„მერაბიშვილი ცდილობს, დასავლეთს საკუთარი თავი დაანახოს იმ ფიგურად, რომელსაც შეუძლია საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, რომ შემდეგ ქვეყანა ჩაებას ომში“

„მერაბიშვილი ცდილობს, დასავლეთს საკუთარი თავი დაანახოს იმ ფიგურად, რომელსაც შეუძლია საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, რომ შემდეგ ქვეყანა ჩაებას ომში“

ქართული მედიისთვის მიუწვდომელი ვანო მერაბიშვილი, ადვილად ხელმისაწვდომია რუსი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის. ევგენი კისილოვთან ინტერვიუს შემდეგ, ყოფილმა შს მინისტრმა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში, სადაც „SAVE MISHA“-ს თემაზე დისკუსია გაიმართა, განაცხადა, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით. მერაბიშვილის განცხადებით, მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა და შესაბამისად, ამისთვის პარტია აპირებს, დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები.

„ჩვენ თავად ვაპირებთ, და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, რომ დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ, პრაქტიკულად, მოკავშირეები ვართ. მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა და მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მერაბიშვილმა აღიარა, რომ მათი მიზანია ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა.

„დღეს მერაბიშვილი კეზერაშვილთან ერთად აკონტროლებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მანამდე თუ იყო ახალაიას გავლენები და მელია იყო მათი გავლენის ქვეშ, დღეს ხაბეიშვილი არის მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემის მიერ მართული. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მეორე დაპირისპირებული ფრთაა ახალაია-მელიას ფრთა. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა და თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანია ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ, მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ჩვენ ვუყვებოდით ხალხს, ჩვენს საზოგადოებას მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას. მისი თქმით, მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს, შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად, დავიწყოთ ომი. როგორც დეპუტატი აცხადებს, ყოფილი შს მინისტრის აღიარება ადასტურებს, გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი.

„ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას, ეს განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაიწყო. ვანო მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად, დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ ის უბედურება დავატრიალოთ, რაც 2008 წელს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო არ იყოს მორიგი უმძიმესი დამანგრეველი ავანტიურისტთა მსხვერპლი.

ჩვენ დავინახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის უკან ასეთი ძალები ცდილობდნენ ამ გეგმების განხორციელებას. საპროტესტო აქციების დროს, ჩვენ დავინახეთ, რომ გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი, რომლის მიზანი არ იყო ადამიანის ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და მისწრაფებები ევროკავშირთან დაახლოებაზე. მიზანი იყო ამის გამოყენება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს მიზანი ვიცოდით. არ გვიღირდა არც ერთი თანამოქალაქის დაზიანება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილი.

ოპოზიცია მერაბიშვილის გეგმებთან კავშირს უარყოფს. რადიკალები ასე ცდილობენ გაექცნენ პასუხისმგებლობას და აცხადებენ, რომ მერაბიშვილის მოწოდება მავნებლობაა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება.

გიორგი ვაშაძე, რომელსაც სტუდენტებმა ტრიბუნის გამოყენების უფლება არ მისცეს, აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი საერთოდ არაფერ შუაშია იმასთან, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება. მისი თქმით, ოპოზიციის საბოლოო მიზანი რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებაა, მაგრამ ამოცანა ნომერი ერთია წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიღება.

„არავინ უარყოფს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებაა, მაგრამ მერაბიშვილი საერთოდ არ არის ჩართული, არაფერ შუაში არაა იმაში, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში თუ ქართულ საზოგადოებაში ხდება. არ მაინტერესებს, არ წამიკითხავს და არ ავყვები დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც რუსულ რეჟიმს უნდა რომ შემოგვიგდოს იმისთვის, რომ დისონანსი შემოიტანოს ჩვენში.

ჩვენი ბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის რუსული რეჟიმისგან საბოლოო გათავისუფლება. არა რუსულ კანონს, არა რუსულ სასამართლოს, არა რუსულ საარჩევნო სისტემას და არა რუსულ რეჟიმს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ მიმავალი გზა. დღეს, ამოცანა ნომერი ერთი ჩვენთვის არის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ის, რომ ძალადობრივი სცენარი ჩაფიქრებულია, ამის შესახებ for.ge-სთან საუბრობს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, ამას ადასტურებს უკრაინიდან ჩამოყვანილი მებრძოლების გამოჩენა აქციაზე, რომლებიც აღარც ფუთავენ თავიანთ მოქმედებებს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას უნდა მივცეთ შანსი, რომ ეს გამოასწოროს ვითარება და მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ იმას, რომ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები აღიკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოყვება დიდი სისხლისღვრა და საქართველოს დეზინტეგრაცია.

„გაოცებული ვარ სასარგებლო იდიოტების სიჭარბით. ახლა გული აუდუღდათ, თურმე რუსეთისკენ მიგვაქანებენ. რას ნიშნავს რუსეთში მიგვაქანებენ? ვის რად უნდა ესენი რუსეთში საერთოდ, იმას არ ფიქრობენ?! ამ მართლა იდოტებს ან რუსეთი რა გონიათ, ან დასავლეთი? უნდა აღიკვეთოს მაიდნის მცდელობები საქართველოში და დაუყოვნებლივ დააკავონ ისინი, ვინც მოუწოდებს გადატირალებისაკენ. ესენი არ გაჩერდებიან, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ხელისუფლების ძალოვანი გზით დამხობა, ეს იქნება უდიდესი უბედურება ამ ქვეყნისთვის.

რამდენი რევოლუცია გადავიტანეთ და კიდევ რევოლუციაზე არის ლაპარაკი, სულ რომ გაიხეს თვალჟუჟნა ელჩი დეგნანი, თუ ბრაისი, მაქსიმალურად უნდა ვაჩვენოთ ხალხმა მობილიზაცია. თუ სახელმწიფოს შევატყვეთ, რომ ესენი კვლავ ნირვანაში არიან, მაშინ უნდა დავიწყოთ მობილიზაცია და დავანახოთ ერთი იმ ამერიკელებს, ევროპელებს, ბორელებს და ბურელებს ვინ არის საქართველოში ძალა. როცა გამოვალთ 100 ათასი ადამიანი, მერე იყურონ კუნთებზე ამათმა და მერე იძახონ რევოლუცია. ამისთვის უნდა მოვემზადოთ ყველანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრიას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რადგან მერაბიშვილის თემა გააქტიურდა, საინტერესოა წარსულის გახსენება, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან და მერე მელიამ პირდაპირ დასდო ბრალი მერაბიშვილს რუსული ინტერესების გატარებაში. პოლიტოლოგის შეფასებით, მერაბიშვილის მოტივების სურათი უფრო სხვანაირად იშლება.

„რეალურად გადატრიალების შანსი კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე ადრე, ეს საკამათო არ არის, რადგან გამოჩნდა, რომ არც ახალგაზრდები არ აპირებენ ნაციონალებთან თანამშრომლობას. ჩვენ ვნახეთ, რომ მთლიანობაში მთელი ეს მიტინგი აღარ წავიდა ხელისუფლების შეცვლაზე აქცენტით და მიტინგმა როგორც კი მიიღო ის, რისთვისაც შეიკრიბნენ, აღარ გააგრძელეს ბრძოლა და სახლში წავიდნენ. ე.ი. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ აღმოჩნდება „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტის მხარდამჭერი და ეს ძნელი დასანახი არაა სწორედ იმიტომ, რომ მოვლენები ასე განვითარდა.

ამიტომ, მერაბიშვილს ოპტიმიზმი არ უნდა ჰქონდეს. „ნაცმოძრაობა“ ერთი მიტინგისთვისაც ვერ აგროვებდა ხალხს და ამ დროს გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ადამიანი და არადამაჯერებელია, რომ თვითონ მასაც მიაჩნდეს, რომ გადატრიალების მოხდენა შეიძლება დღეს საქართველოში. მეტისმეტად არარეალისტი უნდა იყო და არ ჩანს მასეთი არარეალისტი მერაბიშვილი. მაგრამ, ისმის კითხვა - რას ემსახურება მერაბიშვილის განცხადება?“, - აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, შემთხვევით არაა უკრაინულ ეკრანზე გამოჩენა. ვისაც გადატრიალება საჭიროდ მიაჩნია, შეიძლება იმათი გამხნევებისთვის და ურთიერთობის განმტკიცებისთვის გააკეთა ეს კომენტარი.

„ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით იქ რა ხდება. ფაქტია, რომ უკრაინაში მყოფი ქართველები აქ აღმოჩნდნენ. შეიძლება თუნდაც ამ ნაწილისთვის - უკრაინაში მყოფი ნაციონალები, თანაც პარტიული მოტივი რომ აქვთ და თანაც უკრაინელებთან ერთად ბრძოლის სურვილი, აი, ასეთი ჯგუფისთვის შეიძლება გააკეთა ასეთი განცხადება და კიდევ ერთი, როგორც ჩანს, მერაბიშვილს აქაურობა დიდად არ ადარდებს, აქ მხარდამჭერები ჰყავს თუ არა. ფაქტია, რომ ქარულ მედიას არ აძლევს ინტერვიუს.

ჰყავთ ოპოზიციური ჟურნალისტური ჯგუფები, როგორც ტელე, ასევე ბეჭდვითი, მას თავისუფლად შეუძლია დაუდოს კითხვები ჟურნალისტს და უპასუხოს ის, რაც თვითონ უნდა. ანუ, ის თემები წამოწიოს, რაც უნდა და ის პასუხი მისცეს, რაც უნდა. მაგრამ ქართულ აუდიტორიაზე არ აკეთებს გათვლას, შეიძლება არც აინტერესებს. უკრაინული აუდიტორია აინტერესებს და არა ქართული. აქედან გამომდინარე, შეიძლება მისი გეგმები არ იყოს რეალურად გადატრიალება, არამედ შეიქმნას ასეთი გადატრიალების მოლოდი ვიღაცებთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, როდესაც მერაბიშვილი-კეზერაშვილი გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე და მათ ხაბეიშვილი წამოაყენეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის კანიდატად, მაშინვე გამოითქვა მოსაზრება, რომ პარტიის რეალური ხელმძღვანელები იქნებოდნენ მერაბიშვილი და კეზერაშვილი. განცხადება, რომელიც მერაბიშვილმა გააკეთა უკრაინულ მედიასთან, ძაბირაძის შეფასებით, ეს იყო იმ კაცის განცხადება, რომელიც თავს თვლის რეალურად გადაწყვეტილების მიმღებად.

„ვანო მერაბიშვილი გამოვიდა ასპარეზზე და მიანიშნა, რომ ის არის რუხი კარდინალი „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ხელმძღვანელების. რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში რევოლუცია, მერაბიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და მისი განცხადება ხელს აძლევს მხოლო და მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას და ეს არის „ქართული ოცნება“. სხვა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი მე არ მეგულება, რომელიც იმ ზღვარს გადააბიჯებს, რასაც ჰქვია მერაბიშვილთან თანამშრომლობა. თუმცა, საქართველოში ყველაფერი შეიძლება, საერთოდ წაშლილია ყოველგვარი ზღვარი, მაგრამ ეს მაინც უკიდურესი მიჯნაა. ამიტომ, მერაბიშვილი აკეთებს განცხადებას, რაც ხელისუფლებას აძლევს საშუალებას ილაპარაკოს გადატრიალებაზე, რევოლუციურ გზაზე.

მერაბიშვილის აგორებული აქცია არის წარმოუდგენელი, ის უფრო პირიქით მუშაობს. აანონსებს აქციებს, რომ აქციები არ ჩატარდეს, ან არ იყოს ხალხმრავალი აქციები. თუ რაიმე აქვს კიდევ ხელისუფლებას განზრახული, როგორიც იყო ამ კანონის მიღება, მაშინ მერაბიშვილის განცხადება არის სულზე მისწრება ხელისუფლებისთვის, რომ აქედანვე დაიწყოს პროპაგანდა - ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ხელისუფლების რევოლუციური გზით ჩანაცვლება მოხდეს. ამიტომ, ოპოზიციამ ძალიან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს რას აპირებს - ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლას, თუ არჩევნების გზით“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

იმის მიუხედავად, რომ მერაბიშვილის ინტელექტზე და გაქანებაზე არაფერს ამბობს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მერაბიშვილი ამ შემთხვევაში ცდილობს ითამაშოს კონიუნქტურაზე და ეს კონიუნქტურა მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთს მთავარ მიზნად დასახული აქვს, რომ უკრაინის ომში რუსეთს მიაყენოს სტრატეგიული დამარცხება და უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება. შესაბამისად, მისი თქმით, ყველაფერი, რაც კი მოემსახურება ამ მიზნის განხორციელებას და რეალიზებას, არის კარგი და მისაღები.

„აქედან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით, მერაბიშვილი ცდილობს, რომ დასავლეთს საკუთარი თავი დაანახოს იმ ფიგურად, რომელსაც შეუძლია საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იმ მიზნით, რომ ეს ხელისუფლება შემდეგ აქტიურად ჩაებას რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, აიძულოს რუსეთი, რომ მისი რესურსების ნაწილი გადმოისროლოს საქართველოში, მოაკლოს უკრაინულ ფრონტს და აქ საქართველოში გამოიყენოს მისი შემტევი პოტენციალი და ამით რაღაცნაირად ხელი გაუმართოს დასავლეთს იმითი, რომ აი, ხომ ხედავთ, მე რაღაცნაირად რუსეთს ზიანი მივაყენე და საქართველო ჩავრთე იმ საერთო ძალისხმევაში, რასაც ჰქვია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა.

აი, ამაზე აკეთებს ის აქცენტს და თუ მიაქციეთ ყურადღება, მერაბიშვილი ასეთ განცხადებებს საქართველოში კი არ აკეთებს, არამედ მიდის უკრაინაში და იქ აკეთებს ამ განცხადებებს, უკრაინიდან ესაუბრება საზოგადოებას, რადგან იცის, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ხელისუფლების შეცვლით და აგერ სულ ახალხანს მათმა ერთ-ერთმა მოლაპარაკე თავმა - სავიკ შუსტერმა პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რომ იყოს ხელისუფლებაში ქვეყანა დიდი ხანია ჩაბმული იქნებოდა რუსეთთან ომში. უნდა ეს უკრაინას და არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთშიც ვიღაც-ვიღაცეებს ეს უნდოდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

 

 

merab ვნახეთ "გულწრფელი" პროტესტი ახალგაზრდების, კობახიძისთვის - ბავშვების.
ქვის და მოლოტოვის მსროლელი ხალხი , თუ გულწრფელი პროტესტია, მაშინ, ზარბაზნებით შეტევა პარლამენტზე - სიყვარულის გამოხატულებაა.
1 წლის უკან
merab მერაბიშვილო, როცა ნახევარი საქართველო იმას ნატრულობს, მოფარებულში გადაეყაროთ შენ და შენისთანა ნაც-ბობოლები, გადატრიალებაზე კი არ უნდა ფიქრობდეთ და ქვეყნის ომში ჩართვაზე, არამედ სინანულში ჩავარდნილები ,მუხლებგადატყავებულები ღმერთს და ქართველ ხალხს უნდა ევედრებოდეთ შენდობას.
1 წლის უკან