ქართველი მინისტრების პრემიებისადმი მიდრეკილების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ამჯერად მათი მაღალანაზღაურებადი ხელფასები იქცა განსჯის საგნად. საქმე ისაა, რომ საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრები ჰყავს, ვიდრე ჩვენს მეზობელ რეგიონებს.
კერძოდ, საქართველოში მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარია, რაც მათი აზერბაიჯანელი კოლეგებისთვის 1500 მანათი, ანუ 3 100 ლარია. სომეხი მინისტრების ფულადი ერთეული ქართულ ლარებზე რომ გადმოვიყვანოთ, დაახლოებით 1 225 ლარი გამოვა, ხოლო რუსი მინისტრების ხელფასი დაახლოებით ქართულ 3 100 ლარს უთანაბრდება.
რა თქმა უნდა, ქართველი მინისტრები მთლიანობაში 7 875 ლარს ხელზე არ იღებენ, აქ გასათვალისწინებელია საშემოსავლოც, რომლის დაქვითვის შედეგად მათ 6 300 ლარი ერგებათ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმთან შედარებით მინისტრების ხელფასის მაღალი მაჩვენებელი სულაც არ ნიშნავს, რომ მინისტრს ხელფასი არ უნდა ჰქონდეს. უბრალოდ, შედეგები უნდა იყოს უფრო ხელშესახები და, როცა საზოგადოებაში დასაქმების მაღალი დონე იქნება, როცა შემოსავლები ექნებათ ადამიანებს, ისინი აღარ დაითვლიან მინისტრების ხელფასებს.
„ჩვენი საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ნაკლები ხელშესახები შედეგები იწვევს ამ თემის გააქტიურებას. ცხადია, როდესაც 150-ლარიან საარსებო მინიმუმზეა საუბარი, სხვაობა მინისტრის ხელფასს შორის მართლაც უზარამაზარი გამოდის. ასეთი მკვეთრი სხვაობა, როგორც წესი, არ არის დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ, ჯერჯერობით, ამ ქვეყნებამდე, როგორც სახლმწიფო მოწყობით, ისე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ბევრი გვაკლია. ამის გარეშე, ცხადია, საზოგადოება ეტყვის მინისტრებს, რისთვის იღებდით ასეთ მაღალ ხელფასს?!“ - აცხადებს დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, არ ფიქრობს, რომ მინისტრის ხელფასი მაინცდამაინც 500 ლარი უნდა იყოს, რადგან დღევანდელ სიტუაციაში მინისტრის სამუშაო მარტივი არ არის. მისივე თქმით, თუკი ჩვენ ევროპული ქვეყნების მინისტრების ხელფასებს შევადარებთ ქართველი მინისტრების ხელფასებს, 7 ათასი ლარი სადღაც 3500 დოლარი გამოდის. შესაბამისად, არცერთ ევროპულ ქვეყნაში ასეთი დაბალი ხელფასი მინისტრს არ ექნება. ამიტომ, ყველაფერი ფარდობითია. მეტიც, ქვეყანაში, სადაც 70% უმუშევარია და შეუძლებელია ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა, ადამიანები გაღიზიანებულნი არიან. თუმცა ექსპერტის თქმით, მინისტრების საქმიანობის შეფასების დრო სულ ცოტა ხანში მოვა, როდესაც წლის შედეგები შეჯამდება. სწორედ მაშინ შეიძლება ვთქვათ, თუ რამდენად გამართლებული იყო ამ რაოდენობით ხელფასის გაცემა.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ვაჟა ბერიძის აზრით, რაც უფრო მაღალია სახელმწიფო მოხელის ხელფასი, მით უფრო მშვიდად შეუძლიათ იყვნენ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები. აქ არსებითია არა ის, თუ საარსებო მინიმუმს რამდენჯერ აღემატება მინისტრის ხელფასი, არამედ, რა მიდგომა არსებობს ქვეყანაში სახელფასო პოლიტიკის კუთხით და რა შეხედულება აქვს საზოგადოებას მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებთან დაკავშირებით.
ამდენად, ექსპერტს მიაჩნია, თუკი ჩვენ ამ ხელფასებს დავწევთ და გავითვალისწინებთ საზოგადოების ერთი ნაწილის მოსაზრებას, რომ ეს ხელფასები ძალიან მაღალია, (მით უმეტეს, ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ამას ემატებოდა მაღალი პრემიები სახელმწიფო მოღვაწეებისა და პარლამენატრებისთვის), მაშინ მნიშვნელოვნად გაიზრდება კორუფციის საფრთხე.
„არ შეიძლება, ადამიანი განკარგავდეს მილიონებს, მაგალითად, ფინანსთა მინისტრი და მას ვუთვლიდეთ, რამდენჯერ მეტ ხელფასს იღებს პენსიონრებთან შედარებით, რომ არაფერი ვთქვათ უმუშევარ მოქალაქეებზე. ვიღაცას შეუძლია თქვას, ვინ უშლის ხელს ამ მინისტრებს, წავიდნენ კერძო სექტორში და მათ იქ არავინ დაუთვლის ხელფასის ოდენობას. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. თვით განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მაღალი რანგის მენეჯერებისა და ინტელექტუალების მოზიდვა რთულია, რადგან დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში კერძო სექტორში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე სახელმწიფო სექტორში. ამიტომ კადრების მოზიდვა ჭირს. საქართველოშიც კი, კერძო სექტორში რომ წასულიყო, მაგალითად, მინისტრი ხადური, მას გაცილებით მეტი ხელფასი ექნებოდა, ვიდრე ფინანსთა მინისტრის პოსტზე. ამის გამო დაბალი კვალიფიკაციის ფინანსთა მინისტრი შევარჩიოთ და მას ხელფასი შევუმციროთ?“ - აცხადებს ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, იხსენებს, რომ თავის დროზე, როცა საპარტნიორო ფონდში გილაური გადაიყვანეს, მას 20-დან 25 ათას ლარამდე ხელფასი დაუნიშნეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაღალი ხელფასი იყო სახელმწიფო სამსახურისთვის და ეს ფონდი სახელმწიფო სამსახურად ითვლება დღესაც. თუმცა, როდესაც იქ ახალი ხელმძღვანელი მივიდა, მან ორჯერ და მეტადაც შეიმცირა ხელფასი. ამის გაკეთება კი ჩვენს ქვეყანაში, ეტყობა, ძალიან ძნელია.
ამასთან, ვაჟა ბერიძე ადასტურებს, რომ არ ეთანხმება მაღალი ხელფასებისა და დაუსაბუთებელი პრემიების გაცემას სახელმწიფო მოხელეებისთვის, თუმცა გონივრული, მაღალი დონის ხელფასები აუცილებლობად მიაჩნია, რათა სახელმწიფო მოხელემ, თუ ის კეთილსინდისიერი ადამიანია, არ იფიქროს სხვა საქმეებზე და გვერდითა შემოსავლებზე.
სწორედ ამით ხსნის იგი, რომ კარგი ხელფასებისა და პრემიების მიუხედავად, ლამის ნახევარ პარლამენტს ბიზნესი ჰქონდა მოწყობილი და იმ ბიზნესიდან რეალურად არც წამოსულან.
„დაახლოებით 1996-98 წლებში მე სახელმწიფო კანცელარიაში ვმუშაობდი სოციალური სფეროს მიმართულების ხელმძღვანელად. მაშინ სამარცხვინო მდგომარეობა იყო, როდესაც მთავარ სახელმწიფო მრჩევლებსა და სამმართველოების უფროსებს 200-ლარიანი ხელფასები ჰქონდათ. უცხოეთიდან სტუმარი რომ ჩამოდიოდა, ყავაზე დაპატიჟების ფულიც არ ჰქონდა თუნდაც პროფესორ კობა იმედაშვილს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მაშინ ედუარდ შევარდნაძესთან სახელფასო პოლიტიკის შეცვლის შესახებ საკითხი დავაყენე, რის საპასუხოდაც მან ბრძანა, ვისაც არ უნდა ასეთ ხელფასზე მუშაობა, წავიდეს სახელმწიფო სამსახურიდანო. თუმცა რაც მოჰყვა შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდს, 2000-დან 2003 წლამდე, რა მასშტაბის კორუფციაც იყო ქვეყანაში, ამის შესახებ კარგად მოგეხსენებათ“, - აცხადებს ექსპერტი.
ამასთან, იგი ვერ ადასტურებს, თუ რა სიტუაციაა სომხეთსა და აზერბაიჯანში კორუფციის მხრივ, მაგრამ ფიქრობს, რომ მინისტრების შედარებით დაბალი ხელფასები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს კორუფციისგან მმართველობითი აპარატის დაცვას და არ წაახალისებს წესიერებას ამ სისტემაში.