კანონი ძალაშია, კოოპერატივებში ათასობით ფერმერს ელოდებიან

კანონი ძალაშია, კოოპერატივებში ათასობით ფერმერს ელოდებიან

სოფლის მეურნეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი კანონი ძალაში შევიდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა უკვე შესაძლებელია. იგი კოლმეურნეობების ანალოგი არანაირად არ იქნება და ხელისუფლების წარმომადგენელთა პროგნოზით, 1 წლის თავზე ნებაყოფლობით კოოპერატივებში ათასობით ფერმერი გაწევრიანდება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლის მიზანიც საკომლო-საოჯახო მეურნეობების გამსხვილებაა, სრულად ამოქმედდა. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონოპროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან, სტატუსის მოპოვებასთან, შეწყვეტასთან, მონიტორინგთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

კოოპერატივებს შეუძლიათ შემდეგი მიმართულებით გაშალონ საქმიანობა: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია. კანონის თანახმად, იქმნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი უნდა იყოს. სააგენტო უფლებამოსილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერტავებისთვის სტატუსის მინიჭებაზე, შეწყვეტასა და მონიტორტინგზე. ასევე კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათებიც დადგინდება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ნებაყოფლობით პრინციპს დაეფუძნება და ათეულობით წლის წინ არსებული კოლმეურნეობების ანალოგი არ იქნება“, - ამბობს აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.

კომიტეტში აცხადებენ, რომ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში“ გაწევრიანების შემთხვევაში, წვრილ ფერმერებს სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ. პროექტის მთელი ხიბლი ის არის, რომ ამ კოოპერატივში ჩართული ქონება 2017 წლის 1-ელ იანვრამდე გათავისუფლებული იქნება ქონების გადასახადისაგან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი კი მოგების გადასახადით არ დაიბეგრება. თუ კოოპერატივი მიიღებს გრანტს, ამ შემთხვევაში, არც ეს ფინანსური რესურსი დაიბეგრება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ყველაზე მთავარი პრინციპია დემოკრატიული მმართველობა. ერთი წევრი ნიშნავს ერთ ხმას. მნიშვნელობა არ აქვს, რა ზომის ნაკვეთით შევიდა ფერმერი კოოპერატივში. ახლა ფერმერმა უკვე იცის, რომ კოოპერატივში 100 ჰექტრისა და ერთი ჰექტრის მფლობელი გადაწყვეტილებას ერთნაირად მიიღებს“, - განმარტავენ აგრარულ კომიტეტში.

რეგიონებში კოოპერატივის დაფუძნებას, ყველაზე მცირე, სამი წევრი, ხოლო ბარში - 5 წევრი შეძლებს.

რაც შეეხება უკვე დაფუძნებულ კოოპერატივებს, მათზე შეღავათები იმ შემთხვევაში გავრცელდება თუ მარეგისტრირებელ ორგანოს ერთი წლის განმავლობაში მიმართავენ და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის“ სტატუსს მიიღებენ.

„ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვისი ინიციატივაა, მთავარია, საქმე გაკეთდეს და მივიღოთ რეალური შედეგი. მუდმივად ვხვდები ფერმერებს და არსებული პრობლემების შესახებ მაქსიმალურად ვარ ინფორმირებული. მათ დაინახეს თუ რა შედეგს შეიძლება მიაღწიონ ძალების გაერთიანების შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ 1 წელიწადში საქართველოს კოოპერატივებში 15 ათასი ადამიანი მაინც გაერთიანდება, ხოლო 1 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ შედეგს“, -აცხადებს აგულაშვილი.