ხელისუფლების და ოპოზიციის აღქმები, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, ვერც ვენეციის კომისიის დასკვნამ შეცვალა

ხელისუფლების და ოპოზიციის აღქმები, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, ვერც ვენეციის კომისიის დასკვნამ შეცვალა

ვენეციის კომისიიდან დასკვნა მიღებულია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტში არსებითი შენიშვნა არ აქვთ. თუმცა, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია უფრო შორს წავიდა და ევროკომისიის რეკომენდაციების ჭრილში განიხილა საკითხი და ევროკომისიის რეკომენდაცია იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით „კორპორატივიზმის“ აღმოსაფხვრელად. ამ დასკვნაშიც, ისევე როგორც წინა დასკვნაში, კომისია ამბობს, რომ თავად ვერ იტყვის, რომ კორპორატივიზმი არსებობს და, რომ ეს მას მხოლოდ სმენია. პარლამენტი მომავალ კვირას ელოდება ამავე პროექტებზე ეუთო/ოდირის დასკვნას, რის შემდეგაც პარლამენტი განაახლებს პროექტების განხილვას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია ადასტურებს, რომ დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური კანონის მიღება შესაძლებელია. გაცემულია პროექტის დახვეწის რეკომენდაციები, რომელზეც, მისი თქმით, უმრავლესობა პროექტის განხილვის დროს საუბრობდა.

„ამ დასკვნაშიც, ისევე როგორც წინა დასკვნაში, კომისია ამბობს, რომ თავად ვერ იტყვის, რომ კორპორატივიზმი არსებობს და რომ ეს მას მხოლოდ სმენია. ვენეციის კომისიამ ასევე გაიმეორა თავისი წინა რეკომენდაცია 2021 წლის დეკემბერში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, თუმცა იქვე დაადასტურა, რომ ვინაიდან ეს ცვლილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის პოზიცია, რომ ის ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისაღებია“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის მხრიდან ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით კონსტრუქციული დასკვნები გაკეთდა, აქტიური განხილვები ეუთო/ოდირის დასკვნების შემდეგ გაგრძელდება. მისივე თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე გადავადდა, რომ ექსპერტული დასკვნისთვის რიგი კანონპროექტები გავაგზავნეთ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში.

„ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით აღიარა, რომ უკრაინული ვერსიის ანალოგია, რაც ქართულად იყო თარგმნილი. დასკვნაში დავინახეთ, რომ ვენეციის კომისია შესაძლებლად მიიჩნევს, დეოლიგარქიზაციის შესახებ ცალკე კანონი არსებობდეს და გარკვეულ რეკომენდაციას გამოთქვამს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს რაც შეეხება, ვენეციის კომისიის მიერ ცვლილებები მიჩნეული იქნა მისაღებ ფაქტორად. ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნაში რაიმე კონკრეტული შენიშვნა გამოთქმული არ არის, თუმცა გარკვეული მინიშნებაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. საუბარია ერთგვარ კორპორატივზე.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან კონსტრუქციული დასკვნები გაკეთდა. ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ როგორც კი ამ კანონპროექტებთან მიმართებით ეუთო/ოდირის დასკვნებიც მოვა, ორივე დასკვნის ფონზე გავაგრძელოთ აქტიური განხილვები, მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში, რათა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ორივე დოკუმენტთან მიმართებით საბოლოო პოზიცია და გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს. უახლოესი კვირების განმავლობაში ეუთო/ოდირის დასკვნაც უნდა გამოქვეყნდეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ხელისუფლებისგან გასხვავებით, ოპოზიცია კომისიის შეფასებებში მწვავე და კრიტიკულ გზავნილებს ხედავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის მხრიდან ორივე კანონპროექტზე ძალიან მძიმე დასკვნაა, მათ შორის საერთო სასამართლოებზე. დეკანოიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის ნაწილში ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

„ანუ, შესაძლებელია, განპირობებული იყოს დასჯა, რაც წარმოუდგენელია ადამიანის უფლებების კონტექსტში და სტიგმატიზაცია მოხდეს, მათ შორის ფინანსური კაპიტალის მიხედვით. ეს ცვლილებები მომზადდა ოპოზიციის რეპრესიებისთვის, ასე ჰქონდა ჩაფიქრებული „ქართულ ოცნებას“. მმართველ გუნდს სულ ვეუბნებოდი, რომ უკრაინული კანონი არ არის ქართულ კონტექსტზე მორგებული და ვერ იქნება. ზუსტად ეს ჩაიწერა ვენეციის კომისიაში, რომ ქვეყნებში სხვადასხვა რეალობაა.

სულ ვამბობდით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა არის გასატარებელი, რათა კლანი დასუსტდეს და გამჭვირვალე იყოს. ძალიან ვწუხვარ, რომ შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეებს ტყუილი უთხრა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის არსებული ვერსიის მიღება შეიცავს საფრთხეებს, რადგან შეიძლება ის გადაიქცეს რეპრესიების მექანიზმად და იყოს მორიგი დივერსია ევროპის გზაზე ქვეყნის წინააღმდეგ.

„ვენეციის კომისიის ორივე დასკვნაში სადმე თუ ნახავს პაპუაშვილი პოზიტიურ პარაგრაფს, გვაჩვენოს საჯაროდ! არც ერთი კანონპროექტი არ პასუხობს რეკომენდაციებს და უფრო მეტიც, დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის იქნება გამოყენებული რეპრესიის მექანიზმად და იქნება მორიგი დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ ევროინტეგრაციის გზაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ურცხვად მოიტყუა, როცა საზოგადოებას უთხრა, რომ პოზიტიური დასკვნებია ჩამოსული. ხელთ მაქვს ორივე დასკვნა, ორი მტკიცებულება იმის, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და მათ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტი მიზნად ისახავს არა სტატუსის მიღებას, არამედ ჩაგდებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ეუთო-ოდირის დასკვნაც არ იქნება კარდინალურად განსხვავებული იმ დასკვნისაგან, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა. მისი თქმით, ის, რომ ხელისუფლება დადებითად აფასებს კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ და ოპოზიცია უარყოფითად, ესეც მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ სხვა მხრიდან უყურებენ ამ კანონს.

„მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ კანონში სუსტი წერტილები ნამდვილად არის. ვენეციის კომისია საბოლოოდ იგივე დასკვნაში დეოლიქარქიზაციის კანონზე როცა ლაპარაკობს, ლაპარაკობს სისტემურ მიდგომაზე და არა ცალკეულ, ან კონკრეტულ პირთა მიმართ ამის გამოყენებაზე. ასევე ლაპარაკი არის ტერმინოლოგიის დახვეწაზე, ვინ რას გულისხმობს უფრო დეტალურად უნდა იყოს გაწერილი - ანუ, ვინ არის ოლიგარქი, რა გავლენები ექნება. ეს ყველაფერი მაინც არის სამუშაო ვარიანტი.

ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დასხდებიან პარლამენტში და ვენეციის კომისიაზე ჟურნალისტების საშუალებებით კი არ ილაპარაკებენ, არამედ მოახდენენ შეჯერებას. შეიძლება დაიწყონ იმ შენიშვნებით, რაც ორივე მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია, იქნება ეს ტერმიების დეფინიცია და ზუსტი განსაზღვრება, თუ სისტემურ რეფორმებზე საუბარი. ალბათ, მაინც ყველაზე სწორი იქნება თუ ეუთო-ოდირის დასკვნას დაველოდებით და შემდეგ დაიწყოს ამ კანონპროქტებზე მუშაობა“,- აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, ოპოზიციამ უარი არ უნდა თქვას ამ კანპროექტებზე მუშაობაზე და არც ის უნდა იყოს ამოჩემება, რომ ამ ოლიგარქში მხოლოდ ივანიშვილი იგულისმება და სხვა არავინ. ძაბირაძე თვლის, რომ ლაპარაკი პერსონებზე არ იქნება სწორი, რადგან ლაპარაკი უნდა იყოს სისტემურ მიდგომებზე.

„მესმის, რომ ჩვენ გვაქვს სპეციფიკური ვითარება, მაგრამ ეს სპეციფიკური ვითარებაც რომ არ განმეორდეს, დღეს ოლიგარქი ივანიშვილია და ხვალ შეიძლება სხვა იყოს, ამიტომ კანონი გათვალისწინებული უნდა იყოს არა იმაზე, რომ ივანიშვილია ოლიგაქრი, არამედ ისეთი კანონი უნდა იქნას მიღებული, რომ ხვალ სხვა ოლიგაქრები რომ იქნებიან, მათაც არ ჰქონდეთ საშუალება გავლენა მოახდინონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ მოვლენებზე. აი, ამ შემთხვევაში იქნება მისაღები ეს კანონი.

ამიტომ, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ერთად უნდა იმუშაონ ამაზე. ხელისუფლება იძახის, რომ ყველაფერი მოიწონეს, ოპოზიცია იძახის, რომ იყო შენიშვნები. რა თქმა უნდა, შენიშვნები იყო, ისიც ითქვა, რომ ამ კანონის ასეთი ფორმით მიღება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ქვეყნისთვისაც და იმ ადამიანების მიმართაც, ვინც ერთ, ან მეორე მხარეს ოლიგარქად მიაჩნია. ამიტომ, ყველაზე სწორი გამოსავალია ის, რომ დეტალური განხილვა უნდა მოხდეს პარლამენტში და არა მედიაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.