაც, რეგიონის პოტენციურად შემოსავლიანი ტურიზმის ინდუსტრია საბჭოთა ეპოქის ჭაობშია ჩარჩენილი. ჰიუიტის თქმით, აფხაზეთი მადლიერია რუსეთის მხარდაჭერის გამო, მაგრამ ღელავს, რომ რეგიონის იზოლირებისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა, აიძულებს აფხაზეთს შეინარჩუნოს და გაზარდოს მისი დამოკიდებულება მოსკოვზე.

„საკუთარ წვენში ხარშვა“

ორივე რეგიონის პრობლემაა არაეფექტურობა და კორუფცია. პრობლემები არსებობდა რუსეთისგან მიღებული უზარმაზარი დახმარების სრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით. ყველა ეთანხმება იმას, რომ უმუშევრობის დონე უკიდურესად მაღალია, თუმცა ზუსტი მაჩვენებლის დადგენა ძალიან რთულია.

„რიგით ადამიანს აქ მომავალი არ აქვს“, ამბობს მუსიკოსი ინა გუჩმაზოვა ცხინვალიდან. „იმისთვის, რომ აქ რაიმე სახის შესაძლებლობა გაგაჩნდეს, უნდა იყო ჩინოვნიკი და გეკავოს ოფიციალური პოზიცია. მაგრამ ჩემი აზრით, ასეთ ადამიანებსაც კი არ აქვთ აქ რეალური მომავალი – მხოლოდ მანამდე აქვთ შესაძლებლობები, სანამ თავიანთ თანამდებობებზე არიან. არაფერი არ ვითარდება და შეუძლებელია რაიმე ახლის გაკეთება. მხოლოდ საკუთარ წვენში ვიხარშებით“.

ორივე რეგიონის მცხოვრებლებმა იციან, რომ ისინი ხანგრძლივი პროცესის შუაგულში არიან, პროცესის, რომელიც ბევრ ისეთ ფაქტორს მოიცავს, რომლის კონტროლიც მათ არ ძალუძთ. ცხინვალელი მაწავლებლის მადინას 8 წლის შვილმა ფატიმამ, ზუსტად იცის რა უნდა მომავლისგან.

„ომის შემდეგ ქალაქი შეიცვალა“, ამბობს ის. „აშენებენ შენობებს, კვარტლებს, პარკებს, სკოლებს, ქარხნებს, სამხედრო რაიონებს. მაგრამ მე უფრო დიდი ქალაქი მინდა, ისეთი, რომელშიც მეტი ადამიანი იცხოვრებს, მეტი შენობა, მეტი პარკი და მეტი სათამაშო მოედანი იქნება“.

foreignpress.ge