„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რომელიც ხისტი შეფასებებით გამოირჩევა, ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ვიქტორ ყიფიანს უცხოური გავლენის აგენტი უწოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები. როგორც აღმოჩნდა, ყიფიანი უკვე აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. მიზეზი, რატომაც ივანიშვილმა ყიფინათან კონტრაქტი გაწყვიტა უცნობია. თუმცა, ირაკლი კობახიძის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა „კონკრეტული მიზეზების გამო“.
„იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ ის განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო, გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში.
ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა, მე ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, შესაბამისი მხარეები გააკეთებენ კომენტარს.
არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი. მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე, წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე. ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. მე იძულებული ვარ თავი შევიკავო პასუხებისგან. შეიძლება მე მქონდეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება. ნიშნები მოგეცით ბევრი“,- განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის აწ უკვე ყოფილმა ადვოკატმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების ინიცირება და შემდეგ მისი მიღება გააკრიტიკა და დასვა კითხვა - „რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?!“ როგორც ყიფიანმა აღნიშნა, თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.
„ამ ვითარებაში, ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, ეს უკეთ უნდა აეხსნათ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სკანდალურ ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს.
დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ყიფიანს და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ.
„გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და, როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს. ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ, ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის, უცნაური სულაც არ არის“, - განცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანს, ის ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეა. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, მმართველობა, საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონზე გლობალური წესრიგის ზეგავლენასთან დაკავშირებული საკითხები, მაკროეკონომიკა. იგი რეგულარულად აშუქებს აღნიშნულ თემატიკას როგორ ქართულ, ისე უცხოურ მედიასაშუალებებში. ასევე, ანალიზს აკეთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური და გლობალური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და მოვლენების შესახებ; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში სპიკერისა და პრეზენტატორის ამპლუაში. ვიქტორ ყიფიანი ხელმძღვანელობს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და მკვლევარებისაგან შემდგარ გუნდს. ანალიტიკური საქმიანობის გარდა ვიქტორ ყიფიანი დაკავებულია იურიდიული საქმიანობით - იგი თბილისში მოქმედი იურიდიული ფირმის, „ემ ქეი დი“-ს დამფუძნებელი და პარტნიორია.
მისი იურიდიული პრაქტიკა მოიცავს სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის, საპროექტო ფინანსირების, კაპიტალის ბაზრის, საბანკო, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციებისა და საკორპორაციო სამართლის სფეროებს.
გარდა ამისა, ყიფიანმა ა-ო „საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრთან“, რომლის ხელმძღვანელია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით დაიწყო ერთობლივი პროექტი - „ეროვნული თანხმობის პლატფორმის შექმნა“ და ამ პროექტს აქტიურად ახორციელებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ყიფიანი საკმაოდ რაციონალური ადამიანია და თუ რაიმეს აკეთებს რაღაცა გარკვეული გეგმა აქვს, რაც ჩანს. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ყიფიანმა ისე აღიქვა, რომ ალტერნატიული პოლიტიკის შემოთავაზებაზე გააკეთა განაცხადი.
„ის, რომ გარკვეულ სიტუაციაში ჩაყოლას ჩათრევა ჯობია და ამ მდგომარეობაში, რაშიც ახლა საქართველოა - უფრო მოქნილი პოლიტიკა იყო საჭირო, ვიდრე ასეთი ხისტი - საბოლოო ჯამში ეს არის ყიფიანის განაცხადი. ეს რითი დამთავრდება და რა გაგრძელება ექნება, ვნახავთ. მმართველი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას და დღეს რაც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არ არის ყიფიანის სასარგებლოდ“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყიფიანი ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას შექმნის და ასე შემოვა პოლიტიკაში, ზარდიაშვილის განცხადებით, წინასწარ ამაზე მსჯელობა რთულია, თუმცა შესაძლებელია ასეც მოხდეს, როგორც თავის დროზე გახარია შეიძლებოდა მიჩნეულიყო დასავლეთის ფავორიტად „ქართული ოცნების“ ალტერნატივად.
„შეიძლება დღეს ასე არის ყიფინის შემთხვევაში. ვნახოთ, მოვლენები ასე არ დასრულებულა. პოლიტიკა გრძელდებდა და საკმაოდ მძაფრად. არ არის სასურველი, რომ კიდევ ერთი კონფლიქტი წარმოიშვას და ამის გარშემო მოხდეს პოლარიზაცია, ეს არ არის კარგი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყიფიანის მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მაგრამ ერთი რამ არის უდავო - „ქართულ ოცებას“ მიუხედავად ამ უკან დახევისა, თავისი სიმართლე არ დაუკარგავს და აშკარად ჩანს ვინ არის ამ პაექრობაში მართალი და მტყუანი. ეს იმდენად ნათელია, რომ ამაზე დავა არ ღირს. საქართველო იცავს თავის სუვერენიტეტს და ბუნებრივია, რომ ამ კანონის ინიცირების ერთადერთი მიზანიც ეს იყო.
ამან გამოიწვია ის, რომ გარკვეული ძალები და ამ შემთხვევაში იგივე ყიფიანი ცდილობს, რომ რაღაცა ალტერნატივა შექმნას და ის ამბობს, რომ საჭიროა მეტი კომპრომისი, ის უკან დახევა იქცეს პოლიტიკურ ქვაკუთხედად და ხელისუფლებამ ხისტი პოზიცია შეცვალოს უფრო რეალურით და პირდაპირ რომ ვთქვათ, საბოლოო ჯამში, დასავლეთს გავუწვეთ. რას აირჩევს ქართველი ხალხი და შემოაბიჯებს თუ არა ყიფიანი პილიტიკაში ვნახოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს ყიფიანის მიერ „ოცნების“ ალტერნატივის შექმნას, რომელიც საზოგადოებაში და საგარეო წრეებში აღიქმება როგორც გაწონასწორებული პიროვნება, რომელსაც აქვს გამოხატული პროდასავლური ორიენტაცია და თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, არის კომპრომისული ფიგურა.
„პოლიტიკაში არის ასეთი ტერმინი - როდესაც სახელმწიფოში წარმოიქმნება კონფლიქტი დაპირისპირებულ ძალებს შორის, ჩნდება მოთხოვნა ისეთ კომპრომისულ ფიგურებაზე, რომელიც შეიძლება იყოს მისაღები როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის. ყიფიანმა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც დაახლოებული არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წამოიწყო ერთობლივი პროექტი - „ეროვნული თანხმობის პლატფორმის შექმნა“ აშშ-ის საელჩოს დაფინანასებით და ახლა აქტიურად ახორციელებენ ამ პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
ამ პროექტში გაერთიანებული არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს საექსპერტო წრეებს, რომლებიც ასევე მიიჩნევიან ზომიერ ფიგურებად. ანუ, არც აშკარად აფილირებული არიან „ნაცმოძრაობასთან“ და არც ხელისუფლებასთან და სავსებით დასაშვებია ის, რომ მან შეძლოს საკუთარ ორგანიზაციაში გაერთიანებული პოტენციალის ჯეო-ქეისის გამოყენება და რაღაცა პოლიტიკური აქტივობა წამოიწყოს. თუმცა, გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. პოზიციებში განსხვავება უკვე აშკარად გამოკვეთილია, ვნახოთ, რაში გადაიზრდება, ჯერჯერობით ცალსახა პროგნიზირების გაკეთება რთულია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
კობახიძის ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ რაღაც დოზით, იყო ამაზე საუბარი. ამ ყიფიანის გაპრემიერებაზე.
ანუ, პრემიერად შეიძლება გამხდარიყო ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა არც კი იცნობს საერთოდ.
ნაცებმა იმიტომ დაასრულეს ეგრე უიმედოდ, რომ ერთი კაცის ხუშტურებზე იყო სისტემა აგებული.
რამდენი სიკეთეც არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილს გაკეთებული ქვეყნისთვის (არადა, ძალიან ბევრი ამაგი აქვს), არ შეიძლება რომ სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა აგებული იყოს მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად დაახლოებულია ესა თუ ის პირი ბიძინასთან.