2008 წლის ომი შესაძლოა მეხსიერებაში დარჩეს, როგორც პიკი,რომელმაც რუსეთის დაცემა გვაუწყა

2008 წლის ომი შესაძლოა მეხსიერებაში დარჩეს, როგორც პიკი,რომელმაც რუსეთის დაცემა გვაუწყა

ხუთი წლის წინ, საქართველოს არმიამ მოსკოვის მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საზღვარი გადაკვეთა: ქართული არმია საზღვრის გასწვრივ ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებზე თავდასხმების აღკვეთას და გამოყოფილ რეგიონზე კონტროლის აღდგენას შეეცადა. რუსეთის პასუხმა არ დააყოვნა: მისი სამხედროები ნაწილები ოსეთში შეცვივდნენ და ქართული არმია გააძევეს. როდესაც სროლა საბოლოო შეწყდა ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომის შემდეგ, ასობით ადამიანი მოკლული ან დაჭრილი და ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე უსახლკაროდ აღმოჩნდა.

მართალია, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ მიბაძა რუსეთს და არ აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის (საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის) დამოუკიდებლობა, თუმცა ომმა ის პატარა იმედიც კი დამარხა, რომელიც თბილისს და გამოყოფილ რეგიონებს შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას უკავშირდებოდა. ბევრისთვის, ეს ომი თითქოს ერთი ეპოქის დასრულების და მეორის დაწყების ნიშანი გახდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, რუსეთის არმია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

როდესაც მოსკოვმა საკუთარი მიზნების განხორციელება ევროპის საზღვართან, საქართველოში, ცალმხრივ რეჟიმში გადაწყვიტა, ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის უპირატესობის საფუძვლები, რომელიც ნატოს უდავო დომინირების დაუწერელ და ხელშეუხებელ წესებს ეფუძნებოდა. იმ დროს, როდესაც ევროპის დიპლომატიურმა ბლიცმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ხელმძღვანელობით, თითქოს გადაარჩინა საქართველო უარესი ბედისწერისგან, სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ვერსიაში კარგად ჩანს, თუ რომელი მხარე დარჩა მოგებული: ექვსპუნქტიან გეგმაში მოსკოვისთვის ძალიან მისაღები ტექსტია, რომელსაც ის დღემდე საკუთარი სურვილისამებრ არღვევს.

რუსეთის შეჭრამ საქართველოში არამხოლოდ ამხილა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ხარვეზები, რომელმაც მართლაც ვერ შეძლო ეფექტური პასუხის გაცემა მოულოდნელად გაჩაღებულ ომზე, არამედ თითქოს ვერც კი დაუპირისპირდა მას. იმ დროს, როდესაც დავა დღემდე იმაზე მიმდინარეობს, თუ ვინ არის ამ ომში დამნაშავე (ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ, შვეიცარელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, დაასკვნა, რომ კონფლიქტი რუსეთის პროვოკაციების ბუნებრივი შედეგი იყო, თუმცა „პირველი გასროლა“ ქართული არმიის მხრიდან მოხდა) – მოსკოვის ქმედებები მისი საგარეო პოლიტიკის „ხელახალ იმპერიალიზაციაზე“ მიუთითებს. ეს სტრატეგია გულისხმობს მოსკოვის სამეზობლოში დასავლეთის გავლენის აღკვეთას ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, დიპლომატიას ნულოვანი საწყისით, ტრანსნაციონალურ ინსტიტუტებს და ომსაც კი, როგორც ეს 2008 წელმა აჩვენა.

მაშინ როცა, იმ დროს ბევრს შეეშინდა, რომ რუსეთი, როგორც რეგიონში ასევე რეგიონს მიღმა საკუთარ გავლენას აღადგენდა, დღეს, 2008 წლის აგვისტო, რუსეთის „ხელახალი იმპერიალიზაციის“ პროექტის შესაძლებლობის ზღვრად მიიჩნევა. მართალია, ომი მოსკოვის მხრიდან ერთგვარი სიგნალი იყო იმისა, რომ ის ზესახელმწიფოს სტატუსს დაუბრუნდა, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის ძალაუფლება და გავლენა რეალურად არ გაზრდილა. სინამდვილეში, შავი ზღვის რეგიონი, ადგილი, სადაც მოსკოვი ჰეგემონიისკენ მიისწრაფვის, შესამჩნევად პრორუსული ან მისდამი განსაკუთრებით ლოიალური არ გამხდარა. პირიქით, მოსკოვს დღეს იმაზე ნაკლები გავლენა აქვს რეგიონში, ვიდრე ხუთი წლის წინ ჰქონდა.

საქართველოში, რუსეთმა მისი ყველაზე ძლიერი ბერკეტები გახარჯა, როდესაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, დაიტოვა რა მცირე გავლენა, თუ არ ჩავთვლით საზღვარზე პერიოდულ პროვოკაციებს. და მიუხედავად მტკიცე უარისა, რომელიც ქართველმა ამომრჩევლებმა დღეს ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრეს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს ახალი მთავრობა ტაქტიკურად უფრო პრაგმატული ჩანს, თუმცა საბოლოო ჯამში ისიც უპირისპირდება რუსეთის მიზნებს რეგიონში.

იმავდროულად, აზერბაიჯანი, რომელსაც რუსეთთან ტრადიციული, ინსტერესებზე დაფუძნებული კავშირები ჰქონდა, მოსკოვთან გრილი ურთიერთობების ფაზაში შედის, რადგან ორ ქვეყანას შორის საგარეო პოლიტიკურ ხედვებში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაჩნდა. ბაქოსთვის, მოსკოვის მისწრაფება რეგიონული ბატონობისკენ, სახიფათო მოცემულობაა; ბაქომ იცის, რომ ჰეგემონი რუსეთი ძნელად შეეგუება აზერბაიჯანის მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას და ენერგეტიკულ ექსპორტში კონკურენციას. მეზობლადაც, აზერბაიჯანი ვერ ხედავს კარგ პრეცედენტებს იმაში, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, ასევე ახლო ურთიერთობა აქვს სომხეთთან, რომელიც განაგრძობს აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციას.

სომხეთმაც კი დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებულია ის რუსეთზე, რომელიც დომინრებს ამ კავკასიურ სახელმწიფოში, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, როგორც გეოპოლიტკურად, ასევე ეკონომიკურად. რუსეთის არმია იცავს სომხეთის საზღვარს თურქეთთან და ირანთან; სომხეთის ეკონომიკა ძალიან დამოკიდებულია იმ ფულად გზავნილებზე, რომელსაც მას რუსეთში მცხოვრები დიასპორა უგზავნის; სომხეთის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთლიანად რუსეთის ხელშია. რუსეთის დომინირება სულ უფრო და უფრო აღიზიანებს სომხეთის მოქალაქეებს, განსაკუთრებით აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის, ენერგომატარებლებზე ფასის გაზრდის და ეთნიკური სომხის ბოლოდროინელი შეურაცხყოფის შემდეგ, რომელიც დაკავებულია ფატალური ავტოავარიის გამო რუსეთში.

უკრაინის პროდასავლურ მთავრობას 2010 წელს ელექტორატმა უარი უთხრა, როდესაც ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული „რეგიონების პარტია“ მოიყვანა. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალმა მთავრობამ მისი წინამორბედის პოლიტიკას სერიოზულად გადახედა და ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკოც კი დააპატიმრა შეთითხნილი ბრალდებებით. მაგრამ რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მთავრობასაც კი აღიზიანებს; მოსკოვის ხისტი კურსი ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, კიევს ალტერნატივების ძიებისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ უბიძგებს. ნოემბერში, უკრაინა, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ვილნიუსში, რომელიც მნიშვნელოვნად გააღრმავებს მის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. იმავე სამიტზე შეთანხმებების პარაფირება იგეგმება საქართველოსთან და სომხეთთან.

ვილნიუსის სამიტი რუსეთის „ხელახალი იმპერიალიზაციის“ ინიციატივის მარცხზე მიუთითებს. როდესაც საქართველო და რუსეთის ორი, თითქოს უახლოესი მოკავშირე ევროკავშირში ინტეგრაციის სასარგებლოდ ფაქტობრივად უარს ამბობს მის საბაჟო კავშირსა და ევრაზიის კავშირის პროექტებზე, შავი ზღვის რეგიონში პოსტრუსული სისტემის რუდიმენტები ჩნდება. აღმოსავლეთ პარტნიორობა ნაყოფს ისხამს, ევრაზიის კავშირი კი ბორძიკობს. თურქეთი, მიუხედავად საკუთარი პრობლემებისა, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე საქართველოსა და აზერბაიჯანზე გავლენის რკალს ქმნის. და რუსული ენერგეტიკული მილსადენის პარადიგმა, დიდი ხნის გასაღები ეკონომიკური სტაბილურობისა და გეპოლიტიკური გავლენისათვის, სწრაფად ნადგურდება, რადგან შავი ზღვის სახელმწიფოები ზღუდავენ მოსკოვზე თავიანთ დამოკიდებულებას.

თავდაპირველი შოკისა და განგაშის შემდეგ, როდესაც მოვლენების შემდგომი განვითარება უცნობი იყო, 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომის მემკვიდრეობა უფრო მკაფიო ხდება: 2008 წლის ომი შესაძლოა მეხსიერებაში დარჩეს, არა როგორც რუსეთის ძალაუფლების მაჩვენებელი მის სამეზობლოში, არამედ როგორც პიკი, რომელმაც მისი დაცემა გვაუწყა.

foreignpress.ge