მოსკოვი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ ჯარები სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დასაცავად შეიყვანა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იცავს საკუთარ როლს რუსეთთან ხუთი წლის წინანდელ ომში, და აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას კონფლიქტში მისი დადანაშაულების გამო.
სააკაშვილი ყოველთვის ამტკიცებს, რომ საქართველოს გამოყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონზე შეტევა იმიტომ დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს, რომ ადგილობრივი მებრძოლები ქართულ სოფლებს ესხმოდნენ თავს და რუსული არმია ფარულად შემოიჭრა რეგიონში მისი სეპარატისტი მოკავშირეების მხარდასაჭერად. მოსკოვი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ მან ჯარი სამხრეთ ოსეთში მხოლოდ იმიტომ შეიყვანა, რომ შეეჩერებინა სააკაშვილი, რომელსაც რეგიონის დაბრუნება უნდოდა და დაეცვა სამხრეთ ოსეთის ბევრი მცხოვრები, რომლებმაც მანამდე რუსული პასპორტები მიიღეს.
2009 წელს ევროკავშირის დაკვეთით მომზადებული დამოუკიდებელი დასკვნა ომის დაწყების გამო საქართველოს ადანაშაულებს, მაგრამ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის პასუხი არაპროპორციული იყო, რითაც მან საერთაშორისო სამართალი დაარღვია.
სააკაშვილის ქმედებები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ მოექცა, მას შემდეგ რაც მისი მოკავშირეები შარშან შემოდგომაზე მთავრობას ჩამოაშორეს, და საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს იმის ხელახლა გამოძიებას, თუ როგორ დაიწყო ომი და როგორ წარიმართა. ის აცხადებს, რომ ყველამ ვინც საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის სააკაშვილმა, საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.
„არა“ ნატოს წევრობას
ამ კვირაში, სააკაშვილმა ერთ-ერთ ქართულ ტელეარხს უთხრა, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ომი თავიდან აეცილებინა, მათ შორის მოსკოვს ისიც კი შესთავაზა, რომ იტყოდა „უარს ნატოს წევრობაზე [და] „არა“-ს აშშ-სთან კავშირების გაფართოებაზე“ თუკი მოსკოვი დაეხმარებოდა თბილისს კონტროლის აღდგენაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, კიდევ ერთ ფორმალურად საქართველოს რეგიონზე, რომელიც უკვე ოცი წელია, რაც საკუთარ საქმეებს თავად მართავს.
რუსეთმა, ეს წინადადებები უარყო და განაგრძო კონფლიქტისთვის მზადება საქართველოს „სრული განადგურების“ მიზნით, განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, რუსეთმა „ძალიან კარგად იცოდა“, რომ საქართველო სამხედრო თვალსაზრისით ცუდად იყო მომზადებული კონფლიქტისთვის, და ვაშინგტონი გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან სწორად ვერ ამოიკითხა კავკასიაში შექმნილი სიტუაცია: „ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ [ომი] დაიწყებოდა და ისინი გვეუბნებოდნენ, რომ „ამის შანსი არ არის“.
ხუთდღიანი ომი ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ გაეგზავნა საქართველოში სამხედრო ვერტმფრენები და ხომალდები, ხელი შეუწყო რუსეთის ამბიციების მოთოკვას.
მან გააკრიტიკა ასევე ივანიშვილი იმის გამო, რომ მან კონფლიქტში ნაწილობრივ საქართველოც დაადანაშაულა.
ამ კვირაში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პრაგმატული მიდგომა რუსეთთან კავშირების აღდგენაზე გულისხმობს „ცივი ომის რიტორიკის დასრულებას და უპასუხისმგებლო ქმედებების თავიდან აცილებას, რომელმაც ჩვენ 2008 წლის კონფლიქტამდე მიგვიყვანა“.
ომში სააკაშვილის როლის გამოძიებაზე მან თქვა, რომ ქართველებს „სჭირდებათ იმის ცოდნა თუ რა მოხდა სინამდვილეში“.
„მე არ მაქვს იმის სურვილი, რომ ან ის ან მისი გუნდის სხვა წევრები დააპატიმრონ. მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე კი ყველა თანაბარი უნდა იყოს“.
foreignpress.ge