საქართველოში თხილის სეზონი დაიწყო და გურია-სამეგრელო ერთბაშად გამოცოცხლდა. წლეულს უფრო მაღალ და უფრო ხარისხიან მოსავალს ელოდებიან. გლეხებთან ერთად ემზადებიან მეწარმეებიც. მათ წელს სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურეს მუშაობა.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ხელშეწყობით თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია შეიქმნა. ასოციაციაში გაერთიანებულია 26 თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი. ორგანიზაცია მჭიდროდ იმუშავებს ფერმერებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან და მოაგვარებს დარგში არსებულ პრობლემებს.
ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება საგადასახადო და სხვა საკანომდებლო საკითხების ადვოკატირება სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში; დახმარების გაწევა სტანდარტების დანერგვაში; ქართული თხილის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასების შესახებ წევრთა ინფორმირება.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, წლეულს თხილის ფასის ზრდა, თურქეთის ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი არ არის და საერთაშორისო ბაზრებზე 1 კილოგრამზე დაახლოებით 6 დოლარი იქნება.
საქართველოში კი თხილის მიმღები ქარხნები და პუნქტები ბოლო ერთი თვეა ამუშავდა. გლეხებმა მოსავლის ნაწილი უკვე მოიწიეს და რეალიზებაც დაიწყეს. შარშანდლისგან განსხვავებით, ისინი თხილის ფასით უკმაყოფილო არ არიან, თუმცა ამბობენ, რომ მარცვალი ჯერჯერობით ნედლია, გამოშრობასთან ერთად წონაში იკლებს და ფასიც, შესაბამისად, თანდათან უნდა გაიზარდოს.
ამ დროისთვის ერთ კილოგრამ თხილში მიმღები მცირე პუნქტები ორ ლარსა და 50 თეთრს იხდიან. 10 თეთრით მეტია მისი ფასი ქარხნებში.
თხილის ქარხანა შპს „აგრო-ექსპორტ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ საქართველოში თხილის ფასის დარეგულირება დაკავშირებულია თურქეთის ბაზართან. ქარხნის დირექტორის მოადგილე დავით ეხვაია ამბობს, რომ საქართველო, თხილის ხარისხისა და ცნობადობის მიხედვით, იტალიური და თურქული თხილის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. ის უსწრებს აზერბაიჯანს:
„მსოფლიო ბაზარზე თხილის ძირითადი მიმწოდებლები თურქები არიან და, აქედან გამომდინარე, ისინი კარნახობენ სიტუაციას. ჩვენ თხილს უფრო დამფასოებლები ყიდულობენ. იტალიური თხილის ფასთან ჩვენი თხილი, ალბათ, ვერასდროს მივა, რადგან ის განსაკუთრებული ჯიშისაა“, - აღნიშნა ეხვაიამ რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.
მისი ინფორმაციით, ევროპულ ბაზარზე დარჩეული ქართული თხილი შარშან 5 დოლარზე ოდნავ მეტი ღირდა, იტალიური კი - 2 დოლარით მეტი.
ზოგადად კი მთელ დასავლეთ საქართველოში თხილის დიდ მოსავალს ელოდებიან. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეზონზე 20-30 პროცენტით მეტ მოსავალს მიიღებენ.
„თხილის საექსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელის ბეგი სიორიძის თქმით, ვიდრე თურქეთი არ გაასაჯაროებს თხილის ფასს, მანამდე ადგილობრივი პროდუქტის ფასის პროგნოზირება რთულია. მისი ინფორმაციით, წლეულს საქართველოში თხილზე კარგი მოსავალი იქნება და მეტი ალბათობაა, რომ ევროპის გარდა, თხილი რუსულ ბაზარზეც შეიტანონ.
„რა ფასს დაადგენს თურქეთი, 10 აგვისტოს შემდეგ გაირკვევა. წინასწარი ინფორმაციით, თურქეთშიც და საქართველოშიც მოსავალი ჭარბია. გვაქვს მოლოდინი, რომ 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში 20-30%-ით მეტ მოსავალს აიღებენ“, -აცხადებს სიორიძე.