ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები ამონაწერის გასაჯაროვებაზე უარს აცხადებენ. თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილის გარემოცვასთან კავშირში მხილებული ორგანიზაცია „ნაბიჯის“ წევრი ლუკა ჭოხონელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონკრეტული აქტივობისთვის კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისგან თანხას იღებენ და ეჭვების გასანეიტრალებლად არც ამონაწერის გასაჯაროებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, კეზერაშვილი ახალგაზრდებთან კონტაქტს ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს ანდობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თსუ-ში სტუდენტთა ჯგუფმა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი აუდიტორიიდან გააძევა და მას შეურაცხყოფა მიაყენა. სტუდენტების ერთმა ჯგუფმა ელიზბარაშვილს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს და პროფესორს პრორუსად მოიხსენიებდნენ. უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე წერს, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი სხვა ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად დიმა ჩიქოვანის ხელით აფინანსებენ ორგანიზაციას „ნაბიჯი“, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება.
მისი თქმით, ამ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული ვინმე დათო ჩხობაძე, რომელიც აქტიურობდა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილის პროვოკაციის მოწყობაში და ამის შემდეგ მისცა ინტერვიუები „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს, რისთვისაც ჩიქოვანმა იმავე დღეს გადაურიცხა 1000 ლარი.
„მოკლედ ასეთი ამბავია, დიმა ჩიქოვანი არის კეზერაშვილის ცოლის ძმა. კეზერაშვილი და მერაბიშვილი სხვა ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად დიმა ჩიქოვანის ხელით აფინანსებენ ორგანიზაციას „ნაბიჯი“, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება.
რას კადრულობენ ხვდებით? ბოლშევიკურ თუ ფაშისტურ განცხადებებს თხოვენ და ფულს უხდიან ამაში. თუ არასწორს ვწერ რამეს, გამოაქვეყნეთ გადარიცხვები! დიმა ჩიქოვანი „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრია, რომელიც ამბობს - „მაგ სტუდენტებმა ერთი ადგილი რომ გაანძრიონ, თითო განცხადება ათასი ლარი მიჯდებაო“, - წერს დიტო სამხარაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტმა თავისი ფუნქცია შეასრულა, მოხდა რეალურად აგენტების ლუსტრაცია და ყველამ გაიგო, რომ აგენტობა არის სამარცხვინო და სათაკილო. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი, მათ შორის აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. როგორც კობახიძე ამბობს, ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა.
„რა თქმა უნდა, ვერც ერთ დიდ ქვეყანას ვერ უსაყვედურებ, რომ შეიძლება უნდოდეს აგენტების ყოლა, მცირე ქვეყანაში მით უმეტეს, ეს მათი საქმეა, მათი პრეროგატივაა, მაგრამ როდესაც ადამიანი, ქართველი შედის სხვა ქვეყნის სამსახურში, ეს არის აპრიორი სათაკილო მოვლენა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შენ აუცილებლად გიწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა იძულებით, რომელიც შეიძლება შენ ქვეყანას დაუპირისპირდეს. ამიტომ ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც საზოგადოებამ გამოიტანა.
მეორე - ასევე ერთმანეთისგან გამიჯნა საზოგადოებამ ის, თუ ვინ არის აგენტი, ვინ არა, ვინ რა საქმიანობით არის დაკავებული ჩვენს ქვეყანაში, ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მესამე - ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბაკურიანის გეგმებზე, ამ გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა, პირველი მცდელობა იყო კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ, ჩაუვარდათ, ახლა კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ ეს გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ არასამთავრობო სექტორს სჭირდება გადატვირთვა, რადგან, მისი თქმით, კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არსებობს ფარისევლობის სახით, უნდა გადალახონ.
„რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც დომინირებს ამ სფეროში, თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, რომელთა უმეტესობა, 99 პროცენტი დაკავებულია სოციალური, საგანმანათლებლო თუ სხვა საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში. რამდენიმე დომინანტი ორგანიზაციაა, რომლის მიმართაც პატარა ორგანიზაციებს შიში და რიდი აქვთ, სწორედ იმის გამო, რომ იციან, ამ ორგანიზაციებს აქვთ უნარი, სხვა ორგანიზაციები ჩარეცხონ, გარიყონ, არ მიაკარონ ფონდებს. ამის გამო სხვა ორგანიზაციებში გარკვეული შიშია ე.წ. დომინანტი ორგანიზაციების მიმართ. ვფიქრობ, შიგნით სამოქალაქო სექტორში მათ უნდა განიხილონ ეს საკითხი, რაღაცნაირად მოახერხონ და გადატვირთონ ეს სიტუაცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, რომელიც წლებია უცხოეთიდან გრანტებს იღებს, აცხადებს, რომ მისი საქმიანობით არ სცილდება საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, არც დარეგისტრირების პრობლემა არ აქვს.
„ამ კანონმა მხოლო და მხოლოდ იმის ლუსტრირება გააკეთა, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ეშინიათ დაფიქსირდნენ როგორც უცხო ქვეყნის გავლენის მქონე ადამიანები. მე ვღებულობ საერთაშორისო გრანტებს, მაგრამ არანაირად არ მეშინია მისი გამოქვეყნების, იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობით ვჯდები საქართველოს კანონმდებლობაში და რა პრობლემა მაქვს, რომ დავრეგისტრირდე? მაგრამ ამისი ეშინიათ იმ ადამიანებს, ვინც აგენტურულ მუშაობას აწარმოებენ. საკამოდ დიდი რაოდენობის არიან ასეთი ადამიები, რომლებიც ასეთ საქმიანობას ეწევიან“, - აცხადებს კაკაბაძე.
მისი თქმით, ამ საქმიანობით ითრევენ ახალგაზრდობას, თაობას, რომლებსაც ჯერ ტვინებს ურეცხავენ თავიანთი ფულებით და მერე იყენებენ როგორც საზარბაზნე ხორცს.
„წინა ხაზზე აყენებენ და აკეთებინებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ამაზე მეტი თავხედობა რა შეიძლება იყოს, როდესაც ადამიანები მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ანგრევდნენ და ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს, აყირავებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს, დალეწეს სკვერები და იძახიან მშვიდობიანიო. ანუ, ამის იქით რა რჩება - ის, რომ ატომური ბომბი არ გამოუყენებიათ? ამას გულისხმობენ მშვიდობიანში?
მოლოტოვის კოქტეილებს ომში იყენებდნენ ტანკების ასაფეთქებლად. ეს გამოიყენეს ამათმა პარლამენტის და პოლიციის წინააღმდეგ და ამაზე რომ ადამიანი იტყვი ეს მშვიდობიანი აქცია იყოო, რად უნდა ლაპარაკი. სერიოზული პრობლემაა და ამიტომაც ეშინიათ ამ კანონის მიღების. გამომჟღავნდება ვისი დაფინანსებული ადამიანები იქცევიან კანონსაწინააღმდეგოდ და რა არის ამის მიზეზი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძემ.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის შეფასებით, მისთვის ძირითადად, ლუსტრაცია შეეხო არა ზოგადად იმ აპრობირებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოეთის ესა თუ ის ორგანიზაციები, სამთავრობო, თუ არასამთავრობო ხაზით აფინანსებენ საქართველოში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებს, რაც ნორმალურია და მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეეხო იმ ძირითად უკმაყოფილო მასას, რომელიც წლების განმავლობაში ათობით მილიონობით დოლარს იღებდა, იღებდა არა ჩვენი ისტორიის, კულტურის, ეკლესიის, საზოგადოებრივ-სოციალური კეთილდღეობის ასამაღლებლად, არამედ ზუსტად იმისთვის, რა დესტრუქციულ პროცესებს ვაკვირდებით წლების განმავლობაში.
„ამის გამჭვირვალობა და ამის გამოაშკარავება, რა თქმა უნდა, არ შედიოდა არც ადგილობრივი ბენეფიციარების და არც მათი დონორი დამფინანსებლის გეგმებში. ამიტომ ვიხილეთ ეს ორკესტრირებული ისტერია, რომ რამენაირად ჩავარდანილიყო ეს კანონი საქართველოში, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად იდენტური კანონების განხილვა მიმდინარებს მთელ რიგ ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში“, - აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ერთი მხრივ, ეს არის სირცხვილი და, რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი ლუსტრაცია ყველა იმ დესტრუქციული ძალების და მათი სავარაუდო დონორების, რომლებსაც საქართველოში ჰყავთ რადიკალების უზარმაზარი არმია, რომელსაც ისინი ყოველ წელს ფინანასურად ასაზდოვებენ.
„ზრდიდნენ მათში იმ ადამიანებს, რომლებსაც მე გენმოდიფიცირებულ საქართველოს ვუწოდებ. ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან ჩვენ ტრადიციებს, იდენტობას, ნებისმიერ ეროვნულ ხელისუფლებას, რათა ეს საქართველო გახდეს მათი გამოზრდილი, ზომბირებული ბიომასით დასახლებულ ტერიტორიად, რომლის მართვაც ძალიან ადვილია მათთვის. ეს არის ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელიც მეტასტაზებივით არის მოდებული მთელს მსოფლიოს და განსაკუთრებულად საქართველოში 2003 წლიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან და რას წარმოადგენენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ადამიანები, რომლებიც 2003-დან 2012 წლის ჩათვლით ოპოზიციაში იყვნენ სააკაშვილის რეჟიმთან და ამ გლობალური ომის პარტიის მესვეურებთან, იდევნებოდნენ, იბულინგებოდნენ და იტანჯებოდნენ მათი მხრიდან, დღეს ხელისუფლების მომხრეები ისევ იმ ძალების მხრიდან ვიბულინგებით, ვიტანჯებით და ვიდევნებით. ანუ, ჩვენ არაფერი არ შეგვეცვალა. იმდენად მძლავრია ის ფინანსური დამოკიდებულება ამ გაავებული რადიკალებისთვის, რომ საკუთარი კეთილდღეობის და ფულის გულისთვის მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ „სამშობლოს“ და ამ „სახელმწიფოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტი „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა იმაზე დიდი საქმე გააკეთა, ვიდრე კანონი გააკეთებდა. მისი თქმით, კიდევ უფრო ახლო ხედით დაინახეს დესტუქციაზე ორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელმაც წინ ფარად დაიფარა ახალგაზრდები და სისხლისღვრისთვის მოამზადა ისინი, რასაც „ქართული ოცნება და „ხალხის ძალა“ არ დაუშვებდა.
„დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრის და მეორე მაედნის მომლოდინე დამფინანსებლების მიერ გასროლილმა მილიონებმა, რომელიც ამ პროცესში დაიხარჯა, პრინციპში, ფასი დაკარგა. ფაქტობრივად, ამ ხალხმა - ოპოზიციამ და დამფინანსებლებმა რამდენიმე მილიონად ნაყიდი საკუთარი დანაშაულის აღიარებაზე მოაწერეს ხელი და დამტკიცდა ის, რაც აქამდე კარგად ჩანდა შიგნიდან და რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდით. ყველაფერი ხელის გულზეა.
როდესაც შენ კანონიერად იღებ თანხებს და ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს არ ემსახურები, რა თქმა უნდა, არ გეშინია იმ გამჭვირვალობის, რომელსაც ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა. დავინახეთ, რომ ყველა გააფრთებული იბრძოდა იმისთვის, რომ ეს თანხები არ ყოფიყო გამჭვირვალე და საზოგადოებას არ სცოდნოდა საიდან და რა რაოდენობის თანხებით ხდება იგივე ა-ო დაფინანსება“, - ამბობს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან დიდი თანხა იხარჯება ანტისახელმწიფოებრივ მიზნებში. როგორიც არის მეორე მაიდანის მოწყობა საქართველოში, პატრიარქის შეურაცხყოფა, საპატრიარქოსთან დაპირისპირება და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიებები.
„ანუ, აქ მარტივად იყო საქმე, ჩვენ გვინდოდა გვცოდნოდა ძალიან მარტივი რამ - საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში ადამიანები, ა-ო, ის მედია-საშუალებები, რომლებიც დაფინანსებული არიან სხვა ქვეყნიდან, რატომ, რისთვის იღებდნენ ამ დაფინანსებას და რას ხმარდებოდა. ცალსახად დადასტურდა, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ემსახურება. უფრო მეტიც და შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ აქ იყო საშიშროება იმისა რაც ა-ო მიერ აპრობირებული მეთოდია - დონორსა და დამფინანსებელს შორის ფინანსურ გარიგებას აქვს ადგილი და ე.წ. შავი ფული ტრიალებს, რომლის გათეთრება სჭირდებათ. ანუ, აქ საუბარია ე.წ. ატკატებზე, რომელსაც დამფინანსებელი და დაფინანსების მიმღები იყოფენ ერთმანეთში, ეს არსად არ ჩანს და ვეჭვობ, რომ ეს თანხები ხმარდება იმ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს, რომელსაც ვხედავთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამთა მეგრელიშვილმა.
პარლამენტზე თავდამსხმელები, დაჭერილები გაუშვა ხელისუფლებამ და ევროკავშირის დროშის დაწვაზე სისხლის ფსმა დაიწყო. ცუდ მოცეკვავეს ხან კანონი უშლის ხელს და ხან, ბოვშებს ხომ არ დავაზიანებთ.