რა დაგვანახა პროტესტის ორმა დღემ? ამოეფარნენ თუ არა რევანშისტული ძალები გულანთებულ ახალგაზრდებს, რომელთაც არწმუნებდნენ, თითქოს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მათთვის დაფინანსების შეწყვეტას გამოიწვევდა დასავლეთის უნივერსიტეტებში?!
ფაქტია, დაინტერესებული ძალები არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეეჩერებინათ საზოგადოების დაყოფა და ანგაჟირებული ახალგაზრდები მშვიდობიან რელსებზე გადაეყვანათ. პირიქით, მათ ინტერესში იყო ტემპერატურის აწევა. სიტუაცია 90-იანი წლების მსგავსად ვითარდებოდა, როცა ქართველი ხალხი ხელოვნურად დააპირისპირეს ერთმანეთს და ამაში გარე ძალები იყვნენ ჩარეულნი.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას. ისინი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებენ ანტისამთავრობო მიტინგებს, პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ საზოგადოების წინაშე.
პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა პარალელებზე საუბრობს და იხსენებს, რომ როცა მის ბავშვობაში ვერა-ვაკე-საბურთალოს საძმო ერთმანეთს უპირისპირდებოდა და ქიშპობა იწყებოდა, სკოლის მოწაფეებიც კი ფიქრობდნენ, როგორმე ჩაექროთ ცეცხლი და მის გაღვივებაზე არ ეფიქრათ. ლალი მოროშკინას თქმით, დღეს სხვაგვარი ვითარებაა, დღეს არავინ ცდილობს ხალხის დაწყნარებას.
რას ნიშნავდა სტუდენტების გამოჩენა საპროტესტო აქციაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა ეს სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ საზოგადოება გაყოფილია და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე ვდგავართ?!
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თავისთავად, პრობლემა იყო აგენტების შესახებ კანონპროექტი, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა იყო ის, რომ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით, ნაუცბათევად მიიღო ეს კანონი, არ იცოდა რა საზოგადოებაში არსებული განწყობები.
„მე ეს უფრო მაწუხებს, ვიდრე უკვე გაწვეული კანონი. ამის ინსპირირება ხელისუფლებამ მოახდინა და არა ოპოზიციამ ან საზოგადოებრივმა სპექტრმა. როდესაც ხედავ, რომ ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი სექტორი, რომლის წარმომადგენელიც ამ კანონპროექტს არ აპროტესტებს, იმდენი ჭკუა უნდა გეყოს, არ მიიღო ასეთი კანონი. ამდენად, თუკი სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყებოდა, ამის ინსპირატორი ხელისუფლება იქნებოდა. თუმცა მეტ-ნაკლებად მამშვიდებს ის ფაქტი, რომ საყოველთაო პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ უკან დაიხია და არ გადადგა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც დამღუპველი ნაბიჯი. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ახლა არ არის სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ აქამდე შესაძლოა მისულიყო საქმე, რომ არ გაეწვია ხელისუფლებას კანონპროექტი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც საქმე ასეთ მტკივნეულ საკითხებს ეხება, მეტი მოთმინება და გამჭრიახობა მართებს. ვახტანგ ძაბირაძე არ მალავს, რომ მას არ სურს, ძალიან სწრაფად მოხდეს ამ ხელისუფლების დაუგეგმავი ცვლილება, რადგან საზოგადოება ჯერ არ არის იმისთვის მზად, რომ ხელისუფლების ჩანაცვლება კი არა, ხელისუფლების შეცვლა მოხდეს. დღემდე ჩვენ ვახდენდით ხელისუფლების ჩანაცვლებას და ეს პრობლემა იყო. ეს რომ ავიცილოთ, პროცესი ემოციებისგან უნდა დაიცალოს.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ ხედავს და არ თვლის, რომ ჩვენი საზოგადოება ორად გაყოფილია. მისი აზრით, ქუჩაში გამოსული იყო ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც კლიენტელიზმით ცხოვრობდა, ვერ წარმოედგინათ პატრონის გარეშე არსებობა, ისინი გავლენით ცხოვრობდნენ და, თუ არ ექნებოდათ უცხოეთის გავლენა, მშივრები დარჩებოდნენ, საქმე არაფერი ექნებოდათ. ეს ადამიანები საკუთარი თავის გამართლებას იმაში ხედავდნენ, რომ თურმე მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირს უნდა ემსახურონ.
„ამ ძალებმა სტუდენტები საპროტესტოდ გამოიყვანეს, ამ სტუდენტებიდან ზოგიერთი მათგანი იყო შემცდარი, ზოგიერთი მოტყუებული, დაახლოებით იგივე ვითარება იყო, „აბო თბილელში“ რომ არის აღწერილი, „ირხევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლეულთა“. სტუდენტები სუსტი, ჩამოუყალიბებელი ადამიანები არიან, სტუდენტი ჯერ ფორმირებული არ არის პიროვნებად და მას იოლად აცდუნებენ. ტელევიზიით გამაოგნებელი რამ გავიგონე, ეს პირდაპირ ფაშიზმი იყო, 50 წლის კაცს ეუბნებოდა ერთი ე.წ. სტუდენტი, რამდენი წლის ხარო? მან უთხრა, 50-ისო, ჰოდა, მალე მოკვდები შენ და ჩვენ გვაცალე ევროპაში შესვლაო... ამას რომ იტყვის ქართველი ადამიანი, ახალგაზრდა, რასაკვირველია, საქმე წამხდარია. რად მინდა ასეთი ცხოვრება? არც ეგეთი ევროპა მინდა, არც ეგეთი საქართველო, თუ ვინმე ასე აზროვნებს. ნჯო-ებმა გამოყარეს ეს ახალგაზრდები გარეთ ხმაურის ასატეხად“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ამასთან, განმარტავს, რომ ყველა ნჯო არ შეიძლება ერთნაირად შევაფასოთ, საუბარია მხოლოდ მათზე, ვინც ე.წ. წამყვან პოზიციებზეა, ისინი სწორედ გავლენის ჯგუფებით არსებობენ, პარაზიტირებენ. ეს არის დასავლური გავლენის ჩვეულებრივი კლიენტელა.
დავით ზარდიაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ახალგაზრდობა ხედავს, რომ თუ რაიმე პერსპექტივა გინდა ამ ქვეყანაში, ამ კლიენტელას უნდა შეუერთდე. იურისტის კარიერა რომ გაიკეთო, უნდა შეხვიდე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ და ა.შ. ეს ეროვნული ნიჰილიზმის გაღვივებაა და ეს არის ტრაგიკული. ეს ნიშნავს, რომ უცხოელის გარეშე არაფრად ღირხარ, არანაირი პერსპექტივა არ გაქვს. თუმცა საკუთარი თავის რწმენას თუ დაკარგავ, იმ უცხოელსაც ასეთი „შნირი“, უვარგისი ადამიანი სულ არ სჭირდები.
„90-იან წლებში ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძოდა, მას შემდეგ ვითარება 180 გრადუსით შეტრიალდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სტუდენტობა თუ პროფესორ-მასწავლებლები მონობისთვის იბრძვიან და ვერ აცნობიერებენ, რომ განა მონობისთვის ბრძოლა შეიძლება?!“ -აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
და როცა ვინმეს ეგრე მიმართავ, რომ შენ ჩემზე ადრე მოკვდები, მიიღებ პასუხს, რომ პირიქით მოხდება.
ევროპაში არავის მიაქვს შეტევა მთავრობაზე, ხელისუფლების გადატრიალების მოტივით.
ეგ რომ ევროპაში გააკეთონ, რაც თბილისში გააკეთა "გულწრფელმა ბოვშებმა", დამიზნებით კი არა, მიბჯენით ესვრიან ნამდვილ ტყვიას.