აგვისტოს ომმა დიდ ტრაგედიასთან ერთად გმირობის ახალი ფაქტებიც გამოავლინა. ზოგიერთ მათგანს თავდადება ისტორიულად მოსდგამდა. კერძოდ, ცხინვალთან გმირულად დაღუპულ ერეკლე ყულოშვილს, ინგილო მღვდლის - მიხეილ ყულოშვილის შთამომავალს, რომელიც თავის დროზე მუსავატებმა საინგილოში აწამეს. ხანჯლებით დაადგნენ, მაგრამ მამა მიხეილმა მათ უთხრა: „ადამიანის ბოლო მაინც სიკვდილია. მაშ, მომკალით წმინდა სამების გულისთვის, სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს სარწმუნოებას“. პირჯვრის გამოსახვა ვეღარ მოასწრო მოხუცმა, ისე მოუსწრაფეს სიცოცხლე.
მისმა შთამომავალმა ერეკლე ყულოშვილმაც თანამებრძოლები გადაარჩინა და მტერს მარტო შეაკვდა. თანამებრძოლებმა მხოლოდ ბრძოლით შეძლეს მისი ცხედრის გადმოსვენება.
მის გარდა თავდადება გამოამჟღავნეს გიორი ანწუხელიძემ, გელა და გიორგი რომელაშვილებმა, ალექსანდრე ონიანმა და მისმა თანამებრძოლებმა, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილებმა და უამრავმა ადამიანმა. დაიღუპნენ, ასევე, ჩვენი კოლეგები - საშა კლიმჩუკი და გიორგი ჩიხლაძე.
თავდადების არაერთი ფაქტი ახსოვთ აგვისტოს ომში გადარჩენილ მეომრებს. მათ შორის, გასახსენებელია ცხინვალის მისადგომებთან რუსული ასეულის მიერ ალყაში მოქცეული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო-საინჟინრო ასეულის თორმეტი სამხედროს გმირობა, რომლებიც მანამ იბრძოდნენ, სანამ მტერთან ანგარიშსწორებისას ტყვია-წამლის მარაგი სრულად არ ამოეწურათ. ბიჭებმა ტყვეობას სიკვდილი არჩიეს და უკანასკნელი ტყვიით თუ ხელყუმბარით სიცოცხლე თავადვე მოისწრაფეს…
მათი შემხედვარე რუსი მეთაური ყვიროდა, ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ქაჯები თუ ადამიანები? უკვე საათია, ასეთ დღეში ვართ. თუმცა 15 წუთში რუსებს კიდევ ერთი დამატებითი ჯგუფი წამოეშველა თავისი ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ კი ყველაფერი დამთავრდა.
„როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა. ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა – ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა... სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში“, - იხსენებდა რუსი ჯარისკაცი საშა დროზდოვი.
For.ge-მ აგვისტოს ომში დაღუპულთა შორის ორი მებრძოლის ოჯახის წევრების ჩაწერა მოახერხა.
ანზორ გელდიაშვილის დედა მზია ხახუტაშვილი იხსენებს, რომ 7 აგვისტოს ავტოსადგურში უკანასკნელად ნახა თავისი შვილი და ის ძალზე ნაღვლიანი დაამახსოვრდა. თავის მეუღლესაც უცნაურად შეხვდა. თურმე ომი დაწყებული ყოფილა და ნაღვლობდა, თავის თანამებრძოლებთან ერთად არ იყო, რადგან გაფუჭებული ტანკის შესაკეთებლად მიდიოდა.
„ისე წავიდა, ჩემთვის არ უთქვამს, რომ ომი იყო დაწყებული. ტანკი მყავს გაფუჭებული, ვაკეთებინებთ და უკან უნდა დავბრუნდე ბაზაზეო. რაღაცნაირად შევატყე, რომ საქმე მთლად ასე არ იყო. ჩემი შვილი ასეთი არ მახსოვს. ახალი ნაოპერაციები იყო, ვკითხე, ანზორ, რა გჭირს, სიცხე გაქვს-თქო? მართლაც სიცხე ჰქონდა. - რა გაცვია-მეთქი? - არა უშავს, დედა, იყოსო. ისეთი მაისური ეცვა, არ მომეწონა, რადგან, ჩვეულებისამერ, სუფთა და მოწესრიგებული ბიჭი იყო. მერე ვკითხე, სიგარეტის საყიდლად ფული გაქვს-თქო? ვიცოდით, სიგარეტს ეწეოდა, მაგრამ ჩემს თვალწინ ამის ერიდებოდა. მივეცი სიგარეტის ფული და მითხრა, არ მინდა, დამანებე თავი, ახლახანს ავიღე ხელფასიო. შერცხვა, ფული რომ მივეცი. ცოლი ორი თვის მოყვანილი ჰყავდა, მაგრამ ხელი არ ჰქონდათ მოწერილი. დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მის მეუღლესთან, ის გათხოვდა კიდეც, შვილიც ჰყავს, მაგრამ ურთიერთობა გვაქვს“, -აცხადებს მზია ხახუტაშვილი.
ამასთან, შვილის ტრაგედიის წუთებსაც იხსენებს. ამობრუნებულა ტანკი და ანზორი მის ქვეშ მოყოლილა. საწვავი ზედ ესხმებოდა და ურთულეს მდგომარეობაში იყო. გაწამებულს ბიჭებისთვის უთქვამს, ეკლესიები გამოვიარეთ და რომელიმე მამაო მომიყვანეთ, ვიცი, მოვკვდები და აღსარება ვთქვაო. მართლაც, რომელიღაც დიაკვანი მისულა. მზია ხახუტაშვილი წუხს, რომ ვერ შეხვდა იმ დიაკვანს, რადგან ორი წლის განმავლობაში შეუძლოდ იყო და მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა მდგომარეობიდან, რაც მუშაობა დააწყებინეს.
ანზორ გელდიაშვილის დედის თქმით, მისი შვილი პერიოდულად ხატებსა და ჯვრებს ხატავდა. წინათგრძნობა ჰქონდა თუ არა, დედამ არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ანზორმა ბოლოს ისეთი რამეების დახატვა დაიწყო, რომ გაკვირვებას იწვევდა. სანთლებს, კელაპტრებს დახატავდა და შემდეგ უკვე ამ სანთლებს გადატეხილად გადააკეთებდა.
„ასე რატომ ხატავ-თქო, როცა ვეკითხებოდი, მპასუხობდა, არაფერიაო. დიდუბეში რომ შევხვდი, მითხრა, იცოდე, მალე ისეთი რამ მოხდება და ისეთი სახელი მექნება, ჩემით იამაყებ, არ ვიქნები შენს წინაშე პირშავადო. ამხანაგის გამო ჰქონდა ბანკიდან ვალი გამოტანილი, იმ ამხანაგს დღესაც არ აქვს დაბრუნებული ის თანხა და არც მოსულა სამძიმარზე. ამხანაგებმა იციან, რაც მოხდა სინამდვილეში და მის გამო თანხა როგორ გამოიტანა. თურმე ამდენი ხნის განმავლობაში ამხანაგის ფულს, მის საბანკო ჯარიმებს იხდიდა და სახლში არ მოჰქონდა თანხა. ბოლო თანხაც რომ გადაიხადა, ამით დამთავრდა ყველაფერი“, - აცხადებს მზია ხახუტაშვილი.
ცხინვალშიც შესულა ანზორ გელდიაშვილი. მეთაური ამბობდა, მისი ტანკი წავიყვანე და მას დავუტოვე გაფუჭებული ტანკი, რადგან სიცხიანი და ახალი ნაოპერაციები იყოო. ბრმანაწლავზე ღია ჭრილობა ჰქონდა, ძნელად უხორცდებოდა, თუმცა ცოტა ხანში მაინც აუწყვია ეს გაფუჭებული ტანკი და მეთაურისთვის ჩაუქროლებია, მისალმებია და უთქვამს, მე მაინც ვერ გავძლებდიო. ტანკის ლუქზე მდგარა, რადგან ტანკისტობასთან ერთად, მემიზნე-მსროლელიც ყოფილა.
გელა რომელაშვილის მეუღლე მაია დგებუაძე იხსენებს, რომ დაღუპული ძმები - გელა და გია რომელაშვილები ცხინვალიდან დევნილები იყვნენ 7 და 9 წლის ასაკში. მაია დგებუაძის თქმით, მისი მეუღლე ყოველთვის იხსენებდა, გამოგვაგდეს იქიდანო. ამიტომ ძმებს პატარაობიდანვე სურვილი ჰქონდათ, თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნებულიყვნენ. ჯარშიც ამიტომ გადაწყვიტეს წასვლა და 2008 წლის ომშიც ასეთი სულისკვეთებით წავიდნენ, ჩვენ თუ არა, სხვამ ვინ უნდა დაიბრუნოსო ჩვენი მიწა.
„ორივე ძმა გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა, ერთ ოცეულში იყვნენ, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც ცხინვალში შევიდნენ. მოგვიანებით ტანკები ააფეთქეს და ჩემი მაზლი - გია რომელაშვილი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. ორი წლის შემდეგ მისცეს გარდაცვლილის სტატუსი, მისი გვამი დღესაც არ ჩანს. ჩემი მეუღლე კი ცეცხლმოკიდებული ტანკიდან ამოვიდა, რადგან დაბომბვის დროს ტანკს ცეცხლი წაეკიდა, თუმცა მაინც ტყვედ ჩავარდა. სურათებში წამების კვალი, სახეზე დალურჯებები ეტყობა, დახეული აქვს მაისური, ფორმაც ჭუჭყიანი აქვს. პისტოლეტით დახვრიტეს, მიბჯენითაა ნასროლი. ინტერნეტით მოვიძიე უშუალოდ ცხინვალში გადაღებული სურათები, სადაც ჩანს, რომ ტყვედ ჩავარდნილი ჩემი მეუღლე და კიდევ სხვა ბიჭი დახვრიტეს ცხინვალის ტერიტორიაზე, რომელიღაც ბაღის კუთხეში ეყარნენ, შიფერები ჰქონდათ გადაფარებული და ორივეს გვამი დაწვეს. ჩემი მეუღლის გვამი ერთი მუჭა ფერფლიღა იყო დარჩენილი, მხოლოდ მარჯვენა მტევნის თითის ნაწილმა მოაღწია და დნმ-ით დადგინდა მისი ვინაობა“, - აცხადებს მაია დგებუაძე ჩვენთან საუბარში.
გელას დარჩა ერთი ქალიშვილი, რომელიც ომის შედეგ დაიბადა. თავად მაია დგებუაძე 6 თვის ორსული იყო, გორის დაბომბვაში მოხვდა და გოგონა ნაადრევად გააჩინა. იგი აცხადებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს დაღუპულთა ოჯახებზე, ორი დღის წინ ბავშვები „ბომბორაშიც“ ჰყავდათ აყვანილი, საჩუქრებიც გადასცეს. დაღუპულის ქვრივს არ სურს, ვინმეს ეგოისტურად მოეჩვენოს მისი ნათქვამი, მაგრამ აცხადებს, რომ ყველა მშობელს შვილისთვის მაინც მეტი უნდა. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ამ ბავშვებს, მათ შორის, მის ათი წლის გოგონას, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. ისინი ხომ მართლაც გმირების შვილები არიან.
რაც შეეხება გელას ძმას, განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მესამე ასეულის საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის მეთაურ გია რომელაშვილს, ოჯახთან საუბრისას მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა - ცხინვალი ჩვენია.
გიას გადაურჩენია თავისი ეკიპაჟი, ალყიდან ყველანი გაუყვანია და მარტო დარჩენილა. თუმცა ეკიპაჟს იგი არ დაუტოვებია, სამი საათი იბრძოდნენ მის გამოსაყვანად, მაგრამ მუხლში დაჭრილი გიას გამოყვანა ვერ შეძლეს, მას უკვე ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და მტრებს მკვდრისთვისაც გულში დაუხლიათ ტყვია…