„საარჩევნო ადმინისტრაცია ორი პოლიტიკური სუბიექტის ხელშია“

„საარჩევნო ადმინისტრაცია ორი პოლიტიკური სუბიექტის ხელშია“

ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო წინადადებამ, რომლის გათვალისწინებითაც, საბიუჯეტო დაფინანსებას მხოლოდ ის 14 პარტია მიიღებს, რომელთაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 4%-იანი ბარიერი, ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში - 3%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო უმარვლესობაში დაპირისპირების საგანი გახდა. ამ ცვლილებით დაფინანსების გარეშე დარჩნენ უმრავლესობის წევრები „მწვანეთა პარტია“ და „სოციალ დემოკრატები“, რომლებიც საქართველოს პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით არიან წარმოდგენილნი.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს მივიღეთ ისეთი ვითარება, სადაც ის ფინანსური რესურსები, რომელიც საჭიროა სრულყოფილი სააარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის, ან პარტიის შენარჩუნებისთვის, აქვს მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“.

რამდენად სწორად მოხდა საბიუჯეტო დაფინანსების განკარგვა, ვინაიდან, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი გახდა?

კახი კახიშვილი: ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რა ვითარებაში იმყოფება დღეს საქართველო და რეალურად რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები ისე ჩამოყალიბდა ჩვენთან, რომ ფაქტობრივად, უკვე რამდენიმე წელია რამდენიმე პარტია ტივტივებს პოლიტიკაში, რომელთა უკან დგას კონკრეტული ფინანსები. ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები. ძირითად, პოლიტიკური ამინდის შემქმნელები იყვნენ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ზოგი გადატრიალებით და სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებით, ან მათი ოპონენტები იყვნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა ზურგს უმაგრებდა გარკვეული ბიზნესმენთა ჯგუფი.

პოლიტიკური პარტიების მიმართ მიდგომა განსაკუთრებით გამწვავდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. მან მიზანმიმართულად მოსპო საშუალო ფენა საქართველოში, ხოლო ბეზნეს სექტორიზე მთლიანად, კონტროლი აიღო, რითაც შექმნა ისეთი გარემო, რომ ფაქტობრივად, მოსახლეობას არანაირი საშუალება აღარ ჰქონდა საკუთარი სურვილის შესაბამისად რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის თანხა გადაერიცხა. ბიზნესმენები, ყველანი, კონტროლზე იყვნენ აყვანილნი და ძირითადად, ისინი აფინასებდნენ მმართველ პარტიას, ვინაიდან სხვა პარტიის დაფინასება მათთვის სრულდებოდა სრული კრახით, ხშირ შემთხვევაში - დაპატიმრებით, ბიზნესის ჩამორთმევით და გაკოტრებით.

დღეს მივიღეთ ისეთი ვითარება, რომ ფინანსური რესურსები რომელიც საჭიროა სრულყოფილი სააარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის, ან პარტიის შენარჩუნებისთვის, აქვს მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბეიქტს „ნაციონალურ მოძრაობას“ (რომელთა მხარდაჭერას, ალბათ, მოახდენენ ის ბიზნესმენები, რომლებიც წლების განმავლობაში მათივე მეგობრების მხრიდან იქმნებოდა და მონოპოლიებს იგდებდნენ ხელში) და „ქართული ოცნება“, რომელსაც გარკვეული ბერკეტები აქვს ხელში. ამიტომაც, ისინიც შეიძლება კონკრეტული ბიზნეს ჯგუფებისთვის მიმზიდველები გახდნენ.

ბევრ, სხვა პოლიტიკურ სუბეიქტებს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ ელემენტარულად, ოფისის ფული ჰქონდეთ. ეს რამდენად თანასწორ პირობებში აყნებს მათ?

- ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ, რომ მაშინ გადაელახათ ბარიერი და ექნებოდათ სახელმწიფო დაფინასება, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ბარიეირის გადალახვა არგადალახვის საკითხიც წყდებოდა იმ საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ნებას ასრულებდა. რეალურად, წლების განმავლობაში, საქართველოში არ ჩატარებულა არჩევნები, რომელმაც გამოავლინა ხალხის ნება. დღეს არის ისეთი ვითარება, რომ რეალურად, ორი პოლიტიკური სუბიექტია დაფინასებული და დანარჩენები იძულებულნი არიან დაიწყონ ფულის ძებნა.

ამიტომ, მე მომხრე ვარ, რომ გარდამავალ პერიოდში, მხოლოდ დროებით მანამ, სანამ საქართველოში გაჩნდება საშუალო ფენა და დამოუკიდებელი ბიზნესმენებთა ჯგუფები, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მინიმალური დაფინანსება იმ პოლიტიკური პარტიების, რომელებმაც გარკვეული შედეგი დადეს სხვადასხვა არჩევნებზე. მივცეთ საშუალება ამ პარტიებს, რომ გაძლიერდნენ.

რაც შეეხება დაფინანსების გარეშე დარჩენილ გაჩეჩილაძეს, ის ამბობს, რომ პრემიერმა მისცა პირობა, რომ მიიღებდა ამ დაფინანსებას, რაც არც შესრულდა...

- ხელისუფლების მხრიდან მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მოძებნოს ფორმულა, როგორ დააფინანსოს პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც რაღაცა შედეგი აჩვენეს. ამ შემთხვევაში, როდესაც ბატონი გაჩეჩილაძე საუბრობს დაფინანსებაზე, მე ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნებოდა დროზე დაეყენებინა ეს საკითხი. როდესაც კოალიცია იკრიბებოდა ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურის მიმართ იყო მოთხოვნა, რომ შენ გაერთიანდი კოალიციაში არა პარტიით, არამედ პიროვნულად. ზუსტად მანდ იყო ჩადებული დაფინანსების საკითხი. იმიტომ, რომ კოალიციაში პარტიით გაერთიანება ნიშნავდა, რომ კოალიციის მიერ შესაბამისი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ის თანხა, რომელიც მას დაენიშნებოდა სახელმწიფოს მხრიდან უნდა გაყოფილიყო პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც კოალიციაშია შესული.

ამიტომაც, იყო მოთხოვნა თავიდანვე, როგორც გაჩეჩილაძის ასევე ჟორჟოლიანის მიმართ, რომ მობრძანდით კოალიციაში ოღონდ პარტიის გარეშე. მაშინ რომ დაეყენებინა ბატონ გაჩეჩილაძეს საკითხი, რომ არა მე გავწევრიანდები პარტიით, ეს უფრო კარგი იქნებოდა და დღეს დაფინასება ექნებოდა. მე რამდენადაც ვიცი, ის უპარტიოდ შევიდა კოალიციაში და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა „ოცნების“ სიით.

ამ ცვლილებით, იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში და შექმნეს ფრაქცია, ბონუსის სახით ემატებათ 300 ათასი ლარი...

- ჩემთვის ცოტა გაუგებარია რა ბონუსზეა ლაპარაკი, ან რისთვის არის ეს ბონუსი? თუ ვინმეს ეკუთვნის ბონუსი იმის გამო, რომ დღეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ 5%-ანი ბარიერი გადალახა ოქტომბრის არჩევნებში, გახდა მაჟორიტარი და შექმნა ფრაქცია, ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. თუ ბონუსია საჭირო, ეს ბონუსი ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ის პარტიები, რომლებმაც ფრაქცია შექმნეს, შეიძლება ფრაქცია კი არა, საერთოდ ვერ შესულიყვნენ პარლამენტში და ვერ გადაელახათ ბარიერი.

ასეთი ტიპის მიდგომა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მითუმეტეს იმ არჩევნების შედეგზე საუბარი, რომელიც კონტრასტული არჩევნები იყო. 2012 წლის არჩევნები უფრო გავდა არჩევნებს „მე მინდა მიშა“ და „მე არ მინდა მიშა“. ვისაც არ უნდოდა მიშა ყველა გაერთიანდა ივანიშვილთან და ხალხმა მხარი დაუჭირა ივანიშვილს და ლოზუნგს - „მე არ მინდა მიშა“ და არა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც დღეს არიან პარლამენტში და შექმნეს ფრაქცია.

მე ვფიქრობ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კარგი იქნება, თუ თვითონ საქართველოს პარლამენტი დაიწყებს ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშობას და ამავდროულად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ კანონში შევა ისეთი მუხლები, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ საარჩევნო პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა პარლამენტმა მიიღო სერიოზული რეგულაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის მიზნით, ჩემი აზრით, დღევანდელი მოქმედი საარჩევნო კოდექსი ვერ უზრუნველყოფს ვერც დემოკრატიული სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს და ვერც თანაბარ საარჩევნო კამპანიის პირობებს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის.

დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები არ არიან თანაბარ პირობებში?

- საარჩევნო ადმინისტრაცია არის ორი პოლიტიკური სუბიექტის ხელში. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილი პროფესიული კუთხით არის დანიშნული, ხოლო ნაწილი პოლიტიკური პარტიის მიერ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დეფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ყევლა წევრი უკავშირდება პოლიტიკას. ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში უფრო გამოიკვეთება პოლიტიკური მიზნები და არა სამართლიანი გადაწყვეტილება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ფაქტორი ძალიან კარგად უნდა იყოს განსაზღვრული ახალ საარჩევო კოდექსში, რომელიც ისეთი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს შემოგვთავაზებს, როდესაც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი წევრები გვეყოლება საარჩევნო ადმინისტარაციაში ყველა დონეზე. ჩვენი საარჩევნო სისტემა ვერ უძლებს ვერც ერთ საარჩევნო კრიტიკას.

ევროპის საპარლამეტო ასამბლეამ ამასთან დაკავშირებით გამოხატა თავისი უკმაყოფილება ჯერ კიდევნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ საარჩევნო სისტემა ნამდვილად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. რატომ ვერ უზრუნველყო ახალმა ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის ცვლილება?

- ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატომ დაიწყეს საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა არჩევნებამდე სამი თვით ადრე, როდესაც მანამდე იყო ძალიან ბევრი დრო. თუნდაც თებერვალში, ან გაზაფხულზე შეეძლოთ შეეტანათ ცვლილებები ისე, შემდგომში არ გამხდარიყო კრიტიკის საგანი ის, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. არჩევნების შეფასების დასკვნებში ყველა კრიტერიუმზე კეთდება აქცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უმრავლესობამ ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომლითაც თვითონ შეიკვეცა უფლებამოსილება და ძირითადად, ეს ცვლილება ადმინისტრაციული რესურსის პრევენციას ემსახურებოდა, თქვენ ნახავთ, რომ არჩევნების საბოლოო შეფასებაში მაინც იქნება განცხადება იმის თაობაზე, რომ ცვლილება განხორციელდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. არის ეუთოს რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს, მინიმუმ ერთი წლით ადრე. გასაგებია, ერთი წლით ადრე ვერ შევიდოდა ცვლილება, მაგრამ მინიმუმ, ექვსი თვით ადრე უნდა მომხდარიყო ამ ცვლილებების შეტანა და განხორციელება.