„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნაციონალების პატარა ბასტიონია“

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნაციონალების პატარა ბასტიონია“

ისტორიკოსი ნინო კიღურაძე განათლების მახინჯი სისტემის მსხვერპლად მოიაზრებს თავს და 2006 წლიდან ჩართულია უთანასწორო ბრძოლაში. უნივერსიტეტიდან არაერთგზის დათხოვნილი და კვლავაც დაბრუნებული, მაინც არ აპირებს პოზიციის დათმობას და წინასწარ ჩაწყობილ კონკურსებში თავის ბედს მაინც ცდის. თუმცა ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მთავარია, იმ დანაშაულებრივი სისტემის მხილება, რაც უნივერსიტეტში ნაციონალების დროიდან მოყოლებული, მეფობს.

For.geნინო კიღურაძეს ესაუბრა.

- ჩემი ისტორია შემიძლია მოგითხროთ ორგვარად, როგორც სისტემურ დონეზე, ისე პირად მაგალითზე. მე პირველს ვამჯობინებ. არსებობს ისტორიის თხრობის ასეთი ფორმა- „ისტორია სახელების გარეშე“. თუმცა, ერთი ადამიანის პირად გამოცდილებაშიც მოიძებნება კერძო შემთხვევები, რომლებიც სისტემურ მახასიათებლებამდე შეიძლება განზოგადდეს. დავიწყებ იმით, რომ 2006 წლიდან მოყოლებული ეს ჩემთვის მეექვსე კონკურსი და მეოთხე გასაუბრებაა. ამ ტურბულენტურ წლებში ხან მაძევებდნენ უნივერსიტეტიდან, ხან მაბრუნდებდნენ სხვადასხვა სტატუსით. ასე რომ, კავშირი უნივერსიტეტთან, რომელშიც 25 წელია ვასწავლი, დღემდე არ გამიწყვეტია. უმძიმესი მორალური დარტყმების მიუხედავად, მე ჯიუტად განვაგრძობდი სწორედ ამ უნივერსიტეტში მუშაობის უფლების მოპოვებისათვის ბრძოლას, თუმცა სხვა უნივერსიტეტებიდან არაერთი შემოთავაზება მქონია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც პროფესიული, ისე პირადი, ემოციური თვალსაზრისით. ამ უნივერსიტეტში ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდნენ ჩემი მშობლები. მამაჩემს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმ დარგის განვითარებაში, რომელიც მე ავირჩიე პროფესიად მისი საქმის გასაგრძელებლად. ამ უნივერსიტეტთან მაკავშირებს სტუდენტობის პირველი წლების საუკეთესო განცდები, მართალია შემდეგ სწავლა განვაგრძე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღემდე ვამაყობ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „წითელი დიპლომით“, რომელიც, სხვათა შორის, „კონიაკის ბოთლებით“ კი არა, მძიმე სტუდენტური შრომით მაქვს მოპოვებული. მას შემდეგ, რაც დასავლეთი გაიხსნა საბჭოთა მოქალაქეებისთვის, ევროპის სხვადასხვა კვლევით თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მივიღე ჩემი პროფესიული განვითარებისათვის მეტად სასარგებლო გამოცდილება, რაც ცხადია, ისევ საუნივერსიტეტო და ზოგადსაგანმანათლებლო (ვარ არაერთი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი) საქმეს მოვახმარე. ამჟამად მაქვს რუსთაველის ფონდის გრანტი და ვმუშაობ წიგნზე, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

დღევანდელი თსუ თქვენ პენიტენციურ სისტემას გაგონებთ. ამ სისტემასთან შეტაკება პირველად როდის მოგიხდათ?

- ამ თემაზე საუბარი გამიადვილა თქვენს საიტზე გამოქვეყნებულმა პროფესორ გიორგი ბარამიძის ინტერვიუმ. უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, თუ რა სისტემასთან გვაქვს საქმე თსუ-ს სახით. არის ეს საგანმათლებლო სისტემის ნაწილი თუ რაიმეს სხვა ტიპის სისტემა? ჩემი დაკვირვებით, ამჟამად თსუ არა სასწავლო, არამედ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა, მთელი თავისი ატრიბუტებით: ტოტალური მეთვალყურეობა -ზედამხედველობით, მიყურადება-თვალთვალით, დაბეზღება-დასმენით და ა.შ. თსუ-ს სტრუქტურა ჯერემი ბენთჰემის „პანოპტიკუმის“, ციხის არქიტექტურის მსგავსია. ესაა სისტემა, სადაც ზედამხედველები ძალადობენ თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებზე ანუ, ფორმალურ საუნივერსიტეტო ენაზე, ადმინისტრაცია პროფესურაზე, თანაც ჯაბნიან მათ რიცხობრივადაც. მაგრამ ამ სისტემის იერარქიაში პროფესორთა შორისაც არიან ზედამხედველები. ეს პრივილეგირებული „ზემოდან ხელდასმულთა“ ჯგუფი, როგორც წესი, წამყვან აკადემიურ თანამდებობებთან ერთად ადმინისტრაციულსაც იკავებენ. მათთვის მინიჭებული ამ განუსაზღვრელი ძალაუფლებით, ისინი სამეცნიერო-აკადემიურ დარგებს ზედამხედველობენ. განსაკუთრებული სიფხიზლითა და სისასტიკით კი იმ დარგებს, რომლებსაც კავშირი აქვთ პოლიტიკასთან. ამგვარი ზედამხედველობის მიზანი, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია: ერთადერთი „ვარდისფერი“ იდეოლოგიის დამკვიდრება. რა გზით მიიღწევა ეს მიზანი? რა თქმა უნდა, ცოდნის აკრძალვით. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, სწამთ ფრენსის ბეკონის მცნებისა „ცოდნა - ძალაა“. ინგლისური სიტყვა power ხომ ძალაუფლებასაც ნიშნავს. საბედნიეროდ, ტუსაღ პროფესორთა შორის არიან „სინდისის პატიმრებიც“ - ცოდნის მატარებელი ადამიანები, რომლებიც სისტემური წნეხის მიუხედავად, მაინც ახერხებენ მისი სტუდენტებისთვის გადაცემას. თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შეზღუდული თავისუფლებისა და მკაცრი ზედამხედველობის პირობებში, საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ზედამხედველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ინსტინქტურად წირავენ ერთმანეთს.

ეს ყველაფერი როდიდან შენიშნეთ?

- ჩვენს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე რეპრესიები 2006 წლიდან დაიწყო. 2006 წლის კონკურსს შევადარებდი „განაჩენის“ აღსრულებას „გასამართლებისა და გამოძიების გარეშე“. შემდეგი „კონკურსები“ სასამართლო პროცესის სიმულაცია მაინც იყო, სხვადასხვა ვარიაციებით.

მარტო თქვენ გასამართლებდნენ, თუ თქვენს მდგომარეობაში სხვებიც იყვნენ?

- რა თქმა უნდა, მხოლოდ მე არა. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ეს იყო მასობრივი რეპრესიების პირველი დიდი ტალღა, როცა საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციის მატარებელი პროფესიონალები მოიშორეს. ხელკეტები, ძალმომრეობა და მოჩვენებითი კონკურსები ყველას ახსოვს. ამ ტალღაში მეც მოვყევი, რადგან ჩემი სამოქალაქო პოზიცია მაშინაც კი განსხვავებული იყო. არასასურველ პირთა „შავ სიაში“ ვიყავი და მომიშორეს. მაშინ „შავ სიაში“ მყოფი ადამიანების საბუთებიც კი არ განუხილავთ. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ საჭირო გახდა ცალკეული ადამიანების დაბრუნება, რადგან ე.წ. „ახალმა სახეებმა“ ვერ გაამართლეს. მათ არ ჰქონდათ არავითარი აკადემიური გამოცდილება და არც დამოუკიდებლად განვითარების უნარი, ამიტომ სჭირდებოდათ ვიღაც, ვისგანაც ისწავლიდნენ, უფრო სწორად, ვის იდეებსა თუ შრომის ნაყოფს მიითვისებდნენ.

ანუ .. „ჩანერგილებითუსიმულაკრებიგამოცდილ პროფესორებს პარავდნენ იდეებს?

- დიახ. და ამ ყველაფერს თავიანთ ნაშრომებად ასაღებდნენ, ფორმალურად მაინც რომ წარემართათ აკადემიური პროცესი. ამ მხრივ კონკრეტულად ჩემს დარგში შექმნილი ვითარება მაგონებს საბჭოთა დროს მეტად გახმაურებულ საქმეს, როცა რუსეთში თაღლითობისთვის გაასამართლეს ერთი ქართველი, რომელმაც თავის მოსწავლეებს ფრანგული ენის ნაცვლად მეგრული ასწავლა. ასე, ჩემი „კოლეგებიც“ ითვისებენ ჩემ სასწავლო კურსებს, სილაბუსებს, ისე რომ, არც კი ესმით საგანი არსებითად. ან როგორ უნდა ესმოდეთ, როდესაც შეირჩნენ არა პროფესიული, არამედ რეჟიმთან სიახლოვისა და მისდამი ლოიალობის ნიშნით. ისევე, როგორც რეჟიმთან უშუალოდ, სისტემური თუ პირადი, ნათესაური კავშირები იყო ზოგადად უნივერსიტეტის მართვის საფუძველი. შესაბამისად, საკადრო პოლიტიკაც განისაზღვრებოდა „ზარებით ზემოდან“. შუამავლისა და კურატორის ფუნქციას განათლების სამინისტრო ასრულებდა.

დავუბრუნდეთ აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის წესებს. რა ხერხებით მიიღწეოდა თავისიანებისმიღება და არასასურველთა განდევნა?

- ამ შეკითხვაზე შემიძლია გიპასუხოთ პირადი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე. თუმცა, ეს ჩემი არჩევანი იყო. მინდოდა, საკუთარ თავზე გამომეცადა, თუ რას ნიშნავს ინდივიდისთვის სისტემასთან დაპირისპირება, რას გააწყობს მარტო კაცი სისტემური ძალმომრეობის წინააღმდეგ. მინდოდა გამეგო, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, როგორია ის შიგნიდან. სხვათა შორის, ორჯერ დავუსხლტი ხელიდან ამ სისტემას. ერთხელ იმიტომ, რომ უცხოელები იყვნენ კომისიაში და ჩემმა პირადმა „ზედამხედველებმა“ ვერაფერი გააწყვეს. მეორედ კი, მგონი, იმიტომ, რომ რატომღაც „თავისიანად“ მიგულეს. არასასურველთა გამოდევნის მეთოდები თავდაპირველად ძალიან უხეში იყო, რადგან სისტემა საკუთარი ძალაუფლების მწვერვალზე იყო და არც კი ცდილობდა მათ სამართლებრივად შენიღბვას. მაგალითად, ერთ–ერთი საკონკურსო კომისიის წევრი ჩემი პირადი ზედამხედველის მამაც კი იყო, რომლის უშუალო ზეწოლითაც ცვლიდნენ კომისიის „დარგის სპეციალისტი წევრები“ თავდაპირველად ჩემ სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით არასასურველთა გარიყვის წესები დაიხვეწა და ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, იმდენად სრულყოფილი ფორმა მიიღო, რომ თითქმის გამოირიცხა კონკურსის შედეგების სასამართლოს წესით გადასინჯვის შესაძლებლობა. ეს მოხდა თსუ-ში ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციის მმართველობის დროს. მაგრამ კონკურსის ჩატარების ახალი წესები გაცილებით ცინიკურია მათი ფორმალურ-პროცედურული სრულყოფილების გამო. ცინიკურია იმდენად, რამდენადაც არასასურველი პირი თავიდანვე განწირულია.

საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი არასასურველმა პირმა მაინც შეაღწია სისტემაში?

- როგორც კი დავიკავე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა, მალევე დაიწყო ჩემი დევნა, როგორც ჩანს, მათთვის საფრთხის შემცველი ვიყავი. უცნაური წერილები მომდიოდა კანცელარიიდან, თითქოს დავარღვიე შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილას ერთდროულად ვმუშაობდი. პირველი საჯარო სივრცე, სადაც მომეცა კრიტიკული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, იყო სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. მეც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და გამოვთქვი ჩემი აზრი, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა ჩემი პირადი ზედამხედველის მხრიდან ჯერ ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი საჯარო განცხადებები, შემდეგ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების განადგურების მუქარა, მოგვიანებით ცილისწამება, რაც შემდგომში ჩემი აკადემიური ცხოვრებიდან განდევნის მცდელობების ქრონიკულ პროცესში გადაიზარდა. ჩემი ზედამხედველი მოქმედებდა სულ სხვა სტრუქტურებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, რასაც არაფერი აქვს საერთო აკადემიურ სივრცესთან.

შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი უშუალო ზედამხედველი ზუსტად ამსხვა სტრუქტურებიდანიყო?

- რადგან კარგად ვიცნობ მის წარსულ „სამეცნიერო-აკადემიურ“ საქმიანობას, რომელიც სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ საუნივერსიტეტო სტატუსთან, არ გამოვრიცხავ, რამდენჯერმე უნებლიე წამოცდენებიც ჰქონია. მაგალითად, ერთხელ მიყვიროდა, „დაიცავით სუბორდინაცია“. ვუპასუხე, „ხომ არ გეშლებათ? სუბროდინაცია არის სხვა სამსახურში, აქ კი აკადემიური თავისუფლებაა“. სამი წლის განმავლობაში კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი რომ ვერ გამომინახა, ჩემი ზედამხედველი დაელოდა მორიგ კონკურსს.

მართალაც, შარშან ზაფხულში ჩატარდა ეს კონკურსი ახალი, „დახვეწილი“ წესების მიხედვით. ამ წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ფასდება კონკურსანტის მონაცემები წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. ხრიკი იმაშია, რომ შეფასების ფორმა, რომელიც კომისიის წევრებს ურიგდებათ, იძლევა კონკურენტების მონაცემების გასაშუალოების შესაძლებლობას, ანუ უკეთესის საშუალომდე დამდაბლებისა და უარესის საშუალომდე ამაღლების საშუალებას. კითხვები კი ისეა შედგენილი, ნობელიანტი უნდა იყო, რომ დაიმსახურო შეფასება „მაღალი“. მთავარია სასურველი პირები გადაიყვანონ მეორე - გასაუბრების ეტაპზე. ამ ეტაპზე კი კონკურსის ჩატარების დადგენილი წესი არ ითვალისწინებს კომისიის წევრების გადაწყვეტილების დასაბუთებას. პრინციპი მარტივია- „მინდა“ ან „არ მინდა“, არ მივეცი ხმა და მორჩა. ახალი წესებით გასაუბრების პროცესი, როგორც სასამართლო პროცესის სიმულაცია, ასევე „წინწასულია“. თუ ადრე „განაჩენი“ გამოჰქონდათ „გასამართლებისა და გამოძიების გარეშე“, ამჯერად როლები და ადგილები შესაბამისად იყო განაწილებული. მაგალითად, კონკურსანტებისათვის გამოყოფილი მაგიდაც კი ზუსტად იქ იდგა, სადაც სასამართლო დარბაზში ჩვეულებრივ მსჯავრდებულის სკამი დგას ხოლმე. გახსოვთ, შარშანდელი კონკურსის შედეგები წინასაარჩევნო მწვავე თემა იყო. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ კონკურსში მეც ვერ გავიმარჯვებდი. მართალია, ჩემი პირადი ზედამხედველი მაშინ თავად კონკურსანტი იყო, და ახალი წესების თანახმად, ვერ იქნებოდა კომისიაში, მაგრამ სამაგიეროდ მისი, როგორც დარგის ზედამხედველისა და თანადროულად ადმინისტრაციის პრივილეგირებული წევრის ხელში იყო კომისიის დაკომპლექტების საქმე. ამიტომ კომისიაში შევიდნენ მხოლოდ „მისიანები“. ოღონდ ამჯერად მისი მამის ნაცვლად „გადამწყვეტი ხმის უფლებით“ აღიჭურვა „მისიანი“ „მისიანთა“ შორის. შარშანდელ კონკურსში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა, სისტემის ფავორიტმა. თუმცა, მაშინ კომისიის გადაწყვეტილების უსამართლობა იმდენად აშკარა იყო, რომ თვით ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი შეშფოთდა. არ ვიცი, რამდენად გულწრფელად. შესაძლოა, საქმის გამწვავებას მოერიდნენ და ჩემი აკადემიური პოზიციის აღდგენას დამპირდნენ. ფაქტია, რომ ჩემი „რეაბილიტაციის“ პროცესი მთელი წელი გაჭიანურდა „დღეს-ხვალ“ პრინციპით. როგორც იქნა, ახლახანს, ივნისის თვეში, გამოაცხადეს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე თითქოსდა ჩემთვის, მაგრამ როგორც კონკურსის მსვლელობამ და შედეგმა აჩვენა, ისევ „მათიანისთვის.“

რა გაძლევთ ამგვარი ეჭვის საფუძველს?

- უპირველეს ყოვლისა, საკონკურსო კომისიის სრულიად მოულოდნელი შემადგენლობა, რომელსაც კონკურსის ჩატარების მოქმედი საუნივერსიტეტო წესის თანახმად, წარადგენს უნივერსიტეტის რექტორი და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. კომისიის რვა წევრიდან ერთი და მთავარი აღმოჩნდა თავად ჩემი პირადი ზედამხედველი, რომელსაც სხვათა შორის, მივეცი აცილება, რაც ცხადია, არ გაითვალისწინეს, ორი - მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი პირი, ორი - ვითომდა ნეიტრალური, ერთი, როგორც ყოველთვის, ზედამხედველი ადმინისტრაციიდან, კომისიის თავმჯდომარე კი თვით ადმინისტრაციის მეორე პირი, სულ სხვა პროფესიის ადამიანი. ერთადერთი განსხვავება სხვა კონკურსებისაგან იყო ის, რომ ამჯერად კომისიაში აღმოჩნდა ჩემი „ადვოკატიც“. ყოველივე ამან მომაგონა უკვე განწირული ჰიტლერის მიერ გამოცხადებული ტოტალური მობილიზაცია. ამ კომისიაში ადმინისტრაციული რესურსის მოჭარბება განპირობებული იყო იმითაც, რომ მას „გასაყვანი“ ჰყავდა მათივე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მართალია, არ ყოფილა ჩემი უშუალო კონკურენტი, რადგან სხვა დარგობრივი მიმართულებით მონაწილეობდა კონკურსში.

ამ უკანასკნელი კონკურსის საყოველთაო მობილიზაციის პირობებში ჩატარების განცდას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ კონკურსი ჩატარდა ფორსირებულ რეჟიმში. თუკი ადრე კომისიას, ფორმალურად მაინც, სულ ცოტა ორი-სამი კვირა ეძლეოდა საბუთების შესამოწმებლად, ამჯერად მათ მხოლოდ ერთი დღე გამოუყვეს ამ „დავალების შესასრულებლად“. ანუ, კომისიას საბუთები არც კი შეუმოწმებია ან როგორ შეამოწმებდა ერთ დღეში ხუთი კონკურსანტის დოკუმენტაციას?

კონკურსის დროს თქვენი ზედამხედველი თქვენთან დაპირისპირებაში თუ შემოვიდა და რა ფორმით?

- ესეც მათი წესია, როცა არასასურველი პირი მონაწილეობს კონკურსში, ჯერ აუცილებლად უპირისპირებენ ხოლმე მას საკუთარ კანდიდატურას. ასეთი მოიძებნა, რომელიც წინა კონკურსშიც მონაწილეობდა უფრო დაბალი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და რომელსაც მაშინ სხვა „მათიანი“ ამჯობინეს. გასაუბრების რეგლამენტი იყო 25 წუთი, ჩემს შემთხვევაში კი ეს ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ანუ ჩემს ზედამხედველს მისცეს ბურთი და მოედანი ჩემს საბუთებში, მაგალითად, სილაბუსებში, თითქოსდა არსებული „ხარვეზების სამხილებლად“. ეს ძალიან სასაცილო იყო, რადგან ეს სწორედ ის სილაბუსებია, რომლითაც მისსავე პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია. როცა ზედამხედველმა მსგავსი ხარვეზები ვერ აღმოაჩინა და ვერც აღმოაჩენდა, მიმართა მისთვის ჩვეულ მეთოდს - ცრუ ბრალდებებს, რომელთა უსუსურობაც ადვილად დასტურდება დოკუმენტურად. რა საჭირო იყო ეს საყოველთაო მობილიზაცია? როგორც ჩანს, აცნობიერებენ, რომ ეს მათი უკანასკნელი შანსი იყო საკუთარი პოზიციების შენარჩუნებისა მოსალოდნელი ცვლილებების წინ.

ფიქრობთ, უნივერსიტეტიდან ნაციონალები არ წასულან?

- უნივერსიტეტიდან ისინი არსად წასულან. თსუ-ც მათი ერთ-ერთი უკანასკნელი ბასტიონია. თუმცა, აქვე მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა იმას, რომ თავისთავად ამა თუ იმ პარტიის წევრობა თუ მის დაქვემდებრებაში მყოფ სხვა ორგანოების თანამშრომლობა არაა დანაშაული კანონის წინაშე მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პარტიას ან მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს კანონი არ ცნობს დამნაშავე ორგანიზაციებად. ამდენად, სანამ საქართველოში სისტემა არ გასამართლებულა და სასამართლოს არ უცნია ის დანაშაულებრივ სისტემად, კანონი პირიქით, იცავს ამ სისტემის წევრებს პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან. მინდა, ბოლოს და ბოლოს, ფარდა აეხადოს იმას, რაც ხდებოდა თსუ-ში უკანასკნელი წლების განმავლობაში. ყველამ ვიცით, რამდენი ღირსეული ადამიანი განიდევნა უნივერსიტეტიდან ან როგორ ხდებოდა დისერტაციების დაცვა. ძლივს დაცულ დისერტაციას შლიდნენ სტატიებად ნაშრომების რაოდენობის გასაზრდელად, შემდეგ ისევ კინძავდნენ ერთ წიგნად და არქმევდნენ მონოგრაფიას. ასე „აცხობდნენ“ ნაშრომებს კონკურსიდან კონკურსამდე. უკანასკნელი კონკურსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა სისტემასთან გვაქვს საქმე. ამდენად, მე იმ ადამიანთა რიცხვს განვეკუთვნები, რომლებიც უნივერსიტეტში რადიკალური რეფორმების გატარების მომხრენი არიან, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ადმინისტრაციის ლეგიტიმურობას. ვიცი, რომ განათლების სისტემის რეფორმირების პროცესი დაწყებულია და მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. მაგრამ პირველ ეტაპზე, ჩემი აზრით, „ჩანერგილების“ ლუსტრირება უნდა მოხდეს. უნდა გამოაშკარავდეს, თუ ვინ არის ნამდვილი და ვინ „სიმულაკრი“ პროფესორი. ამის შემდეგ შეიძლება იმაზე ფიქრი, თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს მომავალში პროფესორების შერჩევა. მომხრე ვარ აგრეთვე ისეთი ზომების, როგორსაც მიმართეს რუსეთში, სადაც სპეციალურად შექმნილი კომისია შეუდგა ე.წ. „ლიპა“ დისერტაციების გადასინჯვას მინიჭებული სამეცნიერო ხარისხების გაუქმების მიზნით. აუცილებელია აგრეთვე ე.წ. გარე რეფერირება. უნდა შეიქმნას პროფესიონალთა ჯგუფი, რომელთა ფუნქციაც წლების განმავლობაში დაგროვილი „სამეცნიერო ნაშრომების“ კრიტიკულად შეფასება იქნება თაღლითობის გამოსავლენად.

ასეთ შემთხვევაში, რეალურ პროფესორთა რიცხვი საგრძნობლად დაიწევს.

- რა თქმა უნდა. თუმცა, ეს ხანგრძლივი და სერიოზული პროცესია, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოს. ერთი ცნობილი ისტორიკოსის მტკიცებით, ნებისმიერი კულტურის, ცივილიზაციის განვითარებასა და წარმატებას „გამოწვევა-პასუხის“ პრობლემის სწორი გადაწყვეტა განაპირობებს. ჩვენ საზოგადოებას დღეს მიეცა შანსი დამოუკიდებლად იპოვოს გამოსავალი იმ განსაკუთრებული, ანომალიური მდგომარეობიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა.

რას აპირებთ თქვენი პროფესიული რეაბილიტაციისათვის?

- აუცილებლად მივმართავ სასამართლოს, რადგან მაქვს ჩემდამი დისკრიმინაციული დამოკიდებულების მტკიცებულებები, მათ შორის, გასაუბრების ვიდეოჩანაწერი. სისტემის მსხვერპლ ბევრ ღირსეულ ადამიანს უცდია ეს, მაგრამ ვერ დაუმტკიცებია თავისი სიმართლე. მე მაინც ეს რთული გზა ავირჩიე.